მრუდე შუშებით კედელს ვაგებ

Wednesday, March 25, 2009

მრუდე შუშებით კედელს ვაგებ და ვიმალები, რათა არავინ ნახოს აქეთ რა სამყაროა. ეულად მყოფი ჩემს ნაშენებს შუბლით ვაწყდები, განგრევას ვცდილობ, თუმც ამაოდ!.. ცრემლი მასველებს, მერე ზანტად ზღვად აზვირთდება. მის გადაცურვას ვცდილობ, რომ ისევე კედელი ვაგო მრუდე შუშებით, რომლის დაშლასაც შევეცდები, ყველასაგან მივიწყებული. 

როცა თეთრ ნისლში თეთრ ძილიდან უცებ ვფხიზლდები, რად მახსენდება ნეტავ, რომ გვერდით მსურს ვინმე ვიგულო, ვინაც ნისლიდან ჩემს დახსნას თუ ვერ მოახერხებს, მკლავებზე მაინც მიმასვენებს და მეტყვის სიტყვებს, ჩემს სიახლოვეს რომლის თქმასაც ერიდებიან - ნუ გეშინია! ერიდებიან, რადგან მრუდე შუშების მიღმა ისე ჩანს, თითქოს წყენად ვიღებ ნათქვამს და მერე თავგამოდებით ვამტკიცებ, რომ შემშინებელი არ გაჩენილა ჩემი და არც ქმნილა ჯერ არაფერი... სიმრუდის ბრალი თუ იქნება ალბათ, აბა, რა ვიცი?! 

ჰოდა, ამ ნისლის მეშინია, თანაც ძალიან. გზის განაპირას თვალმოკრული ჩამკვდარი ძაღლიც მაშინებს ძლიერ და ძრწოლვა მიტანს. ჰო, მეშინია ნისლის, ვნებააშლილი ცივ სხეულზე რომ მეწებება. წამებსღა ვითვლი, სანამ შეწყვეტს გული ფეთქვას და დაიცლება ჟანგბადისგან მთელი ქვეყანა. თუმცა მთელი კი არა... მხოლოდ ნაწილი, რომელიც ერთხელ თავად ვიკუთვნე და რომლის ირგვლივ კედელს ვაგებ მრუდე შუშებით.

მე მახსოვს თოვლი, გაუვალი, სიზმარივითღა მაგონდება. სულს კვლავ მიკაწრავს თოვლში მყარად ჩაპრესილი ბორბლების ღრენა, ალაგ - წკავწკავი. დედის კალთაზე ლამის შეზრდილს მამის სიტყვები მეიმედება - ნუ გეშინია, მაინც გავალთ, აბა, სად წავალთ?! და საკუთარი უსასობით გულამოსკვნილი მოგონებაში ვტირი ისე, როგორც მხოლოდ ბავშვებს ეყოფათ ძალა, აქვითინდნენ - უსირცხვილოდ, მხოლოდ იმიტომ რომ ვინმემ თავზე დაუსვას ხელი, გულში ჩაიკრას და ასმინოს ორი სიტყვა გაუთავებლად - ნუ გეშინია! 

თოვლის მაგივრად გარს ამჟამად ნისლი მაკვრია. უცხო ნისლია თანაც! და საშიში, დასამალი არაფერია! კვლავ ვნატრობ სიტყვებს, რომლის სმენაც კივილამდე მომნატრებია. დასანანია, რომ მათ მთქმელს, თურმე, მრუდე კედლების გადმოლახვა დაზარებია! 

იანკი, გოუ ჰოუმ!

Thursday, March 19, 2009

პატარაობაშივე კოჭებში მეტყობოდა, რომ მაწანწალა ვიქნებოდი, რამეთუ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ოჯახის წევრებიდან ვინ, სად და რამდენი ხნით მიდიოდა სადმე, მანქანაში საპატიო ადგილი ყოველთვის იყო გამოყოფილი ჩემთვის. სიტუაცია არც მოგვიანებით შეცვლილა დიდად! 

მოკლედ, რთული მისახვედრი არ არის, რომ როდესაც ძმაო დავითმა ბატონ გალაქტიონთან ერთად ერთი დღით ბაქოში გამგზავრება შემომთავაზა, გახარებულმა მანქანის ტორპედოზე მიმაგრებული სათამაშო ძაღლივით ავაკანტურე თავი! დავთანხმდი ანუ! ი კტო ბი სომნევალსია?! 

"გარედბრიჯებულ" "კრასნი მოსტზე" ქართველმა მებაჟეებმა მანქანა საკმაოდ დიდხანს შეაჩერეს (მაშინ გვეჩვენა, რომ დიდხანს იყო, თორემ აზერბაიჯანში მივხვდით, რომ დრო ფრიად ფარდობითი ცნებაა!). მე და ძმაო დავითმა საპასპორტო კონტროლი გავიარეთ და ბატონი გალაქტიონის მოლოდინში ნეიტრალურ ტერიტორიაზე გავჩერდით, სადაც ერთოთახიანი შენობა იდგა თავმომწონე, წითლად მოელვარე წარწერით “Duty Free”. 

ბუნება დაუყოვნებლად თავნის ჩაბარებას გვთხოვდა, მაგრამ ორი ნოლის კომბინაცია არსად ჩანდა. თავზე წითლად გვათენდებოდა. ბუნების ყივილი წამი-წამ ძლიერდებოდა. ძმაო დავითს რა უშავდა - მამაკაცთა უპირატესობა დაუფიქრებლად გამოიყენა, "დიუთი ფრის" მიეფარა და მიაწერა - დავით ზდეს ბილ!!! მე რა მექნა?? ჯერ ერთი, ამგვარ ნაწერებში კალიგრაფია არაფრად მივარგა, მეორეც, არც თავხედობა მეყოფოდა! 

როგორც იქნა, დავიძარით. ჰოდა, აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოგზაურობის მოყვარულთათვის (გაიდბუქებში რო წერენ ხოლმე, ისეთი): 

1. "დიუთი ფრიდან" 10-15 მეტრში მომრავლებული ადამიანები, რომელთა ტანსაცმელიც საოცრად მოგაგონებთ კარაქნაჭამი ძაღლის მიერ ახლადგავლილ გზას, საკუთარ თავს მესაზღვრეებს ეძახიან. პუსტა-პუსტა სასტავია! ჯობია, მათ საერთოდაც არ დაელაპარაკოთ, რამეთუ ქართულის, ინგლისურის, იეზიდურისა თუ ძველი არამეულის ცოდნით ვერ დაიკვეხნიან, სამაგიეროდ, რუსულად ერთი ფრაზა იციან კარგად - დენგი ესტ? ოღონდ სხვადასხვანაირად აჟღერებენ. ძალიან თუ გაჭირდა, იმავეს თქმას ზემოჩამოთვლილ ენებზეც შეძლებენ - ცხადია, ჟესტ-მიმიკის უბადლო გამოყენებით. 

2. ეცადეთ, არც გაიხედოთ საზღვარზე არსებული ტუალეტისკენ (რომლის გამოყენებასაც თქვენი მონა-მორჩილი შეეცადა და კომას როგორ გადაურჩა, თავადაც არ იცის!). საერთოდაც, ვფიქრობ, ზემოხსენებული ოთახი სამეცნიერო მუზეუმში უნდა იყოს გამოფენილი, როგორც ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც ამავე პლანეტაზე ცნობილი ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი (მიკროორგანიზმების ჩათვლით!) ვერ ხარობს. 

3. მებაჟეთა ჩამოხეულ-ჩამოფხრეწილ, სუნიან, მეტრი-მეტრზე ოთახებში "Non Smoking Policy" აქვთ და სანამ მებაჟეები "სუფთა ჰაერზე" თხუთმეტწუთიან "პერეკურს" არ მოაწყობენ თითო საბუთის შემოწმების შემდეგ, სამუშაოს გაგრძელებას ვერ ახერხებენ. ბატონმა გალაქტიონმა თვალისმომჭრელად გაღიმება და არისტოკრატული ზრდილობით ერთ-ერთი მათგანის მოხიბვლა-დაჩქარება სცადა, მაგრამ პასუხად მიიღო, ვოთ, ფაქურიმ ი სდელაემო. ქურილი დოლგა, ნე თარაფილის. ნე თარაფიას ბრალი დენგი! 
4. თუ გგონიათ, რომ საბჭოური, ანუ "ტო იამა, ტო კანავა" გზები მითია, იმედგაცრუება გელით. აზერბაიჯანის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ამ ისტორიულ ძეგლს ისევე უფრთხილდებიან, როგორც ბერძნები ტაძრების ნანგრევებს, ანუ შეკეთებას არ უბედავენ. ცხადია, ზოგგან გათანამედროვების სამარცხვინო ნიშნები შეიმჩნევა, მაგალითად, საგზაო-სამშენებლო სამუშაოები და ინგლისურენოვანი ნიშნულები - ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით დამამახსოვრდა - “Road olice”. 

5. დიახ, მეხუთე პუნქტი სწორედ "ოლისია"! ორგანო, რომელიც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. მიზეზი მარტივია - ადამიანის ძალებს აღემატება იმ სიამოვნების დავიწყება, რომელსაც აზერბაიჯანელი გაიშნიკები მოგანიჭებენ. მოგეხსენებათ, ზემოთ აღნიშნული გზების პირველყოფილი სახის შესანარჩუნებლად არცთუ მცირე თანხაა საჭირო. როგორც ჩანს, მავანთ გზებზე ოფიციალური ყადაღის დაწესება უმსგავსობად მიაჩნიათ, სამაგიეროდ სახელმწიფო სტრუქტურის უმდაბლეს საფეხურზე მყოფ მილიციელებს (პოლიციელებს, გაიშნიკებს, თუ როგორც-გინდათ-ისე-მოიხსენიეთ-მთავარია-გადაიხადეთ ტიპებს) სახელმწიფო ფეხზე არ ჰკიდიათ და არც თქვენი უსაფრთხო მგზავრობის მიმართ არიან გულგრილნი - სწორედ ამიტომ, სულ მცირე, ყოველ 50 კილომეტრში გაჩერებენ, გელაპარაკებიან დიდხანს (რაც მთავარია, აზერბაიჯანულად), გარწმუნებენ, რომ დაუდევრად მოიქეცით, შელახეთ წმინდათა-წმინდა საგზაო წესები და ქვეყნის სიკეთისთვის ბრძოლაში გულანთებულნი გთანხმდებიან, ჩეკის არგამოწერის სანაცვლოდ, მცირედი თანხით შეუვსოთ ბიუჯეტი. ცხადია, სახელმწიფო ბიუჯეტზეა საუბარი...

ვისაც უსინდისობა გეყოფათ და იფიქრებთ, რომ ამ უმწიკვლო არსებებს თქვენი გაჩერების მიზეზი არ ჰქონდათ, ძალიან ცდებით. ვფიქრობ, სამიოდ მაგალითი საკმარისი იქნება, რომ დარწმუნდეთ, რამდენად დამნაშავე ხართ მაშინაც კი, თუ არაფერი დაგიშავებიათ:  

ა) სიჩქარის გადამეტება: 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა ტრასაზე... სად გაგონილა? თუ 90 კმ/სთ შეზღუდვის ნიშნული არ გინახავთ, ვისი რა ბრალია? თვალი უნდა გაგეხილათ კარგად, ის ხომ ბუჩქებში იყო მიმალული! ბ) საავარიო მდგომარეობის შექმნა ანუ მანქანის გადასწრება, მითუმეტეს, თუ ამ სახიფათო მანევრის შესრულების დროს გზაზე მხოლოდ ორი მანქანა იყო - თქვენი საკუთარი და პოლიციის (გზის განაპირა მხარეს, გაჩერებული)... რას მიშტერებიხართ ამ ადამიანს, თვითნაც უკვირს, როგორ მოახერხეთ არარსებული მანქანის გადასწრება ასევე არარსებული შემხვედრი მანქანისთვის სახიფათოდ! გ) უსაფრთხოების ზონრების უგულვებელყოფა... ამ ზონრების შეუკვრელად მანქანის დაქოქვაც კი უაღრესად დაუშვებელია (ჩვენ დამსახურებულად დაგვაჯარიმეს)! დ) ეთიკის ნორმების დარღვევა: თუ მანქანაში არ გაქვთ ქართული შალახოს ან აზერბაიჯანული ბაიათების კომპაქტ დისკი, ამქვეყნად ჯარიმის გადახდა მოგიწევთ, იმქვეყნად - ჯოჯოხეთის მეშვიდე შრეში დაბრაწვა, რამეთუ ამ შემთხვევაში კანონდამცავები ვერ გიცეკვებენ და, შესაბამისად, შაბაშის მოთხოვნის უფლებაც არ ექნებათ. 

დაბოლოს, თუ აზერბაიჯანში მანქანით გამგზავრება გადაწყვიტეთ და საინტერესო მოგზაურობის იმედით წითელ ხიდთან დგახართ, ისმინეთ რჩევაი მეგობრული: Yankee… you'd better go home! 

ძახველის ფოთლები მიქრიან ძროხებივით

Friday, March 13, 2009

დღევანდელი დღე კლასიკაა. ჩუმი ფსიქოდელიის კლასიკა. დილით ძმაო დავითმა გამაღვიძა, ადე, კარი დაკეტეო. ნახევრად მძინარემ ძლივს წამოვწიე თავი (და სხეულის სხვა ნაწილებიც!), კარი ჩავკეტე, დავწექი და გამოვფხიზლდი. აი ასე, ერთბაშად. 

ძალიან დიდხანს ვიწექი თვალღია, ყოველგვარი აზრის გარეშე. ტელეფონის პირველ ზარამდე. მერე ვუპასუხე. ავტოპილოტით. ვენდობი ავტოპილოტს და ვიცი, რომ სისულელე არ მითქვამს, თორემ რომ მკითხოთ, ვის ელაპარაკე ან რა უთხარიო, ვერ გეტყვით. 

მერე საქარგს მივუჯექი. ვქარგავ რას? ფსიქოდელიას მრავალ ფერში, ყოველგვარი სქემის გარეშე, რამეთუ ამ ჟანრს, მოგეხსენებათ, სქემა არ გააჩნია. ჩემი ტილო (მატერია იგულისხმეთ!) აჭრელებული კი არა, უბრალოდ, ფერადია, მაგრამ ჩახვეულ-ჩაკვარახჭინებული. 

ნებისმიერი საშუალო დონის ფსიქოლოგიც კი ადვილად გამოიტანს დასკვნას. ჰოდა, თუ ეხლა ნაწერს სწორედ ამ პროფესიის წარმომადგენელი კითხულობს... ჰმ, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს აბურდულ სამყაროში, ბატონო ჩემო (იქნებ ქალბატონო? სექსიზმის მცირე გამოვლინება მე მაპატიეთ!), ოღონდ ფრთხილად იარეთ, რომ ზემოხსენებული, კეთილმოპატიჟებული კიდური რომელიმე ხვეულს არ წამოსდოთ! 

ფილმს, რომელიც ახლაც ჩართული მაქვს, მეოთხედ ვუყურებ (ვუსმენ?) დღეს. მიყვარს მეთიუ პერის გმირები. ასეთები რეალში არ არსებობენ – იუმორით, მიამიტობით, მომხიბლავად ნერვების მომშლელი ღიმილით. რეალური მამაკაცები საინტერესო ხუთ კატეგორიად იყოფიან: 1. ძია კაცები (ასაკისდა მიუხედავად); 2. ძველი ბიჭები (იხ. პირველი შენიშვნა); 3. ვისდაკარგვია ტიპები; 4. იდიოტები; და ნომერი 5 - ერთი, რომელსაც ვერ პოულობ! თუ ვერ გპოულობს? ა კაკაია ფიალეტოვაია რაზნიცა?

ცხადია, მეგობრებიც არ უნდა დავივიწყოთ, თუმცა ბოლო ხანია, ვფიქრობ, რომ მეგობარი მამაკაცები საერთოდაც არ არსებობენ – არიან უბრალოდ მეგობრები უსქესოდ და ამიტომ ცალკე კატეგორიას ვერ მივანიჭებთ! 

თუ არ გჯერათ ან სკეპტიკურად აზიდეთ წარბები, მოგახსენებთ, რომ ჩემს უხვმამრმეგობართა შორის წლეულს იდეალურად ნულმა ადამიანმა მომილოცა რვა მარტი. დასკვნა: ისინი მის უდიდებულესობა “მე”-ს, ანუ იგივე თქვენს მონა-მორჩილს ქალად არ აღიქვამენ, ესე იგი არ აღიქვამენ თავს მამაკაცად ჩემს გვერდით. ხოლო როგორ შეიძლება ვინმეს უწოდო რამე, როდესაც ზემოხსენებული ვინმე საკუთარ თავსაც კი არ აღიქვამს ასევე ზემოხსენებულ რამედ. 

პირადად მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. საწინააღმდეგო რომ მქონოდა, ბავშვობას ბურთის ან ომობანას თამაშში არ გავატარებდი, არ მოვუგებდი კაცებს პრეფერანსში (სულ მცირე, მიზერს მაინც არ გავუხუნებდი!), ლექსიკონიდან ამოვშლიდი პერიოდულად გამოყენებულ სიტყვებს, რომლებიც თვით გინების უხუცესებს, ”საპოჟნიკებსაც” შეშურდებოდათ და წელიწადში ორჯერ მაინც ჩავიცვამდი კაბას ან ქვედაბოლოს, ვიკითხავდი ბევრს, ოღონდ მხოლოდ ”ვოგს” და ”კოსმოპოლიტენს”... მაგრამ ამის გაკეთების სურვილი არც არასდროს მქონია და არც უახლოეს მომავალში შეიცვლება რაიმე...

უფ... ძალიან დამღალა დღევანდელმა დღემ მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში 5 სიტყვა ვთქვი. ნეტავ, მალე დაღამდეს, დამეძინოს და ხვალინდელი დღეც მალე გათენდეს. არაფერს არ ველოდები!.. უბრალოდ, ჩემი იდეალი სკარლეტ ო’ჰარა იმედით ამბობდა ხოლმე, ხვალ ახალი დღე გათენდებაო. მეც ეგრე ვარ... ოღონდ სკარლეტისგან განსხვავებით ვამბობ, რომ ძახველის ფოთლები მიქრიან ძროხებივით! Ах, какая досада!

ეშმას აღსარება

Thursday, March 5, 2009

დღეს პატარა ეშმაკუნა მესტუმრა. ციცქნა რქებით, ისრისპირიანი კუდით. რა გინდა-მეთქი, გაბრაზებულმა ვკითხე. თავი დახარა, საწოლის კიდეზე ჩამოკუსდა და კარგა ხანს ხმას არ იღებდა. კითხვა გავუმეორე, ოღონდ უფრო რბილად. უცნაურად იქცეოდა და მომერიდა უხეშობა ალბათ. 

არაფერი, სალაპარაკოდ შემოგიარეო, ძლივს გასაგონად მიპასუხა. ხმამაღლა გამეცინა. თუ გინდა, ნუ გაგეცინება, როცა ოთახში ეშმაკი გიზის და გულახდილ საუბარს გთხოვს. თავი უფრო ჩახარა, შეტყუპულ მუხლებს ლამის ცხვირით შეეხო. 

ჩვენს ბოლო შეხვედრას რა დამავიწყებს, ჯოჯოხეთის მოციქულო-მეთქი, ვერ მოვითმინე და პირდაპირ მივახალე. კარგად მახსოვს, მაშინ წელში გამართულმა გადმოალაჯა ზღურბლს გრძელი ფეხებით, იმსიმაღლე ჩანდა, ერთი პირობა ვიფიქრე, ჭერს გამიხვრეტს-მეთქი რქებით, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მაშინაც საწოლზე ჩამომიჯდა, უფრო სწორად, მთელი საწოლი დაიკავა, გადაწვა, გაფაშფაშდა, გაიბღინძა. 

კარადაში პატარა კოცონი რომ გაქვს შენახული და ცივ ნიავს არ აკარებ, გაგიქრება მალეო, მითხრა. მაშინაც გამეცინა – ვიფიქრე, მართალია, ეშმაკია, ეს სულწარწყმედილი, მაგრამ იმ ალს როგორ მიწვდება, როცა სამი კლიტე მიდევს კარადის კარებზე-მეთქი. 

კლიტეების იმედი თუ გაქვს, ძალიან ცდებიო, გადაიხარხარა და გაქრა. ასეთი ჩვევა აქვთ ეშმაკებს, გეტყვიან სათქმელს და ფუჰ... გაქრებიან. 

ამ სტუმრობისთვის ყურადღება არ მიმიქცევია – დიდი ამბავი, თუ ერთხელ საწოლზე ეშმაკი გადაგიწვება, მთავარია, მისი წასვლის მერე კარგად გადაფერთხო საბან-ბალიში და ისე დაიძინო, თორემ მთელი ღამე კოშმარები არ მოგასვენებს. 

ნაპერწკალს კი, რომელის კოცონად გაღვივებასაც ვცდილობდი, ვინ შეეხებოდა? დაიწვებოდა, აბა, რა მოუვიდოდა იმ საცოდავს?! მერე რა, რომ პატარა ალი მქონდა ჯერ, ერთიციცქნა, ძლივს დასანახი, სამაგიეროდ, ისეთ ნეტარებაში ვზრდიდი, მის გადაბირებას ვინ მოახერხებდა?! 

თუ არ იცით, გეტყვით, რომ თუ წმინდა ცეცხლი შენ გეკუთვნის, არასდროს გწვავს, გათბობს. თან ზედაპირულად კი არა, შენში შემოდის, გულის არეში იბუდებს და მანამ რჩება იქ, სანამ ბოლომდე არ გათბები. ვერა, ის დრუნჩიანი მის მოხიბვლას კი არა, მასთან მიახლოვებასაც ვერ გაბედავს-მეთქი, ვფიქრობდი ბალიშის ფერთხვისას. მერე საწოლში შევწექი და იმწამსვე ჩამეძინა. ფერადად მეძინა, დიდხანს. 

მეორე დილასღა მივხვდი, რას გულისხმობდა, კლიტეები ვერ დაგიცავსო, რომ მითხრა იმ სულძაღლიანმა. თვალი გავახილე თუ არა, კარადის შემტვრეული კარი დავინახე. გვერდით შუაზე გადამსხვრეული სამივე ბოქლომი ეყარა – საერთო ჯამში, ექვსი ნატეხი... 

-------------
რატომ მოხვედი-მეთქი, ერთხელაც გავუმეორე. თანდათან პატარავდებოდა ეს დაწყევლილი, ილეოდა. მუჭი გაშალა და ჩემი ცეცხლი მანახა. ჯერ ლამის თვალთ დამიბნელდა. მერე ალმა ჩემსკენ გამოიწია, მაგრამ ბეწვიან ხელში მოციმციმეს კარგად რომ დავაკვირდი, გამაჟრიალა. ვერა, ვეღარ იყო ჩემი... ჯოჯოხეთგამოვლილი არად მინდოდა. 

აღსარების სათქმლად ხომ არ მოსულხარ, უჯიშოვ-მეთქი? დიდხანს არაფერს ამბობდა, მერე, როგორც იქნა, ხმა ამოიდგა - ყოველ შეხებაზე მწვავს, ეხლაც ნელ-ცეცხლზე ვიხრუკები, შენ რატომ არაფერს გიშავებდაო, მკითხა. 

დამიბრუნე და დაისვენებ-მეთქი, გამოვცადე, თორემ ფეხები რომ დაეკოცნა და ჯოჯოხეთის კარის ჩარაზვას დამპირებოდა, იმ ალის დამბრუნებელი არ ვიყავი. ჩვენ, ეშმაკებს წესი გვაქვს, თუ რამეს მოვიპარავთ, სულ თან უნდა დაგვქონდესო, არც დაფიქრებულა, ისე მითხრა. შემომხედა და მივხვდი, რომ შველას მთხოვდა.

გასასვლელისკენ ვანიშნე წყნარად. ყურებჩამოყრილი წამოდგა, კარი გააღო, ბოლოჯერ შემომხედა და გავიდა. ასეთი ჩვევა აქვთ ეშმაკებს, თავისი თუ არ გაიტანეს, გაქრობას ვერ ახერხებენ და იმ კარიდან უნდა გავიდნენ, სადაც ვერასდროს დაბრუნდებიან.  

ჩარეცხეთ ადმინისტრაცია

Sunday, March 1, 2009

ანუ გვაქვს სხვა მისამართებიც

უაღრესად უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. იმდენად უცნაურში, რომ აქ თუ არ დაიბადე, გაიზარდე და ერთი-ორი ისარი (ან სულ მცირე, "დიმავუშკა" მაინც) არ გაისროლე, მის მშვენებას ბოლომდე ვერ აღიქვამ. ვერც ისეთ რაღაცეებს გაიგებ, რაზეც ჯერ ისტერიულად გაგეცინება და მერე ისტერიულადვე აგეტირება. 

სიცილი სჯობს არსიცილსა, ზოგჯერ მითაც დაშავდებისო, ჩვენს წინაპრებს უთქვამთ. მერე ეს ფრაზა შურიანმა ადამიანებმა გადააკეთეს და ისეთი ფორმით შემოგვინახეს, როგორითაც დღეს ვიცნობთ. ვითომ თვითონ მოიგონეს?!. თუმცა, ახლა ქართულ ფრაზეოლოგიაზე არ გვინდა საუბარი. იქნებ მოგვიანებით?!.

იმას გეუბნებოდით, ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც, მაგალითად, საკმაოდ პრესტიჟულ ორგანიზაციაში, მაპატიეთ და, უნიტაზის საფარზე (შიგნიდან!!) შეგიძლიათ, ნახოთ სკოჩით მიმაგრებული ქაღალდი, სადაც გაკრული ხელით წერია: "ჩარეცხეთ ადმინისტრაცია". ცოტა ხანს თუ არ დაფიქრდი, გეგონება, რომ ეს წერილი ვინმე ანარქისტმა ან მეამბოხე სულის პატრონმა დაწერა და ეგრეთ წოდებულ ჩეჩმაში მხოლოდ პროტესტის ნიშნად მიამაგრა. ნურას უკაცრავად - ქართული გონება გაავარჯიშეთ, რეალობის აღქმა დაიბრუნეთ და მიხვდებით, რომ: 

1. წარწერა თავად ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომელმაც ეკონომიური განათლება გამოიყენა და გამოთვალა, რომ კარტრიჯი მელანზე ძვირია, ამიტომ კალამი ან ბატის ფრთა მოიმარჯვა ხელში; 2. უსტარი შესრულებულია სიჩქარეში ან ავტორს სუფთა წერის გაკვეთილები არ უტარდებოდა; 3. მერე რა, რომ წერტილ-მძიმე ცალკე ფურცელზეა დაწერილი. ნურავის განვსჯით, ბოლოს და ბოლოს, ჰანს ქრისტიან ანდერსენმა სასვენი ნიშნების არსებობის შესახებ საერთოდაც არაფერი იცოდა. 

ჰოდა, დალოცვილო, სანამ ბუნებისთვის თავნის ჩაბარებას შეუდგები, გაიხსენე, რომ ჰომოსmაპიენსი ხარ, ერთი-ორი ხვეული გაანძრიე და ამოიცან დაშიფრული კოდი. მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ კი უნიტაზი ჩარეცხე, რამეთუ სწორედ ამას გთხოვს ჭმუნვითა დაღდასმული ადმინისტრაცია. 

რა თქმა უნდა, არც ის უნდა გახდეს განხილვის საგანი, რომ იგივე ფურცლის მიწებება ტუალეტის რომელიმე კედელზე შეიძლებოდა და არა იქ, სადაც ჯერ არს!.. მაგრამ!!! ამგვარი საქციელი ხომ სიტუაციის დრამატულობას და კატეგორიულობას მიწასთან გაასწორებდა. მე ვამაყობ, ჩვენი ადმინებით.

ჩემი მეზობელი, ვალოდა, მაგალითად, იმავე შინაარსის წერილებს სრულიად გასაგებად, თუმცა ფრიად უხეში სტილით წერდა და იტალიური ეზოს საზოგადოებრივი მოხმარების ოთახში აკრავდა. ერთ-ერთი მათგანი ცალსახად შედევრი იყო, ამიტომ არ შემიძლია, არ ვახსენო. გთხოვთ, მოაცილოთ მონიტორებს 16 წლამდე ასაკის ბავშვები და ნურც სუსტი გულის მქონენი მიეტანებით ქვემოთ აღნიშნულს. მოკლედ, ანონიმური წერილების აღზევების პერიოდში ვალოდა წერდა ხოლმე: "მეზობელო, მოჯვის მერე გადაასხი ცხალი". პოეზიაა! 

დაბოლოს, ყოფილი გაგარინის მოედნიდან "ვისი-ვისაშია" შენობისკენ რომ ჩადიხარ, დამკრძალავი ბიუროს დიდი აბრა შეგეჩეხება, რომელსაც თავმომწონედ აწერია იმავე ბიუროს სახელი – "ჰადესი". 

გამოუსწორებელი ოპტიმისტი გახლავართ, მჯერა, რომ ამ დაწესებულების ზე-კრეატიული მომუშავენი კარგად იყვნენ ჩახედულნი მითოლოგიაში და შესაშური სიზუსტით იცოდნენ, ვინ იყო ჰადესი. ამას გარდა, დარწმუნებული ვარ, ბიუროს უაღრესად შთამბეჭდავი სლოგანიც აქვს, რომელიც ეკონომიური მიზეზებით ან ქალაქის მერიის წარმომადგენელთა ბალანთ-პუტვის შედეგად აბრაზე არ გამოუტანიათ. მაგალიათად: "გაგიშვებთ ჰადესთან სწრაფად, იაფად და ხარისხიანად. გვაქვს სხვა მისამართებიც!"

თუ რომელიმე თქვენგანს ეჭვი შეეპარა, რომ ზემოთ აღნიშნული ჩემი არაჯანსაღი გონების ვაი-ნაჯაფია, შემიძლია, ნაფიც მსაჯულთა წინაშე განვაცხადო, რომ სიმართლეს, სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს ვღაღადებ, თუ საჭირო გახდა, დედასაც დავიფიცავ. 

განსაკუთრებით კრიტიკულად განწყობილთ კი გირჩევთ, გაგარინზე ჩაიაროთ და თავად დარწმუნდეთ "ჰადესის" არსებობაში. ამასთანავე, უმორჩილესად გთხოვთ, არანაირ კავშირს არ ეძიოთ დამკრძალავი ბიუროს დასახელებასა და ამ მოედნის ახალ სახელს შორის.