Табор уходит в...

Tuesday, April 28, 2009

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე... არა, ასეთი დაწყება არ მინდა, თან ჩემამდე ეს სიტყვები უთქვამთ უკვე, მგონი, და გამეორება რა საკადრისია (კაკოი უდარ ოტ კლასსიკა!). ჰოდა, სხვანაირად დავიწყოთ! 

(მელოდრამატული მუსიკა წარმოიდგინეთ და ისე განაგრძეთ კითხვა) თეატრის კართან ატუზულს თუ ჭიანჭველამ არ დაგირბინა ზურგზე, რაა თეატრი... რამდენჯერ მქონია ეს შეგრძნება? თავს არ შეგაწყენთ რიცხვებითა და გამოთვლებით, თავმდაბლად გეტყვით, რომ ბევრჯერ. და რა გასაკვირია, რომ მსგავსი რამ განვიცადე, ოდეს ორიოდ დღის წინ მარჯანიშვილის თეატრის პარტერში განვისვენებდი ფარდის ახდამდე... 

მოიცა, მოიცა!.. (ჩათვალეთ, რომ აქ მუსიკა ფრიად უხეშად შეწყდა!) ყველაფერი თავიდან დავიწყოთ... (მელოდია აღსდგა ფენიქსისებრ) კაფეში შეკრებილმა, დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა საღამოს გაგრძელება-არდასრულების მიზნით სპექტაკლზე წასვლა გადავწყვიტეთ. 8 საათის შესრულებას ოცდაათიოდე წუთიღა აკლდა, ამიტომ შესაშური ერთსულოვნებითა და სისწრაფით მივიღეთ გადაწყვეტილება - წავიდეთ მარჯანიშვილში! და წავედით. 

(მელოდრამატულ მუსიკას ექშენ საუნდტრეკი ცვლის) ზუსტად არ მახსოვს, რა სასწაულით მოვახერხეთ უბადრუკ მდგომარეობაში მყოფი ტაქსის 100 კმ/სთ სიჩქარით ამოძრავება (ტაქსისტის შეფუცხუნების ხარჯზე, ცხადია), როგორ შევცვივდით ხელოვნებას მოწყურებული ჰუნებივით სალაროს განყოფილებაში და რა სახე ჰქონდა ყოველივე ამის მხილველ მოლარეს... უბრალოდ გეტყვით, რომ სპექტაკლი, რომელზე დასწრებასაც ვგეგმავდით, უკვე ანშლაგურ მდგომარეობაში დაგვხვდა, სამაგიეროდ, დიდ დარბაზში "ბოშები" გადიოდა. ბავშვობაში წაკითხულ-გადაკითხულ-დაზეპირებული დუმბაძე გამახსენდა (როგორც ჩანს, სხვებსაც) და გადაწყდა - შევიდეთ! 

დრო აშკარად შურს იძიებდა რაღაც დანაშაულისთვის, რომელიც არ ვიცი, როდის ჩავიდინეთ და გაორმაგებული სისწრაფით მირბოდა. მივრბოდით ჩვენც - აღთქმული კარებისკენ. ჩემმა ზურგის ჭიანჭველამ ერთი კი დააპირა მუხლის გაშლა, მაგრამ ვინ აცადა? ჯერ დავსხდეთ და მერე ირბინე, შენი ჭირიმე-მეთქი. ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია. 

(მუსიკალურ გაფორმებას უკვე თვითონ მიხვდით!) ლოდინი, სანამ ფარდა აიზიდება... ნუთუ ამ გრძნობას რამე შეცვლის? არა მგონია! და მიდის ფარდა დაუსრულებლად ზევით... პირველი მიზანსცენა, პირველი მოხიბვლა არცთუ ცუდი დეკორაციისთვის და პირველი ფალში, პირველი გაოგნება (მუსიკა დაივიწყეთ საერთოდ! მორჩა!!!)...

სათითაოდ განვიხილავ ყველაფერს:

პიესის ავტორს ყველაზე მეტი უნდა მოხვდეს წესით, ჰოდა, სპექტაკლის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ მივხვდი, რატომ ვეძებდი უშედეგოდ მის ვინაობას პროგრამაში - კაცი მალვაშია ალბათ ამ უბადრუკობის დაწერისთვის და დავანებოთ თავი! Иди с миром, сын мой! 

რეჟისორი - კობა სხილაძისთვის “ბოშები” პირველი სპექტაკლი ყოფილა. ეს ინფორმაცია ინტერნეტში აღმოვაჩინე, რათა გამერკვია, საერთოდ ვინ არის ზემოხსენებული ადამიანი და რას გვერჩოდა საათნახევრის განმავლობაში. დიად სტანისლავსკის მისთვის ორიოდ სიტყვა ექნებოდა შემონახული - Не верю! და ამით ყველაფერია ნათქვამი. არ მჯერა, ბატონებო! არ მჯერა, რომ ეს ადამიანი რეჟისორია, ან იქნება ოდესმე. 

შესრულება - აი, აქ მოიცააა! მთელი სპექტაკლის განმავლბაში მსახიობები გაურკვეველი მიმართულებით და სრულიად რატომღაც დარბიან სცენაზე. ან გახევებულები დგანან, მცირე გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა. გურანდა გაბუნია მაქსიმალურად ცდილობს სიტუაციის გაუმჯობესებას, მაგრამ ვერ გათეთრდების ყორანიო, გსმენიათ ალბათ! 

ბოშები - თბილისის ძველ უბანში გაზრდილს ოხრად ბოშები მინახავს, მაგრამ მზად ვარ, ძველ აღთქმაზე, სახარებაზე, ყურანზე და ლენინის ნაშრომთა სრულ კრებულზე დავიფიცო, რომ არ მინახავს არც ერთი მათგანი, ვინაც რუსულად ქართული აქცენტით ლაპარაკობდეს, ქართულად უაქცენტოდ და ბოშურადაც ქართული აქცენტით. ისევ სტანისლავსკის დავესესხები - Не верю! 

ცეკვა - ბოშური. ეს უნდა ნახოთ! სიკვდილამდე ყველამ უნდა ნახოს სულ მცირე, სამი რამ - ჯულიეტა მაზინას ცრემლი "კაბირიას ღამეებში", სესილიას უცრემლო ტირილი "ნატვრის ხეში", და ოთხი მსახიობი, რომლებიც ამ სპექტაკლში ბოშურ ცეკვას ჯახირობენ. მესამე შემთხვევის ხილვის შემდეგ საკუთარ თავზე გამოცდით, რატომ ტირიან პირველ და მეორე რიგში ნახსენები დიადი ქალბატონები! მე ავტირდი! 

აღარ გავაგრძელებ! რაღა ვთქვა? ჩემი დარდი მაქვს... პატარა ჭიანჭველა დავკარგე! თუ ნახოთ სადმე, გადაეცით, რომ უკვე მენატრება! 

It Takes Two...

Thursday, April 23, 2009

ისევ ველოდები. გასულები არიან. იქით ზედმეტად სახიფათოაო, მითხრეს და მანქანასთან დამტოვეს... სოფლის თავზე გადმოკიდებულ სასაფლაოსთან ბალახზე ჩამოვჯექი და მეფიქრება დაუსრულებლად... მიწა ნამიანია. ნელ-ნელა სინესტეს ვგრძნობ ფრიად პიკანტურ ადგილას, მაგრამ მაინც არ ვდგები. სადღაც მამალმა დაიყივლა, მერე ძროხამ აუბა მხარი და გადაძახილში ადგილობრივი ავტორიტეტივით ორღობეში მოხეტიალე ძაღლიც ჩაერთო. 

მერე ყველა და ყველაფერი მიყუჩდა. ქარის გარდა. ქარი ისევ მიწივის ყურში, რაღაცას მიმტკიცებს, მაგრამ მისი არ მესმის. მცივა. ერთი მხრივ, ქარის გამო, მეორეც, სასაფლაოზე ყოველთვის მამცივნებს რაღაცნაირად - შიგნიდან. სხვანაირი სიჩუმე იცის აქ და იმიტომ ალბათ... 

არაერთხელ მითქვამს და მიფიქრია, რომ სოფელში მინდოდა, მქონოდა სახლი, სადაც არავინ იცხოვრებდა ჩემს გარდა. სახლს ექნებოდა ლამაზი აივანი, მრგვალი, კოხტა მაგიდითა და ორი სკამით (რატომ ორი? ისე, ყოველი შემთხვევისთვის). გამოვიდოდი დილაადრიან აივანზე, ჩაის ფინჯნით და საქარგით ხელში, დავჯდებოდი და მოვუსმენდი მელოდიას, რომელსაც სოფლის ხმაური ჰქვია და რომელიც ყოველთვის უცხო იყო ჩემთვის, ქალაქში დაბადებულისთვის. 

იმ სახლს ბუხარიც ექნებოდა, ისიც პატარა და კოხტა, წინ ჩამწკრივებული ორი, მუქი კაკაოსფერი სავარძლით (მეორე სავარძელი - ყოველი შემთხვევისთვის). სოფლის ხმაურის მოსმენით გადაღლილი და საღამოს სუსხით მობუზული შებინდებულზე ოთახში რომ შემოვიდოდი, ბუხარი რაღაც საოცრებით უკვე ანთებული დამხვდებოდა. არ მკითხოთ, თუ არავინ არის სახლში შენს გარდა, ცეცხლს ვინღა დაანთებდაო. ოცნება მაცადეთ, პრაგმატისტო საპიენსებო!..

მოკლედ, დავჯდებოდი ცეცხლთან, წითელი ღვინის ბოკალს მოვიდგამდი გვერდით და სანამ რამე ძალიან საინტერესო წიგნის კითხვას გავაგრძელებდი, ფეხებთან მიწოლილ კოკერ სპანიელს გადავუსვამდი ბეწვზე ხელს. ისიც წამოყოფდა თავს, მხიარულად აქაქანდებოდა ცოტა ხნით, კუდის ნაგლეჯს ააცანცარებდა, მუხლებს დამისუნავდა და ისევ დადებდა თავს. უსიტყვოდ ეცოდინებოდა, რომ მისთვის არ მეცალა იმ მომენტში (ასე მხოლოდ ძაღლებს ესმით. ამბობენ, ცხენებსაცო, მაგრამ სოლოლაკში ცხენის დასაბმელი ადგილი ვერ ვიპოვე და ამ განცხადების შემოწმების საშუალებაც მაგიტომ არ მომცემია ალბათ არასდროს!.).

ჰოდა, წიგნის კითხვას შუაღამისას დავასრულებდი და მეორე სართულზე ავიდოდი, სადაც გაშლილ-დათბილული საწოლი დამხვდებოდა. ჩავწვებოდი და დავიძინებდი, ისე, როგორც ქალაქში ვერასდროს მოახერხებს ადამიანი. 

მეძინებოდა ტკბილად, ფერადად, მეორე დილას ისევ ავიღებდი ხელში საქარგს, ერთ ჭიქა ცხელ, ლიმონიან ჩაის და გავიდოდი კოხტა აივანზე, სადაც მრგვალი მაგიდა და ორი სკამი დამხვდებოდა. ერთ სკამზე ჩამოვჯდებოდი, მეორე ყოველი შემთხვევისთვის იდგებოდა გვერდით, ცარიელი, როგორც ყოველთვის! 

ასე გაგრძელდებოდა ძალიან დიდხანს... სამ დღეს და მერე მომბეზრდებოდა. რატომ ბეზრდებათ ადამიანებს ახდენილი ოცნება, ნეტავ?! იქნებ იმიტომ, რომ მეორე სავარძელი ნატვრაშიც კი, ცარიელი ხვდებათ?! ისევ...

რაც მოგივა, ავითაო...

Sunday, April 12, 2009

სანამ ჩემი დღევანდელი თემის განხილვაზე გადავალ, ვეცდები, ორიოდ სიტყვით ავხსნა სათაურის მნიშვნელობა და მოგახსენოთ მიზეზი მისი არჩევისა. საქმე ის გახლავთ, რომ გაქიაქებული და საქვეყნოდ ცნობილი ფრაზა დავითასა და მისი მრავალჭირგადანახული თავის შესახებ ოდითგანვე არსებობდა, ოღონდ ოდნავ სახეცვლილი ფორმით.

როგორც ლინგვისტიკის მაგისტრი (აჰმ, აჰმ!), ვალდებულად მივიჩნევ თავს, გაგაცნოთ მისი ეტიმოლოგია, ანუ წარმომავლობა - მაშ ასე, ჯერ კიდევ მაშინ, ოდეს ბნელი იყო ხალხი და ქალები მართავდნენ ყოველს (ანუ, მატრიარქატის ეპოქაში), ზემოხსენებული გამოთქმა შემდეგნაირად ჟღერდა: `რაც მოგივა ავითაო, ყველა შენი თავითაო~. თავდაუხრელი შრომის შედეგად დავადგინე, რომ იმ (ბევრისთვის!) სანატრელ პერიოდში ავითა ქალის სახელი გახლდათ.

მერე აირია სიტუაცია, მამრობითი სქესის არსებებმა დემონსტრაციები მოაწყვეს, დედოფალ ავით მეოთხე დაღმაშენებელს ხან კიტრები ესროლეს, ხან სტაფილოები (ბარბაროსები!), “წადი, წადიო” უძახეს და სეფე-ქალებიანად ჯერ ფეხთსაყუდლისკენ გაისტუმრეს, მერე დააწინაურეს და სამზარეულოში გაამწესეს.

ასე მოხდა კაცობრიობის (ადრე ქალობრიობა ერქვა!) ისტორიაში ყველაზე დიდი გადატრიალება - სადავეები კაცებმა იგდეს ხელთ და დაირქვეს ძლიერნი ამა ქვეყნისა.

ქალებმა რამდენიმე საპასუხო დემონსტრაცია მოაწყვეს, იყვირეს, ჩვენ რომ არა, ამოგხდებოდათ სული ედემის ბაღში, თქვე უდღეურებოო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. მერე ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, ჭკუას მოუხმეს და ფარული ფრონტის მებრძოლების პოზიცია შეიფერეს. შეიფერეს და როგორ შეიფერეს! მრავალი საუკუნის განმავლობაში კაცებს სრული ილუზია ასულდგმულებდათ, რომ მსოფლიოს ნეკა თითზე ატრიალებდნენ, სინამდვილეში კი... სინამდვილეში, ერბო რო ქონი ეგონათ, მთლად ეგრე არ იყო საქმე.

ნეკზე მსოფლიოს დასატრიალებელი ადგილი სად იყო, ბატონო?! ხელის გულზე ქალებს გვატარებდნენ და თან უხაროდათ. მერე ორიოდ ავითამ წამოიყელყელავა და მანდ დაგვერხა პირველად.

მაგათზე ნაკლებები რით ვართო, გაბრაზდა ერთი კაც-ობრიობაზე; ვითომ რატომ უნდა დაეთმო იმ მათხოვარ დავითას ადგილი ავტობუსში, ისეთ პახმელიაზე იყო, თვითონ ძლივს იდგა ფეხზეო, შეშფოთდა მეორე; მესამე კი უსიტყვოდ შეძრწუნდა და მხოლოდ თავი გააქნია ნწუ-ნწუ-ს ძახილით. მაგათ ვუჩვენოთ სეირიო, ყიჟინა დასცა მეოთხემ და მანდ დაგვერხა მეორედ.

მესამედ მაშინ დაგვერხა, როცა ერთ-ერთმა ავითამ ქუსლიანი ფეხსაცმელი სულ თავში ურტყა ვინმე დავითას, ვინაც გაბედა, უნივერმაღის (მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ეს დაწესებულებები) კარი შეუღო და შებრძანდით ქალბატონოო, მოწიწებით მიმართა, თან ისე გაიღიმა, თუ სადმე რამე კბილი ჰქონდა, ყველას სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის საშუალება მისცა.

მერე მეოთხედ, მეხუთედ და მეექვსედაც წავიდა ჩვენი საქმე ცუდად. მერე თვლა აგვერია. ჰოდა, გაბოროტებულმა ავითებმა დაიწყეს წუწუნი, კაცები სადღა არიანო? გადაგჯეგავენო და კარში თვითონ შევლენ პირველებიო. პაემანის შემდეგ სახლამდე მიცილებას ვინ ჩივის, მეტრომდე მაინც მივეცილებინეო... ჰოდა, ისაო და კიდევ... ესაო. იცით, რას გეტყვით, ავითებო ყველა ქვეყნისა? შეერთდით და... აი, ამ ჩემს სათაურს შეხედეთ.

მე კი გამატარეთ, ქალბატონებო, ერთი ფრიად კომფორტული ხელისგული მეგულება!

კითხვები უსაქმურობისას

Tuesday, April 7, 2009

ნუთუ დავკარგეთ სილამაზე ედემიდან განდევნილებმა?..

ასფალტის ღრიჭოდან ამოხეთქილ თოთო ბალახს გვერდს რომ ჩავუვლი, აღარ მიკვირს ეს საოცრება ისე, როგორც ადრე, წარსულში მიტოვებულ დროსა და სივრცეში - იქ, სადაც ყველაფერი ბურუსშია გადადღვებილი და მგონია, სხვას გადახდენია ჩემს ნაცვლად თავს, რაც იქ ხდება... მოხდა... მომხდარა?

როგორ დავკარგეთ ნეტარება ედემიდან განდევნილებმა?..

მიხაკ-დარიჩინის სუნი რომ მეცემა საფუნთუშესთან ჩავლილს, საქმეზე მიმავალი ერთი წამითაც ვერ ვჩერდები, რომ გავიხსენო გრძნობა, წაღვერის პარკის გასასვლელთან მტვერში ამოგანგლულს და თამაშისგან მოშიებულს რომ დამივლიდა თმის ღერებიდან ფეხის წვერამდე. მერე ქაღალდის პაკეტში ჩაწყობილ დარიჩინიან ფუნთუშებს, რომლის დაგემოვნების უფლებას ჭუჭყიანი ხელების გამო დედა არ გვაძლევდა, მეც და ჩემი ძმაც სუნზე მივყვებოდით და ისე გვაჟრიალებდა ნეტარების წინათგრძნობისგან, გვეჩვენებოდა, სახლი შორს გადაეტანა უხილავ ძალას. 

რატომ დავკარგეთ ღიმილი ედემიდან განდევნილებმა?

გაცვეთილად ძველი მუსიკა რომ შემომესმება ღია ფანჯრიდან, ცხვირს ავიბზუებ ხოლმე და აჩქარებით ჩავივლი. რატომ არ მყოფნის ძალა, გავიხსენო, რა სიხარულით ვმღეროდით იმავე სიმღერას იმ ბურუსში, ბებიის სახლის დალაგებისას? შვილო, იმ სკამის ქვეშ გამოგვა რო დაგვიწყებიაააა? ბოლო ბგერას აუცილებლად წელავდა ხოლმე ბებია და ისე, ისე, ისე იღიმებოდა... რას ვეტყოდი, რომ ზუსტად ამ ღიმილის სანახავად ვტოვებდი ნამცეცებს სადმე, მერე გავრბოდი იქით და ლამის მთელი ხმით გავკიოდი: “მილიონ, მილიონ, მილიონ ააალიხ როოოოზ”... ასე ხდებოდა ყოველდღე და არ მბეზრდებოდა. სანამ გავიზრდებოდი.

რისთვის დავკარგეთ ცრემლი ედემიდან განდევნილებმა? 

ათასი სისულელისგან გულდამძიმებულს მთელი ღამე რომ არ მეძინება ხანდახან, რატომ არ ვაღიარებ, რომ ტირილისგან გათავისუფლებულს ადვილად ჩამეძინებოდა, ისევე როგორც ადრე, იმ სამყაროში, რომელიც იმდენადაა ბურუსით მოცული, არც იცი, არსებობდა კი? არსებობს? უარსებია?. წელამდე ჩამოზრდილი თმა პირველად რომ დამიმოკლეს და სარკეში ჩავიხედე, ცრემლები წამსკდა, საყვარელი ფეხსაცმელი რომ ამიწყდა - მაშინაც, გერმანულ თოჯინას რომ ვერ ვპოულობდი დიდხანს, არც მაშინ დამიკლია ცრემლთა ღვარღვარი? ცუდად ხარ - ტირი, კარგად ხარ - იცინი... რატომ ვკარგავ მარტივს, საჭიროს და ვეძებ რთულს, უმნიშვნელოს?

ვისთვის დავკარგეთ სიყვარული ედემიდან განდევნილებმა? 

მახსოვს გუდაუთას სანაპიროსკენ წამოსული უსაშველოდ დიდი ტალღა (მაშინ მეჩვენა იქნებ დიდი?!) და წამის მეასედი წყლის ქვეშ, საუკუნედ ქცეული; და მერე ვიღაცის ძლიერი ხელი და ჩასუნთქვა სიცოცხლის - ფილტვებს რომ გტკენს ისეთი; და ტირილი, იმიტომ რომ ცოცხალი ხარ, რომ მამის ხელი წყალქვეშ გაპარვის უფლებას არ მოგცემდა, რომ მილიონ ვარდზე მომღერალი, მაშინდელი პრიმადონას ხმით გაჯერებულ სანაპიროზე კიდევ ერთი წყვილი ხელი გელის... და დარიჩინიანი ფუნთუშებიც გელოდება იქ, სანაპიროზე, რომელიც არცთუ შორია; და გული... ისე ფართხალებს, გეშინია, უცებ არ გაჩერდეს... და არ ჩერდება.

რატომ დავკარგე ეს ყველაფერი სამოთხიდან გაძევებულმა?..

ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები

Wednesday, April 1, 2009

ზემეცნიერული ნაშრომი

როგორც სათაურიდანაც მიხვდებოდით, ეს პოსტი ზემეცნიერული ნაშრომია და შესაბამისად, უსაქმურების ადგილი აქ არ არის (მარტო ამ ბოლო სიტყვებისთვის კი უნდა მომანიჭონ ოსკარი, რა ვიცი?!.). დღევანდელი თემა უაღრესად სერიოზული და ზოგადსაკაცობრიოა - ეჭვიანობა, მისი რაობა და კატეგორიები. 

მაშ ასე, დავიწყოთ. რა არის ეჭვიანობა, როგორც ასეთი?! ამ თემით დაინტერესებულმა ცხადია, მრავალჭირგადანახულ, საიბერ გუგული დეიდას მივაკითხე - მითხარი, ერთი, შენი მონაცემთა ბაზის ჭირიმე, რა ინფორმაცია გაქვს შენახული უშრეტ გონებაში-თქო. გუგულიმ ერთი კი დააპირა თავში ხელის გაქანება და ყოფილი მეუღლის, იაჰუიეს (რუსულად ნუ გადათარგმნით, არ დამღუპოთ, წახდა მთელი თემა და ეგაა!) საყვარლების ნუსხის გაშანშალება, მარა, აპ-აპ-აპ-აპ, ეგეთები არ გვინდა, მეცნიერული ნაშრომისთვის მომიძებნე მასალა-თქო, შევაშველე. 

ჰოდა, გადმოალაგა და რა გადმოალაგა: ეჭვიანობის ფსიქოლოგიაო; ფსიქოანალიზიო; დუ იუ ვონთ თუ თოქ ებაუთ ითო; ტახტზე გადაწექი და მითხარი რა გიჭირსო; ს ჩემ იედიატ რევნოსტო (რას არ გაიგებს კაცი, მწარე საწებელი თუ არ მოასხი ეჭვიანობას და ცხარე ცრემლები არ მოაპკურე, კაპიკი ყოფილა მაგის ფასიო); რატომ გღალატობს ქმარი, როცა არა-გიშავს-რა-გოგო ხარო; შენ დაგაყარე მიწა, იაჰუიე მიწადასაყრელოო (მაინც თავისი ქნა!!!). მოკლედ, არაფრად ივარგა გუგულიმ, რა... იძულებულ შევიქმენი, საკუთარი ძალებით შევბრძოლებოდი ამ მეტად რთულ წამოწყებას. 

რა არის ეჭვიანობა? ეჭვიანობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური (ავადმყოფური) მდგომარეობა, რომლის დროსაც არც ჭამა გინდა, არც სმა; არც დაძინება, არც გაღვიძება; არც წასვლა, არც მოსვლა; არც შესვლა, არც გასვლა, არც გაფრენა, არც მოფრენა. ანუ, ეჭვიანობა გაქარაქუცებული ჭრელო პეპელა ყოფილა (ნობელის პრემია მეკუთვნის, მარა ვინაა პატრონი!).

რაც შეეხება კატეგორიებს:

1. ოტელოფობია - თუ ფიქრობთ, რომ ამ კატეგორიას რამე საერთო აქვს შავტუხა ოტელოსთან, ძლიერ ცდებით, რამეთუ მიმაჩნია, რომ ვინმე შექსპირის მოშველიება ამ ნაშრომის წერის დროს არ მჭირდება, თანაც ეგ კაცი (ოტელო, ანუ) შიზიოდი იყო და ეგო ნადო ბილო ლეჩიტ ელექტრიჩესტვომ! ვოტ!. ოტელოფობია არის ეჭვიანობის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ადამიანს მოუსვენრობა ეწყება ყოველ ჯერზე, როდესაც მისი პარტნიორი მივლინების დროს ოტელში ათევს ღამეს (სასტუმრო, პანსიონი, აგარაკი და უბნის ბოზი ჟუჟუნას ბინა საერთოდ არ აღელვებს). ამ დაავადების ნიშნები განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება, თუ ზემოხსენებული ადამიანის პარტნიორი ისეთი ქვეყნის სასტუმროში გაჩერდება, სადაც ეს სიტყვა გამოითქმის როგორც ჰოტელ! სასტუმროში მივდივაროოოო... თურმე სად დაეთრევააააა, მაგის კუბო დავიდგი აგერ იმ ტუმბუჩკასთანო, - როგორც მიხვდით, ეს სიტყვები ამ ტიპის ეჭვიანობის პირდაპირი გამოვლინებაა. 

2. სად-იზმი -კრიზის დროს პაციენტი განუწყვეტლივ ინტერესდება პარტნიორის ადგილსამყოფელით მაშინაც კი, თუ ეს უკანასკნელი საპირფარეშოშია შესული. ეჭვიანობის შეტევის დროს ავადმყოფი ჯდება ტუალეტის კართან და ყოველ ხუთ წამში კითხულობს: სად ხარ? დამწყებმა ფსიქოლოგებმა ეს სიტყვა ერთხელ არასწორად გამოიყენეს და მეტყველებაში სწორედ ამიტომ შემორჩა იმ მნიშვნელობით, რომლითაც ჩვენ ვიცნობთ.  

3. გერონტოფობია - ეჭვიანობის ამ ტიპს არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს მოხუცებისადმი ზიზღთან (შემომაკვდებიან ეს უსწავლელი ფსიქოლოგები, რა!). გერონტოფობია არის ეჭვიანობის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ადამიანი თავის პარტნიორს ყოველგვარ ურთიერთობას უკრძალავს მეზობელ გერონტისთან, რამეთუ ღამეები არ სძინავს იმაზე ფიქრით, რომ ზემოაღნიშნული პარტნიორი ასევე ზემოაღნიშნულ გერონტისთან ადრე თუ გვიან აუცილებლად უღალატებს. მერე რა, რომ თავად გერონტის არც მუხლი ერჩის და აღარც... აჰმ, აჰმ... მარჯვენა.

4. სტილიზმი - ამ კატეგორიას, გთხოვთ, ყველაზე დიდი ყურადღება დაუთმოთ, რადგან იგი უაღრესად ხშირად გვხვდება ბუნებაში. სტილიზმით დაავადებულ ადამიანებს აუღებელი სურვილი უჩნდებათ, შეუცვალონ თმის ვარცხნილობა, სახის გამომეტყველება და ფეხების მოყვანილობა ნებისმიერ ადამიანს, ვინც მათი პარტნიორის გვედით ჩაივლის ან ღმერთო გვაშორე და, გაღიმებას გაბედავს. 

დაბოლოს, თუ თქვენმა პარტნიორმა ერთ მშვენიერ დღეს დაგირეკათ და გკითხათ - სად ხარ, საყვარელო, ისევ იმ ბრუციანი გერონტის ოტელში ხომ არ გაიარეო, შეგიძლიათ, თამამად შეატყობინოთ პოლიციას, რომ სახლში მწვავე ეჭვიანობით შეპყრობილი პაციენტი გყავთ, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.