ჭიდან ამოპეშვილი წყალივით ნუ დამისხლტები!

Monday, June 1, 2009

მაღალი სიცხე მაქვს. ცეცხლი უკიდია ყველაფერს გარშემო, მგონია. ვბორგავ და ადგილს ვერ ვპოულობ, უდაბნოს ქვიშასავით მეკრობა ტანზე ზეწარიც, ბალიშიც, საბანიც... სამყარო ირწევა, იდღვიბება... გამომშრალი თვალების მილულვაც კი ქუთუთოებს მწვავს...

წყურვილით გახელებული საიდანღაც მოულოდნელად ამოზრდილ ჭას მივადგები. მიკვირს, ცხადია... მაგრამ ვიცი, რომ იქ წყალია. სუნს ვგრძნობ წყლის, ოდნავ რომ გიყუჩებს წყურვილს, ისეთ სუნს. მაცოცხლებელს.

არც სათლი კიდია ჭაზე, არც თოკია ჩაშვებული. უდაბნო შემოუკრავს ვიღაც ღვთისნიერის მოზიდულ ქვებს. ვიწროა მიწის გულისკენ ჩაწვდილი ხელი, თუმცა სიღრმე აქვს ისეთი, თვალს ვერ ჩააყოლებ. 

სხვა გზა არ არის. ჭის პირზე ვჯდები, ფეხებს ჩავკიდებ თვალუწვდენელი ძირისკენ. კედლებიდან გამოჩრილ ქვებს წვალებით ვაბჯენ ტერფებს, ოდნავ ჩავიჩოჩებ და ხელებით ვეყრდნობი მომრგვალებულად ჩამწყრივებულ ლოდებს... ნელა ვიწყებ ქვევით სვლას, თორემ ერთი უხერხული მოძრაობაც საკმარისი იქნება, რომ...

ფეხების ტკივილს ვგრძნობ, მერე ხელის გულებიც უერთდება აკვნესებულ ტერფებს - გადახეხილს, დასისხლიანებულს. ისე მიზიდავს წყლის სუნი, არაფრად ვაგდებ გახურებული სხეულის ქვითინს.  

ორიოდ წამით ავხედავ ცას, რომ ცრემლი არ დამცდეს თვალიდან... რომ სიმლაშით არ წაიბილწოს ჯერ ვერხილული სიმტკნარე... დაღამებულა. ვარსკვლავებით მოჭედილა სულ ახლახან მზით გახუნებული ცისფერი, სიშავეშეპარულ სილურჯედ ქცეულა. ჭაში მაინც არ ბნელა, წყლიდან არეკლილი მომწვანო სიმშვიდე დაჰკრავს კედლებს. უცნაურია. 

ერთი ნაბიჯი, ერთიც... კიდევ... რა ღრმაა, ეს დალოცვილი?! როგორც იქნა, ფეხზე მეფერება სისველე. ცალი ხელით კედელზე თავის შეკავებას ვცდილობ, მეორეს პეშვად ვკრავ და ჭის გულისკენ ვაცურებ. სიცოცხლე მომაქვს ბაგისკენ მგონია, მაგრამ გზად მისხლტება და წვეთებადღა კრთის თითებზე ალაგ-ალაგ. არ ვეშვები, ისევ ვიწევ წყლისკენ და ისევ მეცლება ხელიდან. მესამედაც ვცდი ამაოდ...

მერე კედელს ვწყდები... კი არ ვვარდები, განზრახ ვიძირები სიგრილეში. ნეტარებისგან თვალებს ვხუჭავ და მეღიმება - თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ ჭიდან წყლის ამოღებას ვერ შეძლებდა ვერავინ, აქამდე ვერავის შეძლებია, რით განვსხვავდები? 

მერე უპეები თავისით იხსნება - რატომღაც სილურჯეში. და ზურმუხტებად (?!) მიმობნეულ ყოველ ვარსკვლავს ვუმეორებ გაუჩერებლად - ჭიდან ამოპეშვილი წყალივით ნუ დამისხლტები! 

მერე ტელეფონი რეკავს! გაზაფხულის წვიმად დამთენებია ღამე! მეღიმება... 

6 comments:

DelphiKnight said...

როგორც ყოველთვის დიიდ სიამვნებით ვკითხულობ შენს ბლოგ ლიკა და სულმოუთქმელად ველოდები ახალ ჩანაწერს :)

პუ.სუ. სად მოახერხე გაციება?

Anonymous said...

ძალიან კარგი პოსტები გაქვს! დიდი სიამოვნებით წავიკითხე. ჩემთან დაგამატე ბლოგროლში და, სურვილის არსებობის შემთხვევაში, შენც დამამატე ;)

Lalena said...

ლიიიიიკ აი ნეტა ახლა არ წამეკითხა და შენთან, რომ ვიქნებოდი მაშინ წაგეკითხააა... მაგრად ჩაგეხუტებოდი (ჰუგ)

Sophie שרה Golden said...

[ლიკა, რამდენი ხანია, არ "მინახიხარ" :( იმედია, ყველაფერი კარგადაა შენკენ.]

Lots of love and hugs :)

Asklypiodota said...

შენეული ქვიშის ფილოსოფია?:)შენთან ერთად გავიარე ეგ გზა,იმდენად ცხადად აგწერე და ალბათ მაგიტომ მეტკინა ასე:(ჩემს ბლოგზე შენთვის ჩემეული ქვიშის ფილოსოფიის დაწერა გადავწყვიტე:)

Asklypiodota said...

როცა პირველად წავიკითხე სევდა მომგვარა რატომღაც,დღეს კი ...დღე კარგ ხასიათზე დავდექი:)იცი როგორ მიყვარხარ?ჩემი დადებითი ენერგია ხარ,ჩემი სითბო და მიხარიხარ