Saturday, October 17, 2009
ბოლო დროს იმდენი ადამიანი მელაპარაკა შიშებზე და იმდენჯერ, რომ ძალაუნებურად, სარდაფში განმარტოებულს ყოველი მათგანი მესტუმრა. შობის ღამის აჩრდილებივით ჩამწკრივდნენ ერთ რიგად და შემომყურებდნენ. მოთმენით ელოდნენ, როდის გავიხსენებდი თითოეულს, დაძლეულს.
ერთს ყველაზე დიდი თვალები ჰქონდა. სიზმარში მეწვეოდა ხოლმე, რა დამავიწყებს?! თან ხშირად... გარბიხარ, გარბიხარ, გარბიხარ... როგორც იქნება, სახლში შეასწრებ რაღაცას თუ ვიღაცას, კარს გადარაზავ ათასი საკეტით და შვებით ამოსუნთქვას რომ დააპირებ, მაშინღა გახსენდება - კარს მიღმა დარჩა ვიღაც შენიანი... მე დედა მრჩებოდა გარეთ და ტირილით ვიღვიძებდი. მერე დაძინების მეშინოდა.
მესამე სტუმარი ბნელი იყო უმთვარო ღამესავით. შავ მოსასხამში ჩაემალა თავი და ცივი ხელები ჰქონდა. რამდენ ხანს მიყვარდი და როგორ გამექეციო, - სინანულით მითხრა მიტოვებული საყვარელივით. მხრები ავიჩეჩე და გამეღიმა. ბევრი სახე ჰქონდა. ხან ვერზევულს ჰგავდა, წაწვეტებული რქებით, ხან კვამლის უზარმაზარ ღრუბელს... ხან მოულოდნელად გაჩნდებოდა ზურგს უკან და ქირქილებდა გამყინავად, ხანაც შემომეწებებოდა ტანზე და ხედვას მიჩრდილავდა. სიბნელე ერქვა და არ მეშინოდა მისი. არა, ალბათ ცოტათი მეშინოდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ბნელეთის კოშკში მასთან გატარებული ექვსიოდე საათის შემდეგ დაპატარავებულიყო რაღაცნაირად...
სხვების სიმრავლის გამო ვერ შევამჩნიე თავიდან. ვერც ეხლა ვცნობდი. დავაკვირდი. თვალები საერთოდ არ ჰქონდა. ორი ბნელი სიცარიელე მომჩერებოდა უძირო ხვრელებად. შემაჟრჟოლა. უსასრულობად ქცეული ორიოდ გაელვების მერეღა ვიგრძენი, რომ შუბლი დამცვარვოდა.
მერე კედლები დავიწროვდა და დარჩა ერთადერთი კუთხე, საიდანაც მარტოობა მიყურებდა ცარიელი თვალებით.