შიშებიო, ბლინ!

Saturday, October 17, 2009

ბოლო დროს იმდენი ადამიანი მელაპარაკა შიშებზე და იმდენჯერ, რომ ძალაუნებურად, სარდაფში განმარტოებულს ყოველი მათგანი მესტუმრა. შობის ღამის აჩრდილებივით ჩამწკრივდნენ ერთ რიგად და შემომყურებდნენ. მოთმენით ელოდნენ, როდის გავიხსენებდი თითოეულს, დაძლეულს. 

ერთს ყველაზე დიდი თვალები ჰქონდა. სიზმარში მეწვეოდა ხოლმე, რა დამავიწყებს?! თან ხშირად... გარბიხარ, გარბიხარ, გარბიხარ... როგორც იქნება, სახლში შეასწრებ რაღაცას თუ ვიღაცას, კარს გადარაზავ ათასი საკეტით და შვებით ამოსუნთქვას რომ დააპირებ, მაშინღა გახსენდება - კარს მიღმა დარჩა ვიღაც შენიანი... მე დედა მრჩებოდა გარეთ და ტირილით ვიღვიძებდი. მერე დაძინების მეშინოდა. 

მეორე ობობას ჩამოჰგავდა. ისიც ბავშვობას მაგონებდა... მხოლოდ სიზმარში და მხოლოდ მაშინ ცოცხლდებოდა, როცა ვინმე ტყუილს იტყოდა. რაღაც საოცრებით ვახერხებდით მის მოკვლას თუ ჩაკვლას, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით... და დიდხანს მივჩერებოდი არაქნიდის უსიცოცხლო სხეულს... მერე დედა მეტყოდა, შემპირდი, რომ არასდროს მომატყუებო და მეც ვპირდებოდი უსირცხვილოდ. ჰოდა, თავზარი მეცემოდა, როცა აშკარა სიცრუეზე საცეცები ისევ მოძრაობას იწყებდა... გაოფლილს რომ მეღვიძებოდა, რა გასაკვირია?! 

მესამე სტუმარი ბნელი იყო უმთვარო ღამესავით. შავ მოსასხამში ჩაემალა თავი და ცივი ხელები ჰქონდა. რამდენ ხანს მიყვარდი და როგორ გამექეციო, - სინანულით მითხრა მიტოვებული საყვარელივით. მხრები ავიჩეჩე და გამეღიმა. ბევრი სახე ჰქონდა. ხან ვერზევულს ჰგავდა, წაწვეტებული რქებით, ხან კვამლის უზარმაზარ ღრუბელს... ხან მოულოდნელად გაჩნდებოდა ზურგს უკან და ქირქილებდა გამყინავად, ხანაც შემომეწებებოდა ტანზე და ხედვას მიჩრდილავდა. სიბნელე ერქვა და არ მეშინოდა მისი. არა, ალბათ ცოტათი მეშინოდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ბნელეთის კოშკში მასთან გატარებული ექვსიოდე საათის შემდეგ დაპატარავებულიყო რაღაცნაირად... 

მერე რიგში ჩადგა სიმაღლე, მოჰყვა სიბერე... სიკვდილი გამომეცხადა ცელით და ურიცხვი თაგვიც დამესია... მმართავდნენ ოდნავ, მაგრამ წასვლამ მოუწია ყველას. ერთი დარჩა მხოლოდ. კუთხეში მიყუჟული. 

სხვების სიმრავლის გამო ვერ შევამჩნიე თავიდან. ვერც ეხლა ვცნობდი. დავაკვირდი. თვალები საერთოდ არ ჰქონდა. ორი ბნელი სიცარიელე მომჩერებოდა უძირო ხვრელებად. შემაჟრჟოლა. უსასრულობად ქცეული ორიოდ გაელვების მერეღა ვიგრძენი, რომ შუბლი დამცვარვოდა. 

ათრთოლებული ხელები ზურგს უკან დავმალე და ძლივსღა ვიპოვე გაბზარული ბგერები - ვინ ხარ?! ჩუმად იჯდა კუთხეში, ხმას არ იღებდა. სიჩუმე მკლავდა. მერე სიცივე მოვიდა. მოჰყვა სიცარიელე... სინანულის და ინდიფერენტულობის დროც დადგა. და სიცარიელე გაფართოვდა. გაფართოვდა. გაფართოვდა. და მე ვიდექი სრულიად მარტო ცარიელ ოთახში. 

მერე კედლები დავიწროვდა და დარჩა ერთადერთი კუთხე, საიდანაც მარტოობა მიყურებდა ცარიელი თვალებით. 

სახლში ბევრნი ვცხოვრობთ

სახლში ბევრნი ვცხოვრობთ. იმდენად ბევრნი, რომ რიგ-რიგობით ვფხიზლობთ. ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე სხვა და ასე დაუსრულებლად. რომ დაიღლებიან, ისევ საღათას ძილს მისცემენ თავს და სხვები იღვიძებენ. 

ვის აღარ ნახავთ ამ სახლში... ფანტაზიორს, რეალისტს, მწერალს, მსახიობს, კლოუნს... კლოუნს სევდიანი თვალები აქვს, მწერალი გიჟპოეტობს და უხარია, ფანტაზიორი ძილში ბუტბუტებს რაღაცეებს, ოღონდ ხმადაბლა, რეალისტი ჯმუხია და ურჯუკი!

მკვლელსაც კი წააწყდებით აქ, ოღონდ სხვებთან შედარებით პატარაა და ღრმა ძილი იცის. პრინციპში, ჯერ ნორმალურად გამოფხიზლებული არც მინახავს. ხანდახან თუ გაახელს ხოლმე თვალს. 

ჰოდა, თუ ოდესმე შეიშმუშნება მკვლელი, ან ვინმეს დაუდევრობით ძილს გამოეგლიჯება, სახლში დიდი აურზაური იწყება. მშიშარა ისტერიულად იღვიძებს და კანკალებს, ღვთისმოშიში მუხლებზე ეცემა და ლოცვებს ბუტბუტებს, მომღერალი იავნანას უღიღინებს მკვლელს, ცინიკოსი ქირქილებს. პოფიგისტი ყველაზე კაი ტიპია - თავსაც არ წამოსწევს, ისე გადახედავს დანარჩენებს, პოპულარულ მისამართზე გააგზავნის და ისევ იძინებს. მაპატიეთ და, ჰკიდია! ხომ ვთქვი, კაი ტიპია, მეთქი?!

რომანტიკოსი? რომანტიკოსს ჩაგრავენ! თან ძალიან. ჰმ... ფერადი სიზმრებიდან თუ მოეგო გონს და ადამიანურად ცხოვრება ისურვა, ისეთს მიწიხლავენ დანარჩენები, კარგა ხანს ოცნების ძალაც არ შესწევს და უსიზმროდ სძინავს. რომც ეღვიძოს, თვალს რა გაახელინებს?! 

ცინიკოსი იმდენს დასცინის ასეთ შემთხვევებში, ლამის გული წაუვიდეს. ფეხისწვერებზე მიეპარება ხოლმე და ათას საზიზღრობას ჩასჩურჩულებს. რომანტიკოსს დახუჭული თვალები ენამება, ცრემლი გზას ადვილად პოულობს და ორ პატარა მდინარედ გადაიქცევა. ცინიკოსი ველურად ხარხარებს. ერთობა. 

პრაგმატისტი წარბაზიდული აკონტროლებს სიტუაციას, მერე "კმარაო", შეჰკივლებს და ყველა ჩუმდება. ცოტა ხანს შეიფერებს ლიდერობას და სრულ მორჩილებას, მერე იღლება, ეძინება. 

სამაგიეროდ, პოფიგისტია დასვენებული. ჰოდა, ეხლა მისი დროა. ეგ და ცინიკოსი ძმაკაცები არიან, ყველაზე მოზრდილები და თან ლიდერობაც უყვართ. დიდხანს პარპაშებენ, სანამ ვინმე სხვას არ გაეღვიძება. რომანტიკოსს რომც გაეღვიძოს თვალს არ გაახელს, თორემ მიწიხლავენ, როგორც ხშირად.

29 წელიწადია ვაკვირდები ამ უცნაურ ოჯახს... და ძალიან მინდა... ძალიან, ძალიან, ძალიან... ერთხელ მაინც გავაგზავნო პოპულარულ მისამართზე ყველა ერთად და მერე ცალ-ცალკე. თუმცა ვერ მემეტებიან!