ხუთი დღე წარსულში

Saturday, July 25, 2009

დღე პირველი

თუშეთისკენ თელავიდან დავიძარით. დილის 7 საათზე მანქანამ მოგვაკითხა და ნახევრად მძინარეები წაგვასხა ალვანისკენ. 

მძღოლი თუში ბიჭი იყო. ომალოელი. 7 ზამთარი მაქვს ზედიზედ ომალოში გატარებული და 4 წელიწადი კლასში მარტო მე ვიჯექი ცამეტი მასწავლებლის საჯიჯგნადო, - გულიანი სიცილი ჰქონდა, მთის ხალხმა რომ იცის მხოლოდ, ისეთი. 

მერე ბახტრიონის ბრძოლაზე მოგვიყვა. უფრო სწორად, მე მელაპარაკებოდა და ტურისტებს ვუთარგმნიდი. 1659 წელს სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში თუშების ამქარს ზეზვა გაფრინდაული მიუძღვოდაო, - სიამაყით თქვა, - ისე გამოუდიათ თავი ჩვენებურებს, მეფეს სიტყვა მიუცია ზეზვასთვის, რასაც მეტყვი, ყველაფერს გაჩუქებო. იმასაც უპასუხია, ჩემს ხალხს ზამთრის საძოვრები არ აქვს ცხვრისთვის და სადამდეც ჩემი ლურჯა გაჭენდება ალონის ველზე, ის ადგილები გვიბოძეო. დიდხანს ურბენია ცხენს და ტახტიგორთანღა დაცემულა უსულოდ. მისი მოსაზღვრული მიწა მეფეს თუშებისთვის უფეშქაშია. ალონის ველი ზეზვას ლურჯას ნაჩუქარიაო, დღესაც ამბობენ თუშები. მაისის ბოლო კვირას ზეზვაობა ისე არ ჩაივლის, ტახტიგორიდან ალვანამდე საუკეთესო ცხენების დოღი არ გაიმართოს და არ გახმიანდეს სიმღერა გაფრინდაულისა და მისი ცხენის შესახებ. 

სანამ ისტორიას დაამთავრებდა, უკვე მემორიალთან ვიდექით, სადაც ის დალოცვილი წაქცეულა, - ბიძაჩემის დადგმულია ეს მემორიალიო, - გვითხრა მძღოლმა და ღიმილი შემოგვანათა.

მერე გასუსული ტურისტების თვალები არ დამავიწყდება, მანქანამ ვიწრო ბილიკზე, სიპ ქვებზე რომ დაიწყო ასვლა. ჯერ მარჯვნიდან დაგვიღო პირი უფსკრულმა, მერე მარცხნიდან შემოგვამთქნარა. მდინარით დაღარული ხევის უსაშველო ხახას რომ ჩავხედე, რაღაც სიამაყისმაგვარი ვიგრძენი, შიშთან, სიამოვნებასთან და თავისუფლებასთან ნაზავი. მძღოლი მიხვდა, როგორც ჩანს, და სხვათაშორის მითხრა, ჩვენებურები ამას ცოდვიან ხევს უძახიანო. რატომ-მეთქი, სულელურად ჩავეკითხე, ზერელედ. რაც ამას ხალხი ჩაუტანია, ცოდვიანია, აბა რა არისო? - ზერელედვე მიპასუხა. უკანა სავარძელზე გასუსული ტურისტებისთვის ეს არ გადამითარგმნია. მომერიდასავით. თავისიც ეყოფოდათ. 

მთებზე შეფენილ რამდენიმე სოფელს გამოვცდით და, როგორც იქნა, თუშეთის მთავარ დასახლებამდე ჩავაღწიეთ. ომალო წვიმით დაგვხვდა. წავიხემსეთ, ცხენებზე ავმხედრდით და შენაქოსკენ ავიღეთ თავი, საიდანაც დიკლოში უნდა გადავსულიყავით. ქვისგან ნაგებ, ბრტყელი ქვითვე გადახურულ კუშტ სახლებს რომ უყურებ, ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს სადღაც წარსულში ხარ ჩაკარგული და შეიძლება, გულმა რეჩხიც გიყოს, ემანდ, დაღესტნელი მომხვდურები არ დამეცნენო. წამის მეასედით მართლა შევშინდი, მაგრამ წითელ სპორტულებში ჩაცმულ თუშ ბავშვს რომ მოვკარი თვალი, რეალობის შეგრძნება დამიბრუნდა. 

ცხენოსანი მგზავრი ოდითგანვე სოფლის სიახლოვეს ჩამოქვეითდებოდა და ვიდრე სოფელს არ გასცდებოდა, ცხენზე არ შეჯდებოდა. სოფელზე ამხედრებული გავლა მტერთან ყოფილა ასოცირებული და სოფლის შეურაცხყოფას ნიშნავდა. ცხადია, ადათს ჩვენც დავემორჩილეთ. 

შენაქოში და, საერთოდ, თუშეთში, რელიგიასთან ფრთხილად უნდა იყო, მითუმეტეს თუ ქალი ხარ. სახატეზე (ჯვარს საყმოს ტერიტორიაზე) ფეხი თუ შედგი, შეიძლება, კინწისკვრით გამოგაგდონ, - დედათა წესის ქალაის ფეხი წმინდა ადგილზე არ იქნებაო. 

მე-19 საუკუნემდე დიკლოს რა ერქვა, ჩვენმა მძღოლმა არ იცოდა, სამაგიეროდ, ამჟამინდელი სახელის ისტორიას დაუზარებლად მოგვიყვა. კავკასიის 25 წლიანი ომის ერთ ახალ წელს ჩეჩნეთის გაერთიანებული ჯარის 10 ათასი მეომარი თუშეთის დასამორჩილებლად გადმოსულა. ზამთარში ზოგ სოფელში მხოლოდ მცველები რჩებოდნენ ხოლმე. მაშინ ციხეს 16 ჯარისკაცი იცავდა. 19 დღე შეუკავებიათ 10 ათასიანი ლაშქარი თუშ მეომრებს, მაგრამ დამარცხებულან მაინც. მტერს ყველა დაუხოცია. მას მერე თუშებს უთქვამთ, იქითა სოფლის ხალხმა დიიკლო, ანუ დაიკლოო. ჰოდა, შერჩენია სახელად - დიკლო.

ძველი დიკლოს გაღმა, ჭეროს მთასთან, ორი ამოზრდილი გორა მოჩანს. თუშები მას წუმბერეხს ეძახიან და ლეგენდასაც ჰყვებიან. დიკლოელ ვაჟს, ბეროს და ქუმელაურთელ წუმს ბავშვობიდან ჰყვარებიათ ერთმანეთი. დანიშნულებიც ყოფილან. ბეროს მოულოდნელად ავადობა შეჰყრია - კანზე ცეცხლი ედებოდა და ვერაფერს შველოდნენ. სოფლელებს მყინვარებიდან ყინული ჩამოჰქონდათ და გვერდით უწყობდნენ. მერე შეშინებულა ხალხი, ჩვენც რამე სენი არ შეგვეყაროსო. ბეროც ამდგარა, მთის წვერზე ასულა და გაყინულა. წუმს რომ გაუგია საქმროს ამბავი, მთაზე ასულა, გვერდით მოჯდომია ყინულად ქცეულ სიყვარულს და თვითონაც გაყინულა. გაზაფხულზე, ყინული რომ დამდნარა ქალ-ვაჟის ადგილას დიკლოელებს ორი გორა უნახავთ და წუმბერეხი დაურქმევიათ. 

ომალოში სასწაულად დაღლილები დავბრუნდით. მეორე დღეს 8 საათზე უნდა ავმდგარიყავი. მალე ჩავაქრე სანთელი და თუშური თექით მორთულ ოთახში წარსულსა და აწმყოს შორის გამოვეკიდე... აქ სხვანაირად ვერ დაიძინებ.

დღე მეორე

ოთახი ჩაბნელდა თუ არა, მეგონა, მკვდარივით ჩამეძინებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! აქაური ლეიბი ქვასავითაა და სასთუმლადაც კლდის ნატეხი გიდევს. ათიოდ წუთი ვიწრიალე, როგორც იქნა, მოვერგე საწოლს და უკვე ძილისთვის უნდა მიმეცა თავი, რომ რაღაც უცნაურმა გამომაფხიზლა. ჯერ ვერ მივხვდი, რამ გამომგლიჯა სიზმრებს და უცებ... სადღაც ჩემს ფანჯრებთან ჩიტი გალობდა. შუა ღამისას! დუმბაძის არ იყოს, ქალაქში მიმინოს გამოჩენა რომ უკვირდა, პირი დავაღე გაოცებისგან. სანთელიც ავანთე და მივაყურადე. არა, არ ვცდებოდი... ომალოში ღამის პირველ საათზე ჩიტები გალობენ! 

დილით წვიმის შხაპუნმა გამაღვიძა. რა იმგზავრებს ამ წვიმაში-მეთქი, ერთი კი გავიფიქრე, მაგრამ გულთან ახლოს არ მიმიტანია. თბილისში აუცილებლად გამიფუჭდებოდა ხასიათი, აქ კი, მთებს რომ გახედავ, ყველა პრობლემა გავიწყდება. 

ცხენები 9 საათზე სოფლის ცენტრში გველოდნენ. დროულად გავედით. ორეთის ტბის აღმართს სანამ დაადგები, ჩუმი დაღმართი უნდა ჩაიარო, საიდანაც ცოკალთას და ქუმელაურთას სოფლები ჩანს. ქუმელაურთამდე სამანქანო გზა ადის. ცოკალთას ფეხით ან ცხენით თუ მიუდგები. ჩვენ არ გვიცდია, ქვეშ გავუარეთ. 

ქუმელაურთაში ხუთი ულაყი დაგვხვდა. დაწინაურებული ვიყავი, ფეხით მივდიოდი და ჩემი მერცხალა სადავით მიმყავდა. ხუთივემ მუქარით შეუჭიხვინა ჩემ ცხენს, აქეთ არ მოგესვლებაო, ესეც გაჩერდა და ყურები ცქვიტა. აჩუ-მეთქი, ომახიანად შევძახე. გაგულადდა ჩემი ბიჭი და ფეხს უმატა. ისინიც შედგნენ - ადამიანისა მოერიდათ ალბათ! მანამდე რომ თავჩაქინდრული მიუყვებოდა გზას მერცხალა, აიყელყელავა, ამაყი ჩორთით ჩაუარა იქაურებს, ერთიც მიუფრუტუნა და თვალს მიეფარნენ თუ არა, ისევ ჩაქინდრა თავი. 

მერე ოთხ საათს ვებრძოდით აღმართს მეც და ცხენიც. 4 საათი მიუყვებოდა კიბეებად ჩალაგებულ ფესვებს, ფრთხილად გადადიოდა გზაზე გახიდულ მორებზე და მხოლოდ ხანდახან თუ ამოიოხრებდა - ცხენივით კი არა, დაღლილი კაცივით! დავუყვავებდი, ცოტაც, ბიჭო და მივალთ-მეთქი. ყურებს აცქვეტდა წამით და ისევ აგრძელებდა გზას. 

ორეთის ტბა მოულოდნელად იშლება თვალწინ. მიდიხარ ტყე-ღრე, ვერც წარმოიდგენ, რომ სადმე ტბა შეგეჩეხება და უცებ... უძიროს ეძახიან ორეთს. ძალიან ღრმაა. ულამაზესი მომწვანო-მოლურჯო ფერი დაჰკრავს და საოცრად წყნარია. 

წახემსება რომ დავაპირეთ, წამოწვიმა. არ შევშინებულვართ. ტალღები გაიკეთა უძირო ტბამ და ღრუბლებს თავის ზედაპირზე დახედვის უფლება აღარ მისცა. ჰაერი ოდნავ მძიმე იყო, მაგრამ საოცრად სუფთა. დიდხანს ვერ გავჩერდით ორეთთან. წვიმამ თუ არ შეგაშინათ, მაინცდამაინც ნუ გაგულადდებითო, მთებმა შემოგვძახეს და ისე აისხლიტეს ელვის გრუხუნი, ციმციმ წამოვიშალეთ. 

ციცაბო დაღმართზე ცხენებს ტვირთის სატარებლად ვერ გავწირავდით და ჩამოვქვეითდით. 3 საათი მოვდიოდით დაღმართზე ფეხით. ჯერ წვიმაში, მერე უცებ თაკარა მზეში, მერე ტყის ნაბოძებ სიგრილეში. მერე ისევ აღმართი დაიწყო და ავმხედრდით. 

ომალოსთან მიახლოვება ცხენებმა ყველაზე ადრე იგრძნეს - მერცხალამ ფეხს მოუმატა, მერე იფიქრა, ჩემი გამოუცდელი მხედარი მაინც გამაჩერებსო და ნაბიჯს უკლო. სადავე მივუშვი ოდნავ. აქ კი გაიხარა ბიჭმა... 

ჯერ სახეზე ქარის სილა ვიგრძენი, მერე ქუდი მომწყდა თავიდან... მერე სული შემეკრა, მერე ყიჟინა მომინდა... მერე ორიოდ წუთის წინ მგმინავი ცხოველის გარდასახვამ გამაოგნა და მხოლოდ მერეღა გავიაზრე, რომ რაღაც მომენტში მე და ცხენი ერთ არსებად ვქცეულიყავით... არასდროს. არასდროს. არასდროს ვყოფილვარ ისე თავისუფალი, როგორც იმ ათიოდე წუთის განმავლობაში! 

ოთახში დაბრუნებისთანავე საწოლზე მივეგდე გათანგული. დარწმუნებული ვიყავი, რომ უახლოესი ერთი საათის განმალობაში ვერა ძალა ვერ აჯობებდა დედამიწის მიზიდულობას. და უცებ... ქვედა სართულიდან გარმონის ხმა შემომესმა. ვიღაც ისე დასტიროდა ინსტრუმენტს, დაცეცხლილივით წამოვენთე. ლამის თავ-პირის მტვრევით ჩავირბინე კიბეები... სამზარეულოს კართან საქმით დაღლილი ქალი იჯდა, თვალები მიელულა და გალობდა. გარმონს შვილივით ეფერებოდა...

დღე მესამე

ომალოდან ვერხოვნისკენ გრძელი გზაა გასავლელი, მაგრამ დიდი ნაწილი სამანქანე ბილიკს მიუყვება და სირთულე თითქმის არ გხვდება. 8 საათიანი ჯაყჯაყის შემდეგ უკვე აღარაფერი გამომაცოცხლებდა, მეგონა, როცა ჩვენმა გამცილებელმა თქვა, ალაზანში უნდა შევიდეთო. მდინარისკენ მაშინღა გავაპარე თვალი. საერთოდ ამომვარდნოდა გონებიდან, რომ წყალში მოგვიწევდა შესვლა, არადა, დილით ტურისტები საგულდაგულოდ გავაფრთხილე... ალაზანი ღრმა ჩანდა, მაგრამ მეტ-ნაკლებად წყნარი!

უზანგიდან ფეხი გამოიღე და წყალს მოერიდეო, მდინარეში შევარდნამდე გამოგვძახა თუშმა გამცილებელმა. მორიდება კი ვცადეთ, მაგრამ მუხლებამდე რომ მოგვადგა ალაზანი, დანებება ვარჩიეთ. გვარიანად გავილუმპეთ. 

როგორც იქნა, გამოჩნდა ვერხოვანი. მისკენ მიმავალი ბილიკი სინამდვილეში ბილიკი არაა. მასზე გავლის ერთადერთი ხერხი არსებობს - ცხენს საკუთარ თავზე მეტად უნდა ენდო და სადავე მიუშვა, თორემ ერთი უხერხული მოძრაობა სიკვდილს ჩაგახედებს თვალებში. მარცხნიდან ალაზანს დავყურებდით, მარჯვნიდან კი თითქმის მიყრდნობილნი ვიყავით კლდეზე, რომლიდანაც უწყვეტ ნაკადად ცვიოდა კენჭები და ქვიშა... მერცხალა თავდაღუნული მიდიოდა მრავალჯერ გავლილ გზაზე და საერთოდ არ ნერვიულობდა. 

სოფელში ავიტეხე, კოშკში უნდა დავიძინო-მეთქი. მართალია, გვიანი შუა საუკუნეების 4 სართულიან ნაგებობაში საწოლებიც დგას და, პრინციპში, სასტუმროდაც იყენებენ (თუ სახლში ადგილები არ აქვთ!), მაგრამ პატრონებმა ისე გაოცებით შემომხედეს, რატომღაც `ნატვრის ხის~ ელიოზი გამახსენდა - `კაცო, ან მცურავისა არ გეშინია, ან გველკუასიო?!~. 5 დღის ამოსულები იყვნენ იქაურები ალვანიდან და ჯერ სახლის დალაგება ვერ მოესწროთ ნორმალურად, კოშკს ვინ ჩიოდა. დავიჟინე, ლოგინის ატანა თუ არ გეზარებათ, იქ დაძინება მირჩევნია-მეთქი. დაზარება რა საკადრისიაო, თუშურად მითხრეს. 

ტურისტებმა ჭკუას უხმეს, სახლის კომფორტი არჩიეს გაყინულ რომანტიკას. გერმანელ ანელის, რომელიც ფეხით მოდიოდა ჭეშოდან და ღამის გასათევად გაჩერებულიყო ვერხოვანში, დიდხანს ვუქე თუშური ისტორიის ნარჩენი, მაგრამ ოთახის გაზიარებაზე ვერ დავითანხმე. აღმოჩნდა, რომ კოშკში სრულიად მარტოს უნდა გამეთია ღამე. ისევ ელიოზის სახება ამომიტივტივდა გონებაში. მასპინძლებს ვკითხე, ზემოთ გველი ხომ არ იქნება-მეთქი. გველი - არა, თაგვები - შეიძლება, მოჩვენებები კი ნამდვილად იქნებიანო. მოჩვენებებზე მეტად თაგვების ხსენება ვერ ვიგუე. წვიმიან დღეს ძალიან დამცხა. შიშსა და სიამაყეს შორის ბრძოლაში შიში დამარცხდა... 

კოშკამდე თავაწეული მივედი (მაქსიმალურად ვცდილობდი, ზურგში მოშტერებული ხალხისთვის მთელი დღის ნაწვალები კუნთების ტეხვა არ მეჩვენებინა), ოთხად მოხრილი შევედი ჩემი დროებითი სასუფევლის ერთიციდა კარში, მეოთხე სართულისკენ მიმავალ ვიწრო კიბეს ლამის ხუთჯერ ვემთხვიე და, როგორც იქნა, ჩაბნელებულ ოთახს მივაღწიე. ჩემს განკარგულებაში მყოფ სივრცეს არც კარი ჰქონდა, არც ფანჯარა და ქარი ყველა ხვრელში გვარიანად წუოდა. 

ქვასავით საწოლზე ჩამოვჯექი და ჩემი გადაწყვეტილება ლამის პირველად ვინანე. რომანტიკისა ქვით ნაშენ კედლებს აღარაფერი ეცხოთ. კოშკის ყოველ ნაოჭში თაგვი ან გველი მეზმანებოდა. დაჭყეტილი ფანჯრებისკენ საერთოდაც არ ვიყურებოდი. 

როდემდე ვიჯდებოდი ასე? ნახევრად ტანსაცმლიანი შევძვერი საწოლში. ფეხები კიბის მოაჯირზე მქონდა მიბჯენილი. ყოველ წამს ველოდი, როდის ამოჰყოფდა ვინმე გაბურძგლული თავს და ფეხში მწვდებოდა. გაფაციცებით ვაყურადებდი ნებისმიერ ფაჩუნს. ჭერში ახედვა მზარავდა - ხის დაუმუშავებელ საყრდენებს ალაგ-ალაგ კანი ასცლოდა და ქარის ყოველ დაქროლვაზე დაფარფატებდა. სანთელი ჩრდილებს ეთამაშებოდა. 

წინა ღამეს ჰეღოს ციხეზე მოსმენილი ისტორია გამახსენდა. თუშ-დაღესტნელთა მტრობის დროს ლეკის აშენებულ სიმაგრეს უშველებელი ამალა მისდგომოდა, მაგრამ მისი გატეხვა მტერს ვერაფრით მოეხერხებინა. ბოლოს ლეკებს კოშკის ამგებისთვის უკითხავთ, სისუსტე სად აქვსო ჰეღოს ციხეს. ფიცდადებულ ოსტატს ღმერთის წყრომის შეშინებია და უარით გაუსტუმრებია. ლეკებს მოლასთვის მიუმართავთ, რომელსაც მშენებლისთვის ფიცი აუხსნია. მაშინ ოსტატს უთქვამს, ციხის გაღმა რომ გახვალთ, კედელში თეთრ ქვას ნახავთ, თუ მას გამოაგდებთ, კედლები თავისით ჩამოინგრევაო. ასე დაცემულა ჰეღოს ციხე. 

ნეტავ ვერხოვანის კოშკში თუ იყო ჩაშენებული ხინჭრიკვად წოდებული თეთრი მაგიური ქვა? 

ფიქრს ფიქრი მოჰყვა... ჩემს ოთახში გამაგრებული თუში მეომრები წარმოვიდგინე, დაჭრილ-დახოცილ ჯარისკაცთა გმინვა და იარაღისა თუ გახელებულ მებრძოლთა კბილების ღჭიალიც ჩამესმა თითქოს. თვალები მაგრად დავხუჭე და ნერვების მოსათოკად ასამდე დათვლა ვცადე. ერთი, ორი, სამი.... არა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ასზე მეტი კი იქნება აქ მოკლულიო, - გონება თავისას არ იშლიდა. ტირილამდე ვიყავი მისული...

და მერე, როცა მეგონა, ის ღამე არასდროს დასრულდებოდა, სიმშვიდე მოვიდა. თავისით. მოულოდნელად. და კოშკში, რომლის თავზეც თუშ მეომართა აჩრდილები დასრიალებდნენ, ფანჯარაში იყურებოდნენ და სტუმრის ვინაობას კითხულობდნენ, გათენებამდე უშფოთველად მეძინა. 

დღე მეოთხე

ღიმილით დიდი ხანი იყო, არ გამღვიძებოდა. თვალი რომ გავახილე, მზის სხივები მოტიტვლებულ ფანჯრებს ეფერებოდნენ. ერთი ღამის განმავლობაში რამდენიმე საუკუნეში მოგზაურობით ოდნავ დაღლილი ვიყავი, მაგრად ადგომა არ გამჭირვებია. კედელზე ჯოჯომ გაირბინა. არ შემშინებია. თავი დავიიმედე, წინა ღამეს საწოლი კედლებს მაქსიმალურად რომ დავაშორე, ტანზე გადარბენას ვერ მოახერხებდა-მეთქი. 

ბარგი ჩავალაგე და ორი ჩანთით დამძიმებულმა ვიწრო კიბის საფეხურები ადვილად ჩამოვითვალე. გარეთ გამოსვლისთანავე ავხედე კოშკს, მერე გარშემო მივიხედ-მოვიხედე, დავრწმუნდი, რომ არავინ მიყურებდა და ქედი მოვიდრიკე მრავლისმნახველი ციხისა და მისი აჩრდილების წინაშე. ღირდა, ნამდვილად ღირდა რამდენიმე საათის გატარება შიშში, წარსულის საიდუმლოს გასაგებად... ქვების მოყოლილი საიდუმლოს გასაგებად! 

ნაყაიჩოს უღელტეხილამდე თუშეთის ყველაზე მაღალ წერტილში განფენილი სოფელი დადიკურთა გავიარეთ. მიტოვებულ სახლებს თანამედროვეობის ნიშან-წყალიც არ ეტყობათ - არც რკინის სახურავები, არც განახლებული აივნები... დადიკურთაში დროს არ შეესვლება. დრო მიყრუებულ სოფელს გვერდს უვლის!

უღელტეხილს ნისლში ეძინა. იმდენად მჭიდრო იყო ბურუსი, მერცხალას ყურებსაც ძლივს ვხედავდი, ბილიკს ვინ ჩიოდა?! ცხენებს გზის დანახვა არ სჭირდებოდათ. მათ უბრალოდ იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ნაყაიჩომ მანამ გაიღვიძა, სანამ მწვერვალს მივაღწევდით. ღრუბლები გადაიფერთხა, მხოლოდ ქულებადღა შეიტოვა ფერდობებზე. ჭეშოდან ფარსმასკენ მიმავალი გზაც დაგვანახა, მის ფეხქვეშ გაწოლილი, რომლამდე მისაღწევადაც დაყუდებულ დაღმართზე სულ მცირე, ორი საათი უნდა გვეარა. 

დეკათი მოფენილ ფერდობს ფეხით ჩავუყევით. მერცხალა მორჩილად მომყვებოდა, მხოლოდ ხანდახან თუ მომქაჩავდა ჯიუტად სადავეს, ცხვირს ბალახში ჩარგავდა, საყვარელ მცენარეს ფრთხილად ამოარჩევდა და ხრამუნით აგრძელებდა სიარულს. თუ მოულოდნელად გავჩერდებოდი, ოდნავ წამკრავდა ხოლმე თავს ბეჭებში, წადი, რაღაო?!

პირიქითის ალაზანი უფრო ადიდებული და გაგულისებული დაგვხვდა, ვიდრე გომეწრისა. ფონს ამაოდ ვეძებდით... ტალღები უნდა გადაგვეკვეთა. ცხენებს დიდხანს ვეხვეწეთ, დავემუქრეთ და შევუძახეთ კიდეც, მაგრამ წყალში შესვლას არცერთი არ ჩქარობდა. ბოლოს მაინც დაგვემორჩილნენ. 

პირველმა ტალღამ რომ დაგვარტყა, ოდნავ შექანდა მერცხალა. ძლივს შევიკავე თავი და კაზაკურ უნაგირსაც მაგრად ჩავებღაუჭე. სამ წუთს იბრძოდა გახელებული ცხოველი, ნელ-ნელა დინების მიმართულებით იხრებოდა და ბოლოს ისეთი ძალით ავარდა ნაპირზე, ლამის წონასწორობა დავკარგე. ამაყი ფრუტუნი, რასაკვირველია, არ დავიწყებია! 

თავით ფეხამდე დასველებულს მეც სითბოდ ჩამეღვარა სიამაყე. იმ წუთას ამ ერთიციდა, ასაკშეპარულ თუშურ ცხენს არაბეთის საუკეთესო ულაყიც არ მერჩივნა. 

მერე დართლომდე მერცხალა ხან ჩორთით მიდიოდა, ხანაც გაინავარდებდა ხოლმე. სადავე ერთხელაც არ მომიზიდავს. სიცოცხლის სუნი ვიყნოსეთ ორივემ და ნელა სიარულს აღარცერთი ვკადრულობდით.

დღე მეხუთე

დართლო თუშეთის ყველაზე ლამაზი სოფელია. გვერდიგვერდ აშენებულ ორ კოშკს კვავლოს ციხე გადმოჰყურებს. ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში ცამ ერთადერთხელ გადაყარა ღრუბელი, დანარჩენ დროს გადაუღებლად აწვიმდა ქვის სახურავებს. 

კვავლოსკენ აღმართს დილის 9 საათზე დავადექით. ტურისტებმა მკითხეს, თუშურ ყველს როგორ აკეთებენო და ერთ-ერთ ეზოს მივადექით. იქ მომუშავე ბერიაცს ვთხოვეთ, ყველის გაკეთებას თუ აპირებთ, დაგესწრებითო. 24 ძროხა მყავს და ეხლაღა მოვრჩი წველას, ორიოდ საათს მოცდა მოგიწევთო, გვიპასუხა. 84 წლის კაცი იყო, მარტო ცხოვრობდა. ეზო-კარსაც უვლიდა და ძროხებსაც. ასაკი არც ეტყობოდა. ამ მთების მნახველს რა დამაბერებსო, წვერ-ულვაშში ჩაიცინა და სიყვარულით გახედა ნისლიან მწვერვალებს. 

ჯერ კიდევ პირველ დღეს მითხრეს, თუში მეწყერმა, ცხენმა ან მტერმა თუ არ იმსხვერპლა, 120 წლამდე იცოცხლებსო. ამ ბერიჯაცის შემყურე ამის დაჯერება ნამდვილად არ ჭირდა. 

დრო ცოტა გვქონდა, წვიმაც ძლიერდებოდა და უკან დაბრუნებამ მოგვიწია. ბერიკაცს ჯანმრთელობა ვუსურვეთ და წამოვედით. დართლოში ბარგი უნდა აგვეღო და ომალოსკენ დავძრულიყავით, მაგრამ ჩვენმა დიასახლისმა გალუმპულები რომ დაგვინახა, მოჭრით გვითხრა, სანამ არ გათბებით, არსად გაგიშვებთო. წინააღმდეგობას ვინ გაუბედავდა?! თანაც ქონდრის ჩაის სითბო ჰაერივით გვჭირდებოდა. 

ღია სასადილოში არომატული, ქაფქაფა ჩაის გარდა თუშური კოტორი და ნამცხვარიც გველოდა. მთებს ვუყურებდი. მსმენოდა, სადღაც მათ სიღრმეში კეთროვანთა აკლდამებიაო ჩამალული. ადრე, თურმე, ვინმე თუ შეატყობდა, კეთრი შემეყარაო, დედაბუდიანად აიშლებოდა სოფლიდან, აკლდამაში მიდიოდა, წინამორბედთა ძვლებს გადმოყრიდა საწოლიდან, მიწვებოდა მის ადგილზე და სიკვდილს ელოდა... სიკვდილი კი დიდხანს არ მოდიოდა. 

ომალოსკენ შუა გზაზე ისე დაუშვა წვიმამ, გაჩერებამ მოგვიწია. წვრილ მდინარედ გადაქცეულ ბილიკზე ცხენებს ფეხი უცურავდათ და სიარულის გაგრძელება სახიფათო იყო. ტოტებგაშლილ ხეს შევაფარეთ თავი, მაგრამ მალევე ცხადი გახდა, გადაღებას არ აპირებდა. ისევ სადავეში წავავლე ხელი მერცხალას და ქვეითად გავუყევით ტყეს. 4 საათი მაინც ვიარეთ თავსხმაში. 

ასეთი ტალახიანი და სველი არასდროს მივსულვარ უცხო სახლში. მრცხვენოდასავით, მაგრამ ომალოელმა მასპინძლებმა ისე მიგვიღეს, რიდი საერთოდ გადამავიწყდა. 

ტურისტები ოთახში გაამწესეს. მე კი მერცხალასთვის დრუნჩზე მოფერება, ჩუმი მადლობის თქმა და დამშვიდობება ძლივს მოვასწარი, ხელი ჩამავლეს, ტილოს თოჯინასავით სამზარეულოში შემათრიეს, შეშის ღუმელთან დამსვეს და ქონდრის ჩაი მომაჩეჩეს, არ გაგვიცივდეო. 

მერე ღუმელისა და ადამიანების სითბოთი გაბრუებული ჩუმად ვუყურებდი დიასახლისების ფუსფუსს. საუბარსაც ვისმენდი. თუშური დიალექტი თითქმის არ მესმოდა, მაგრამ იმდენად მსიამოვნებდა, ნათქვამის აზრი არც მაინტერესებდა. 

მეორე დილას მთებმა ისევ წვიმით გამოგვაცილეს. ახლადგაღვიძებული მიჩვევის გამო თითქოს მეც მეტირებოდა. თბილისი კი მშობლიური მონატრებით მექაჩებოდა თავისკენ.

სარდაფში ვცხოვრობ

Wednesday, July 15, 2009

სარდაფში ვცხოვრობ. 

არა, კიბის ქვეშ კი არა, სარდაფში... ცნობისთვის, არასდროს დამიხატავს ჩაპუტკუნებული ქალბატონები, ხორაგიანი სუფრები ან დუქნების აბრები. მეტიც, სწორი ხაზის გავლებაც არ შემიძლია, ამიტომ ცნობილ პრიმიტივისტთან შედარებისგან თავი შეიკავეთ (თუმცა, შევუდარებივარ არაერთს - ნებაყოფლობით არჩეული საცხოვრებელი ადგილის გამო, რა თქმა უნდა!) 

მიყვარს ყველაფერი, რაც ამ ოთახში უცხო თვალისთვის ყრია უსწორ-მასწოროდ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს - ჩემთვის. იმიტომ რომ გიტარას (რომელზეც მტვრის გადაწმენდა ხან მეზარება, ხანაც მავიწყდება), ჩილიმს (რომელიც, კონტრაბანდისტივით, დაშლილ მდგომარეობაში ჩამოვიტანე იაფოდან) და დიდი ბებიის საკერავ მანქანას (რომლის კარადაზეც დიდხანს განისვენებდა მისთვის სრულიად შეუფერებელი კომპიუტერი) წარსულის სუნი უდის - საუკუნეების კი არა, საკუთარი წარსულის სუნი! ყველაზე ტკბილი სურნელი სამყაროში! მერე რა, რომ ამ სურნელს ხანდახან მტვრის ან ნიკოტინის მკვეთრი არომატიც გაერევა ხოლმე... ასატანია!

მიყვარს ოთახში ვერშემოღწეული მზე და ჰაერი, კარის გაღებისთანავე რომ შემომეფეთება და თვალს მჭრის... კი, ჰაერმაც შეიძლება, მოგჭრას თვალი! სმენას თუ დავძაბავ, იქნებ ყველა სიტყვაც გავიგონო, რაც ოდესმე თქმულა ამ სივრცეში. აქ ცოცხლდება ყველა, ვინც დიდი ხნის წინ დამიკარგავს და გაცოცხლდება, ვისაც დავკარგავ... 

განზრახ არ ვცვლი ხავერდის ფარდას, რომელიც დიდი ხანია, დაძველდა და იმ ადამიანმა შემიკერა, ვისაც მეგობარს ვეძახდი ერთ დროს, დღეს კი გამარჯობის თქმა ეზარება ან არ უნდა. მისი საქმეა!.. ჩემთან კი მისი გადაკერილი ფარდა კიდია!..

სიბნელეშიც ვხედავ, სად და რამდენი ჭიკარტია ჭერზე - ჩემივე მიმაგრებული და მერე, უძილობისას არაერთხელ გადათვლილი. მახსოვს აცა-ბაცად აკრულ თეთრ ქაღალდს ამოფარებული ყოველი გაზეთი კედლებზე და სია მათი, ვინც ჩემს სამყაროში არ დაიშვებიან. 

არც შუშას ვუცვლი და არც ჩარჩოს უსაყვარლეს ფოტოს, რომელსაც პირი-სახე მაშინ გაებზარა, ცალი ხელით ჩაბღაუჭებული ტელეფონის მოციმციმე ეკრანზე ამოკითხული სიტყვების გამო ყველა კიდურში სისუსტე რომ ვიგრძენი და ადგილის შესაცვლელად მეორე ხელში აღებული სურათი სასწაულად დამძიმდა. ოფიციალური ვერსიით, მორიგი დაუდევრობა გამოვიჩინე, სინამდვილეში კი იმ სისუსტის მიზეზი მარტო ორმა ადამიანმა ვიცით - მე და იმ უცნობმა გოგომ, ზემოხსენებული ფოტოდან გვერდულად რომ მიყურებს ხოლმე!

კიდევ ერთ უცნობს, თეთრწვერას, თვალები მიულულავს გვერდით კედელზე და ისე იღიმება, ხანდახან ჩამესმის კიდეც ღუღუნით ნათქვამი სიტყვები - "გენაცვალეთ, ბალღებოოო". 

მიყვარს გაღვიძებისა და დაძინების წინ დანახული ყოველი დღე და ყოველი ღამე... საერთო ჯამში ოცდაჩვიდმეტიოდე ღამე, თეთრ დღეში ჩახატული. აკრძალულ ხილს მოტკბო გემო დაჰკრავს. კვადრატულ ხარისხში აყვანილს - განსაკუთრებით! 

მიყვარს კედელზე მიყუდებული ბილიარდის მაგიდა, დიდი ხანია, მოთამაშეებს რომ ელოდება ამაოდ; ბებიაჩემის სარდაფიდან ამოთრეული უძველესი, ლამაზფეხებიანი სკამიც, რომელსაც არც საზურგე აქვს მთელი და არც მძიმე წონითი კატეგორიის ადამიანებისთვისაა მიზანშეწონილი მასზე განსვენება... მეღიმება თოჯინების თეატრიდან დარჩენილი, თავდახრილი ტორშერის დანახვაზე - ძმაო დავითის ხანმოკლე სამსახიობო “კარიერა” უნებლიე, თბილ ღიმილს იწვევს და იმიტომ. 

ამ მაკრატელს რა ხანია, ვეძებდი, თურმე ფანქრების ჭიქაში ჩამხტარა, ნეტავ ის ბლოკნოტიც მაპოვნინა, ბოლო ორი კვირაა, რომ გამალებით ვეძებ სრულიად უშედეგოდ. არ უნდა, რომ ვიპოვო ალბათ და იმალება. ხომ ვთქვი, აქ ყველაფერი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს-მეთქი. 

და მე დავდივარ წრეზე... ხანდახან ვტოვებ სამყაროს, რომელიც თავისით სუნთქავს... მივდივარ სადღაც, ხან სამი დღით ყოველ სამ დღეში ერთხელ, ხან ათი დღით სრულიად არაპროგნოზირებადი შუალედებით. და ისევ ვბრუნდები აქ, სარდაფში, სადაც ჩემთან ერთად მხოლოდ მელქიადესი ცხოვრობს! 

წეღან სარეცხს ვფენდი..

Thursday, July 2, 2009

წეღან სარეცხს ვფენდი. 

არცთუ ხშირად ვაკეთებ ამას... ნუ, იმაზე იშვიათად, ვიდრე უნდა ვაკეთებდე. არ მიყვარს სარეცხის დაფენა, მტვრის გადაწმენდა, დაგვა და მისთანები. მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში თუ წამიცდება ხელი, თანაც წინასწარი ფსიქოლოგიური ტრენინგის გარეშე არაფერი გამოდის. ალბათ იმიტომ, რომ წყვილი ხელი მეგულება, რომელსაც ძალიან თუ სთხოვ, შენს მაგივრად გააკეთებს საქმეს. ხანდახან!.. ხან კი - არ!

ჰოდა, სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა ჩემი მორიგი თხოვნის შემდეგ წყვილიდან ერთ-ერთმა ხელმა საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა ნიშნად უარისა, მეორემ კი სარეცხი მანქანისკენ მიმანიშნა. სხვა გზა არ იყო. ტაშტითა ხელ და სარჭებით გულდამშვენებელი ღამის ორ საათზე ეზოში გავედი. 

მიყვარს დღე-ღამის ეს მონაკვეთი. თითქმის ყველას რომ სძინავს, ან ნახევრად წასულია სიზმრების ქვეყანაში, შენ კი ფუსფუსებ - თუნდაც საძულველ საქმეს აკეთებ და გიხარიასავით. საიდანღაც ძაღლის ყეფა ისმის, ფანჯრებიდან - ტელევიზორის ბუბუნი, სმენას თუ დაძაბავ, ყოფილი მერიის თავზე ჩაშენებული საათის კარგად ნაცნობ ხმასაც გაიგებ, რომელიც ჩვეულ ტონალობაში გამცნობს, რომ ღამის ორი საათია და ყველაფერი წესრიგში... არაა. 

და აი, ამ ჩვეულ გარემოში, სრულიად მოულოდნელად გონებაში მშვენიერი რემედიოსის სახება ამომიტივტივდა და მთელი არსებით ისე ვიგრძენი მსგავსება მარკესის ამ პერსონაჟთან, როგორც არასდროს. მერე რა, რომ რემედიოსი თეთრეულის გაფენისას ამაღლდა ცად, მე კი მომტევეთ, საცვალს ვფენდი და ვერც ამაღლებას ვეღირსე (არადა, ორიოდ წამით მეგონა, რომ სწორედ ასე მოხდებოდა). სანტა სოფიას და არკადიო ბუენდიას ქალწულის მშვენებას რამდენიმე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჩემს ნუსხაში კი წყალში გადამხტარი არავინ მეგულება ჯერ (ჯერ???)... ვერა, ვერ დავიკვეხნი მაკონდოს უმშვენიერეს ასულად წოდებას (ჰმ! სოლოლაკსაც ვიკმარებდი, პრინციპში). 

სამაგიეროდ... სამაგიეროდ 29 ხანდახან ასის ტოლია... ასივე ისეთი ერთნაირია?!. და ზოგი ვერ ძლებს ასის შესრულებამდე... ერთ დილას თეთრეულის გაფენისას მიფრინავს ღრუბლებისკენ... მეც გავფრინდებოდი...

ღმერთო, მერამდენედ უნდა ჩამივარდეს სარჭი აივნიდან? - ვფიქრობ ჩემთვის, რემედიოსის სახება ქრება და მე მივდივარ ჩემი სარდაფისკენ, სადაც არავინ მელოდება მელქიადესის გარდა.