წიკ-წიკ-წიკ...

Thursday, October 20, 2016

ათი წლისა დაბრმავდა. აი, ასე, თვალი გაახილა, დახუჭა, ისევ გაახილა და... არც არაფერი... მთვარე სადღაც გაპარულიყო.

დარაბებს მიღმა, რომლებსაც აღარც ფერი ჰქონდათ და აღარც - ფორმა, რომელიღაცა ომი მძვინვარებდა. აბა, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ომი? იქნებ პირველი მსოფლიო? შეიძლება, მეორეც... ან ვინ იცის, რიგით მერამდენე. მთავარია, რომ სადღაც რაღაც ფეთქდებოდა. ხან მოშორებით, ხან - შორს, ხან ძალიან ახლოს. მერე სიჩუმე. და საათის წიკწიკი.

დედა ერთი კვირის წინ გავიდა... ან იქნებ, ორი? თუ სამი თვის წინ? ჰო, არც ამას აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, გავიდა და გავიდა. წითელი კაბა ეცვა. წინწკლებიანი. ძალიან ლამაზი. ქურთუკი მოისხა, შალი შემოიხვია, მერე ეზოში გასვლამდე კართან შეყოვნდა, უკან მოიხედა და მალე თუ არ დავბრუნდი, საჭმელი გამოიზოგეო.

ნათქვამი ცუდად ენიშნა და მეც წამიყვანეო, ოდნავ გასაგონად გასძახა.

დედამ უპასუხოდ გაიხურა კარი და მერეღა თქვა, გარეთ არ გამოხვიდეო.

არც გასულა. საჭმელს იზოგავდა და სციოდა.... სციოდა... სციოდა...

- წიკ-წიკ, წიკ-წიკ, წიკ-წიკ, - სიბნელეში საკუთარ თავს ეჩურჩულებოდა კედლის საათი.

- როდის მოვა დედა? - ჰკითხავდა ბიჭი. ისიც საკუთარ თავთან დიალოგს ცოტა ხნით შეეშვებოდა და პასუხობდა: წიკ-წიკ, წიკ-წიკ, წიკ-წიკ...

ბუუუუხ - იგრიალებდა სადღაც ახლოს. წიკ... თითქოს სულს შეიკრავდა საათი და 
ადგილს უთმობდა გამაყრუებულ გრგვინვას. მერე ისევ თავისას უბერავდა. დაუსრულებლად.

ერთ ღამეს ძალიან ჩამოცხა. არა, კი არ ჩამოცხა, ისე გახურდა და გავარვარდა საწოლი, იფიქრებდი, აი, ახლა ავარდება ალი ჭერისკენ, ან ახლაო... ალი არ ავარდნილა, მაგრამ აღარც გათენებას დაადგა საშველი. ღამე გაიბარჯღა, აიმღვრა, გაიწელა და მთვარეს წაატანა კბილი. ის დილა თეთრად გათენდა. ისევ სიცხით. გარეთ ბარდნიდა. გადაუღებლად. საღამოს შეწყდა და ცამ ღრუბლები გადაიფერთხა. მთვარე ისევ გამოჩნდა, წაკბეჩილი გვერდით.

ცხელოდა, ო, როგორ აუტანლად ცხელოდა. კარი არ გაღებულა, ისე შემოვიდა მამა. საიდანღაც დედაც გამოჩნდა. ლამაზი წითელი კაბა ეცვა, წინწკლებიანი. მამას ქაფქაფა წვნიანი დაუდგა წინ და შვილს დაუძახეს. ვერ ვდგები და ძალიან მცხელაო, უნდოდა, ეპასუხა, მაგრამ საკუთარი თავი დაინახა, დათვებიანი თეფშის წინ მორჩილად რომ ჩამოჯდა. ოჰ, რა სუნი ჰქონდა იმ წვნიანს! მხოლოდ დედა აკეთებდა ასეთს, სხვა - არავინ! მიხაკიანი ჩაი და დარიჩინიანი ფუნთუშებიც მიაყოლეს! მმმ....

მერე მაგიდა აალაგეს და მამამ ძველისძველი საათი გამოიტანა. უზომოდ დიდხანს შეეძლო მის გვერდით მჯდარიყო და ეყურებინა, როგორ ეფერებოდა ყველა დეტალს მამა. ხანდახან მიაწვდიდა ხოლმე რომელიმე კბილანას და გაწმინდე ან დაზეთეო, ღიმილით ეტყოდა. ხან როგორ საათს აწყობდნენ და ხან - როგორს. მანამ ჩაჰკირკიტებდნენ, სანამ მექანიზმი ლაპარაკს არ დაიწყებდა: წიკ-წიკ... წიკ-წიკ... წიკ-წიკ. ჰოდა, ახლაც იჯდა და... არა, მოიცა, როგორ იჯდა? იწვა და საწოლს ალი ასდიოდა...

მერე, უცებ მამა კარში იდგა და, თავს გაუფრთხილდითო, დედას ეუბნებოდა. დედა ტიროდა. სანამ მოვალ აი, ის საათი გააკეთეო, კუთხეში მიყუდებულ უშველებელ ხის ყუთზე მიანიშნა მამამ და ეზოში გავიდა... უკვე გავაკეთეო, საწოლიდან ეძახდა, მისი ორეული კი დედის კალთას აკვროდა და ხმამაღლა ღრიალებდა.

მერე აიზილა ყველაფერი... მთვარეც აიმღვრა, გადნა, გაიდღვიბა... ჩრდილები გაჩნდნენ საიდანღაც. შეეშინდა. წიკ-წიკ, წიკ-წიკ-წიკ - ამაოდ აწყნარებდა საათი.

ალმოდებული თვალები დახუჭა, გაახილა... ისევ დახუჭა და მალევე გაახილა... მთვარე სადღაც გაპარულიყო.

წიკ...

ბუუუხ!...

და ისევ წიკ-წიკ-წიკ!

მერე ადამიანების ლაპარაკი მოისმა კარს მიღმა... ან იქნებ, ჩრდილები ლაპარაკობდნენ?

---

მრავალი, მრავალი წლის შემდეგ წითელ, წინწკლებიან ჯიხურთან ჩაივლის ახალგაზრდა წყვილი. და ბიჭი ეტყვის გოგოს, რომ აი, იქ ბრმა მესაათე ზის და ყველანაირ საათს აკეთებს. გოგოს გაეცინება, იფიქრებს, რომ ბიჭმა სულელურად იხუმრა, სიცივეში ოდნავ მოიბუზება და გზას ნაჩქარევად გააგრძელებენ.


იქნებ იხუმრა კიდეც... ვინ იცის?!

სიზმარი

Friday, January 22, 2016



ის იდგა ყველაზე უფრო აღმოსავლეთით. ამომავალი მზის ფონზე მის კონტურს ვხედავდი მხოლოდ და ყოველი შტრიხი სითბოდ მეღვრებოდა სხეულში. ყველა მოლეკულაში, ატომში... სხივები მაბრმავებდა. თვალები დავხუჭე. ტალღებს ავყევი... სითბოს ტალღებს. მეგონა თავბრუ დამეხვეოდა, მაგრამ შევცდი. ეს თრობა იყო... ჩვეულებრივი თრობა, რეალობის შეგრძნებას რომ გიქრობს და სიცარიელეს ფერებით ავსებს...ნათელი ფერებით, თვალს რომ არ გჭრის, ისეთით... და არც ერთი წერტილი არ არის აქ ნაცრისფერი.

ასე საძულველი ნაცრისფერი არ არის არც ერთი წერტილი.

მერე არ ვიცი, რა დრო გავიდა, თვალი გავახილე გაღიმებულმა. მზე ზენიტში ასულიყო და ყველაზე უფრო აღმოსავლეთით მდგარს თავზე დანათოდა. მაშინღა შევნიშნე, ჩემგან ზურგით მდგარა ამდენ ხანს და წარსულში იყურებოდა.

ზურგით მდგარა და წარსულში იყურებოდა.

წარსულში იყურებოდა ჩემგან ზურგშექცეული.

ამოძრავდა და აიმღვრა სამყარო აღმოსავლეთის კონტურთან ერთად და ნაცრისფერი წვეთი დაეცა ფეხებთან. მეორეს მესამე მიჰყვა... მეოთხეც... და გვიანღა მივხვდი, რომ ნაცრისფერში უხმოდ ვტიროდი...

ის ისევ იდგა და წარსულში იყურებოდა. თურმე ყოველთვის.

მერე ჩაწყდა რაღაც იქ, სადაც ფეთქავს და ტკივილი მოვიდა... უსახური, ყრუ, ნაცრისფერი ტკივილი. კარგად ნაცნობი.

"გაიქეცი" – დიდი ხნის უნახავი საყვარელივით ჩამჩურჩულა სიცარიელემ და გამომეღვიძა. "სამსახურში მაგვიანდება", – გავიფიქრე და საწოლიდან წამოვხტი.


"გაიქეცი", – ისევ ჩამესმა. ნაჩქარევად გამოვედი სახლიდან, საიდანაც ერთგული ძაღლივით გამომყვა კარგად ნაცნობი, ყრუ და ნაცრისფერი... მუდამ ასეთი უსახური...

...

Saturday, August 16, 2014

სახლს, რომელიც, სრულად რატომღაც, პირველივე დღიდან ჩვენად ვიგულე, შავი კედლები აქვს და კარიც - შავი. არ ვიცი, რატომ მომინდა, მეთქვა... კი არ მეთქვა, მეოცნება, რომ ოდესმე აქ ვიცხოვრებდით სამნი - მე, შენ და კიდევ ერთი. ის ერთი - ჩვენი... არც მესამე და არც უცხო.. არა... ჩვენი - ჩემი და შენი. და ვიქნებოდით ამ ერთში ერთნი... განა მე და შენ... არც შენ და მე... ჩვენ. 

დღეს მეცინება ამ არცთუ ბავშვურ, მაგრამ მაინც ახირებულ ნაოცნებარზე. 

იმ სახლში, სადაც კედლებიც და კარიც შავია, თეთრი ფანჯარა დაგვრჩენია ფრიალა, ჩემო...
როცა სიგრილემ მოგვიკითხა, არ დავიდარდეთ; მერე არც ქარის ზუზუნს მოვუსმინეთ, არც თოვლის ფარფატს მივაქციეთ ყურადღება; და მერე... მერე,  მოგვიანებით, როცა რუხ ფარდებს ყინულები შემოეტმასნა, მაშინღა მივხვდით, ვკანკალებდით დიდი ხანია. განა სხეულით სრულად... არა... მარცხენა ხელთან ახლოს, იქ, სადაც ფეთქავს... კი არ ფეთქავს, ადრე ფეთქავდა, როცა შავ კედლებს ღრუბლებიდან მზე ანათებდა მხოლოდ ჩვენთვის და მე ვხედავდი მხოლოდ მზეს და შენ, ჩემო.

დღეს წამია შეკიდული კედლის საათზე

Saturday, October 2, 2010

მერე... მერე... მერე, ოდესმე... დაღამდება და გათენდება... დღეს სიჩუმეა, უძრაობა და...

დღეს წამია შეკიდული კედლის საათზე.

არმად ნასროლი ყველა სიტყვა მეწვეთება წაბილწულ სულზე გაბრაზებით შენიღბული სინანულის მოსაკვდინებლად.

რა ვქნა, მრავალჯერ გაყიდული ჩემი თავიც რომ მენანება?! არა იმიტომ, რომ გამყიდეთ, ჩემად თქმულნო, არა!.. იმიტომ, რომ გამაიაფეთ... მერამდენედ უდარდელად გამანიავეთ. 

ქართულში არის ორი სიტყვა - გვერდით და გვერდზე... კომბინაციაც შესატყვისი - გვერდით დგომა, გვერდზე გადგომა. ბევრს ეს სიტყვები ხან ეშლება, ხან ვერ ხედავს განსხვავებას და მერე უკვირს, რატომ არ იქნა მიღებული დაგვიანებით მოთხოვნილი (!) პატიება, ანდა ერთ ხაზად მიჯღაბნილი - ”მეგობარო, როგორ გიკითხო”.

მოკლედ, არ მიყვარს გაჯანჯლება... თქვენის ნებართვით, მე ეხლა გავალ, სისხლს დავიბან პირი-სახიდან, თავსაც წამოვწევ, ალბათ წელში გავიმართები და გვერდზე გამდგართ რუდუნებით, პატივისცემით გეტყვით, ბუმბულად მოიხმაროთ თქვენი ”როგორ ხარ”... და მერე... მერე?.. თუ არ მიწყენთ, ბარტყებივით კარგად მეყოლეთ. 

სიმა

Friday, August 6, 2010

თრუსოში შესულს სუნთქვამინავლებული სახლები მჭრის თვალს. ზოგს ღობე აქვს მორღვეული, ზოგს უპეები ამოღამებია, ზოგის უპატრონობითაც ქარს უსარგებლია და დაბუდებულა - გახარებული დაქრის ოთახიდან ოთახში, ფანჯრებს ააჭრიალებს, წინკარში გაინავარდებს, გზას გადახედავს და მიყრუებულ ორღობეში შემოხეტებულ მგზავრს შინიდან გამოყოლილ სიძველის სუნს შემაფრქვევს სახეში. 

ქარის სამეფოში სიმა ცხოვრობს. ზამთარ-ზაფხულ მარტოა დაყუდებული. ზაფხულ რაი უშავს, ზამთარ მძიმე იცის თრუსომაო, - შეულამაზებლად, პირდაპირ იტყვის სათქმელს. 

ზამთარი თოვლიანია და უტყვი. მხოლოდ ზვავი ან მეწყერი თუ მოგიკითხავს შორიდან, დანარჩენ დროს ჩუმად თოვს.

და თოვს.

და თოვს. 

სიმა ოსია. ქმარს ჩამოჰყოლია ხევში. ლამაზი იყო ჩემი ქმარიო, ღიმილით იხსენებს და ქურდულად გარიდებს მზერას, რომ თვალმა ცვარი არ მოიკიდოს. ქმრის სახელს არ ახსენებს, გათხოვების ამბავს თავდახრილი ყვება. 

თხუთმეტი წლისა ანგელოზს ჰგავდა სიმა. ნუშივით მოგრძო თვალები ჰქონდა, საგულდაგულოდ ჩაგრეხილი ნაწნავები და ახლადჩამობარდნილ თოვლივით ქათქათა კბილები. ერთხელაც ჩამომდგარა მთასავით კაცი მის სოფელში და შუა გზაში გახიდულა მეგობრებთან ერთად. ოცდახუთ წლამდე თუ იქნებოდა, მაგრამ სანაქებო მონადირის სახელი ოსეთშიც ჰქონდა გავარდნილი, გული უმალ მომტაცა, თუმცა არ შევიმჩნიეო. სიმა ისევ იღიმება, მაგრამ უკვე შორსაა - თხუთმეტი წლისა პირველად ხედავს მომავალ ქმარს. 

თვალიც არ გაუკრავს კაცს სიმასთვის იმ დღეს და გაბრაზებულა განებივრებული სილამაზე. მერე მოუხშირაო სტუმრობას მოხევემ, ხან რაზე ჩამოვიდოდა, ხან რაზე, გაშლიდა მხრებს სოფლის ცენტრში და მოსვენებას მიკარგავდაო. ერთხელაც მისულა და ხევში წამამყევიო, უბრძანებია. უარი უთქვამს სიმას და დაკარგულა კაცი ლოდინით სავსე 60 დღით. მერე ჯიხვი მიურთმევია ცოცხლად კართან და ისევ თავისკენ მოუხმია. ისიც ამდგარა და გაჰყოლია. 

მერე ყოფილა ექვსი თვე ცოტა მონატრებით, ბევრი სიყვარულით და მორცხვად წამოსკუპებული მუცლით. ერთ დღესაც ამდგარა ქმარი და მონადირული წესით, უბრად გასულა სახლიდან. მერე გაავდრებულა უეცრად მთაში, წამოუყრია ღრუბლები და თოვლი, ჩამოუშლია კლდე-ღრე, აურევია ცა და დედამიწა... სამი დღის მერეღა შემოუტანიათ სახლში დევივით კაცი... და შეუძრავს თრუსო ოსი ქალის მოხევურ, უცრემლო დატირეებას... 

მერე დაიცალა სოფელი თანდათან. ზოგი ოსეთში წასულა, ზოგი - ქალაქში, ზოგიც - სად. სიმას ფესვები არ აუყრია. 

ზვავის ან მეწყერის მაინც არ გეშინიათ-მეთქი, უნებურად ვეკითხები და ვხვდები, სისულელე წამომცდა. ზვავს ვალი აქვს ჩემი, ახლოს რას გამეკარებაო, - ბრაზით ამბობს, მერე ღიმილით მემშვიდობება, უფალი გფარავდესო და ხეობაში უჩინარდება. 

მე მოვედი შორიდან

Wednesday, May 12, 2010

მე მოვედი შორიდან. დიდხანს მიწია სიარულმა და მოვედი... ქვიან-ღორღიან, ყვავილებიან, ხანაც თოვლიან ბილიკებზე მივლია თურმე რამდენიმე წელიწადს და მოვედი.

მრავალფერად აფეთქებული დამხვდა ტყემალი... ტყემალს რომ თეთრი  ყვავილი აქვსო?! – შემისწორებს მცოდნე და არ გაემტყუნება. ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის იღვრებოდა მრავალ ფერად. ხომ ხდება ასე? ჰოდა, ჩემთვისაც მოხდა ერთხელ... მხოლოდ ერთხელ, მერე დამემალა, გაცივდა, გაშრა და აორთქლდა, ვიდრე თვალიდან გადმოღვენთილი სიცხე ლავიწის ძვლამდე მიაღწევდა.

მანამდე კი... მანამდე იყო გზა.

ჯერ არამეულს დავეუფლე გზის გასაკვლევად, მერე მაკედონიურს, ჰინდუს, ტიბეტურს, მერე აღარ მახსოვს... და მოვედი მთვარიან ღამით... და წმინდა არაბულად ვთქვი, რომ გეძებდი... და აუღელვებლად, ქართულად მიპასუხე, რომ ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე...

მერე ათას ერთხელ მეგონა, რომ გავიგე ნათქვამი ჩემად, ჩემთვის, ჩემო. ათას ერთხელ ვისუნთქე უკვე ნასუნთქი ჰაერი ტკბილად. ათას ერთხელ გამაოგნა დღის დაბადებამ და კვდომამ კვლავ სიცოცხლისთვის. და ღიმილმა გამაოცა, მანამდე არნახულმა, არგანცდილმა, ხშირმა ღიმილმა დილაობით.

და იყო... იყო მიწა უსიერი ტყით დაფარული. ალაგ დამსკდარი მიწაც იყო, გახურებულ უდაბნოში ჰორიზონტად დამთავრებული. იყო მზე ვარსკვლავებით გარშემორტყმული და მთვარეც იყო, არა ერთი – რამოდენიმე...

და იყო ჩრდილი... ორი... აქედან და დარუბანდამდის.

იყო მანამდის, სანამ ცრემლი თვალებიდან მიაღწევდა ლავიწის ძვლამდე და წახვიდოდი ინგლისურად – უხმაუროდ და სიტყვების დაუფანტავად.

მინდა...

Sunday, March 21, 2010

მინდა ღიმილი პირველ რიგში... მინდა და მორჩა.

მინდა ფული, მერე რა, რომ ჭუჭყიაო, გამიგონია.

მინდა საბუთი, რომლის უქონლობის გამოც მეგობრები მანქანაში არ მისხდებიან.

მინდა სითბო. კარიდან ცხვირის გაყოფას მიშლის უმისობა და იმიტომ.

მინდა, ეს მაიმუნი პასტა არ მაწვალებდეს და ნორმალურად წერდეს.

მინდა სახლი, რომელშიც კარადა დგას... მის უკან სინათლის ჩამრთველი... ხელს ბრმად შეაცურებ, წკაპ... და გაანათებ ოთახს.

მინდა სარკმლიდან შემოსული მზე მაღვიძებდეს.

მინდა უდარდელი 24 საათი.

მინდა ეგვიპტეში წასვლა სამოგზაუროდ.

მინდა სიმართლე, წამხდარი კი არა... ისეთი, როგორიც არის.

მინდა ჯანმრთელი ბებია.. ახალი - არა... როგორიც მყავს, ოღონდ ჯანმრთელი.

მინდა 6 თვით წარსულში დაბრუნება... ალბათ შევცვლიდი რაღაცეებს, ოღონდ ალბათ.

მინდა, მიხაროდეს სამსახურში წასვლა.

მინდა, წაიშალოს სიტყვები "ვითომ", "რატომ" და "მერამდენედ".

მინდა, ხანდახან მაინც მჩუქნიდნენ ყვავილებს. ვაღიარებ, ჩემი ბრალია, ასე რომ არ ხდება, მაგრამ მაინც...

მინდა საათი, რომელიც არ მუშაობს.

მინდა, მზის ჩასვლა არ იყოს ბანალური.

მინდა, არ მავიწყდებოდეს ტერისთვის საჭმლის ყიდვა.

მინდა ცოტათი მეტი ბედნიერება.

მინდა ხუთით ნაკლები კილოგრამი.

მინდა ფილმი, რომელიც მომეწონება.

მინდა ქართულად ნათქვამი გაცრეცილი სიტყვები. თურქულ-ინგლისურ-შვედურ-არამეულად არ მინდა, გმადლობთ, მეყოფა. ქართულად ნათქვამი ბანალურობა მინდა, ჩემი პასუხით - "მეც".

მინდა ვან გოგის მდელოზე ასვლა.

მინდა კარტახენაში გაბოსთან ერთად ყავის დალევა.

მინდა, ფერები არ ხუნდებოდეს.

მინდა, ტალახიან ორღობეში ფეხშიშველმა ვირბინო ერთხელ მაინც და არ მომერიდოს.

მინდა, ქარგვა დეპრესიაში არ მაგდებდეს.

მინდა თუშეთში.

მინდა, ცოცხალი იყოს ერთადერთი, ვინაც მიყვარდა და კვლავ ალბათ...

მინდა დამავიწყდეს, რასაც ვერ...

მინდა, თმაზე მეფერებოდნენ.

მინდა, სიბნელის არ მეშინოდეს.


დაბოლოს, 
მინდა, არ მინდოდეს, რაც არ მაქვს!

ურა-პატრიოტიზმი ანუ დამა"იმედ"ებელი ბრძოლა გადარჩენისთვის

Sunday, March 14, 2010

არცთუ მრავალი წლის წინ საკმაოდ დიდი სჯა-ბაასი მიდიოდა იმის შესახებ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტების იდეა ტერორისტებმა ჰოლივუდური ფილმებიდან აიღეს. ანუ ბევრ ჩვენგანს უნახავს ფილმები თვითმფრინავების გატაცებასა და მრავალსართულიან შენობებზე შეჯახებით აფეთქებაზე.... 

"იმედის" გუშინდელ გამოხდომასა და ზემოთთქმულთან პარალელების გავლებას თქვენ მოგანდობთ!!!

ვიცი, ბატონებო, რომ ინტერვენციის საფრთხე მართლაც არსებობს... ვიცი, რომ ქვეყანაში რთული სიტუაციაა... ვიცი, რომ არც პოზიცია მივარგა და არც ოპოზიცია... ვიცი, რომ ცუდადაა საქმე, მაგრამ... რატომ არავინ მეკითხება მე, რიგით თბილისელს, მინდა თუ არა ოჯახის წევრების ვალერიანის წვეთებით მობრუნება ცრუ განგაშზე?!. უნდათ თუ არა სამჯერ ლტოლვილ ადამიანებს მეოთხედ განცდა იმისა, რაც ჯერ (!!!!!) არ მომხდარა... 

რატომ??? 

მჯერა, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს პოლიტიკოსები უნდა ეძებდნენ, იმიტომ, რომ მესაათე, ოტორინოლარინგოლოგი ან მენაგვე ამ ავადსახსენებელ ჩიხში ვერ შეგიყვანს და, შესაბამისად, არც გამოსავალს უნდა სთხოვდე. ომი არის ვიღაც-ვიღაცეების არასწორი გადაწყვეტილებების და არასწორი ნაბიჯების შედეგი და კეთილი ინებონ, ეძებონ გამოსავლები არა უდანაშაულოთა დაშინებით, არამედ ნაცრისფერი ნივთიერების შეფერთხვით, ცხადია, თუ მსგავსი უჯრედები მოეპოვებათ (რის არარსებობაშიც დღითიდღე ვრწმუნდები)... 

ბატონი არველაძე რომ ჭკუას მარიგებს, რუსებისგან თავი უნდა დავიცვათო, რომელიმე თქვენგანმა დაინახა იმ დაწყევლილ სიუჟეტში ჩიხიდან გამოსავლის ჟურნალისტური ვერსია??? მე ვერ ვნახე და იქნებ თვალთ ან გონთ მაკლია??? 

"უკეთ უნდა ყოფილიყო ახსნილი, მაგრამ იმედია, ყველანი ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ის, რაც იმ გადაცემაში იყო, არასოდეს იქცეს მართლა ტრაგიკულ რეალობად, პათეტიკის გარეშე, სხვისი არ ვიცი და მე ვიბრძოლებ~ - ეს გიორგი არველაძის სიტყვებია... 

გამოართვით ამ კაცს იარაღი. ვინმემ, რა.. არ მინდა, ასეთი ბრძოლა... არ მინ-და! დალოცვლილო, შენ თუ მანამ მომიღებ ბოლოს, სანამ რუსი მესვრის, წადი, ტოლი ნახე, რა!!

პატრიოტიზმიო??? თეოდორ რუზველტი ამბობდა, ქვეყნისთვის სიკვდილი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მისთვის სიცოცხლეაო.... ჰოდა, სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლეს თუ მაცდით, მადლობელი დაგრჩებით, ბატონებო! 

მე პაციფისტი ვარ!

დათაგული

Monday, November 9, 2009

რამეთუ გამეტებულ ვიქმენ საკუთარის მეგობრისა მიერ, იძულებულ ვარ ვწერო ყოველი, რაზედ წერასაც მთხოვდნენ. და აი, ისიც - პოსტი იგი, დათაგული. 

მიყვარს – კოკა-კოლა (არაპოლიტიკური რეკლამა)

ვოცნებობ – მართვის მოწმობაზე, მაგის დედაც, ჯუმბერ!
ვფიქრობ – ნეტა, ვინ მოიგონა ამდენი კითხვა?
მძულს – გონებაშეზღუდული, ანუ ზდეს-ნე-ვიჟუ-ტამ-ნე-ინტერესნო, ადამიანები (მოკლედ, ყოველნი გამოს....შტერებულნი ამა ქვეყნისა)
ვნანობ – რომ ჭიქა არ ვესროლე ორიოდ დღის წინ ერთ-ერთ მათგანს, ვინც ზემოთ აღვნიშნე. (ჭიქაში კოკა-კოლა ესხა და ვერ გავიმეტე)
მენატრება – მარილიანი კარაქი. რა დრო იყო?!
მსურს – კოკა-კოლა (არაპოლიტიკური რეკლამა)
მაღიზიანებს – დიდი რაოდენობით ნიორი საჭმელში. მოგეხსენებათ, ვონიაეტ!
ვგრძნობ – წყურვილს ამდენი რეკლამის შემდეგ.
მეშინია – თაგვების.
ვიცი – რომ მეშინია თაგვების.
არ ვიცი – რატომ მეშინია თაგვების.
შემიძლია – სურვილისამებრ, თმა გავიშალო. (არ გირჩევთ!)
ვმეგობრობ – ადამიანებთან, ძაღლებთან, ცხენებთან, ბუსთან და სპილოსთან. განზრახ არ ვმეგობრობ მაჩვებთან და თაგვებთან.
ვაპატიებ – ბრაიან ადამსს... ნუ, ძალიან ითხოვს კაცი და....
ვტირი – კაცობრიობის უგუნურებაზე.
ვიცინი – კაცობრიობის უგუნურებაზე.
ვეძებ- მწვანეყდიან ბლოკნოტს, თან ბოლო 3 თვეა და თან საკუთარ ოთახში. ამაოდ!
ღირსი ვარ - მომანიჭონ ნობელის პრემია, მაგრამ პატრონი არ მყავს.
ვკარგავ - მოთმინებას რთულად, მაგრამ საფუძვლიანად!
მშურს – არავისი და არაფრის. ან სტუპორი მაქვს და ვერ ვიხსენებ!
ვემალები – ფიტოხლართებს (მწარედ იკბინებიან).
ვემტერები – ყველას, ვისი ადგილიც არის ვოზლე პარაში.
მაინტერესებს - რატომ? (არა პოლიტიკური და არა რეკლამა!)
არ მაინტერესებს – კვანტური ფიზიკის საწყისები.
მრცხვენია – რომ არ მაინტერესებს კვანტური ფიზიკის საწყისები.
უარვყოფ – რომ მაინტერესებს კვანტური ფიზიკის საწყისები.
ვავადმყოფობ – თფუ, თფუ, თფუ, პირი ქვისკენ მიქნია, ხეზე დავაკაკუნე, მარცხენა მხარზე ლამის დავიფურთხე, მარილს წყალი დავასხი... დავიღალე! შეუძლოდ ვარ.
ვმალავ - ამ კითხვაზე ბატონი ჯო უკეთ უპასუხებდა, მე მერიდება
ვინახავ – თეატრის ბილეთებს. ვიცი, რომ ტელიაჩი ნეჟნოსტია, მარა მაინც.
მწამს – რომ The Truth Is Somewhere There (მუსიკალურ გაფორმებას მიხვდებით ალბათ).
მიკვირს – რომ ვმუშაობ იქ, სადაც ვმუშაობ.
მიხარია – ? ისე მიკვირს, რომ აღარც მიხარია!
ვჭორაობ – ნუ, ეტო ჟე ნიზკო, სერ!!! 
ვდარდობ – მეზობლების აუწყობელ სექსუალურ ცხოვრებაზე... მაწუხებენ!
ვამაყობ – რომ არ ვარ ჩემი მეზობლების შვილი.
ვაკეთებ – შესანიშნავ პასტა იტალიანას (ან გენიალური მეგობრები მყავს, რომლებიც ჩემს გაკეთებულს უდრტვინველად ჭამენ და თან მაქებენ. გენაცვალეთ!).
ვეფერები – ჩემ ორ ძუნგლიან ბიჭს.
მსიამოვნებს – როცა ჩემი ბიჭები ძუნგლიანები არ არიან.
მესიზმრება – ისეთი სიზმრები, რომ პუსტ სტივენ კინგ ზავიდუეტ მოლჩა!
ვეწევი – უცნაურ ცხოვრებას.
მწყინს – რომ ჩინელები გვჯობნიან რაოდენობრივად.
ვხარჯავ – დროს, ფულს და, მოკლედ, ყველაფერს, რისი დახარჯვაც შეიძლება.
ვღალატობ – ? ბეზ კომენტარიევ, ოდნი ვოპროსიტელნიე ზნაკი!!
ვკამათობ – ? მე და ბატონ გრიშოლს კამათი გვზიზღს და გვძაგს!
ვუხეშობ – როცა საუხეშოა, ბლინ! 
ვუსმენ – "ჩილი პეპერზს" ეხლა და ბანძი ვარ?... კაი, ბოჯგუაზე გადავალ მაშვინ!
ვყოყმანობ – როცა დიადი პატრული ბიძია საბუთებს მთხოვს.  
ვკითხულობ – ლენინის ნაშრომთა სრულ კრებულს. ბოლო ტომზე ვარ.
ვამზადებ – აბიტურიენტებს კვანტურ ფიზიკაში (მიჭირს!).
ვუყურებ - ინდურ ფილმებს ჰეფი ენდის გამო. ბოლივუდ რულზ!
ვკლავ – ნერვულ უჯრედებს უსისხლოდ.
ვცხოვრობ – ჯერ.
ვცემ – პატივს ყველას, ვისაც არ აქვს წაკითხული ლენინის ნაშრომთა სრული კრებული.
ვყვირი – როცა მეყვირება.
ვმღერი – როცა მემღერება.
ვასრულებ – მიზერს პრეფერანსში (ხანდახან).
დავდივარ – ვივლი, აბა, რას ვიზამ, დედაჩემი მიმტკიცებს, რომ ჩემს ძარღვებში ბოშას სისხლი ჩქეფს... ჰმმ... მგონი, მშობლებთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.
ვმკურნალობ – ვაიმე, რას მერჩის ეს ხალხი???????? 
ვერიდები - მაქციებს (მაგათი ნერვი არ მაქვს)
ვიტყუები – ოდეს ყოფილ არს, აქამომდე.... (ნუ, ინდური ფილმები არ ითვლება!!)
ვეთაყვანები – ვეთაყვანები არა, ნუში?!
ვგიჟდები – მე მეტი აღარ მინდა!
ვაგროვებ – შემგროვებლობა ბატონყმობამდე გადავარდა!
ვიხდი – დედა, რა უხერხულია? მე აბაზანაშიც ტანსაცმლით შევდივარ! 
ვეჭვიანობ – კოლინის მეუღლეზე. არც კოლინმა და არც მისმა მეუღლემ ამის შესახებ არ იციან! 
“ვკაიფობ” – დედა, მომკალი! მე ვგმობ ნარკოტიკებს. ვოტ!
ვიზიდავ – რკინას, რომელიც მვნებს ალერგიულად
ვალამაზებ – ტოჟე მნე ცვეტოჩეკ ალენკი!

შიშებიო, ბლინ!

Saturday, October 17, 2009

ბოლო დროს იმდენი ადამიანი მელაპარაკა შიშებზე და იმდენჯერ, რომ ძალაუნებურად, სარდაფში განმარტოებულს ყოველი მათგანი მესტუმრა. შობის ღამის აჩრდილებივით ჩამწკრივდნენ ერთ რიგად და შემომყურებდნენ. მოთმენით ელოდნენ, როდის გავიხსენებდი თითოეულს, დაძლეულს. 

ერთს ყველაზე დიდი თვალები ჰქონდა. სიზმარში მეწვეოდა ხოლმე, რა დამავიწყებს?! თან ხშირად... გარბიხარ, გარბიხარ, გარბიხარ... როგორც იქნება, სახლში შეასწრებ რაღაცას თუ ვიღაცას, კარს გადარაზავ ათასი საკეტით და შვებით ამოსუნთქვას რომ დააპირებ, მაშინღა გახსენდება - კარს მიღმა დარჩა ვიღაც შენიანი... მე დედა მრჩებოდა გარეთ და ტირილით ვიღვიძებდი. მერე დაძინების მეშინოდა. 

მეორე ობობას ჩამოჰგავდა. ისიც ბავშვობას მაგონებდა... მხოლოდ სიზმარში და მხოლოდ მაშინ ცოცხლდებოდა, როცა ვინმე ტყუილს იტყოდა. რაღაც საოცრებით ვახერხებდით მის მოკვლას თუ ჩაკვლას, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით... და დიდხანს მივჩერებოდი არაქნიდის უსიცოცხლო სხეულს... მერე დედა მეტყოდა, შემპირდი, რომ არასდროს მომატყუებო და მეც ვპირდებოდი უსირცხვილოდ. ჰოდა, თავზარი მეცემოდა, როცა აშკარა სიცრუეზე საცეცები ისევ მოძრაობას იწყებდა... გაოფლილს რომ მეღვიძებოდა, რა გასაკვირია?! 

მესამე სტუმარი ბნელი იყო უმთვარო ღამესავით. შავ მოსასხამში ჩაემალა თავი და ცივი ხელები ჰქონდა. რამდენ ხანს მიყვარდი და როგორ გამექეციო, - სინანულით მითხრა მიტოვებული საყვარელივით. მხრები ავიჩეჩე და გამეღიმა. ბევრი სახე ჰქონდა. ხან ვერზევულს ჰგავდა, წაწვეტებული რქებით, ხან კვამლის უზარმაზარ ღრუბელს... ხან მოულოდნელად გაჩნდებოდა ზურგს უკან და ქირქილებდა გამყინავად, ხანაც შემომეწებებოდა ტანზე და ხედვას მიჩრდილავდა. სიბნელე ერქვა და არ მეშინოდა მისი. არა, ალბათ ცოტათი მეშინოდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ბნელეთის კოშკში მასთან გატარებული ექვსიოდე საათის შემდეგ დაპატარავებულიყო რაღაცნაირად... 

მერე რიგში ჩადგა სიმაღლე, მოჰყვა სიბერე... სიკვდილი გამომეცხადა ცელით და ურიცხვი თაგვიც დამესია... მმართავდნენ ოდნავ, მაგრამ წასვლამ მოუწია ყველას. ერთი დარჩა მხოლოდ. კუთხეში მიყუჟული. 

სხვების სიმრავლის გამო ვერ შევამჩნიე თავიდან. ვერც ეხლა ვცნობდი. დავაკვირდი. თვალები საერთოდ არ ჰქონდა. ორი ბნელი სიცარიელე მომჩერებოდა უძირო ხვრელებად. შემაჟრჟოლა. უსასრულობად ქცეული ორიოდ გაელვების მერეღა ვიგრძენი, რომ შუბლი დამცვარვოდა. 

ათრთოლებული ხელები ზურგს უკან დავმალე და ძლივსღა ვიპოვე გაბზარული ბგერები - ვინ ხარ?! ჩუმად იჯდა კუთხეში, ხმას არ იღებდა. სიჩუმე მკლავდა. მერე სიცივე მოვიდა. მოჰყვა სიცარიელე... სინანულის და ინდიფერენტულობის დროც დადგა. და სიცარიელე გაფართოვდა. გაფართოვდა. გაფართოვდა. და მე ვიდექი სრულიად მარტო ცარიელ ოთახში. 

მერე კედლები დავიწროვდა და დარჩა ერთადერთი კუთხე, საიდანაც მარტოობა მიყურებდა ცარიელი თვალებით. 

სახლში ბევრნი ვცხოვრობთ

სახლში ბევრნი ვცხოვრობთ. იმდენად ბევრნი, რომ რიგ-რიგობით ვფხიზლობთ. ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე სხვა და ასე დაუსრულებლად. რომ დაიღლებიან, ისევ საღათას ძილს მისცემენ თავს და სხვები იღვიძებენ. 

ვის აღარ ნახავთ ამ სახლში... ფანტაზიორს, რეალისტს, მწერალს, მსახიობს, კლოუნს... კლოუნს სევდიანი თვალები აქვს, მწერალი გიჟპოეტობს და უხარია, ფანტაზიორი ძილში ბუტბუტებს რაღაცეებს, ოღონდ ხმადაბლა, რეალისტი ჯმუხია და ურჯუკი!

მკვლელსაც კი წააწყდებით აქ, ოღონდ სხვებთან შედარებით პატარაა და ღრმა ძილი იცის. პრინციპში, ჯერ ნორმალურად გამოფხიზლებული არც მინახავს. ხანდახან თუ გაახელს ხოლმე თვალს. 

ჰოდა, თუ ოდესმე შეიშმუშნება მკვლელი, ან ვინმეს დაუდევრობით ძილს გამოეგლიჯება, სახლში დიდი აურზაური იწყება. მშიშარა ისტერიულად იღვიძებს და კანკალებს, ღვთისმოშიში მუხლებზე ეცემა და ლოცვებს ბუტბუტებს, მომღერალი იავნანას უღიღინებს მკვლელს, ცინიკოსი ქირქილებს. პოფიგისტი ყველაზე კაი ტიპია - თავსაც არ წამოსწევს, ისე გადახედავს დანარჩენებს, პოპულარულ მისამართზე გააგზავნის და ისევ იძინებს. მაპატიეთ და, ჰკიდია! ხომ ვთქვი, კაი ტიპია, მეთქი?!

რომანტიკოსი? რომანტიკოსს ჩაგრავენ! თან ძალიან. ჰმ... ფერადი სიზმრებიდან თუ მოეგო გონს და ადამიანურად ცხოვრება ისურვა, ისეთს მიწიხლავენ დანარჩენები, კარგა ხანს ოცნების ძალაც არ შესწევს და უსიზმროდ სძინავს. რომც ეღვიძოს, თვალს რა გაახელინებს?! 

ცინიკოსი იმდენს დასცინის ასეთ შემთხვევებში, ლამის გული წაუვიდეს. ფეხისწვერებზე მიეპარება ხოლმე და ათას საზიზღრობას ჩასჩურჩულებს. რომანტიკოსს დახუჭული თვალები ენამება, ცრემლი გზას ადვილად პოულობს და ორ პატარა მდინარედ გადაიქცევა. ცინიკოსი ველურად ხარხარებს. ერთობა. 

პრაგმატისტი წარბაზიდული აკონტროლებს სიტუაციას, მერე "კმარაო", შეჰკივლებს და ყველა ჩუმდება. ცოტა ხანს შეიფერებს ლიდერობას და სრულ მორჩილებას, მერე იღლება, ეძინება. 

სამაგიეროდ, პოფიგისტია დასვენებული. ჰოდა, ეხლა მისი დროა. ეგ და ცინიკოსი ძმაკაცები არიან, ყველაზე მოზრდილები და თან ლიდერობაც უყვართ. დიდხანს პარპაშებენ, სანამ ვინმე სხვას არ გაეღვიძება. რომანტიკოსს რომც გაეღვიძოს თვალს არ გაახელს, თორემ მიწიხლავენ, როგორც ხშირად.

29 წელიწადია ვაკვირდები ამ უცნაურ ოჯახს... და ძალიან მინდა... ძალიან, ძალიან, ძალიან... ერთხელ მაინც გავაგზავნო პოპულარულ მისამართზე ყველა ერთად და მერე ცალ-ცალკე. თუმცა ვერ მემეტებიან! 

ჭაობისფერი, ანუ ტრილოგიასაც აქვს დასასრული

Thursday, September 17, 2009

ახლოს. ახლოს. ახლოს...

- რას აკეთებ, ლიკა?!

- არაფერს, - და ღიმილი.

- გაჩერდი!

-რატომ?

- გაჩერდი, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ. 

- რას? - და ისევ ღიმილი. ჰმ!

და მეღვიძება. უხმოდ, გულში ვიგინები ტაქსისტივით, თვალებს ვხუჭავ, რომ ისევ დავბრუნდე... რომ გავიგო, რა მოხდება, თუ არ გავჩერდები. არადა, გაჩერებას არ ვაპირებ.

გაწყვეტილს ვერ ვაერთებ. არც მიყვარს შეერთება, შეწებება, მიბმა, შებმა, გამთელება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მინდა, მაგრამ ვერ!

მერე თენდება... წვიმით თენდება. ხმაურით. სველად. ბედად! აუტანელი იყო უკვე სიბნელე. წვიმა არ მიყვარს. ოღონდ დღეს არა! ოღონდ ხვალ, ზეგ, მაზეგ, ერთ კვირაში, ერთ თვეში. დღეს - არა. არ იწვიმებს არც ხვალ, არც ზეგ, არც მაზეგ, არც ერთ კვირაში, არც ერთ თვეში. წვიმს დღეს და ეხლა, როცა არ მიყვარს. 

მერე ვეხევი ბალიშს, საბანს, ზეწარს, საწოლს. ვეწებები ჯინსებს, სტაფილოსფერ მაისურს, ცხადია, ბოტასებს. წვიმით გაჟღენთილს. დამსხვრეულის ნაწილებს ვერ ვიშორებ... არადა, დროა უკვე. სამი საათის წინ გამეღვიძა! ალბათ! საათზე არც მაშინ დამიხედავს, არც ეხლა. უბრალოდ ვიცი, რომ სამი საათის წინ იყო. 

მერე ვამბობ სიტყვას, ორს, სამს... ვუსმენ კიდეც ერთს, ხან ორს, ხან სამს. ნეტა, რა მოხდებოდა, თუ არ გავჩერდებოდი? წკაპ! წკაპ! წკაპ! გადაიღოს, რა იქნება?.. წკაპ! წკაპ! წკაპ!! ნისლში ჩანს ჭაობისფერი. არა, ჭაობი არაა, ჭაობს ტალღები არ აქვს. ჰოდა, მივიწევ იქით. მარტო? არა, რატომ?! მომყვებიან, თუმცა ტალღებისკენ - არა. ტალღები გამირბიან. ჰმ! 

მერე ქუჩებისკენ მივდივარ. ყოველ მოსახვევს ველი, ვკრთი, ვცქმუტავ. ბანალურობით გახელებული ვქმნი ტილოს, მატერიას, ვაქცევ ტანსაცმლად. ვაზომებ, ვისაც არ ერგება - მხრებში უჭერს, წელზეც, გვერდებზე... ახრჩობს კიდეც იქნებ. დროა, გაჩერდე, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ. საკუთარ თავს ვეუბნები და არც ახლა ვიცი, რა მოხდება, თუ არ გავჩერდები. არადა, თითქოს გაჩერებას არ ვაპირებ. 

და მეღვიძება. ისევ. ოღონდ ცხადიდან ცხადში. წკაპ! წკაპ! წკაპ-წკაპ-წკაპ! თბილ ხელს ვგრძნობ ხელზე უცხოს... და ღიმილს, კი არ ვხედავ, ვგრძნობ. და სიტყვებს ნათქვამს... არ ვუსმენ! ვგრძნობ. და მომავალში ვეღარ ნანახი, უცხო, უმანკო ღიმილი ხდება უფრო ძვირფასი, ვიდრე ჩემივე ხელთქმნილი სამოსი თუ მატერია.

მერე ქუჩებს ვშორდები და არ მადარდებს, რა მოხდება, თუ არ გავჩერდები.

...

Tuesday, August 11, 2009

მინდა, გავცივდე... არასდროს გდომებიათ, გაცივება? აი, მე მინდა, თანაც სასწრაფოდ. მაშინ მიზეზი ექნებოდა ჩემს უხასიათობას და შემცივნებას აგვისტოში. 

მინდა, ვბოდავდე რაღაცეებს და არ მაღელვებდეს ეს მამაძაღლი ავტოპილოტი, ყველა სიტყვას რომ მიკონტროლებს და არაფერს მათქმევინებს ისეთს, რაზეც მერე თავად ექნებოდა სათქმელი - ხომ გაფრთხილებდი?! 

მინდა, ძალიან მაღალი სიცხე მქონდეს, მთელს სხეულს რომ გწვავს და მხოლოდ თითები გაქვს გაყინული - პრიორიტეტულად ფეხის... ცხადია, ძმრიანი წინდების გამო. საშინელი სუნი რომ აქვს და ნესტოებს გიღიზიანებს! უცხო, ლათინური დასახელებების წამლები არ არსებობდეს საერთოდ, "ასკოფენის" გარდა - დალევიდან ორი საათი საბნიდან ხელები რომ არ უნდა ამოყო და თავი აუზში უფრო გგონია, ვიდრე საწოლში! 

და მოჰქონდეთ ქაფქაფა ჩაი - სიცხის გამო რომ ვერ დალევ და გული დაგწყდება, ისეთი... თეფშზე "პეჩენიად" წოდებული ნამცხვარების გროვაც, რომელსაც ასევე ვერ დააგემოვნებ ყელში გაჩხერილი რეზინის ბურთის გამო. 

და ტელევიზორს ვუყურებდე - ინტერნეტიდან ჩამოქაჩულ ფილმებს კი არა. აი, რომელიმე არხზე რომ გადართავ და შუა წელიდან გააგრძელებ ყურებას, თან გაგისწორდება, რომ ვიღაც ღვთისნიერმა სწორედ ეს ფილმი აირჩია გასაშვებად და არა სხვა! მერე რა, რომ დამძიმებული ქუთუთოების გახელა არცთუ ადვილია. 

მერე შუაღამისას, ჩათვლემილი შუბლზე გრილი ხელის მიდებას, მინდა, ვგრძნობდე და ხმა ჩამესმოდეს, "მოგიკვდი, შვილო, იწვის ბავშვი". 

და მერე ვიტალი ექიმიც მინდა, რომ მოვიდეს. ჰო, ის ექიმი, სულ რომ გაიძახოდა, ლეჩიტ ისკლუჩიტელნო ბაბუშკინიმი სრედსვამიო და ეს მაიმუნი "ბაბუშკინი სრედსტვა" არ ელეოდა. ჰმ, ოციოდ წელიწადია, აღარ მინახავს. 

და მერე მინდა, გამეღვიძოს იქ, სადაც სიცხის გამო სკოლაში არ გიშვებენ და გიხარია... სადაც პუშკინის ან კორნეი-ჩუკოვსკის ზღაპრებს გიკითხავენ იმიტომ, რომ იგივეს თავად თუ ცდილობ, სიტყვები სასაცილოდ ხტუნვას იწყებენ... სადაც სიყვარული არის მარტივი - გახურებულ შუბლზე მოფარებული გრილი ხელი სიცხის გასაგებად. და მეტი არაფერი. აქ იწყება და აქ მთავრდება ყველაფერი. 

ხუთი დღე წარსულში

Saturday, July 25, 2009

დღე პირველი

თუშეთისკენ თელავიდან დავიძარით. დილის 7 საათზე მანქანამ მოგვაკითხა და ნახევრად მძინარეები წაგვასხა ალვანისკენ. 

მძღოლი თუში ბიჭი იყო. ომალოელი. 7 ზამთარი მაქვს ზედიზედ ომალოში გატარებული და 4 წელიწადი კლასში მარტო მე ვიჯექი ცამეტი მასწავლებლის საჯიჯგნადო, - გულიანი სიცილი ჰქონდა, მთის ხალხმა რომ იცის მხოლოდ, ისეთი. 

მერე ბახტრიონის ბრძოლაზე მოგვიყვა. უფრო სწორად, მე მელაპარაკებოდა და ტურისტებს ვუთარგმნიდი. 1659 წელს სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში თუშების ამქარს ზეზვა გაფრინდაული მიუძღვოდაო, - სიამაყით თქვა, - ისე გამოუდიათ თავი ჩვენებურებს, მეფეს სიტყვა მიუცია ზეზვასთვის, რასაც მეტყვი, ყველაფერს გაჩუქებო. იმასაც უპასუხია, ჩემს ხალხს ზამთრის საძოვრები არ აქვს ცხვრისთვის და სადამდეც ჩემი ლურჯა გაჭენდება ალონის ველზე, ის ადგილები გვიბოძეო. დიდხანს ურბენია ცხენს და ტახტიგორთანღა დაცემულა უსულოდ. მისი მოსაზღვრული მიწა მეფეს თუშებისთვის უფეშქაშია. ალონის ველი ზეზვას ლურჯას ნაჩუქარიაო, დღესაც ამბობენ თუშები. მაისის ბოლო კვირას ზეზვაობა ისე არ ჩაივლის, ტახტიგორიდან ალვანამდე საუკეთესო ცხენების დოღი არ გაიმართოს და არ გახმიანდეს სიმღერა გაფრინდაულისა და მისი ცხენის შესახებ. 

სანამ ისტორიას დაამთავრებდა, უკვე მემორიალთან ვიდექით, სადაც ის დალოცვილი წაქცეულა, - ბიძაჩემის დადგმულია ეს მემორიალიო, - გვითხრა მძღოლმა და ღიმილი შემოგვანათა.

მერე გასუსული ტურისტების თვალები არ დამავიწყდება, მანქანამ ვიწრო ბილიკზე, სიპ ქვებზე რომ დაიწყო ასვლა. ჯერ მარჯვნიდან დაგვიღო პირი უფსკრულმა, მერე მარცხნიდან შემოგვამთქნარა. მდინარით დაღარული ხევის უსაშველო ხახას რომ ჩავხედე, რაღაც სიამაყისმაგვარი ვიგრძენი, შიშთან, სიამოვნებასთან და თავისუფლებასთან ნაზავი. მძღოლი მიხვდა, როგორც ჩანს, და სხვათაშორის მითხრა, ჩვენებურები ამას ცოდვიან ხევს უძახიანო. რატომ-მეთქი, სულელურად ჩავეკითხე, ზერელედ. რაც ამას ხალხი ჩაუტანია, ცოდვიანია, აბა რა არისო? - ზერელედვე მიპასუხა. უკანა სავარძელზე გასუსული ტურისტებისთვის ეს არ გადამითარგმნია. მომერიდასავით. თავისიც ეყოფოდათ. 

მთებზე შეფენილ რამდენიმე სოფელს გამოვცდით და, როგორც იქნა, თუშეთის მთავარ დასახლებამდე ჩავაღწიეთ. ომალო წვიმით დაგვხვდა. წავიხემსეთ, ცხენებზე ავმხედრდით და შენაქოსკენ ავიღეთ თავი, საიდანაც დიკლოში უნდა გადავსულიყავით. ქვისგან ნაგებ, ბრტყელი ქვითვე გადახურულ კუშტ სახლებს რომ უყურებ, ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს სადღაც წარსულში ხარ ჩაკარგული და შეიძლება, გულმა რეჩხიც გიყოს, ემანდ, დაღესტნელი მომხვდურები არ დამეცნენო. წამის მეასედით მართლა შევშინდი, მაგრამ წითელ სპორტულებში ჩაცმულ თუშ ბავშვს რომ მოვკარი თვალი, რეალობის შეგრძნება დამიბრუნდა. 

ცხენოსანი მგზავრი ოდითგანვე სოფლის სიახლოვეს ჩამოქვეითდებოდა და ვიდრე სოფელს არ გასცდებოდა, ცხენზე არ შეჯდებოდა. სოფელზე ამხედრებული გავლა მტერთან ყოფილა ასოცირებული და სოფლის შეურაცხყოფას ნიშნავდა. ცხადია, ადათს ჩვენც დავემორჩილეთ. 

შენაქოში და, საერთოდ, თუშეთში, რელიგიასთან ფრთხილად უნდა იყო, მითუმეტეს თუ ქალი ხარ. სახატეზე (ჯვარს საყმოს ტერიტორიაზე) ფეხი თუ შედგი, შეიძლება, კინწისკვრით გამოგაგდონ, - დედათა წესის ქალაის ფეხი წმინდა ადგილზე არ იქნებაო. 

მე-19 საუკუნემდე დიკლოს რა ერქვა, ჩვენმა მძღოლმა არ იცოდა, სამაგიეროდ, ამჟამინდელი სახელის ისტორიას დაუზარებლად მოგვიყვა. კავკასიის 25 წლიანი ომის ერთ ახალ წელს ჩეჩნეთის გაერთიანებული ჯარის 10 ათასი მეომარი თუშეთის დასამორჩილებლად გადმოსულა. ზამთარში ზოგ სოფელში მხოლოდ მცველები რჩებოდნენ ხოლმე. მაშინ ციხეს 16 ჯარისკაცი იცავდა. 19 დღე შეუკავებიათ 10 ათასიანი ლაშქარი თუშ მეომრებს, მაგრამ დამარცხებულან მაინც. მტერს ყველა დაუხოცია. მას მერე თუშებს უთქვამთ, იქითა სოფლის ხალხმა დიიკლო, ანუ დაიკლოო. ჰოდა, შერჩენია სახელად - დიკლო.

ძველი დიკლოს გაღმა, ჭეროს მთასთან, ორი ამოზრდილი გორა მოჩანს. თუშები მას წუმბერეხს ეძახიან და ლეგენდასაც ჰყვებიან. დიკლოელ ვაჟს, ბეროს და ქუმელაურთელ წუმს ბავშვობიდან ჰყვარებიათ ერთმანეთი. დანიშნულებიც ყოფილან. ბეროს მოულოდნელად ავადობა შეჰყრია - კანზე ცეცხლი ედებოდა და ვერაფერს შველოდნენ. სოფლელებს მყინვარებიდან ყინული ჩამოჰქონდათ და გვერდით უწყობდნენ. მერე შეშინებულა ხალხი, ჩვენც რამე სენი არ შეგვეყაროსო. ბეროც ამდგარა, მთის წვერზე ასულა და გაყინულა. წუმს რომ გაუგია საქმროს ამბავი, მთაზე ასულა, გვერდით მოჯდომია ყინულად ქცეულ სიყვარულს და თვითონაც გაყინულა. გაზაფხულზე, ყინული რომ დამდნარა ქალ-ვაჟის ადგილას დიკლოელებს ორი გორა უნახავთ და წუმბერეხი დაურქმევიათ. 

ომალოში სასწაულად დაღლილები დავბრუნდით. მეორე დღეს 8 საათზე უნდა ავმდგარიყავი. მალე ჩავაქრე სანთელი და თუშური თექით მორთულ ოთახში წარსულსა და აწმყოს შორის გამოვეკიდე... აქ სხვანაირად ვერ დაიძინებ.

დღე მეორე

ოთახი ჩაბნელდა თუ არა, მეგონა, მკვდარივით ჩამეძინებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! აქაური ლეიბი ქვასავითაა და სასთუმლადაც კლდის ნატეხი გიდევს. ათიოდ წუთი ვიწრიალე, როგორც იქნა, მოვერგე საწოლს და უკვე ძილისთვის უნდა მიმეცა თავი, რომ რაღაც უცნაურმა გამომაფხიზლა. ჯერ ვერ მივხვდი, რამ გამომგლიჯა სიზმრებს და უცებ... სადღაც ჩემს ფანჯრებთან ჩიტი გალობდა. შუა ღამისას! დუმბაძის არ იყოს, ქალაქში მიმინოს გამოჩენა რომ უკვირდა, პირი დავაღე გაოცებისგან. სანთელიც ავანთე და მივაყურადე. არა, არ ვცდებოდი... ომალოში ღამის პირველ საათზე ჩიტები გალობენ! 

დილით წვიმის შხაპუნმა გამაღვიძა. რა იმგზავრებს ამ წვიმაში-მეთქი, ერთი კი გავიფიქრე, მაგრამ გულთან ახლოს არ მიმიტანია. თბილისში აუცილებლად გამიფუჭდებოდა ხასიათი, აქ კი, მთებს რომ გახედავ, ყველა პრობლემა გავიწყდება. 

ცხენები 9 საათზე სოფლის ცენტრში გველოდნენ. დროულად გავედით. ორეთის ტბის აღმართს სანამ დაადგები, ჩუმი დაღმართი უნდა ჩაიარო, საიდანაც ცოკალთას და ქუმელაურთას სოფლები ჩანს. ქუმელაურთამდე სამანქანო გზა ადის. ცოკალთას ფეხით ან ცხენით თუ მიუდგები. ჩვენ არ გვიცდია, ქვეშ გავუარეთ. 

ქუმელაურთაში ხუთი ულაყი დაგვხვდა. დაწინაურებული ვიყავი, ფეხით მივდიოდი და ჩემი მერცხალა სადავით მიმყავდა. ხუთივემ მუქარით შეუჭიხვინა ჩემ ცხენს, აქეთ არ მოგესვლებაო, ესეც გაჩერდა და ყურები ცქვიტა. აჩუ-მეთქი, ომახიანად შევძახე. გაგულადდა ჩემი ბიჭი და ფეხს უმატა. ისინიც შედგნენ - ადამიანისა მოერიდათ ალბათ! მანამდე რომ თავჩაქინდრული მიუყვებოდა გზას მერცხალა, აიყელყელავა, ამაყი ჩორთით ჩაუარა იქაურებს, ერთიც მიუფრუტუნა და თვალს მიეფარნენ თუ არა, ისევ ჩაქინდრა თავი. 

მერე ოთხ საათს ვებრძოდით აღმართს მეც და ცხენიც. 4 საათი მიუყვებოდა კიბეებად ჩალაგებულ ფესვებს, ფრთხილად გადადიოდა გზაზე გახიდულ მორებზე და მხოლოდ ხანდახან თუ ამოიოხრებდა - ცხენივით კი არა, დაღლილი კაცივით! დავუყვავებდი, ცოტაც, ბიჭო და მივალთ-მეთქი. ყურებს აცქვეტდა წამით და ისევ აგრძელებდა გზას. 

ორეთის ტბა მოულოდნელად იშლება თვალწინ. მიდიხარ ტყე-ღრე, ვერც წარმოიდგენ, რომ სადმე ტბა შეგეჩეხება და უცებ... უძიროს ეძახიან ორეთს. ძალიან ღრმაა. ულამაზესი მომწვანო-მოლურჯო ფერი დაჰკრავს და საოცრად წყნარია. 

წახემსება რომ დავაპირეთ, წამოწვიმა. არ შევშინებულვართ. ტალღები გაიკეთა უძირო ტბამ და ღრუბლებს თავის ზედაპირზე დახედვის უფლება აღარ მისცა. ჰაერი ოდნავ მძიმე იყო, მაგრამ საოცრად სუფთა. დიდხანს ვერ გავჩერდით ორეთთან. წვიმამ თუ არ შეგაშინათ, მაინცდამაინც ნუ გაგულადდებითო, მთებმა შემოგვძახეს და ისე აისხლიტეს ელვის გრუხუნი, ციმციმ წამოვიშალეთ. 

ციცაბო დაღმართზე ცხენებს ტვირთის სატარებლად ვერ გავწირავდით და ჩამოვქვეითდით. 3 საათი მოვდიოდით დაღმართზე ფეხით. ჯერ წვიმაში, მერე უცებ თაკარა მზეში, მერე ტყის ნაბოძებ სიგრილეში. მერე ისევ აღმართი დაიწყო და ავმხედრდით. 

ომალოსთან მიახლოვება ცხენებმა ყველაზე ადრე იგრძნეს - მერცხალამ ფეხს მოუმატა, მერე იფიქრა, ჩემი გამოუცდელი მხედარი მაინც გამაჩერებსო და ნაბიჯს უკლო. სადავე მივუშვი ოდნავ. აქ კი გაიხარა ბიჭმა... 

ჯერ სახეზე ქარის სილა ვიგრძენი, მერე ქუდი მომწყდა თავიდან... მერე სული შემეკრა, მერე ყიჟინა მომინდა... მერე ორიოდ წუთის წინ მგმინავი ცხოველის გარდასახვამ გამაოგნა და მხოლოდ მერეღა გავიაზრე, რომ რაღაც მომენტში მე და ცხენი ერთ არსებად ვქცეულიყავით... არასდროს. არასდროს. არასდროს ვყოფილვარ ისე თავისუფალი, როგორც იმ ათიოდე წუთის განმავლობაში! 

ოთახში დაბრუნებისთანავე საწოლზე მივეგდე გათანგული. დარწმუნებული ვიყავი, რომ უახლოესი ერთი საათის განმალობაში ვერა ძალა ვერ აჯობებდა დედამიწის მიზიდულობას. და უცებ... ქვედა სართულიდან გარმონის ხმა შემომესმა. ვიღაც ისე დასტიროდა ინსტრუმენტს, დაცეცხლილივით წამოვენთე. ლამის თავ-პირის მტვრევით ჩავირბინე კიბეები... სამზარეულოს კართან საქმით დაღლილი ქალი იჯდა, თვალები მიელულა და გალობდა. გარმონს შვილივით ეფერებოდა...

დღე მესამე

ომალოდან ვერხოვნისკენ გრძელი გზაა გასავლელი, მაგრამ დიდი ნაწილი სამანქანე ბილიკს მიუყვება და სირთულე თითქმის არ გხვდება. 8 საათიანი ჯაყჯაყის შემდეგ უკვე აღარაფერი გამომაცოცხლებდა, მეგონა, როცა ჩვენმა გამცილებელმა თქვა, ალაზანში უნდა შევიდეთო. მდინარისკენ მაშინღა გავაპარე თვალი. საერთოდ ამომვარდნოდა გონებიდან, რომ წყალში მოგვიწევდა შესვლა, არადა, დილით ტურისტები საგულდაგულოდ გავაფრთხილე... ალაზანი ღრმა ჩანდა, მაგრამ მეტ-ნაკლებად წყნარი!

უზანგიდან ფეხი გამოიღე და წყალს მოერიდეო, მდინარეში შევარდნამდე გამოგვძახა თუშმა გამცილებელმა. მორიდება კი ვცადეთ, მაგრამ მუხლებამდე რომ მოგვადგა ალაზანი, დანებება ვარჩიეთ. გვარიანად გავილუმპეთ. 

როგორც იქნა, გამოჩნდა ვერხოვანი. მისკენ მიმავალი ბილიკი სინამდვილეში ბილიკი არაა. მასზე გავლის ერთადერთი ხერხი არსებობს - ცხენს საკუთარ თავზე მეტად უნდა ენდო და სადავე მიუშვა, თორემ ერთი უხერხული მოძრაობა სიკვდილს ჩაგახედებს თვალებში. მარცხნიდან ალაზანს დავყურებდით, მარჯვნიდან კი თითქმის მიყრდნობილნი ვიყავით კლდეზე, რომლიდანაც უწყვეტ ნაკადად ცვიოდა კენჭები და ქვიშა... მერცხალა თავდაღუნული მიდიოდა მრავალჯერ გავლილ გზაზე და საერთოდ არ ნერვიულობდა. 

სოფელში ავიტეხე, კოშკში უნდა დავიძინო-მეთქი. მართალია, გვიანი შუა საუკუნეების 4 სართულიან ნაგებობაში საწოლებიც დგას და, პრინციპში, სასტუმროდაც იყენებენ (თუ სახლში ადგილები არ აქვთ!), მაგრამ პატრონებმა ისე გაოცებით შემომხედეს, რატომღაც `ნატვრის ხის~ ელიოზი გამახსენდა - `კაცო, ან მცურავისა არ გეშინია, ან გველკუასიო?!~. 5 დღის ამოსულები იყვნენ იქაურები ალვანიდან და ჯერ სახლის დალაგება ვერ მოესწროთ ნორმალურად, კოშკს ვინ ჩიოდა. დავიჟინე, ლოგინის ატანა თუ არ გეზარებათ, იქ დაძინება მირჩევნია-მეთქი. დაზარება რა საკადრისიაო, თუშურად მითხრეს. 

ტურისტებმა ჭკუას უხმეს, სახლის კომფორტი არჩიეს გაყინულ რომანტიკას. გერმანელ ანელის, რომელიც ფეხით მოდიოდა ჭეშოდან და ღამის გასათევად გაჩერებულიყო ვერხოვანში, დიდხანს ვუქე თუშური ისტორიის ნარჩენი, მაგრამ ოთახის გაზიარებაზე ვერ დავითანხმე. აღმოჩნდა, რომ კოშკში სრულიად მარტოს უნდა გამეთია ღამე. ისევ ელიოზის სახება ამომიტივტივდა გონებაში. მასპინძლებს ვკითხე, ზემოთ გველი ხომ არ იქნება-მეთქი. გველი - არა, თაგვები - შეიძლება, მოჩვენებები კი ნამდვილად იქნებიანო. მოჩვენებებზე მეტად თაგვების ხსენება ვერ ვიგუე. წვიმიან დღეს ძალიან დამცხა. შიშსა და სიამაყეს შორის ბრძოლაში შიში დამარცხდა... 

კოშკამდე თავაწეული მივედი (მაქსიმალურად ვცდილობდი, ზურგში მოშტერებული ხალხისთვის მთელი დღის ნაწვალები კუნთების ტეხვა არ მეჩვენებინა), ოთხად მოხრილი შევედი ჩემი დროებითი სასუფევლის ერთიციდა კარში, მეოთხე სართულისკენ მიმავალ ვიწრო კიბეს ლამის ხუთჯერ ვემთხვიე და, როგორც იქნა, ჩაბნელებულ ოთახს მივაღწიე. ჩემს განკარგულებაში მყოფ სივრცეს არც კარი ჰქონდა, არც ფანჯარა და ქარი ყველა ხვრელში გვარიანად წუოდა. 

ქვასავით საწოლზე ჩამოვჯექი და ჩემი გადაწყვეტილება ლამის პირველად ვინანე. რომანტიკისა ქვით ნაშენ კედლებს აღარაფერი ეცხოთ. კოშკის ყოველ ნაოჭში თაგვი ან გველი მეზმანებოდა. დაჭყეტილი ფანჯრებისკენ საერთოდაც არ ვიყურებოდი. 

როდემდე ვიჯდებოდი ასე? ნახევრად ტანსაცმლიანი შევძვერი საწოლში. ფეხები კიბის მოაჯირზე მქონდა მიბჯენილი. ყოველ წამს ველოდი, როდის ამოჰყოფდა ვინმე გაბურძგლული თავს და ფეხში მწვდებოდა. გაფაციცებით ვაყურადებდი ნებისმიერ ფაჩუნს. ჭერში ახედვა მზარავდა - ხის დაუმუშავებელ საყრდენებს ალაგ-ალაგ კანი ასცლოდა და ქარის ყოველ დაქროლვაზე დაფარფატებდა. სანთელი ჩრდილებს ეთამაშებოდა. 

წინა ღამეს ჰეღოს ციხეზე მოსმენილი ისტორია გამახსენდა. თუშ-დაღესტნელთა მტრობის დროს ლეკის აშენებულ სიმაგრეს უშველებელი ამალა მისდგომოდა, მაგრამ მისი გატეხვა მტერს ვერაფრით მოეხერხებინა. ბოლოს ლეკებს კოშკის ამგებისთვის უკითხავთ, სისუსტე სად აქვსო ჰეღოს ციხეს. ფიცდადებულ ოსტატს ღმერთის წყრომის შეშინებია და უარით გაუსტუმრებია. ლეკებს მოლასთვის მიუმართავთ, რომელსაც მშენებლისთვის ფიცი აუხსნია. მაშინ ოსტატს უთქვამს, ციხის გაღმა რომ გახვალთ, კედელში თეთრ ქვას ნახავთ, თუ მას გამოაგდებთ, კედლები თავისით ჩამოინგრევაო. ასე დაცემულა ჰეღოს ციხე. 

ნეტავ ვერხოვანის კოშკში თუ იყო ჩაშენებული ხინჭრიკვად წოდებული თეთრი მაგიური ქვა? 

ფიქრს ფიქრი მოჰყვა... ჩემს ოთახში გამაგრებული თუში მეომრები წარმოვიდგინე, დაჭრილ-დახოცილ ჯარისკაცთა გმინვა და იარაღისა თუ გახელებულ მებრძოლთა კბილების ღჭიალიც ჩამესმა თითქოს. თვალები მაგრად დავხუჭე და ნერვების მოსათოკად ასამდე დათვლა ვცადე. ერთი, ორი, სამი.... არა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ასზე მეტი კი იქნება აქ მოკლულიო, - გონება თავისას არ იშლიდა. ტირილამდე ვიყავი მისული...

და მერე, როცა მეგონა, ის ღამე არასდროს დასრულდებოდა, სიმშვიდე მოვიდა. თავისით. მოულოდნელად. და კოშკში, რომლის თავზეც თუშ მეომართა აჩრდილები დასრიალებდნენ, ფანჯარაში იყურებოდნენ და სტუმრის ვინაობას კითხულობდნენ, გათენებამდე უშფოთველად მეძინა. 

დღე მეოთხე

ღიმილით დიდი ხანი იყო, არ გამღვიძებოდა. თვალი რომ გავახილე, მზის სხივები მოტიტვლებულ ფანჯრებს ეფერებოდნენ. ერთი ღამის განმავლობაში რამდენიმე საუკუნეში მოგზაურობით ოდნავ დაღლილი ვიყავი, მაგრად ადგომა არ გამჭირვებია. კედელზე ჯოჯომ გაირბინა. არ შემშინებია. თავი დავიიმედე, წინა ღამეს საწოლი კედლებს მაქსიმალურად რომ დავაშორე, ტანზე გადარბენას ვერ მოახერხებდა-მეთქი. 

ბარგი ჩავალაგე და ორი ჩანთით დამძიმებულმა ვიწრო კიბის საფეხურები ადვილად ჩამოვითვალე. გარეთ გამოსვლისთანავე ავხედე კოშკს, მერე გარშემო მივიხედ-მოვიხედე, დავრწმუნდი, რომ არავინ მიყურებდა და ქედი მოვიდრიკე მრავლისმნახველი ციხისა და მისი აჩრდილების წინაშე. ღირდა, ნამდვილად ღირდა რამდენიმე საათის გატარება შიშში, წარსულის საიდუმლოს გასაგებად... ქვების მოყოლილი საიდუმლოს გასაგებად! 

ნაყაიჩოს უღელტეხილამდე თუშეთის ყველაზე მაღალ წერტილში განფენილი სოფელი დადიკურთა გავიარეთ. მიტოვებულ სახლებს თანამედროვეობის ნიშან-წყალიც არ ეტყობათ - არც რკინის სახურავები, არც განახლებული აივნები... დადიკურთაში დროს არ შეესვლება. დრო მიყრუებულ სოფელს გვერდს უვლის!

უღელტეხილს ნისლში ეძინა. იმდენად მჭიდრო იყო ბურუსი, მერცხალას ყურებსაც ძლივს ვხედავდი, ბილიკს ვინ ჩიოდა?! ცხენებს გზის დანახვა არ სჭირდებოდათ. მათ უბრალოდ იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ნაყაიჩომ მანამ გაიღვიძა, სანამ მწვერვალს მივაღწევდით. ღრუბლები გადაიფერთხა, მხოლოდ ქულებადღა შეიტოვა ფერდობებზე. ჭეშოდან ფარსმასკენ მიმავალი გზაც დაგვანახა, მის ფეხქვეშ გაწოლილი, რომლამდე მისაღწევადაც დაყუდებულ დაღმართზე სულ მცირე, ორი საათი უნდა გვეარა. 

დეკათი მოფენილ ფერდობს ფეხით ჩავუყევით. მერცხალა მორჩილად მომყვებოდა, მხოლოდ ხანდახან თუ მომქაჩავდა ჯიუტად სადავეს, ცხვირს ბალახში ჩარგავდა, საყვარელ მცენარეს ფრთხილად ამოარჩევდა და ხრამუნით აგრძელებდა სიარულს. თუ მოულოდნელად გავჩერდებოდი, ოდნავ წამკრავდა ხოლმე თავს ბეჭებში, წადი, რაღაო?!

პირიქითის ალაზანი უფრო ადიდებული და გაგულისებული დაგვხვდა, ვიდრე გომეწრისა. ფონს ამაოდ ვეძებდით... ტალღები უნდა გადაგვეკვეთა. ცხენებს დიდხანს ვეხვეწეთ, დავემუქრეთ და შევუძახეთ კიდეც, მაგრამ წყალში შესვლას არცერთი არ ჩქარობდა. ბოლოს მაინც დაგვემორჩილნენ. 

პირველმა ტალღამ რომ დაგვარტყა, ოდნავ შექანდა მერცხალა. ძლივს შევიკავე თავი და კაზაკურ უნაგირსაც მაგრად ჩავებღაუჭე. სამ წუთს იბრძოდა გახელებული ცხოველი, ნელ-ნელა დინების მიმართულებით იხრებოდა და ბოლოს ისეთი ძალით ავარდა ნაპირზე, ლამის წონასწორობა დავკარგე. ამაყი ფრუტუნი, რასაკვირველია, არ დავიწყებია! 

თავით ფეხამდე დასველებულს მეც სითბოდ ჩამეღვარა სიამაყე. იმ წუთას ამ ერთიციდა, ასაკშეპარულ თუშურ ცხენს არაბეთის საუკეთესო ულაყიც არ მერჩივნა. 

მერე დართლომდე მერცხალა ხან ჩორთით მიდიოდა, ხანაც გაინავარდებდა ხოლმე. სადავე ერთხელაც არ მომიზიდავს. სიცოცხლის სუნი ვიყნოსეთ ორივემ და ნელა სიარულს აღარცერთი ვკადრულობდით.

დღე მეხუთე

დართლო თუშეთის ყველაზე ლამაზი სოფელია. გვერდიგვერდ აშენებულ ორ კოშკს კვავლოს ციხე გადმოჰყურებს. ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში ცამ ერთადერთხელ გადაყარა ღრუბელი, დანარჩენ დროს გადაუღებლად აწვიმდა ქვის სახურავებს. 

კვავლოსკენ აღმართს დილის 9 საათზე დავადექით. ტურისტებმა მკითხეს, თუშურ ყველს როგორ აკეთებენო და ერთ-ერთ ეზოს მივადექით. იქ მომუშავე ბერიაცს ვთხოვეთ, ყველის გაკეთებას თუ აპირებთ, დაგესწრებითო. 24 ძროხა მყავს და ეხლაღა მოვრჩი წველას, ორიოდ საათს მოცდა მოგიწევთო, გვიპასუხა. 84 წლის კაცი იყო, მარტო ცხოვრობდა. ეზო-კარსაც უვლიდა და ძროხებსაც. ასაკი არც ეტყობოდა. ამ მთების მნახველს რა დამაბერებსო, წვერ-ულვაშში ჩაიცინა და სიყვარულით გახედა ნისლიან მწვერვალებს. 

ჯერ კიდევ პირველ დღეს მითხრეს, თუში მეწყერმა, ცხენმა ან მტერმა თუ არ იმსხვერპლა, 120 წლამდე იცოცხლებსო. ამ ბერიჯაცის შემყურე ამის დაჯერება ნამდვილად არ ჭირდა. 

დრო ცოტა გვქონდა, წვიმაც ძლიერდებოდა და უკან დაბრუნებამ მოგვიწია. ბერიკაცს ჯანმრთელობა ვუსურვეთ და წამოვედით. დართლოში ბარგი უნდა აგვეღო და ომალოსკენ დავძრულიყავით, მაგრამ ჩვენმა დიასახლისმა გალუმპულები რომ დაგვინახა, მოჭრით გვითხრა, სანამ არ გათბებით, არსად გაგიშვებთო. წინააღმდეგობას ვინ გაუბედავდა?! თანაც ქონდრის ჩაის სითბო ჰაერივით გვჭირდებოდა. 

ღია სასადილოში არომატული, ქაფქაფა ჩაის გარდა თუშური კოტორი და ნამცხვარიც გველოდა. მთებს ვუყურებდი. მსმენოდა, სადღაც მათ სიღრმეში კეთროვანთა აკლდამებიაო ჩამალული. ადრე, თურმე, ვინმე თუ შეატყობდა, კეთრი შემეყარაო, დედაბუდიანად აიშლებოდა სოფლიდან, აკლდამაში მიდიოდა, წინამორბედთა ძვლებს გადმოყრიდა საწოლიდან, მიწვებოდა მის ადგილზე და სიკვდილს ელოდა... სიკვდილი კი დიდხანს არ მოდიოდა. 

ომალოსკენ შუა გზაზე ისე დაუშვა წვიმამ, გაჩერებამ მოგვიწია. წვრილ მდინარედ გადაქცეულ ბილიკზე ცხენებს ფეხი უცურავდათ და სიარულის გაგრძელება სახიფათო იყო. ტოტებგაშლილ ხეს შევაფარეთ თავი, მაგრამ მალევე ცხადი გახდა, გადაღებას არ აპირებდა. ისევ სადავეში წავავლე ხელი მერცხალას და ქვეითად გავუყევით ტყეს. 4 საათი მაინც ვიარეთ თავსხმაში. 

ასეთი ტალახიანი და სველი არასდროს მივსულვარ უცხო სახლში. მრცხვენოდასავით, მაგრამ ომალოელმა მასპინძლებმა ისე მიგვიღეს, რიდი საერთოდ გადამავიწყდა. 

ტურისტები ოთახში გაამწესეს. მე კი მერცხალასთვის დრუნჩზე მოფერება, ჩუმი მადლობის თქმა და დამშვიდობება ძლივს მოვასწარი, ხელი ჩამავლეს, ტილოს თოჯინასავით სამზარეულოში შემათრიეს, შეშის ღუმელთან დამსვეს და ქონდრის ჩაი მომაჩეჩეს, არ გაგვიცივდეო. 

მერე ღუმელისა და ადამიანების სითბოთი გაბრუებული ჩუმად ვუყურებდი დიასახლისების ფუსფუსს. საუბარსაც ვისმენდი. თუშური დიალექტი თითქმის არ მესმოდა, მაგრამ იმდენად მსიამოვნებდა, ნათქვამის აზრი არც მაინტერესებდა. 

მეორე დილას მთებმა ისევ წვიმით გამოგვაცილეს. ახლადგაღვიძებული მიჩვევის გამო თითქოს მეც მეტირებოდა. თბილისი კი მშობლიური მონატრებით მექაჩებოდა თავისკენ.

სარდაფში ვცხოვრობ

Wednesday, July 15, 2009

სარდაფში ვცხოვრობ. 

არა, კიბის ქვეშ კი არა, სარდაფში... ცნობისთვის, არასდროს დამიხატავს ჩაპუტკუნებული ქალბატონები, ხორაგიანი სუფრები ან დუქნების აბრები. მეტიც, სწორი ხაზის გავლებაც არ შემიძლია, ამიტომ ცნობილ პრიმიტივისტთან შედარებისგან თავი შეიკავეთ (თუმცა, შევუდარებივარ არაერთს - ნებაყოფლობით არჩეული საცხოვრებელი ადგილის გამო, რა თქმა უნდა!) 

მიყვარს ყველაფერი, რაც ამ ოთახში უცხო თვალისთვის ყრია უსწორ-მასწოროდ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს - ჩემთვის. იმიტომ რომ გიტარას (რომელზეც მტვრის გადაწმენდა ხან მეზარება, ხანაც მავიწყდება), ჩილიმს (რომელიც, კონტრაბანდისტივით, დაშლილ მდგომარეობაში ჩამოვიტანე იაფოდან) და დიდი ბებიის საკერავ მანქანას (რომლის კარადაზეც დიდხანს განისვენებდა მისთვის სრულიად შეუფერებელი კომპიუტერი) წარსულის სუნი უდის - საუკუნეების კი არა, საკუთარი წარსულის სუნი! ყველაზე ტკბილი სურნელი სამყაროში! მერე რა, რომ ამ სურნელს ხანდახან მტვრის ან ნიკოტინის მკვეთრი არომატიც გაერევა ხოლმე... ასატანია!

მიყვარს ოთახში ვერშემოღწეული მზე და ჰაერი, კარის გაღებისთანავე რომ შემომეფეთება და თვალს მჭრის... კი, ჰაერმაც შეიძლება, მოგჭრას თვალი! სმენას თუ დავძაბავ, იქნებ ყველა სიტყვაც გავიგონო, რაც ოდესმე თქმულა ამ სივრცეში. აქ ცოცხლდება ყველა, ვინც დიდი ხნის წინ დამიკარგავს და გაცოცხლდება, ვისაც დავკარგავ... 

განზრახ არ ვცვლი ხავერდის ფარდას, რომელიც დიდი ხანია, დაძველდა და იმ ადამიანმა შემიკერა, ვისაც მეგობარს ვეძახდი ერთ დროს, დღეს კი გამარჯობის თქმა ეზარება ან არ უნდა. მისი საქმეა!.. ჩემთან კი მისი გადაკერილი ფარდა კიდია!..

სიბნელეშიც ვხედავ, სად და რამდენი ჭიკარტია ჭერზე - ჩემივე მიმაგრებული და მერე, უძილობისას არაერთხელ გადათვლილი. მახსოვს აცა-ბაცად აკრულ თეთრ ქაღალდს ამოფარებული ყოველი გაზეთი კედლებზე და სია მათი, ვინც ჩემს სამყაროში არ დაიშვებიან. 

არც შუშას ვუცვლი და არც ჩარჩოს უსაყვარლეს ფოტოს, რომელსაც პირი-სახე მაშინ გაებზარა, ცალი ხელით ჩაბღაუჭებული ტელეფონის მოციმციმე ეკრანზე ამოკითხული სიტყვების გამო ყველა კიდურში სისუსტე რომ ვიგრძენი და ადგილის შესაცვლელად მეორე ხელში აღებული სურათი სასწაულად დამძიმდა. ოფიციალური ვერსიით, მორიგი დაუდევრობა გამოვიჩინე, სინამდვილეში კი იმ სისუსტის მიზეზი მარტო ორმა ადამიანმა ვიცით - მე და იმ უცნობმა გოგომ, ზემოხსენებული ფოტოდან გვერდულად რომ მიყურებს ხოლმე!

კიდევ ერთ უცნობს, თეთრწვერას, თვალები მიულულავს გვერდით კედელზე და ისე იღიმება, ხანდახან ჩამესმის კიდეც ღუღუნით ნათქვამი სიტყვები - "გენაცვალეთ, ბალღებოოო". 

მიყვარს გაღვიძებისა და დაძინების წინ დანახული ყოველი დღე და ყოველი ღამე... საერთო ჯამში ოცდაჩვიდმეტიოდე ღამე, თეთრ დღეში ჩახატული. აკრძალულ ხილს მოტკბო გემო დაჰკრავს. კვადრატულ ხარისხში აყვანილს - განსაკუთრებით! 

მიყვარს კედელზე მიყუდებული ბილიარდის მაგიდა, დიდი ხანია, მოთამაშეებს რომ ელოდება ამაოდ; ბებიაჩემის სარდაფიდან ამოთრეული უძველესი, ლამაზფეხებიანი სკამიც, რომელსაც არც საზურგე აქვს მთელი და არც მძიმე წონითი კატეგორიის ადამიანებისთვისაა მიზანშეწონილი მასზე განსვენება... მეღიმება თოჯინების თეატრიდან დარჩენილი, თავდახრილი ტორშერის დანახვაზე - ძმაო დავითის ხანმოკლე სამსახიობო “კარიერა” უნებლიე, თბილ ღიმილს იწვევს და იმიტომ. 

ამ მაკრატელს რა ხანია, ვეძებდი, თურმე ფანქრების ჭიქაში ჩამხტარა, ნეტავ ის ბლოკნოტიც მაპოვნინა, ბოლო ორი კვირაა, რომ გამალებით ვეძებ სრულიად უშედეგოდ. არ უნდა, რომ ვიპოვო ალბათ და იმალება. ხომ ვთქვი, აქ ყველაფერი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს-მეთქი. 

და მე დავდივარ წრეზე... ხანდახან ვტოვებ სამყაროს, რომელიც თავისით სუნთქავს... მივდივარ სადღაც, ხან სამი დღით ყოველ სამ დღეში ერთხელ, ხან ათი დღით სრულიად არაპროგნოზირებადი შუალედებით. და ისევ ვბრუნდები აქ, სარდაფში, სადაც ჩემთან ერთად მხოლოდ მელქიადესი ცხოვრობს! 

წეღან სარეცხს ვფენდი..

Thursday, July 2, 2009

წეღან სარეცხს ვფენდი. 

არცთუ ხშირად ვაკეთებ ამას... ნუ, იმაზე იშვიათად, ვიდრე უნდა ვაკეთებდე. არ მიყვარს სარეცხის დაფენა, მტვრის გადაწმენდა, დაგვა და მისთანები. მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში თუ წამიცდება ხელი, თანაც წინასწარი ფსიქოლოგიური ტრენინგის გარეშე არაფერი გამოდის. ალბათ იმიტომ, რომ წყვილი ხელი მეგულება, რომელსაც ძალიან თუ სთხოვ, შენს მაგივრად გააკეთებს საქმეს. ხანდახან!.. ხან კი - არ!

ჰოდა, სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა ჩემი მორიგი თხოვნის შემდეგ წყვილიდან ერთ-ერთმა ხელმა საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა ნიშნად უარისა, მეორემ კი სარეცხი მანქანისკენ მიმანიშნა. სხვა გზა არ იყო. ტაშტითა ხელ და სარჭებით გულდამშვენებელი ღამის ორ საათზე ეზოში გავედი. 

მიყვარს დღე-ღამის ეს მონაკვეთი. თითქმის ყველას რომ სძინავს, ან ნახევრად წასულია სიზმრების ქვეყანაში, შენ კი ფუსფუსებ - თუნდაც საძულველ საქმეს აკეთებ და გიხარიასავით. საიდანღაც ძაღლის ყეფა ისმის, ფანჯრებიდან - ტელევიზორის ბუბუნი, სმენას თუ დაძაბავ, ყოფილი მერიის თავზე ჩაშენებული საათის კარგად ნაცნობ ხმასაც გაიგებ, რომელიც ჩვეულ ტონალობაში გამცნობს, რომ ღამის ორი საათია და ყველაფერი წესრიგში... არაა. 

და აი, ამ ჩვეულ გარემოში, სრულიად მოულოდნელად გონებაში მშვენიერი რემედიოსის სახება ამომიტივტივდა და მთელი არსებით ისე ვიგრძენი მსგავსება მარკესის ამ პერსონაჟთან, როგორც არასდროს. მერე რა, რომ რემედიოსი თეთრეულის გაფენისას ამაღლდა ცად, მე კი მომტევეთ, საცვალს ვფენდი და ვერც ამაღლებას ვეღირსე (არადა, ორიოდ წამით მეგონა, რომ სწორედ ასე მოხდებოდა). სანტა სოფიას და არკადიო ბუენდიას ქალწულის მშვენებას რამდენიმე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჩემს ნუსხაში კი წყალში გადამხტარი არავინ მეგულება ჯერ (ჯერ???)... ვერა, ვერ დავიკვეხნი მაკონდოს უმშვენიერეს ასულად წოდებას (ჰმ! სოლოლაკსაც ვიკმარებდი, პრინციპში). 

სამაგიეროდ... სამაგიეროდ 29 ხანდახან ასის ტოლია... ასივე ისეთი ერთნაირია?!. და ზოგი ვერ ძლებს ასის შესრულებამდე... ერთ დილას თეთრეულის გაფენისას მიფრინავს ღრუბლებისკენ... მეც გავფრინდებოდი...

ღმერთო, მერამდენედ უნდა ჩამივარდეს სარჭი აივნიდან? - ვფიქრობ ჩემთვის, რემედიოსის სახება ქრება და მე მივდივარ ჩემი სარდაფისკენ, სადაც არავინ მელოდება მელქიადესის გარდა.

ჭიდან ამოპეშვილი წყალივით ნუ დამისხლტები!

Monday, June 1, 2009

მაღალი სიცხე მაქვს. ცეცხლი უკიდია ყველაფერს გარშემო, მგონია. ვბორგავ და ადგილს ვერ ვპოულობ, უდაბნოს ქვიშასავით მეკრობა ტანზე ზეწარიც, ბალიშიც, საბანიც... სამყარო ირწევა, იდღვიბება... გამომშრალი თვალების მილულვაც კი ქუთუთოებს მწვავს...

წყურვილით გახელებული საიდანღაც მოულოდნელად ამოზრდილ ჭას მივადგები. მიკვირს, ცხადია... მაგრამ ვიცი, რომ იქ წყალია. სუნს ვგრძნობ წყლის, ოდნავ რომ გიყუჩებს წყურვილს, ისეთ სუნს. მაცოცხლებელს.

არც სათლი კიდია ჭაზე, არც თოკია ჩაშვებული. უდაბნო შემოუკრავს ვიღაც ღვთისნიერის მოზიდულ ქვებს. ვიწროა მიწის გულისკენ ჩაწვდილი ხელი, თუმცა სიღრმე აქვს ისეთი, თვალს ვერ ჩააყოლებ. 

სხვა გზა არ არის. ჭის პირზე ვჯდები, ფეხებს ჩავკიდებ თვალუწვდენელი ძირისკენ. კედლებიდან გამოჩრილ ქვებს წვალებით ვაბჯენ ტერფებს, ოდნავ ჩავიჩოჩებ და ხელებით ვეყრდნობი მომრგვალებულად ჩამწყრივებულ ლოდებს... ნელა ვიწყებ ქვევით სვლას, თორემ ერთი უხერხული მოძრაობაც საკმარისი იქნება, რომ...

ფეხების ტკივილს ვგრძნობ, მერე ხელის გულებიც უერთდება აკვნესებულ ტერფებს - გადახეხილს, დასისხლიანებულს. ისე მიზიდავს წყლის სუნი, არაფრად ვაგდებ გახურებული სხეულის ქვითინს.  

ორიოდ წამით ავხედავ ცას, რომ ცრემლი არ დამცდეს თვალიდან... რომ სიმლაშით არ წაიბილწოს ჯერ ვერხილული სიმტკნარე... დაღამებულა. ვარსკვლავებით მოჭედილა სულ ახლახან მზით გახუნებული ცისფერი, სიშავეშეპარულ სილურჯედ ქცეულა. ჭაში მაინც არ ბნელა, წყლიდან არეკლილი მომწვანო სიმშვიდე დაჰკრავს კედლებს. უცნაურია. 

ერთი ნაბიჯი, ერთიც... კიდევ... რა ღრმაა, ეს დალოცვილი?! როგორც იქნა, ფეხზე მეფერება სისველე. ცალი ხელით კედელზე თავის შეკავებას ვცდილობ, მეორეს პეშვად ვკრავ და ჭის გულისკენ ვაცურებ. სიცოცხლე მომაქვს ბაგისკენ მგონია, მაგრამ გზად მისხლტება და წვეთებადღა კრთის თითებზე ალაგ-ალაგ. არ ვეშვები, ისევ ვიწევ წყლისკენ და ისევ მეცლება ხელიდან. მესამედაც ვცდი ამაოდ...

მერე კედელს ვწყდები... კი არ ვვარდები, განზრახ ვიძირები სიგრილეში. ნეტარებისგან თვალებს ვხუჭავ და მეღიმება - თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ ჭიდან წყლის ამოღებას ვერ შეძლებდა ვერავინ, აქამდე ვერავის შეძლებია, რით განვსხვავდები? 

მერე უპეები თავისით იხსნება - რატომღაც სილურჯეში. და ზურმუხტებად (?!) მიმობნეულ ყოველ ვარსკვლავს ვუმეორებ გაუჩერებლად - ჭიდან ამოპეშვილი წყალივით ნუ დამისხლტები! 

მერე ტელეფონი რეკავს! გაზაფხულის წვიმად დამთენებია ღამე! მეღიმება... 

და მე მივრბოდი ჭვავის ყანაში...

Wednesday, May 13, 2009

უცნაური გრძნობა იყო. ფრთებით ლამის ცის კარიბჭეს ვებჯინებოდი და წინ მივიწევდი. ისეთი მშვიდი იყო ფრენა, ხანდახან ფრთის გაშლა მავიწყდებოდა. ქარი მიფანტავდა წელამდე ჩამოზრდილ თმას და ხავერდოვანი ხმით მეჩურჩულებოდა. ვიძირებოდი ამ ხმაში, ასე მეგონა. ვუსმენდი, ვუსმენდი დაუსრულებლად და მისი მონაბერი ჰაერით ვსუნთქავდი. 

პერიოდულად ჩემს მხარზე ისვენებდა ქარი... წარმოგიდგენიათ?!. მერე იღვიძებდა, დაიღალეო, მკითხავდა და ფრთებზე ამკრავდა სიოს, ისევ კარიბჭისკენ ამიტაცებდა... არ დაეცეო. 

დროდადრო ღრუბლები იფანტებოდა - ხან მთები ჩანდა, ხან ზღვები, ხან მდინარეები, ხანაც ხეები მიწამდე ჩამოღვენთილი ტოტებით. ადამიანებიც ჩანდნენ და არ მაინტერესებდა არცერთი. 

მერე ჭვავის ყანა ამობიბინდა საიდანღაც ისე მოულოდნელად, შევცბი და სამოთხის კარს ავკარი თავი. მეტკინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ნელა დავეშვი ყანაში და მზისკენ ოქროდ აზიდულ თავთავებს მივეფერე. ქარიც ჩამომყვა ჩურჩულით. მერე წამოწვიმა და ბავშვივით გამიხარდა, რომ ვსველდებოდი. ნუ გეშინია, არ გაგაცივებო, ქარი მიმტკიცებდა და წვეთები მოჰქონდა ჩემსკენ. და მე მივრბოდი ჭვავის ყანაში, სიოდ ქცეული...

მერე ფეხი დამიცდა. ხავსს მოვეჭიდე. კლდეს მოვწყდებოდი უკვე, მეგონა, როცა ხელი შემაშველა ვიღაცამ. თბილი, ძლიერი, უზარმაზარი ხელი იყო ჩემსა და ხახადაფჩენილ უფსკრულს შორის, გუგუნით რომ მეძახდა. 

მიშველე-მეთქი, ამოვიკვნესე და ცისკენ ავიხედე. ჭაობისფერი დაჰკრავდა ღრუბლებს და მამშვიდებდა თითქოს, სრულიად რატომღაც... ფრთები გაშალეო, - ქარის ხმით მითხრა ჭაობისფერმა ცამ და უფრო ძლიერად ჩამებღაუჭა. უკუნი მიხმობდა თავისკენ და ფეხებთან დასრიალებდა. ხელს თუ გამიშვებ, ფრთები ვეღარ-მიშველის-მეთქი, ამის თქმაღა მოვასწარი და გამეღვიძა. 

მთელი ტანით ვკანკალებდი. სიზმრიდან გამოყოლილი ცრემლების სისველეს ვგრძნობდი სახეზე, ისეთ სიბნელეში დავუბრუნდი რეალობას, წამის მეასედით მეგონა, რომ ვერ დამიჭრეს, ვერ მიშველეს, წაჭრილი ფრთების იმედად მიმატოვეს უფსკრულის პირზე დაკიდებული. 

შიშს აყოლილმა თავის დამშვიდება ვცადე ამაოდ. არ მშველოდა. მერე სამყაროსავით ძველი ლოცვა ვთქვი. ერთადერთი ლოცვა, რომელსაც ოდესღაც თავად მივანიჭე ძალა და არც ერთხელ არ უღალატია. მე რომ არ მიღალატია მისთვის, ალბათ იმიტომ... 

მერე შიში გაუჩინარდა უეცრად. და მივხვდი, რომ არც ისე ბნელოდა ოთახში, როგორც თავიდან მეჩვენა, ბალიშიც არ იყო ისეთი ცივი... არც საწოლის კიდის მიღმა მელოდა პირდაფჩენილი უფსკრული...

მერე გათენებამდე მხოლოდ ის მახსოვს, რომ ცას ჭაობისფერი დაჰკრავდა. 

გოგიი, რაო ზარატუსტრამა?

Thursday, May 7, 2009

მორიგი ზემეცნიერული ნაშრომი

"მატლიდან ადამიანობამდე დიდი გზა გაიარეთ და ბევრი რამ მაინც მატლისა დაგრჩათ. ოდესღაც მაიმუნები იყავით და ახლაც, ნებისმიერ პრიმატზე დიდი მაიმუნი ადამიანია". ეს მე არ მითქვამს. ასე იტყოდა ზარატუსტრა.

ნიცშესთან გაცნობის სურვილით გულანთებულმა და სასწაულად დაინტერესებულმა იმით, თუ რას ამბობდა ასეთს ღირსი ზარატუსტრა, რამდენიმე წლის წინ შესაბამისი წიგნი ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე. მაშინვე ვიცოდი, რომ რთული დღეები მელოდა. მარტო ის რად ღირს, რომ ზემოხსენებულ წიგში დედამიწაზე ცნობილი ყველა სახეობის სოკო ხარობდა. მართალი გითხრათ, ფრიად მიკვირს, როგორ გადავურჩი მუტაციას, რამეთუ ჩემს ხელთ არსებული საგანძურის ფლორა ყველა მხრიდან იზიდავდა რადიაციას.

მოკლედ, ორი კვირის განმავლობაში ცხარედ ვაგინებდი ყველა ქართველ ბიბლიოთეკარს, ნიცშეს, ზარატუსტრას, რადიკალურ ათეიზმს და ჩემს მეზობელ ცირას, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეუღლე ნოდარასთან ჩხუბის გამო მშვიდად კითხვის საშუალებას არ მაძლევდა.

რაღა გავაგრძელო, დავიტანჯე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა ძალისხმევამ უაზროდ ჩაიარა. მაგალითისთვის პოსტის დასაწყისში აღნიშნული ფრაზაც საკმარისია. უდავოდ გენიალური სიტყვებია, რადგან გაძლევს საშუალებას, დაფიქრდე ყოველივე მიწიერზე, ადამიანთა რაობაზე და თუნდაც იმაზე, რომ... ზეგანვითერებულო ადამიანო, თუ ქმარს ორი კვირა გამუდმებით ეწიოკები, სჯობს, გაეყარო, დაისვენო და დაასვენო სულ მცირე, სამი პერსონა შენს გარდა - ნოდარა, მე და ტრიფონია! ვახ!

ჰოდა, პრიმატებზე მოგახსენებდით: გულზე ხელის დადებით (თუგინდ, მჯიღის დაკვრით) ვაცხადებ, რომ ერთი ჩემი ნაცნობი ნამდვილი აღმოჩენაა და იგი აუცილებლად შესწავლილ უნდა იქნეს, როგორც უდავო დადასტურება პატივცემული დარვინის თეორიისა. და განა მხოლოდ იგია ასეთი?! დიახ, ბატონებო, ადამიანთა ნაწილი ნამდვილად წარმოიშვა მაიმუნისგან და მათმა უმრავლესობამ ჯერჯერობით განვითარების ნახევარი გზა გაიარა.

რელიგიურნი ამა ქვეყნისა ნუ გამიწყრებით - ჯერ ჩემი თეორია ბოლომდე ჩაიკითხეთ და მერე გინდ ქვა მესროლეთ, გინდ ტიტები და თუგინდ, ა-კა-ემის 5.62 კალიბრიანი ტყვიები. ამასთანავე, ნურც მეექვსე მცნება დაგავიწყდებათ!..

როგორც უკვე აღვიშნე, მაიმუნთა შთამომავლობას კაცობრიობის ნაწილი თუ დაიკვეხნის, დანარჩენები კი წარმოქმნილ არიან ადამისგან, ევასგან და ცხადია, ლილითისგან (რასაც ზარატუსტრა არასდროს აღიარებდა). ადამისა და ევას ტანდემის, აკრძალული ხილისა და ედემში უფასო ბინის დაკარგვის ისტორია ყველასათვის კარგად არის ცნობილი. აი, ლილითი სხვა საქმეა - ლილითი პირველი ცოლების კლუბის ასევე პირველი წარმომადგენელი გახლდათ.

ებრაულ მითოლოგიაში წერია, ადამს რომ არ მოეწყინა, ღმერთმა ქალი შექმნა და ლილითი უწოდაო. თავიდან კარგად იყვნენ ადამი და ლილითი, რა უშავდათ, კარგს ჭამდნენ და კარგს სვამდნენ... მერე ადამს უთქვამს, ქალო, ნასკები გამირეცხეო, ლილითს დედიშობილა ქმრისთვის შეუხედავს და გაჰკვირვებია, რა გაგირეცხო, რაც არ გაქვსო. რას მიბედავო, გაბრაზებულა ადამი და ვაშლის ხის ქერქზე მიურტყამს ხელი (შარზე იყო, რა!). ქალთა დისკრიმინაციას აქვს ადგილიო, თმა გაუშლია ლილითს... მერე სიტყვას სიტყვა მოჰყოლია, ლილითს აუღია თავი, რითაც მოვედი, იმით მივდივარ, შენი არაფერი მინდაო, მიუხლია და გაყრია ადამს (ორი კვირა კი არ უწიკვინია, ზოგიერთებისგან განსხვავებით!). ადამს მოუწყენია ისევ. ღმერთსაც ევა შეუქმნია, თანაც მისივე ნეკნიდან - შენი სხეულის ნაწილი წინააღმდეგობას როგორ გაგიწევს, ადამ-იანოო! აბა, წინააღმდეგობის რა გითხრათ, ვაშლი კი შეუპარებია... დანარჩენი იცით!..

თქვენი ნებაა, ამ ლეგენდას ირწმუნებთ თუ არა, მაგრამ ხანდახან ჯაგარაშლილ ფემინისტებს რომ ვუყურებ, ძალაუნებურად მჯერა ლილითის არამითიურობა და მომკალით, თუ გინდათ!

მატლიდან ადამიანობამდე დიდი გზა გაიარეთ, და ბევრი რამ მაინც მატლისა დაგრჩათო, ასე იტყოდა ზარატუსტრა. მის მიერ ნათქვამი ბევრი რამ შეიძლება, არ ირწმუნოს ადამიანმა, მაგრამ აი, ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა. გინახავთ ოდესმე ალკოჰოლისგან გამოჩერჩეტებული (სხვანაირადაც შეიძლება მოხსენიება, მაგრამ სამეცნიერო ნაშრომს არ მოუხდებოდა!) ჰომო საპიენსი? ის ბობღავს, ვერ მეტყველებს, ვერ აზროვნებს და მისი სხეულის ყველა შესაძლო ადგილიდან ლორწოვანი სითხე ჟონავს. რითი განსხვავდება ზემოხსენებული არსებისგან? არც არაფრით. ანუ, Долой пивной алкоголизм!

დაბოლოს, სულ ახლახან შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას სრულიად შოკისმომგვრელ დიალოგს მოვკარი ყური (ცხადია, აქცენტი თავის სიმაღლეზე იყო!) - ერთი გლეხი ეუბნებოდა მეორეს: გოგიი, რაო ზარატუსტრამა, რა თქვა, გვეშველება რამეო? მეორემაც უპასუხა, რავი, ბუჯო, მინდორშია გასული და რო მოვა, შენთითონა კითხეო.

ძალიან გვეჩქარებოდა და ვერ გავჩერდი, რომ გამომეკითხა, იმ გლეხს, რომელსაც ივერიის გაბრწყინება-არ გაბრწყინების პროგნოზს ეკითხებოდნენ, მართლა ზარატუსტრა ერქვა, თუ მეტსახელად ეძახდნენ. ვერც ის გავიგე, საიდან ჰქონდა მას ასეთი კომპეტენტური ინფორმაცია და ამას გარდა... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვისგან ან რისგანაც უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა წარმოშობილი, ფაქტი ფაქტად რჩება - ჩვენი ქვეყანა ერთადერთია დედამიწის ზურგზე, სადაც მიყრუებულ სოფელში შეხვდებით ზარატუსტრას, რომელიც ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს!

იყო და არა იყო რა...

Monday, May 4, 2009

_ ...ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა უფლისწულმა, სასახლის ბაღში ამოსული ეკალბარდი ხმლით გაცელა, მიძინებულ მზეთუნახავს აკოცა და გამოაფხიზლა...

_ მერე?

_ მერე ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად.

_ მერე?

_ მერე ძილის დროა!

===============

სადღაც შორს, სამჯერ ცხრა წლის წინ მიკითხავდნენ, ცხრა მთა უნდა გადაიარო და ცხრა ზღვა გადაცურო, რომ ბედს ეწიოო. დიდხანს არ მჯეროდა, მაგრამ ბედი თავისით რომ არ გამოჩნდა, ვიფიქრე, იქნებ ლოდინს აზრი არ ჰქონდეს, ვაიდა, ძიების დრო არის-მეთქი. გაფიქრება ერთია, კეთება - მეორე.

მგზავრობა არ შედგა... არც რამის ძიებამ იხილა მზის შუქი და არც რამის პოვნამ - არც საკუთარი თავში და არც მის მიღმა... ვითომ დავდივარ, ვითომ ვდგავარ, ვითომ ვიცინი და ვტირი კიდეც იშვიათად, ოღონდ ვითომ.

ცხოვრება კარგა ხანია, ნათხოვარი ფეხსაცმელივით მოვირგე და ვითომ შევეჩვიე. ჭადრაკის დაფაზე ადგილმიკუთვნებული ფიგურასავით ველოდები ჩემს სვლას, რათა ისევ პაიკში გავიცვალო, ოღონდ რეალურად და არა - ვითომ.

ლოდინი ჭირს ყველაზე მეტადო, მწვანილის სასესხებლად (?!) გადმოსულმა მეზობელმა ბებიაჩემს უთხრა ერთხელ სრულიად უადგილოდ და მაშინ ვერაფერი გავიგე, თუმცა ისე ჩამეჭედა თავში იმ ქალის ჩივილი, ოციოდ წელმა ძვრა ვერ უყო. გუშინ (!!!) მომხდარს ვივიწყებ ხოლმე, ის ნათქვამი კი ვერაფრით ამოვძირკვე! ქვიშიან სანაპიროზე აცა-ბაცა მიწერილ სამ მარტივ სიტყვასთან მხარდამხარ დამრჩა გონებაში.

იმ სამი სიტყვის ავტორს ვუთხარი, ლოდინი ჭირს ყველაზე მეტად, ტყუილად ნუ გაწვალდები-მეთქი. კარგიო, დამეთანხმა და... დღემდე მელოდება. რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება სტკივა და ვითომ-ცხოვრებას ირჩევს ალბათ, როგორც ბევრი. მისი საქმეა!

გიჟი ხარ, ნამდვილი გიჟი, - ღიმილით ნათქვამი ფრაზა ღიმილითვე მიმიღია არაერთხელ და ბავშვივით გამხარებია, რომ ეს სიმართლეა.

ერთხელ ერთმა ნაცნობმა მითხრა, რომ იცოდე, როგორ მომბეზრდა თამაში, სიცოცხლის სუნი მენატრებაო. ერთი ჩვეულებრივი, გაჩხიკინებული ბიჭი იყო, არაფრით გამორჩეული - უსმენდა რეპს, დასდევდა უკლებლივ ყველა მწვანეთვალება მანდილოსანს განურჩევლად ასაკისა და გაბარიტებისა, იჭყიპებოდა “კოკა-კოლათი” და უზომო რაოდენობით ჭამდა ფენოვან ხაჭაპურს. ყოველთვის მეგონა, რომ რაიმეზე სერიოზულად დაფიქრება მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. გონებაჩლუნგი კი არ იყო, უბრალოდ პერპეტუმ-მობილე ცეტი გახლდათ და რა ექნა?

ჰოდა, ერთხელ სრულიად მოულოდნელად მომიბრუნდა, უცხო სევდით შემომხედა და ის სიტყვები მითხრა, უკვე რომ ვახსენე. გაოცებისგან მეტყველების უნარი დავკარგე. არ ველოდი მარადიული ჯამბაზისგან ასეთ სერიოზულობას და მომკალით. ხუთი წუთი გაშეშებულები ვიდექით - მე მაკვირვებდა გაგონილი, იმას ალბათ, თავისივე ნათქვამი. მერე მითხრა, იცი, ბეჰემოთი თვალებს რომ ხუჭავს, რას აღებსო?.. ხომ გითხარით, ცეტი იყო-მეთქი, მაგრამ თურმე ცხოვრების სუნი ენატრებოდა ჩემსავით!..

===========

_ დე, ცოტაც წამიკითხე, რა!

_ ხვალ, ხვალ წაგიკითხავ... ბევრს!

Табор уходит в...

Tuesday, April 28, 2009

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე... არა, ასეთი დაწყება არ მინდა, თან ჩემამდე ეს სიტყვები უთქვამთ უკვე, მგონი, და გამეორება რა საკადრისია (კაკოი უდარ ოტ კლასსიკა!). ჰოდა, სხვანაირად დავიწყოთ! 

(მელოდრამატული მუსიკა წარმოიდგინეთ და ისე განაგრძეთ კითხვა) თეატრის კართან ატუზულს თუ ჭიანჭველამ არ დაგირბინა ზურგზე, რაა თეატრი... რამდენჯერ მქონია ეს შეგრძნება? თავს არ შეგაწყენთ რიცხვებითა და გამოთვლებით, თავმდაბლად გეტყვით, რომ ბევრჯერ. და რა გასაკვირია, რომ მსგავსი რამ განვიცადე, ოდეს ორიოდ დღის წინ მარჯანიშვილის თეატრის პარტერში განვისვენებდი ფარდის ახდამდე... 

მოიცა, მოიცა!.. (ჩათვალეთ, რომ აქ მუსიკა ფრიად უხეშად შეწყდა!) ყველაფერი თავიდან დავიწყოთ... (მელოდია აღსდგა ფენიქსისებრ) კაფეში შეკრებილმა, დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა საღამოს გაგრძელება-არდასრულების მიზნით სპექტაკლზე წასვლა გადავწყვიტეთ. 8 საათის შესრულებას ოცდაათიოდე წუთიღა აკლდა, ამიტომ შესაშური ერთსულოვნებითა და სისწრაფით მივიღეთ გადაწყვეტილება - წავიდეთ მარჯანიშვილში! და წავედით. 

(მელოდრამატულ მუსიკას ექშენ საუნდტრეკი ცვლის) ზუსტად არ მახსოვს, რა სასწაულით მოვახერხეთ უბადრუკ მდგომარეობაში მყოფი ტაქსის 100 კმ/სთ სიჩქარით ამოძრავება (ტაქსისტის შეფუცხუნების ხარჯზე, ცხადია), როგორ შევცვივდით ხელოვნებას მოწყურებული ჰუნებივით სალაროს განყოფილებაში და რა სახე ჰქონდა ყოველივე ამის მხილველ მოლარეს... უბრალოდ გეტყვით, რომ სპექტაკლი, რომელზე დასწრებასაც ვგეგმავდით, უკვე ანშლაგურ მდგომარეობაში დაგვხვდა, სამაგიეროდ, დიდ დარბაზში "ბოშები" გადიოდა. ბავშვობაში წაკითხულ-გადაკითხულ-დაზეპირებული დუმბაძე გამახსენდა (როგორც ჩანს, სხვებსაც) და გადაწყდა - შევიდეთ! 

დრო აშკარად შურს იძიებდა რაღაც დანაშაულისთვის, რომელიც არ ვიცი, როდის ჩავიდინეთ და გაორმაგებული სისწრაფით მირბოდა. მივრბოდით ჩვენც - აღთქმული კარებისკენ. ჩემმა ზურგის ჭიანჭველამ ერთი კი დააპირა მუხლის გაშლა, მაგრამ ვინ აცადა? ჯერ დავსხდეთ და მერე ირბინე, შენი ჭირიმე-მეთქი. ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია. 

(მუსიკალურ გაფორმებას უკვე თვითონ მიხვდით!) ლოდინი, სანამ ფარდა აიზიდება... ნუთუ ამ გრძნობას რამე შეცვლის? არა მგონია! და მიდის ფარდა დაუსრულებლად ზევით... პირველი მიზანსცენა, პირველი მოხიბვლა არცთუ ცუდი დეკორაციისთვის და პირველი ფალში, პირველი გაოგნება (მუსიკა დაივიწყეთ საერთოდ! მორჩა!!!)...

სათითაოდ განვიხილავ ყველაფერს:

პიესის ავტორს ყველაზე მეტი უნდა მოხვდეს წესით, ჰოდა, სპექტაკლის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ მივხვდი, რატომ ვეძებდი უშედეგოდ მის ვინაობას პროგრამაში - კაცი მალვაშია ალბათ ამ უბადრუკობის დაწერისთვის და დავანებოთ თავი! Иди с миром, сын мой! 

რეჟისორი - კობა სხილაძისთვის “ბოშები” პირველი სპექტაკლი ყოფილა. ეს ინფორმაცია ინტერნეტში აღმოვაჩინე, რათა გამერკვია, საერთოდ ვინ არის ზემოხსენებული ადამიანი და რას გვერჩოდა საათნახევრის განმავლობაში. დიად სტანისლავსკის მისთვის ორიოდ სიტყვა ექნებოდა შემონახული - Не верю! და ამით ყველაფერია ნათქვამი. არ მჯერა, ბატონებო! არ მჯერა, რომ ეს ადამიანი რეჟისორია, ან იქნება ოდესმე. 

შესრულება - აი, აქ მოიცააა! მთელი სპექტაკლის განმავლბაში მსახიობები გაურკვეველი მიმართულებით და სრულიად რატომღაც დარბიან სცენაზე. ან გახევებულები დგანან, მცირე გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა. გურანდა გაბუნია მაქსიმალურად ცდილობს სიტუაციის გაუმჯობესებას, მაგრამ ვერ გათეთრდების ყორანიო, გსმენიათ ალბათ! 

ბოშები - თბილისის ძველ უბანში გაზრდილს ოხრად ბოშები მინახავს, მაგრამ მზად ვარ, ძველ აღთქმაზე, სახარებაზე, ყურანზე და ლენინის ნაშრომთა სრულ კრებულზე დავიფიცო, რომ არ მინახავს არც ერთი მათგანი, ვინაც რუსულად ქართული აქცენტით ლაპარაკობდეს, ქართულად უაქცენტოდ და ბოშურადაც ქართული აქცენტით. ისევ სტანისლავსკის დავესესხები - Не верю! 

ცეკვა - ბოშური. ეს უნდა ნახოთ! სიკვდილამდე ყველამ უნდა ნახოს სულ მცირე, სამი რამ - ჯულიეტა მაზინას ცრემლი "კაბირიას ღამეებში", სესილიას უცრემლო ტირილი "ნატვრის ხეში", და ოთხი მსახიობი, რომლებიც ამ სპექტაკლში ბოშურ ცეკვას ჯახირობენ. მესამე შემთხვევის ხილვის შემდეგ საკუთარ თავზე გამოცდით, რატომ ტირიან პირველ და მეორე რიგში ნახსენები დიადი ქალბატონები! მე ავტირდი! 

აღარ გავაგრძელებ! რაღა ვთქვა? ჩემი დარდი მაქვს... პატარა ჭიანჭველა დავკარგე! თუ ნახოთ სადმე, გადაეცით, რომ უკვე მენატრება! 

It Takes Two...

Thursday, April 23, 2009

ისევ ველოდები. გასულები არიან. იქით ზედმეტად სახიფათოაო, მითხრეს და მანქანასთან დამტოვეს... სოფლის თავზე გადმოკიდებულ სასაფლაოსთან ბალახზე ჩამოვჯექი და მეფიქრება დაუსრულებლად... მიწა ნამიანია. ნელ-ნელა სინესტეს ვგრძნობ ფრიად პიკანტურ ადგილას, მაგრამ მაინც არ ვდგები. სადღაც მამალმა დაიყივლა, მერე ძროხამ აუბა მხარი და გადაძახილში ადგილობრივი ავტორიტეტივით ორღობეში მოხეტიალე ძაღლიც ჩაერთო. 

მერე ყველა და ყველაფერი მიყუჩდა. ქარის გარდა. ქარი ისევ მიწივის ყურში, რაღაცას მიმტკიცებს, მაგრამ მისი არ მესმის. მცივა. ერთი მხრივ, ქარის გამო, მეორეც, სასაფლაოზე ყოველთვის მამცივნებს რაღაცნაირად - შიგნიდან. სხვანაირი სიჩუმე იცის აქ და იმიტომ ალბათ... 

არაერთხელ მითქვამს და მიფიქრია, რომ სოფელში მინდოდა, მქონოდა სახლი, სადაც არავინ იცხოვრებდა ჩემს გარდა. სახლს ექნებოდა ლამაზი აივანი, მრგვალი, კოხტა მაგიდითა და ორი სკამით (რატომ ორი? ისე, ყოველი შემთხვევისთვის). გამოვიდოდი დილაადრიან აივანზე, ჩაის ფინჯნით და საქარგით ხელში, დავჯდებოდი და მოვუსმენდი მელოდიას, რომელსაც სოფლის ხმაური ჰქვია და რომელიც ყოველთვის უცხო იყო ჩემთვის, ქალაქში დაბადებულისთვის. 

იმ სახლს ბუხარიც ექნებოდა, ისიც პატარა და კოხტა, წინ ჩამწკრივებული ორი, მუქი კაკაოსფერი სავარძლით (მეორე სავარძელი - ყოველი შემთხვევისთვის). სოფლის ხმაურის მოსმენით გადაღლილი და საღამოს სუსხით მობუზული შებინდებულზე ოთახში რომ შემოვიდოდი, ბუხარი რაღაც საოცრებით უკვე ანთებული დამხვდებოდა. არ მკითხოთ, თუ არავინ არის სახლში შენს გარდა, ცეცხლს ვინღა დაანთებდაო. ოცნება მაცადეთ, პრაგმატისტო საპიენსებო!..

მოკლედ, დავჯდებოდი ცეცხლთან, წითელი ღვინის ბოკალს მოვიდგამდი გვერდით და სანამ რამე ძალიან საინტერესო წიგნის კითხვას გავაგრძელებდი, ფეხებთან მიწოლილ კოკერ სპანიელს გადავუსვამდი ბეწვზე ხელს. ისიც წამოყოფდა თავს, მხიარულად აქაქანდებოდა ცოტა ხნით, კუდის ნაგლეჯს ააცანცარებდა, მუხლებს დამისუნავდა და ისევ დადებდა თავს. უსიტყვოდ ეცოდინებოდა, რომ მისთვის არ მეცალა იმ მომენტში (ასე მხოლოდ ძაღლებს ესმით. ამბობენ, ცხენებსაცო, მაგრამ სოლოლაკში ცხენის დასაბმელი ადგილი ვერ ვიპოვე და ამ განცხადების შემოწმების საშუალებაც მაგიტომ არ მომცემია ალბათ არასდროს!.).

ჰოდა, წიგნის კითხვას შუაღამისას დავასრულებდი და მეორე სართულზე ავიდოდი, სადაც გაშლილ-დათბილული საწოლი დამხვდებოდა. ჩავწვებოდი და დავიძინებდი, ისე, როგორც ქალაქში ვერასდროს მოახერხებს ადამიანი. 

მეძინებოდა ტკბილად, ფერადად, მეორე დილას ისევ ავიღებდი ხელში საქარგს, ერთ ჭიქა ცხელ, ლიმონიან ჩაის და გავიდოდი კოხტა აივანზე, სადაც მრგვალი მაგიდა და ორი სკამი დამხვდებოდა. ერთ სკამზე ჩამოვჯდებოდი, მეორე ყოველი შემთხვევისთვის იდგებოდა გვერდით, ცარიელი, როგორც ყოველთვის! 

ასე გაგრძელდებოდა ძალიან დიდხანს... სამ დღეს და მერე მომბეზრდებოდა. რატომ ბეზრდებათ ადამიანებს ახდენილი ოცნება, ნეტავ?! იქნებ იმიტომ, რომ მეორე სავარძელი ნატვრაშიც კი, ცარიელი ხვდებათ?! ისევ...