სახლში ბევრნი ვცხოვრობთ

Saturday, October 17, 2009

სახლში ბევრნი ვცხოვრობთ. იმდენად ბევრნი, რომ რიგ-რიგობით ვფხიზლობთ. ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე სხვა და ასე დაუსრულებლად. რომ დაიღლებიან, ისევ საღათას ძილს მისცემენ თავს და სხვები იღვიძებენ. 

ვის აღარ ნახავთ ამ სახლში... ფანტაზიორს, რეალისტს, მწერალს, მსახიობს, კლოუნს... კლოუნს სევდიანი თვალები აქვს, მწერალი გიჟპოეტობს და უხარია, ფანტაზიორი ძილში ბუტბუტებს რაღაცეებს, ოღონდ ხმადაბლა, რეალისტი ჯმუხია და ურჯუკი!

მკვლელსაც კი წააწყდებით აქ, ოღონდ სხვებთან შედარებით პატარაა და ღრმა ძილი იცის. პრინციპში, ჯერ ნორმალურად გამოფხიზლებული არც მინახავს. ხანდახან თუ გაახელს ხოლმე თვალს. 

ჰოდა, თუ ოდესმე შეიშმუშნება მკვლელი, ან ვინმეს დაუდევრობით ძილს გამოეგლიჯება, სახლში დიდი აურზაური იწყება. მშიშარა ისტერიულად იღვიძებს და კანკალებს, ღვთისმოშიში მუხლებზე ეცემა და ლოცვებს ბუტბუტებს, მომღერალი იავნანას უღიღინებს მკვლელს, ცინიკოსი ქირქილებს. პოფიგისტი ყველაზე კაი ტიპია - თავსაც არ წამოსწევს, ისე გადახედავს დანარჩენებს, პოპულარულ მისამართზე გააგზავნის და ისევ იძინებს. მაპატიეთ და, ჰკიდია! ხომ ვთქვი, კაი ტიპია, მეთქი?!

რომანტიკოსი? რომანტიკოსს ჩაგრავენ! თან ძალიან. ჰმ... ფერადი სიზმრებიდან თუ მოეგო გონს და ადამიანურად ცხოვრება ისურვა, ისეთს მიწიხლავენ დანარჩენები, კარგა ხანს ოცნების ძალაც არ შესწევს და უსიზმროდ სძინავს. რომც ეღვიძოს, თვალს რა გაახელინებს?! 

ცინიკოსი იმდენს დასცინის ასეთ შემთხვევებში, ლამის გული წაუვიდეს. ფეხისწვერებზე მიეპარება ხოლმე და ათას საზიზღრობას ჩასჩურჩულებს. რომანტიკოსს დახუჭული თვალები ენამება, ცრემლი გზას ადვილად პოულობს და ორ პატარა მდინარედ გადაიქცევა. ცინიკოსი ველურად ხარხარებს. ერთობა. 

პრაგმატისტი წარბაზიდული აკონტროლებს სიტუაციას, მერე "კმარაო", შეჰკივლებს და ყველა ჩუმდება. ცოტა ხანს შეიფერებს ლიდერობას და სრულ მორჩილებას, მერე იღლება, ეძინება. 

სამაგიეროდ, პოფიგისტია დასვენებული. ჰოდა, ეხლა მისი დროა. ეგ და ცინიკოსი ძმაკაცები არიან, ყველაზე მოზრდილები და თან ლიდერობაც უყვართ. დიდხანს პარპაშებენ, სანამ ვინმე სხვას არ გაეღვიძება. რომანტიკოსს რომც გაეღვიძოს თვალს არ გაახელს, თორემ მიწიხლავენ, როგორც ხშირად.

29 წელიწადია ვაკვირდები ამ უცნაურ ოჯახს... და ძალიან მინდა... ძალიან, ძალიან, ძალიან... ერთხელ მაინც გავაგზავნო პოპულარულ მისამართზე ყველა ერთად და მერე ცალ-ცალკე. თუმცა ვერ მემეტებიან! 

9 comments:

DelphiKnight said...

ერთი მე გამაგდებინა ჩემი "სახლიდან" პოფიგისტი მეტი არაფერი მინდა.
არა სხვა საინტერესო ტიპები მეცა მყავს მაგრამ შენი თმისა არ იყოს, ვერ მემეტებიან.

Lika Kakiashvili said...

აუ, რას ამბობ, დიმ, პოფიგისტი, კაკ რაზ, ყველაზე მაგარი ტიპია... :))))

Lalena said...

და როცა სარდაფის კარზე კაკუნია?..

Lika Kakiashvili said...

ოოოო.... როცა სარდაფის კარზეა კაკუნიიი.... ჰა! ს იუმორომ ი ს ზაკოვირკოი ვოპროს, როდნაია! მნე ნრა! :) მაგას ლაივში, საყვარელო, ლაივში! :))))

Grigol said...

რამეთუ ზოგ ოჯახის წევს ვიცნობ კარგად და ზოგთან უბრალოდ გამარჯობა მითქვამს, გავოგნდი როცა გავიგე რომ რომანტიკოს აჩმორებენ. ანარადა მაგარი ტიპია :)

Lika Kakiashvili said...

აჩმორებენ არ ქვია მაგას, გრიშ. სხვა სიტყვა მოუხდებოდა უფრო, მაგრამ ცენზურა და ამბავი.... ბავშვები გვიყურებენ, უხერხულია! :)))))00

Kate said...

ისე საყვარლად აღწერე საკუთარი ოჯახი, რომ ძალიან მომეწონა.
მე შენს ოჯახს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ მივხვდი რომ მკვლელი პატარა ბავშვია, ხოლო მომღერალი – დედამისი.

შენ რომელი ხარ ამათში???

Lika Kakiashvili said...

Kate, saintereso interpretaciaa, didi madloba, magram ojaxi ar migulisxmia. (angel) :) grigolma "sxva ojaxi" igulisxma! :):):)

P.S. saxlshi bavshvebis nacvlad 2 dzagli myavs :):):):)

ჰექსე said...

რა მხიარული ოჯახია
კარგი ფილმი გამოვიდოდა ამ სცენარისგან

პოფიგისტი რა კაი ტიპია :D