Saturday, January 31, 2009
სვლა პირველი – სტანდარტული, E2 – E4. საპასუხო სვლა შავებისგან. თეთრები აგრძელებენ. სტანდარტულადვე. როქის დროც დადგა. შეტევისგან ორივე მხარე იკავებს თავს.
მძიმე არტილერია სრულ მზადყოფნაშია. ბრძოლის ველზე თეთრების დედოფალი გამოენთო. ცენტრისკენ გაიჭრა. თავდაჯერებულად, როგორც სჩვევია. შავებს შეცდომა არ აპატია და მხედარი ველიდან ხელის ერთი მოსმით გაუსტუმრა.
შავი მეფის რიგებში შავი შიში ჩასახლდა. ქვის მეომრებს ალაგ-ალაგ ბზარებიც გაუჩნდათ. ქაოსის სიღრმიდან შობილი, გაშმაგებული ქალის თვალებში ჩახედვა ხუმრობა ხომ არ არის?!
პანიკა მტრის ბანაკში. რამდენიმე მოუქნელმა სვლამ არ დააყოვნა და თეთრი დედოფლის რისხვა ორივე შავტუხა ოფიცერმა საკუთარ ტყავზე გამოსცადა – თავები წააგდებინეთო, ისე გასცა ბრძანება, თვალი არ დაუხამხამებია. მასთან შეწინააღმდეგებას ვინ გაბედავდა? ცოცხალი არავინ გაუშვათ, მეფე გვყავს დასაცავიო, შეჰკივლებდა პერიოდულად.
მეფე გვყავს დასაცავიო? მეფეს სამი პაიკი და ეტლი იცავდა. ხანდახან ამოჰყოფდა ხოლმე თავს ქონგურებიდან, თვალებს გადაავლებდა ბრძოლის ველს, გახელებულ დედოფალს გადასძახებდა, მსხვერპლი ძალიან დიდია, ხალხი დაზოგეო და ისევ ციხე-კოშკში შეიმალებოდა. მსახურ-პაიკებიც უცებ მოურბენინებდნენ ხილს, ყელი გაიგრილე, მეფევ ბატონოო.
ბოლოს რომ გადახედა ჯარს, გვარიანად შეთხელებული ეჩვენა, მაგრამ მტერი უფრო ცუდ დღეში იყო - დედოფალი დაეკარგათ. სამი პაიკის და ერთი ცხენის ამარა დარჩენილიყვნენ.
მეფე-ბატონმა გამარჯვების სუნი იკრა. გაიბღინძა. გაჩვენებთ სეირს, შავეთის მსახურებოო, შესძახა და სიტყვა შეაშრა ბაგეზე. მაშინღა გაახსენდა, ვინ იყო ამალის მმართველი და ბრძოლის ველზე გასვლა მოიწადინა – აბა, ვინმეს ხომ არ ათქმევინებდა, ცოლის მოგებულ ბრძოლას რატომ იფერებსო?! დედოფალი განზე გადგა.
შეცდომა. მეორე. მესამე. მბრძანებელო, ვიღუპებითო, უნდოდა ეთქვა დედოფალს, მაგრამ ვერ ბედავდა. მორჩილ მეუღლეს არ შეჰფერის ქმართან შეპასუხებაო, ფიქრობდა. საქმე ცუდად იყო. მეფე ჯერ იხტიბარს არ იტეხდა, მერე მიწის ფერი დაედო. ასე ხომ დამარცხებაც შეიძლებოდა?!
გადარჩენის შანსი არსებობდა, მაგრამ მეფე მას ვერ ხედავდა. სამაგიეროდ, იპოვა სხვა, მარტივი გამოსავალი, რომელსაც უცილობლად გამარჯვება უნდა მოეტანა... ჯერ თვალებს არ დაუჯერა, მერე დარწმუნდა, რომ არ ცდებოდა და სახე გაებადრა.
დედოფალი პაიკში გაიცვალოსო, ბრძანა. სიჩუმე ორ წამს გაგრძელდა. მერე ამაყად თავაწეული დედოფალი სიკვდილისკენ დაიძრა, მერე იყო გამარჯვება. მერე ზეიმიც იყო. მეფის ორმაგად დაფასებასაც არ დაუგვიანია. უკვე მერამდენედ აღიარეს უძლეველ მმართველად! ცრემლიც იყო... სიხარულის. გამარჯვების. ბედნიერების. იმ საღამოს თეთრებთან სევდიანი არავინ დარჩენილა.
და მერე რა?! მერე რა, რომ დედოფლებს ხშირად პაიკებში ცვლიან?!.