ჭაობისფერი, ანუ ტრილოგიასაც აქვს დასასრული

Thursday, September 17, 2009

ახლოს. ახლოს. ახლოს...

- რას აკეთებ, ლიკა?!

- არაფერს, - და ღიმილი.

- გაჩერდი!

-რატომ?

- გაჩერდი, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ. 

- რას? - და ისევ ღიმილი. ჰმ!

და მეღვიძება. უხმოდ, გულში ვიგინები ტაქსისტივით, თვალებს ვხუჭავ, რომ ისევ დავბრუნდე... რომ გავიგო, რა მოხდება, თუ არ გავჩერდები. არადა, გაჩერებას არ ვაპირებ.

გაწყვეტილს ვერ ვაერთებ. არც მიყვარს შეერთება, შეწებება, მიბმა, შებმა, გამთელება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მინდა, მაგრამ ვერ!

მერე თენდება... წვიმით თენდება. ხმაურით. სველად. ბედად! აუტანელი იყო უკვე სიბნელე. წვიმა არ მიყვარს. ოღონდ დღეს არა! ოღონდ ხვალ, ზეგ, მაზეგ, ერთ კვირაში, ერთ თვეში. დღეს - არა. არ იწვიმებს არც ხვალ, არც ზეგ, არც მაზეგ, არც ერთ კვირაში, არც ერთ თვეში. წვიმს დღეს და ეხლა, როცა არ მიყვარს. 

მერე ვეხევი ბალიშს, საბანს, ზეწარს, საწოლს. ვეწებები ჯინსებს, სტაფილოსფერ მაისურს, ცხადია, ბოტასებს. წვიმით გაჟღენთილს. დამსხვრეულის ნაწილებს ვერ ვიშორებ... არადა, დროა უკვე. სამი საათის წინ გამეღვიძა! ალბათ! საათზე არც მაშინ დამიხედავს, არც ეხლა. უბრალოდ ვიცი, რომ სამი საათის წინ იყო. 

მერე ვამბობ სიტყვას, ორს, სამს... ვუსმენ კიდეც ერთს, ხან ორს, ხან სამს. ნეტა, რა მოხდებოდა, თუ არ გავჩერდებოდი? წკაპ! წკაპ! წკაპ! გადაიღოს, რა იქნება?.. წკაპ! წკაპ! წკაპ!! ნისლში ჩანს ჭაობისფერი. არა, ჭაობი არაა, ჭაობს ტალღები არ აქვს. ჰოდა, მივიწევ იქით. მარტო? არა, რატომ?! მომყვებიან, თუმცა ტალღებისკენ - არა. ტალღები გამირბიან. ჰმ! 

მერე ქუჩებისკენ მივდივარ. ყოველ მოსახვევს ველი, ვკრთი, ვცქმუტავ. ბანალურობით გახელებული ვქმნი ტილოს, მატერიას, ვაქცევ ტანსაცმლად. ვაზომებ, ვისაც არ ერგება - მხრებში უჭერს, წელზეც, გვერდებზე... ახრჩობს კიდეც იქნებ. დროა, გაჩერდე, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ. საკუთარ თავს ვეუბნები და არც ახლა ვიცი, რა მოხდება, თუ არ გავჩერდები. არადა, თითქოს გაჩერებას არ ვაპირებ. 

და მეღვიძება. ისევ. ოღონდ ცხადიდან ცხადში. წკაპ! წკაპ! წკაპ-წკაპ-წკაპ! თბილ ხელს ვგრძნობ ხელზე უცხოს... და ღიმილს, კი არ ვხედავ, ვგრძნობ. და სიტყვებს ნათქვამს... არ ვუსმენ! ვგრძნობ. და მომავალში ვეღარ ნანახი, უცხო, უმანკო ღიმილი ხდება უფრო ძვირფასი, ვიდრე ჩემივე ხელთქმნილი სამოსი თუ მატერია.

მერე ქუჩებს ვშორდები და არ მადარდებს, რა მოხდება, თუ არ გავჩერდები.

8 comments:

Lalena said...

იმას მაინც არ გაიფიქრებ, რომ არ გავჩერებულიყავი ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდაო (angel)

xissunianisaxli said...

wow

Asklypiodota said...

სჯობს ინანო ის რაც ჩაიდინე,ვიდრე ის რაც არ ჩაგიდენია

Lalena said...

ლიიიკ დაგთეგე ოცნებებზე :*

Lika Kakiashvili said...

რა ოცნებებზე დამთეგე, სალ?

Natia J. said...

რა დროს გაჩერებაა ლიკ, უბრალოდ კიდევ ერთხელ შეიგინე ტაქსისტივით და იარე. რაც მთავარია, გაწყვეტილის გადაბმას არ ეცადო. მაინც დააჩნდება ხელოვნური გადაბმის კვანძი. "ჩემი გაჩერება ჯერ შორიაო" ხომ თქვი?! ამ სიტყვებში ჩანს მთელი შენი ნატურა. თანაც გამოტყდი, არც ისე უინტერესოა თამაში ჭვავის ყანაში, თუნდაც ჭაობისფრი ცის ქვეშ :-) გენაცვალე შენ, მაგარი ხარ! შეიძლება ჩემებურად მესმის ბევრი რამ, მაგრამ რამდენჯერ ხელახლა მომეცა ცხოვრების ხალისი შენი პოსტების წაკითხვის მერე.

Lalena said...

რაზე და 5 ოცნება, რაც გინდა აგისრულდეს, სასურველია სურათებით, ნუ თამაშის პირობა ასეთი იყო :)))))

matasi said...

აუუუუუუუ, კარგი იყო.