და მე მივრბოდი ჭვავის ყანაში...

Wednesday, May 13, 2009

უცნაური გრძნობა იყო. ფრთებით ლამის ცის კარიბჭეს ვებჯინებოდი და წინ მივიწევდი. ისეთი მშვიდი იყო ფრენა, ხანდახან ფრთის გაშლა მავიწყდებოდა. ქარი მიფანტავდა წელამდე ჩამოზრდილ თმას და ხავერდოვანი ხმით მეჩურჩულებოდა. ვიძირებოდი ამ ხმაში, ასე მეგონა. ვუსმენდი, ვუსმენდი დაუსრულებლად და მისი მონაბერი ჰაერით ვსუნთქავდი. 

პერიოდულად ჩემს მხარზე ისვენებდა ქარი... წარმოგიდგენიათ?!. მერე იღვიძებდა, დაიღალეო, მკითხავდა და ფრთებზე ამკრავდა სიოს, ისევ კარიბჭისკენ ამიტაცებდა... არ დაეცეო. 

დროდადრო ღრუბლები იფანტებოდა - ხან მთები ჩანდა, ხან ზღვები, ხან მდინარეები, ხანაც ხეები მიწამდე ჩამოღვენთილი ტოტებით. ადამიანებიც ჩანდნენ და არ მაინტერესებდა არცერთი. 

მერე ჭვავის ყანა ამობიბინდა საიდანღაც ისე მოულოდნელად, შევცბი და სამოთხის კარს ავკარი თავი. მეტკინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ნელა დავეშვი ყანაში და მზისკენ ოქროდ აზიდულ თავთავებს მივეფერე. ქარიც ჩამომყვა ჩურჩულით. მერე წამოწვიმა და ბავშვივით გამიხარდა, რომ ვსველდებოდი. ნუ გეშინია, არ გაგაცივებო, ქარი მიმტკიცებდა და წვეთები მოჰქონდა ჩემსკენ. და მე მივრბოდი ჭვავის ყანაში, სიოდ ქცეული...

მერე ფეხი დამიცდა. ხავსს მოვეჭიდე. კლდეს მოვწყდებოდი უკვე, მეგონა, როცა ხელი შემაშველა ვიღაცამ. თბილი, ძლიერი, უზარმაზარი ხელი იყო ჩემსა და ხახადაფჩენილ უფსკრულს შორის, გუგუნით რომ მეძახდა. 

მიშველე-მეთქი, ამოვიკვნესე და ცისკენ ავიხედე. ჭაობისფერი დაჰკრავდა ღრუბლებს და მამშვიდებდა თითქოს, სრულიად რატომღაც... ფრთები გაშალეო, - ქარის ხმით მითხრა ჭაობისფერმა ცამ და უფრო ძლიერად ჩამებღაუჭა. უკუნი მიხმობდა თავისკენ და ფეხებთან დასრიალებდა. ხელს თუ გამიშვებ, ფრთები ვეღარ-მიშველის-მეთქი, ამის თქმაღა მოვასწარი და გამეღვიძა. 

მთელი ტანით ვკანკალებდი. სიზმრიდან გამოყოლილი ცრემლების სისველეს ვგრძნობდი სახეზე, ისეთ სიბნელეში დავუბრუნდი რეალობას, წამის მეასედით მეგონა, რომ ვერ დამიჭრეს, ვერ მიშველეს, წაჭრილი ფრთების იმედად მიმატოვეს უფსკრულის პირზე დაკიდებული. 

შიშს აყოლილმა თავის დამშვიდება ვცადე ამაოდ. არ მშველოდა. მერე სამყაროსავით ძველი ლოცვა ვთქვი. ერთადერთი ლოცვა, რომელსაც ოდესღაც თავად მივანიჭე ძალა და არც ერთხელ არ უღალატია. მე რომ არ მიღალატია მისთვის, ალბათ იმიტომ... 

მერე შიში გაუჩინარდა უეცრად. და მივხვდი, რომ არც ისე ბნელოდა ოთახში, როგორც თავიდან მეჩვენა, ბალიშიც არ იყო ისეთი ცივი... არც საწოლის კიდის მიღმა მელოდა პირდაფჩენილი უფსკრული...

მერე გათენებამდე მხოლოდ ის მახსოვს, რომ ცას ჭაობისფერი დაჰკრავდა. 

გოგიი, რაო ზარატუსტრამა?

Thursday, May 7, 2009

მორიგი ზემეცნიერული ნაშრომი

"მატლიდან ადამიანობამდე დიდი გზა გაიარეთ და ბევრი რამ მაინც მატლისა დაგრჩათ. ოდესღაც მაიმუნები იყავით და ახლაც, ნებისმიერ პრიმატზე დიდი მაიმუნი ადამიანია". ეს მე არ მითქვამს. ასე იტყოდა ზარატუსტრა.

ნიცშესთან გაცნობის სურვილით გულანთებულმა და სასწაულად დაინტერესებულმა იმით, თუ რას ამბობდა ასეთს ღირსი ზარატუსტრა, რამდენიმე წლის წინ შესაბამისი წიგნი ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე. მაშინვე ვიცოდი, რომ რთული დღეები მელოდა. მარტო ის რად ღირს, რომ ზემოხსენებულ წიგში დედამიწაზე ცნობილი ყველა სახეობის სოკო ხარობდა. მართალი გითხრათ, ფრიად მიკვირს, როგორ გადავურჩი მუტაციას, რამეთუ ჩემს ხელთ არსებული საგანძურის ფლორა ყველა მხრიდან იზიდავდა რადიაციას.

მოკლედ, ორი კვირის განმავლობაში ცხარედ ვაგინებდი ყველა ქართველ ბიბლიოთეკარს, ნიცშეს, ზარატუსტრას, რადიკალურ ათეიზმს და ჩემს მეზობელ ცირას, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეუღლე ნოდარასთან ჩხუბის გამო მშვიდად კითხვის საშუალებას არ მაძლევდა.

რაღა გავაგრძელო, დავიტანჯე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა ძალისხმევამ უაზროდ ჩაიარა. მაგალითისთვის პოსტის დასაწყისში აღნიშნული ფრაზაც საკმარისია. უდავოდ გენიალური სიტყვებია, რადგან გაძლევს საშუალებას, დაფიქრდე ყოველივე მიწიერზე, ადამიანთა რაობაზე და თუნდაც იმაზე, რომ... ზეგანვითერებულო ადამიანო, თუ ქმარს ორი კვირა გამუდმებით ეწიოკები, სჯობს, გაეყარო, დაისვენო და დაასვენო სულ მცირე, სამი პერსონა შენს გარდა - ნოდარა, მე და ტრიფონია! ვახ!

ჰოდა, პრიმატებზე მოგახსენებდით: გულზე ხელის დადებით (თუგინდ, მჯიღის დაკვრით) ვაცხადებ, რომ ერთი ჩემი ნაცნობი ნამდვილი აღმოჩენაა და იგი აუცილებლად შესწავლილ უნდა იქნეს, როგორც უდავო დადასტურება პატივცემული დარვინის თეორიისა. და განა მხოლოდ იგია ასეთი?! დიახ, ბატონებო, ადამიანთა ნაწილი ნამდვილად წარმოიშვა მაიმუნისგან და მათმა უმრავლესობამ ჯერჯერობით განვითარების ნახევარი გზა გაიარა.

რელიგიურნი ამა ქვეყნისა ნუ გამიწყრებით - ჯერ ჩემი თეორია ბოლომდე ჩაიკითხეთ და მერე გინდ ქვა მესროლეთ, გინდ ტიტები და თუგინდ, ა-კა-ემის 5.62 კალიბრიანი ტყვიები. ამასთანავე, ნურც მეექვსე მცნება დაგავიწყდებათ!..

როგორც უკვე აღვიშნე, მაიმუნთა შთამომავლობას კაცობრიობის ნაწილი თუ დაიკვეხნის, დანარჩენები კი წარმოქმნილ არიან ადამისგან, ევასგან და ცხადია, ლილითისგან (რასაც ზარატუსტრა არასდროს აღიარებდა). ადამისა და ევას ტანდემის, აკრძალული ხილისა და ედემში უფასო ბინის დაკარგვის ისტორია ყველასათვის კარგად არის ცნობილი. აი, ლილითი სხვა საქმეა - ლილითი პირველი ცოლების კლუბის ასევე პირველი წარმომადგენელი გახლდათ.

ებრაულ მითოლოგიაში წერია, ადამს რომ არ მოეწყინა, ღმერთმა ქალი შექმნა და ლილითი უწოდაო. თავიდან კარგად იყვნენ ადამი და ლილითი, რა უშავდათ, კარგს ჭამდნენ და კარგს სვამდნენ... მერე ადამს უთქვამს, ქალო, ნასკები გამირეცხეო, ლილითს დედიშობილა ქმრისთვის შეუხედავს და გაჰკვირვებია, რა გაგირეცხო, რაც არ გაქვსო. რას მიბედავო, გაბრაზებულა ადამი და ვაშლის ხის ქერქზე მიურტყამს ხელი (შარზე იყო, რა!). ქალთა დისკრიმინაციას აქვს ადგილიო, თმა გაუშლია ლილითს... მერე სიტყვას სიტყვა მოჰყოლია, ლილითს აუღია თავი, რითაც მოვედი, იმით მივდივარ, შენი არაფერი მინდაო, მიუხლია და გაყრია ადამს (ორი კვირა კი არ უწიკვინია, ზოგიერთებისგან განსხვავებით!). ადამს მოუწყენია ისევ. ღმერთსაც ევა შეუქმნია, თანაც მისივე ნეკნიდან - შენი სხეულის ნაწილი წინააღმდეგობას როგორ გაგიწევს, ადამ-იანოო! აბა, წინააღმდეგობის რა გითხრათ, ვაშლი კი შეუპარებია... დანარჩენი იცით!..

თქვენი ნებაა, ამ ლეგენდას ირწმუნებთ თუ არა, მაგრამ ხანდახან ჯაგარაშლილ ფემინისტებს რომ ვუყურებ, ძალაუნებურად მჯერა ლილითის არამითიურობა და მომკალით, თუ გინდათ!

მატლიდან ადამიანობამდე დიდი გზა გაიარეთ, და ბევრი რამ მაინც მატლისა დაგრჩათო, ასე იტყოდა ზარატუსტრა. მის მიერ ნათქვამი ბევრი რამ შეიძლება, არ ირწმუნოს ადამიანმა, მაგრამ აი, ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა. გინახავთ ოდესმე ალკოჰოლისგან გამოჩერჩეტებული (სხვანაირადაც შეიძლება მოხსენიება, მაგრამ სამეცნიერო ნაშრომს არ მოუხდებოდა!) ჰომო საპიენსი? ის ბობღავს, ვერ მეტყველებს, ვერ აზროვნებს და მისი სხეულის ყველა შესაძლო ადგილიდან ლორწოვანი სითხე ჟონავს. რითი განსხვავდება ზემოხსენებული არსებისგან? არც არაფრით. ანუ, Долой пивной алкоголизм!

დაბოლოს, სულ ახლახან შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას სრულიად შოკისმომგვრელ დიალოგს მოვკარი ყური (ცხადია, აქცენტი თავის სიმაღლეზე იყო!) - ერთი გლეხი ეუბნებოდა მეორეს: გოგიი, რაო ზარატუსტრამა, რა თქვა, გვეშველება რამეო? მეორემაც უპასუხა, რავი, ბუჯო, მინდორშია გასული და რო მოვა, შენთითონა კითხეო.

ძალიან გვეჩქარებოდა და ვერ გავჩერდი, რომ გამომეკითხა, იმ გლეხს, რომელსაც ივერიის გაბრწყინება-არ გაბრწყინების პროგნოზს ეკითხებოდნენ, მართლა ზარატუსტრა ერქვა, თუ მეტსახელად ეძახდნენ. ვერც ის გავიგე, საიდან ჰქონდა მას ასეთი კომპეტენტური ინფორმაცია და ამას გარდა... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვისგან ან რისგანაც უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა წარმოშობილი, ფაქტი ფაქტად რჩება - ჩვენი ქვეყანა ერთადერთია დედამიწის ზურგზე, სადაც მიყრუებულ სოფელში შეხვდებით ზარატუსტრას, რომელიც ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს!

იყო და არა იყო რა...

Monday, May 4, 2009

_ ...ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა უფლისწულმა, სასახლის ბაღში ამოსული ეკალბარდი ხმლით გაცელა, მიძინებულ მზეთუნახავს აკოცა და გამოაფხიზლა...

_ მერე?

_ მერე ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად.

_ მერე?

_ მერე ძილის დროა!

===============

სადღაც შორს, სამჯერ ცხრა წლის წინ მიკითხავდნენ, ცხრა მთა უნდა გადაიარო და ცხრა ზღვა გადაცურო, რომ ბედს ეწიოო. დიდხანს არ მჯეროდა, მაგრამ ბედი თავისით რომ არ გამოჩნდა, ვიფიქრე, იქნებ ლოდინს აზრი არ ჰქონდეს, ვაიდა, ძიების დრო არის-მეთქი. გაფიქრება ერთია, კეთება - მეორე.

მგზავრობა არ შედგა... არც რამის ძიებამ იხილა მზის შუქი და არც რამის პოვნამ - არც საკუთარი თავში და არც მის მიღმა... ვითომ დავდივარ, ვითომ ვდგავარ, ვითომ ვიცინი და ვტირი კიდეც იშვიათად, ოღონდ ვითომ.

ცხოვრება კარგა ხანია, ნათხოვარი ფეხსაცმელივით მოვირგე და ვითომ შევეჩვიე. ჭადრაკის დაფაზე ადგილმიკუთვნებული ფიგურასავით ველოდები ჩემს სვლას, რათა ისევ პაიკში გავიცვალო, ოღონდ რეალურად და არა - ვითომ.

ლოდინი ჭირს ყველაზე მეტადო, მწვანილის სასესხებლად (?!) გადმოსულმა მეზობელმა ბებიაჩემს უთხრა ერთხელ სრულიად უადგილოდ და მაშინ ვერაფერი გავიგე, თუმცა ისე ჩამეჭედა თავში იმ ქალის ჩივილი, ოციოდ წელმა ძვრა ვერ უყო. გუშინ (!!!) მომხდარს ვივიწყებ ხოლმე, ის ნათქვამი კი ვერაფრით ამოვძირკვე! ქვიშიან სანაპიროზე აცა-ბაცა მიწერილ სამ მარტივ სიტყვასთან მხარდამხარ დამრჩა გონებაში.

იმ სამი სიტყვის ავტორს ვუთხარი, ლოდინი ჭირს ყველაზე მეტად, ტყუილად ნუ გაწვალდები-მეთქი. კარგიო, დამეთანხმა და... დღემდე მელოდება. რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება სტკივა და ვითომ-ცხოვრებას ირჩევს ალბათ, როგორც ბევრი. მისი საქმეა!

გიჟი ხარ, ნამდვილი გიჟი, - ღიმილით ნათქვამი ფრაზა ღიმილითვე მიმიღია არაერთხელ და ბავშვივით გამხარებია, რომ ეს სიმართლეა.

ერთხელ ერთმა ნაცნობმა მითხრა, რომ იცოდე, როგორ მომბეზრდა თამაში, სიცოცხლის სუნი მენატრებაო. ერთი ჩვეულებრივი, გაჩხიკინებული ბიჭი იყო, არაფრით გამორჩეული - უსმენდა რეპს, დასდევდა უკლებლივ ყველა მწვანეთვალება მანდილოსანს განურჩევლად ასაკისა და გაბარიტებისა, იჭყიპებოდა “კოკა-კოლათი” და უზომო რაოდენობით ჭამდა ფენოვან ხაჭაპურს. ყოველთვის მეგონა, რომ რაიმეზე სერიოზულად დაფიქრება მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. გონებაჩლუნგი კი არ იყო, უბრალოდ პერპეტუმ-მობილე ცეტი გახლდათ და რა ექნა?

ჰოდა, ერთხელ სრულიად მოულოდნელად მომიბრუნდა, უცხო სევდით შემომხედა და ის სიტყვები მითხრა, უკვე რომ ვახსენე. გაოცებისგან მეტყველების უნარი დავკარგე. არ ველოდი მარადიული ჯამბაზისგან ასეთ სერიოზულობას და მომკალით. ხუთი წუთი გაშეშებულები ვიდექით - მე მაკვირვებდა გაგონილი, იმას ალბათ, თავისივე ნათქვამი. მერე მითხრა, იცი, ბეჰემოთი თვალებს რომ ხუჭავს, რას აღებსო?.. ხომ გითხარით, ცეტი იყო-მეთქი, მაგრამ თურმე ცხოვრების სუნი ენატრებოდა ჩემსავით!..

===========

_ დე, ცოტაც წამიკითხე, რა!

_ ხვალ, ხვალ წაგიკითხავ... ბევრს!