...

Tuesday, August 11, 2009

მინდა, გავცივდე... არასდროს გდომებიათ, გაცივება? აი, მე მინდა, თანაც სასწრაფოდ. მაშინ მიზეზი ექნებოდა ჩემს უხასიათობას და შემცივნებას აგვისტოში. 

მინდა, ვბოდავდე რაღაცეებს და არ მაღელვებდეს ეს მამაძაღლი ავტოპილოტი, ყველა სიტყვას რომ მიკონტროლებს და არაფერს მათქმევინებს ისეთს, რაზეც მერე თავად ექნებოდა სათქმელი - ხომ გაფრთხილებდი?! 

მინდა, ძალიან მაღალი სიცხე მქონდეს, მთელს სხეულს რომ გწვავს და მხოლოდ თითები გაქვს გაყინული - პრიორიტეტულად ფეხის... ცხადია, ძმრიანი წინდების გამო. საშინელი სუნი რომ აქვს და ნესტოებს გიღიზიანებს! უცხო, ლათინური დასახელებების წამლები არ არსებობდეს საერთოდ, "ასკოფენის" გარდა - დალევიდან ორი საათი საბნიდან ხელები რომ არ უნდა ამოყო და თავი აუზში უფრო გგონია, ვიდრე საწოლში! 

და მოჰქონდეთ ქაფქაფა ჩაი - სიცხის გამო რომ ვერ დალევ და გული დაგწყდება, ისეთი... თეფშზე "პეჩენიად" წოდებული ნამცხვარების გროვაც, რომელსაც ასევე ვერ დააგემოვნებ ყელში გაჩხერილი რეზინის ბურთის გამო. 

და ტელევიზორს ვუყურებდე - ინტერნეტიდან ჩამოქაჩულ ფილმებს კი არა. აი, რომელიმე არხზე რომ გადართავ და შუა წელიდან გააგრძელებ ყურებას, თან გაგისწორდება, რომ ვიღაც ღვთისნიერმა სწორედ ეს ფილმი აირჩია გასაშვებად და არა სხვა! მერე რა, რომ დამძიმებული ქუთუთოების გახელა არცთუ ადვილია. 

მერე შუაღამისას, ჩათვლემილი შუბლზე გრილი ხელის მიდებას, მინდა, ვგრძნობდე და ხმა ჩამესმოდეს, "მოგიკვდი, შვილო, იწვის ბავშვი". 

და მერე ვიტალი ექიმიც მინდა, რომ მოვიდეს. ჰო, ის ექიმი, სულ რომ გაიძახოდა, ლეჩიტ ისკლუჩიტელნო ბაბუშკინიმი სრედსვამიო და ეს მაიმუნი "ბაბუშკინი სრედსტვა" არ ელეოდა. ჰმ, ოციოდ წელიწადია, აღარ მინახავს. 

და მერე მინდა, გამეღვიძოს იქ, სადაც სიცხის გამო სკოლაში არ გიშვებენ და გიხარია... სადაც პუშკინის ან კორნეი-ჩუკოვსკის ზღაპრებს გიკითხავენ იმიტომ, რომ იგივეს თავად თუ ცდილობ, სიტყვები სასაცილოდ ხტუნვას იწყებენ... სადაც სიყვარული არის მარტივი - გახურებულ შუბლზე მოფარებული გრილი ხელი სიცხის გასაგებად. და მეტი არაფერი. აქ იწყება და აქ მთავრდება ყველაფერი.