ერთი, ორი, სამი...

Thursday, February 26, 2009

ერთი, ორი, სამი...

სამი დღე სახლიდან შორს, ყოველ სამ დღეში ერთხელ. აბისი, კოდა, აბანო - სამი სოფელი შემოსავლელი დღეს. მეძინება. გუშინ გვიან დავიძინე, ისევე, როგორც ხშირად. სამ საათზე გამოვრთე კომპიუტერი და სამამდე დათვლაც ვერ მოვასწარი, ისე ჩამეძინა. დღეს მაღვიძარამ სამჯერ დარეკა, სანამ თავის წამოწევას მოვახერხებდი. 

ერთი, ორი, სამი...

სამი კაპი-ტანი... ჩემთან ერთად ეხლა მანქანაში მართლა სამი ოფიცერი ზის, ოღონდ მაიორები. ისინი აკვირდებიან, მე - ვწერ. ნეტა, არ ეძინებათ? ალბათ ეძინებათ, მაგრამ არ იმჩნევენ. 

ერთი, ორი, სამი...

სამ სოფლელს ვესაუბრეთ - სამი თვეა, დახმარება არ მიგვიღიაო. სამჯერ შეგვპირდნენ და სამჯერვე მოგვატყუესო... სამი შვილი მყავს და სამივე სიცივით მეხოცებაო, ერთმა თქვა. საზღვრის იქითა მხრიდან ვარ და სახლი სამჯერ დამიწვეს ბოლო სამი წლის განმავლობაშიო, მეორემ დაამატა. მესამე ჩუმად იყო. ნიკაპი ლამის გულ-მკერდზე მიებჯინა, მიწას მისჩერებოდა და ხმას არ იღებდა. სამჯერ ამომხედა სიბრძნით დაღარული თვალებით და სამჯერვე შემრცხვა – არ ვიცი, რატომ. 

ერთი, ორი, სამი...

სამი წვეთი დაეცა საქარე მინას. დილიდან მოჟამული ამინდი იყო და რა გასაკვირია, რომ გაწვიმდა. ქარიც ქრის. არ მიყვარს თებერვალი. გიჟი თვეა. მესამე თვეზე გიჟი! 

ერთი, ორი, სამი...

მალე მივიდეთ ნეტა სახლში. ნამდვილ სახლს დღეს ვერ, ხვალ დავუბრუნდები, მაგრამ სადაც ყოველი სამი დღის მერე სამ დღეს ვატარებ, სახლად მეგულება უკვე. სადაც დაგიღამდეს, შენი სახლიც იქ იყოსო. ასეა! ყველას თავის გზა აქვს გასავლელი! ჩემი ცხოვრება თავად გზაა. არის ალბათ ჩემში ბოშური სისხლი. სადღაც... ღრმად!

ერთი, ორი, სამი...

Три сестрички под окном, пряли поздно вечерком. ერთმა დამ ძაფი დაართო და თქვა, იცოცხლოსო, მეორემ – რამდენ ხანსო? მესამემ – მაგას მე გადავწყვეტო და მაკრატელი მოიმარჯვა. `ფსიქო~ სამჯერ მაქვს ნანახი და სამჯერ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ზემოთ დაწერილი ამ ფილმთან არანაირ კავშირში არაა. 

ერთი, ორი, სამი...

ნეტავ, სამი სურვილი ამასრულებინა, სანამ მოირა დაითვლის: სამი, ორი, ერთი და მაკრატელს ჩააჩხაკუნებს. 

ტრიალებს, ბრუნავს...

Monday, February 23, 2009

ტრიაააალეეებს, ბრუუუუნავს... ტრიიალებს, ბრუუუნავს...

ცნობილი სიმღერის ეს ორი სიტყვა მთელი დღეა, უპატრონო ძაღლივით ამეკიდა და ვეღარაფრით ვიშორებ. არ ვიცი, საიდან ავიკვიატე. რომ დავფიქრდე, მივხვდები ალბათ, იმიტომ, რომ ყველაფერს თავის ახსნა აქვს, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა ნამდვილად არ მინდა ზიგმუნდისეული ახსნის მოსმენა. ცხადია, რატომაც - რა დროს სექსია, როცა ... იყო, დრო, მსგავს რითმას ვიგონებდით სიტყვაზე “ლექსია”... ჰოდა, ამ შემთხვევაშიც წავა, რა! ასეა თუ ისე, ვერ იყო ზიგი მთლად დალაგებულიო, ამბობენ. მართალია ალბათ... 

და საერთოდ, ზიგმუნდი რა შუაშია, როცა სულ სხვა, არანაკლებ ცნობილმა ადამიანმა თქვა, რომ ის მაინც... ტრიიიააალებს, ბრუუუნავს... 

ბავშვობას მაგონებს ეს სიმღერა და სითბოდ მეღვენთება გულის არეში. 

იმ პეროდში ყველაზე ხშირად ერთ ფრაზას ვიმეორებდი (ისევე, როგორც სრულიად დედამიწის ბავშვთა 90 პროცენტი) – როცა დიდი გავიზრდები... და ამას მოჰყვებოდა წარმოუდგენელი ნატვრები და ოცნებები, განუხორციელებელი, მაგრამ ისეთივე ლამაზი, როგორც თავად ბავშვობა. ბანალურია, მაგრამ ამავე დროს, რეალური!.. 

...იმიტომ, რომ პატარაობისას გგონია, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალა არ არსებობს (მითუმეტეს, რომ აზრზე არ ხარ, რა არის, საერთოდ, დედამიწის მიზიდულობის ძალა) და ყველაფერი მხოლოდ შენს გარშემო ტრიალეებს, ბრუუუნავს... 

უდავოა, რომ იგივე წარმოდგენა სამყაროს შესახებ ზოგ მოზრდილ ადამიანსაც აქვს, თანაც ხშირ შემთხვევაში, ამის მიზეზი უაღრესად მარტივია: 

ეს ხდება, მაგალითად, მაშინ, როცა გრავიტაცია ფეხებზე გკიდია და ვერ ხვდები, რატომ ეცემა კარაქიანი პური ხალიჩაზე (თანაც კარაქიანი მხარით ქვევით), უბრალოდ ყოველ ჯერზე დედას აგინებ მერფის და მის იდიოტურ კანონებს (ცხადია, იგულისხმება ედი მერფი, იმიტომ რომ ჯერ ერთი, რასისტი ხარ და მეორეც, სხვა მერფის შესახებ არც გსმენია); ეჭვი არ გეპარება, რომ სინამდვილეში ნიუტონს ვაშლი მეზობელმა ესროლა და მხოლოდ იმიტომ გაარტყა კეფაში, რომ მოტომსროლელთა დივიზიონის ოფიცერი იყო; ამავე დროს გჯერა, რომ ბელი ტელეფონის გამოგონებასთან არაფერ კავშირში არაა, ის კოსმოსში გაშვებული ერთ-ერთი პირველი ძაღლის საპასპორტო (პასპორტი ექნებოდა, აბა ისე ვინ გააფრენდა?) სახელი იყო და კომუნისტების წყალობით მსოფლიო მხოლოდ მოფერებით-კნინობითი მეტსახელით იცნობს! არც ბეთხოვენის ვინაობაა თქვენთვის უცხო – ისიც კარგი ძაღლი იყო, ფუმფულა...

ჩამონათვალის გაგრძელება, უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მეზარება! მთავარი ისაა, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული ზრდასრულების გარშემო კიდეც ტრიალებს და კიდეც ბრუნავს! ჩტო ი ტრებოვალოს დოკაზატ!

მე კი, რაღა დაგიმალოთ და, ბავშვობისდროინდელი ოცნებებიდან მხოლოდ ის ამიხდა, რომ დიდი (!) გავიზარდე – ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით (ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, იხილოთ განსხვავება სიტყვებს ”დიდსა” და ”დიადს” შორის. დიადობამდე ორიოდ სიცოცხლეღა მაკლია ჯერ და იმიტომ).

არ იფიქროთ, რომ პესიმისტი ვარ... ჩემი ჭიქა ნახევრამდე კი არა, პირამდეა სავსე... ჰოდა, კარგია, რომ ჯერ ისევ ტრიალებს და არც ბრუნვას ანებებს თავს... დრო მაქვს... ჯერ ჩემი გაჩერება შორია!

ყველაფერი წარმავალიაო!

Wednesday, February 18, 2009

ყველაფერი ცვალებადიაო, ჭკვიან ადამიანს უთქვამს. ვიცი, ვისაც უთქვამს და ზუსტად ასე რომ არ უთქვამს, ისიც ვიცი, მაგრამ აზრი ეგაა, რა. 

ჰოდა, იცვლებაო... ჰოდა, ასეა... 

დღეს საკმაოდ დიდხანს ვკითხულობდი სრულიად უცხო, 24 წლის გოგოს ბლოგს. იმაზე დიდხანს, ვიდრე წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ვინმეს ბლოგს შევახმებოდი, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩემს დამოკიდებულებას უფასო ინტერნეტ-სივრცეებისადმი... არ იცით? გეტყვით – უაღრესად არასერიოზული დამოკიდებულება მაქვს, უფრო სწორად, მქონდა... ერთი თვის წინ, ყოველ შემთხვევაში... მერე რაღაც მოხდა... 

მოხდა! ავდექი და განვაახლე უპატრონო მკვდარივით ჩამიწებულ-მიტოვებულ-მივიწყებული ბლოგი და მონოლოგურ თუ მონოლოგურ-დიალოგურ რეჟიმში გადავიჩეხე. არ იდარდოთ, არაფერი წამიმტვრევია! ცოტა შემო-იტირე (!) სტილში კი გამოვიდა ბლოგ-დასაწყისი (”ბლოგ2 – დაბრუნება”! იხილეთ ინტერნეტში იანვრის შუა რიცხვებიდან!), მაგრამ...

ზოგ ქვეყანაში, ზოგ დაწესებულებაში აქვთ ერთი ოთახი, რომელშიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, შევიდეს, ხმამაღლა იყვიროს, იკივლოს, იწივლოს, უფროსის დედის სახელი ყველა ბრუნვაში ატრიალოს, მოკლედ, უარყოფითი ენერგიისგან დაიცალოს და ვითომც-აქ-არაფერი-მომხდარა სახით დაუბრუნდეს სამუშაო მაგიდას (ან სულაც, ჩარხს, რა ვიცი?!). ჰოდა, ბლოგიც ეგაა, რა... მითუმეტეს, თუ ანონიმად ხარ დარეგისტრირებული... როგორც ჩვენი მშვიდობისმოყვარე მეზობლები არანაკლებ მშვიდობისმოყვარედ აღნიშნავენ, ფლაგ ვ რუკი! მერე სხვა რაღაცასაც დაამატებენ ხოლმე იგივე მეზობლები ამ ფრაზას, მაგრამ აღარ ვიტყვი, მერიდება!.. 

ასეა, თუ ისე, დღეს აზრი შემეცვალა რაღაც-რაღაცეებზე. აქ თურმე ლამაზი სამყაროც ყოფილა. სამყარო რა?! პატარა ფანჯრებია შეღებული, შეგიძლია შეიჭყიტო და საოცრებები აღმოაჩინო. სრულიად მოულოდნელად! მთავარია, სწორ სარკმელს მიადგე, რომ მის მიღმა ნანახმა თუ გაგონილმა ნახევარსაათიან კომაში არ ჩაგაგდოს. ერთი თვის წინ ახლოსაც არ ვეკარებოდი ამ დარაბებს - დარწმუნებული ვიყავი, რომ მათ მიღმა გაზაფხული არ დამხვდებოდა და იმიტომ! გამონაკლისად ერთადერთი მათგანი მეგულებოდა - იქ გაზაფხულიც არის, ზაფხულიც, შემოდგომაც, ზამთარიც და... გაზაფხულიც! იქ ყოველთვის მიმესვლებოდა! იქ ყოველთვის მიმესვლება!  

დღეს უცხო ფანჯარა შევაღე (თუ ძალაუნებურად შემეღო?!). მზაინი! ბოლომდე არ გავრუჯულვარ ჯერ, მაგრამ მაგის დროც მოვა!..

ლამის დამავიწყდა, დღეს ერთი წელიწადი მეორით შეიცვალა ჩემთვის. ისევე, როგორც ყოველ 18 თებერვალს. 

რა დროულად შემახსენეს მზიანი ქვეყნიდან მეფე სოლომონის სიტყვები – ესეც წარმავალიაო! 

ჰოდა, ასეა... 

ნაჭუჭი

Tuesday, February 17, 2009

ჩემს პლანეტაზე, რომლის სახელსაც ვერ გამოთქვამთ, ამიტომ დაწერას აზრი არა აქვს, ზოგი დიდხანს და ტკივილით იბადება, ზოგი – სწრაფად და ნაჭუჭით. 

ერთხელ, პატარაობისას დედას ვკითხე, რამდენი ხანი დასჭირდა ამქვეყნად ჩემს მოვლინებას-მეთქი და სამი საათი, დაახლოებითო, მიპასუხა. მეცოტავა და მივიხედ-მოვიხედე, ნეტა ნაჭუჭი ხომ არ მაქვს, რომელიც რაღაც საოცრებით აქამდე არ შემიმჩნევია-მეთქი. საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინე, თან დედის სიტყვებიც, ბედზე, მალევე წამომეწია – ცოტა ხანს მაწვალე, მაგრამ საკმაო დრო იყო იმისთვის, რომ თმის ღერები და ფრჩხილები ამტკიებოდაო. ალბათ არც მე ვიყავი კარგ დღეში მაშინ, თუმცა არ მახსოვს...

ბავშვურ აზრებს არ ავყევი, კარგად დავფიქრდი და მივხვდი, რომ ნაჭუჭიანი ვერაფრით ვიქნებოდი. ვეცდები, აგიხსნათ, რატომ: მაგალითად, ჩვენგან, პლანეტის დანარჩენ მცხოვრებთაგან განსხვავებით, ნაჭუჭიანებმა არ იციან, რა არის ტკივილი. წარმოიდგინეთ, საერთოდ არ იციან! გიჭირთ ამის წარმოდგენა, არა? მესმის თქვენი... მეც მიჭირს, მაგრამ... ფაქტი ფაქტად რჩება... 

ისე, ძალიან საინტერესოდ იბადებიან – არავინ იცის, საიდან ჩნდებიან... ჰაერიდან ალბათ, თან უეცრად, ყოვლად მოულოდნელად – ცხრა თვე სძინავთ სპეციალურ გარსში, მერე იღვიძებენ. გარეთ გამოსვლა იმდენად ეზარებათ, რომ თვალებთან ნაჭუჭს შიგნიდან გაწმენდენ და ცხოვრობენ ასე... იზრდებიან დაცულები, ყოველგვარი საზრუნავის გარეშე. მათი შემხედვარე ხანდახან შურის მოზღვავებას ვგრძნობ ხოლმე. 

ვიცი, რაც გაიფიქრეთ – სამაგიეროდ, ისინი მარტო არიან და ვერავისთან კონტაქტობენო. არ დაგეთანხმებით, მეტიც, შეგეწინააღმდეგებით – ნაჭუჭიანები ყოველთვის საუბრობენ, ოღონდ... მხოლოდ ნაჭუჭიანებთან. 

დასხდებიან სადმე, მიირთმევენ კალციუმის მსუბუქ ხსნარს და უაღრესად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ – გარსის შიგნით არსებულ ტემპერატურას; ბზარს, რომელიც, მაგალითად, ორიოდ დღის წინ მარჯვენა კედლის მიდამოში შეამჩნიეს; მეზობელს, რომელმაც რატომღაც მოინდომა, ნაჭუჭი ღია მწვანედ შეეღება და ზედ ლურჯი ზოლები დაეტანა – საიდან მოაქვს ამ კაცს ასეთი იდეები? ხომ მიღებულია ერთხელ და სამუდამოდ, რომ ნაჭუჭი! უნდა! იყოს! მოთეთრო-გამჭვირვალე! რა საჭიროა ფერის შეცვლა? იმდენს იხტუნავებს, იტკენს რამეს! რა სირცხვილია?! არადა, რა ოჯახის შვილია?!

საოცარი, მართლაც შესაშური წესრიგი აქვთ! არასდროს აწყვეტინებენ ერთმანეთს სიტყვას, არასდროს ეჩრებიან საუბარში. სხედან წყნარად და ისმენენ ხუთ, ათ ან მეტწუთიან მონოლოგს. ვინმეს კითხვა თუ დაებადება, ხელის აწევით აცნობებს ორატორს, ოღონდ მონოლოგის დასრულების შემდეგ და ამომწურავ პასუხსაც უცილობლად მიიღებს. მერე სხვისი ჯერი დგება...

ძალიან ბედნიერები, უაღრესად კმაყოფილები არიან ყველაფრით და ისევე ასრულებენ ცხოვრებას, როგორც იბადებიან - უმტკივნეულოდ. დრო რომ მოვა, ქალაქის ან სოფლის გარეთ გადიან, სხდებიან სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე და წყვეტენ არსებობას. აი, ასე, მარტივად! 

ჩვენ კი გვტკივა - როცა ჩვენი დრო მოდის, ზურგის მიდამოში ძლიერ წვას ვგრძნობთ, ტკივილი ყველა კიდურს გადაეცემა, ვკივით და შველას ვითხოვთ, მაგრამ პასუხად მხოლოდ ცრემლს ვიღებთ ახლობლებისგან... მათაც სტკივათ ჩვენთან ერთად და იმიტომ. მერე კანი ყურისწამღები ხმაურით იხლიჩება და ფრთები ამოგვდის. სისხლიანი ფრთებით ცაში აზიდვა ადვილი არ არის, მაგრამ გარდაუვალია და ჩვენც მივფრინავთ!

ნაჭუჭიანები უჩვეულო სევდით ამოგვხედავენ ხოლმე და მხოლოდ მაშინ თუ გაუელვებთ ერთადერთი უსიამოვნო აზრი – მაინც რა მძიმეა ეს ოხერი ნაჭუჭი! 

თუმცა ამაზე ფიქრით დიდხანს არ იწუხებენ თავს, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ მოსაგვარებელი და იმიტომ! 

პატარა ხეზე იჯდა ბეღურა...

Friday, February 13, 2009

ანუ როგორც გინდათ, ისე გაიგეთ

სად შემიძლია ამდენი?! ერთი პატარა გოგო ვარ, პატარა სამყაროში ვცხოვრობ და პატარა ფრთებზე მეოცნებება...

კარგად კი დავიწყე თითქოს, მაგრამ პატარა პლანეტაზე, პატარა ქვეყანაში, პატარა ქალაქში მცხოვრები ხმაურიანი ბეღურას ანეკდოტი გამახსენდა, თანაც საკუთარი პერსონის მიმართ ზედსართავი “პატარა”-ს ხსენება ვერ შევიფერე (რომ მიცნობდეთ, მიხვდებოდით, რატომ) და უნებლიედ ხმამაღლა გამეცინა.

ეხლა ერთ-ერთი სოფლის გზებზე მივბრახუნობთ. მანქანაში ჩემს გარდა ორი წარმოსადეგი ადამიანი სხედს. სტილისტიკის ჩემი ყოფილი ლექტორი ბოლო სიტყვას რომ ისმენდეს, აუცილებლად ჩახრიდა თავს, სათვალის ზემოდან გადმომხედავდა და რატომღაც რუსულად მკითხავდა – ლიკაჩკა, ნე სტიდნო? ასე აკეთებდა ყოველთვის, როცა მორიგ გამოგონილ სიტყვას დავახრიგინებდი ხოლმე. მე ვხალისობდი, იმას სწყინდა, თანაც რუსულად! თითქოს ქართულად დატუქსვას ვერ შევისმენდი...

ლიკაჩკე ნე სტიდნო, ვოტ! დიახაც, სხედს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ვიტყვი, რამეთუ არ მსურს ჩემი თანამგზავრების წარმოსადგენობის დაკნინება, იქნება ეს უნებლიედ, თუგინდ, ნებსით (ეს “ს” რა შუაშია ამ სიტყვაში, კაცმა არ იცის! სხვათა შორის, არც ქალმა...).

ჰოდა, სხედს ეს ორი ადამიანი წინა სავარძლებზე და ჩემი მოულოდნელი გაცინების მიზეზზე ფიქრობს. ერთმა მათგანმა უკვე მეოთხედ შემავლო თვალი უკანა ხედვის სარკეში – აინტერესებს ალბათ, შეურაცხადობის შეტევა და რაიმე სახის მძიმე საგანი ხომ არ მაქვს... პრინციპში, ვერ გაამტყუნებ...

წვიმს, უაზროდ! ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის და უბადლო მომღერლის სიტყვებს თუ მოვიშველიებ, სულელი წვიმაა. მაგას დაეჯერება, წვიმის და სისულელის დიადი მცოდნეაო, გამიგონია! სისულელის - განსაკუთრებით. ზუსტად ეგრე წვიმს, რა! ჟინჟლავს მაშინ, როცა სინდისი რომ ჰქონდეს, ცა ფეხად უნდა ჩამოვიდეს დედამიწაზე და ბერძნებს თუ დავუჯერებთ, დიდი ხნის წინ მიტოვებულ ცოლს მიეფეროს. ბაბუა ურანუსს ბებია გეას მეტი დარდი არა ჰქონია, თურმე!!! მოგცლია?!

სოფლის შარებს უპატრონობისგან ალაგ-ალაგ პირი დაუფჩენია, მაგრამ ჩივილი ვერ გაუბედავს და ნაჟინჟლი წყალი ჩაუგუბებია. საცოდავი სანახაობაა, მაგრამ მგონი, არც მე ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ ავ თვალს არ ვენახვებოდე. ოთხი საათის განმავლობაში ამ გზაზე ლაყლაყმა, რაღა დაგიმალოთ და... აშკარად გამომალაყლაყა!

და ყოველი დღე ასეთია – ერთნაირი! დუმბაძეს აქვს მგონი, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” – დღეები ბებიაჩემის გამომცხვარი მჭადებივით ჰგვანდნენ ერთმანეთსო. ხოროშო სკაზალ! მაგრამ ჩემი დღეები სიამის ტყუპებს უფრო მაგონებს – ვერ გაიგებ, სად და როდის მთავრდება ერთი და იწყება მეორე. ბებიაჩემი შეიცხადებდა ეხლა, ღმერთს სცოდავო და მართალიც იქნებოდა! ნუ, რას ვიზამ?! რას ვიზამ და შენდობას ვითხოვ, ოღონდ სახლში რომ მივალ, მაშინ. აბა, ესე გამოლაყლაყებული ხო არ ვეჩვენები უფალს, უხერხულია!

მოკლედ, სად შემიძლია ამდენი? ერთი პატარა გოგო ვარ, პატარა სამყაროში ვცხოვრობ და...

არა, უნდა გავჩერდე, თორემ კიდევ ერთხელ რომ გამეცინოს, მანქანიდან ჩამოდგმას არ მაკმარებენ, ვინ იცის, ყოველი შემთხვევისთვის, კუდქვეშ წიხლიც არ დაიშურონ. მომიწევს მერე ფეხით სიარული! ისე, არცთუ ცუდი აზრია... ბავშვობაში მიყვარდა წვიმაში ტყაპუნი, ალბათ არც ახლა ვიტყოდი უარს. თანაც, სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია წარმატებით დასრულდეს იქნებ...

ჰოოოოდა, ერთ პააატარა პლანეტაზე იყო პაააატარა ქვეყანა...

როცა დაკარგავ

Wednesday, February 11, 2009

როცა დაკარგავ, უნდა გაუშვა და დაივიწყო. 

როცა მიხვდები, რომ წარსული არ დაბრუნდება, უნდა მიხვდე იმასაც, ბოლოს და ბოლოს, რომ ეს წარსული თვით მოიგონე არაფრის ქმნისას და, სხვათა შორის, იმ წარსულის მომავალიც შენვე შექმენი. რეალურია მხოლოდ აწმყო დაუნდობელი – შენ ის დაკარგე, რაც არასდროს არ გეკუთვნოდა! 

ნატვრას აყოლა ადვილია, გამოსვლა – ძნელი, მაგრამ საჭირო ჰაერივით, გარდაუვალი. შენივე ხელით გადაიხსნა უნდა ვენები, სისხლი წვეთებად გამოიდინო, რომ განიწმინდო საწამლავისგან და მერე... მერე?!. უსისხლოდ ჩაჭრა ყოველი გზა მისკენ მავალი.

თუ საჭიროა, უნდა სიკვდილს ჩახედო თვალში, იგრძნო სიცივე ნესტიანი, მისგან ნაქროლი, ოღონდ ცოტა ხნით და ხმის წყვეტამდე იღრიალო, რომ ჯერ ადრეა… ჯერ საკმარისად არ გიცხოვრია! სატანის მხევალს დააბარო უნდა ბატონთან, რომ უცილობლად მისი იქნები, ოღონდ... ოდნავ მოგვიანებით. 

ნაცრისფერ დილად გახუნებულ ნაცრისფერ ღამეთ ისე ექნება დასასრული, როგორც ყოველს ცოდვილ მიწაზე - როგორც ოცნებას, საიდანაც ძლივსღა ფხიზლდები… როგორც მის ღიმილს, ძლიერ რომ ჰგავს დამაშვრალის მშველელ სიგრილეს... როგორც ფუჭ იმედს, რომ ვერასდროს წაგართმევენ იმას, რაც, ვაგლახ, თურმე არასოდეს არ გკუთვნებია.