Monday, May 4, 2009
_ ...ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა უფლისწულმა, სასახლის ბაღში ამოსული ეკალბარდი ხმლით გაცელა, მიძინებულ მზეთუნახავს აკოცა და გამოაფხიზლა...
_ მერე?
_ მერე ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად.
_ მერე?
_ მერე ძილის დროა!
===============
სადღაც შორს, სამჯერ ცხრა წლის წინ მიკითხავდნენ, ცხრა მთა უნდა გადაიარო და ცხრა ზღვა გადაცურო, რომ ბედს ეწიოო. დიდხანს არ მჯეროდა, მაგრამ ბედი თავისით რომ არ გამოჩნდა, ვიფიქრე, იქნებ ლოდინს აზრი არ ჰქონდეს, ვაიდა, ძიების დრო არის-მეთქი. გაფიქრება ერთია, კეთება - მეორე.
მგზავრობა არ შედგა... არც რამის ძიებამ იხილა მზის შუქი და არც რამის პოვნამ - არც საკუთარი თავში და არც მის მიღმა... ვითომ დავდივარ, ვითომ ვდგავარ, ვითომ ვიცინი და ვტირი კიდეც იშვიათად, ოღონდ ვითომ.
ცხოვრება კარგა ხანია, ნათხოვარი ფეხსაცმელივით მოვირგე და ვითომ შევეჩვიე. ჭადრაკის დაფაზე ადგილმიკუთვნებული ფიგურასავით ველოდები ჩემს სვლას, რათა ისევ პაიკში გავიცვალო, ოღონდ რეალურად და არა - ვითომ.
ლოდინი ჭირს ყველაზე მეტადო, მწვანილის სასესხებლად (?!) გადმოსულმა მეზობელმა ბებიაჩემს უთხრა ერთხელ სრულიად უადგილოდ და მაშინ ვერაფერი გავიგე, თუმცა ისე ჩამეჭედა თავში იმ ქალის ჩივილი, ოციოდ წელმა ძვრა ვერ უყო. გუშინ (!!!) მომხდარს ვივიწყებ ხოლმე, ის ნათქვამი კი ვერაფრით ამოვძირკვე! ქვიშიან სანაპიროზე აცა-ბაცა მიწერილ სამ მარტივ სიტყვასთან მხარდამხარ დამრჩა გონებაში.
იმ სამი სიტყვის ავტორს ვუთხარი, ლოდინი ჭირს ყველაზე მეტად, ტყუილად ნუ გაწვალდები-მეთქი. კარგიო, დამეთანხმა და... დღემდე მელოდება. რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება სტკივა და ვითომ-ცხოვრებას ირჩევს ალბათ, როგორც ბევრი. მისი საქმეა!
გიჟი ხარ, ნამდვილი გიჟი, - ღიმილით ნათქვამი ფრაზა ღიმილითვე მიმიღია არაერთხელ და ბავშვივით გამხარებია, რომ ეს სიმართლეა.
ერთხელ ერთმა ნაცნობმა მითხრა, რომ იცოდე, როგორ მომბეზრდა თამაში, სიცოცხლის სუნი მენატრებაო. ერთი ჩვეულებრივი, გაჩხიკინებული ბიჭი იყო, არაფრით გამორჩეული - უსმენდა რეპს, დასდევდა უკლებლივ ყველა მწვანეთვალება მანდილოსანს განურჩევლად ასაკისა და გაბარიტებისა, იჭყიპებოდა “კოკა-კოლათი” და უზომო რაოდენობით ჭამდა ფენოვან ხაჭაპურს. ყოველთვის მეგონა, რომ რაიმეზე სერიოზულად დაფიქრება მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. გონებაჩლუნგი კი არ იყო, უბრალოდ პერპეტუმ-მობილე ცეტი გახლდათ და რა ექნა?
ჰოდა, ერთხელ სრულიად მოულოდნელად მომიბრუნდა, უცხო სევდით შემომხედა და ის სიტყვები მითხრა, უკვე რომ ვახსენე. გაოცებისგან მეტყველების უნარი დავკარგე. არ ველოდი მარადიული ჯამბაზისგან ასეთ სერიოზულობას და მომკალით. ხუთი წუთი გაშეშებულები ვიდექით - მე მაკვირვებდა გაგონილი, იმას ალბათ, თავისივე ნათქვამი. მერე მითხრა, იცი, ბეჰემოთი თვალებს რომ ხუჭავს, რას აღებსო?.. ხომ გითხარით, ცეტი იყო-მეთქი, მაგრამ თურმე ცხოვრების სუნი ენატრებოდა ჩემსავით!..
===========
_ დე, ცოტაც წამიკითხე, რა!
_ ხვალ, ხვალ წაგიკითხავ... ბევრს!
5 comments:
"გიჟი ხარ, ნამდვილი გიჟი, - ღიმილით ნათქვამი ფრაზა ღიმილითვე მიმიღია არაერთხელ და ბავშვივით გამხარებია, რომ ეს სიმართლეა." - რა ნაცნობი სიხარულია :)
როგორია სიცოცხლის სუნი???
Lika, you're like no-one else :) :love: :hugs:
ათასჯერ მითქვამს,არ დავიღლები გამეორებით,რომ მიხარიხარ,ჩემიანი ხარ,და არასოდეს,არასოდეს დამთავრდები ჩემთვის სიტყვებით:"იყო და არა იყო რა..."
როგორც ყოველთვის, შენი პოსტები ჩამაფიქრებენ ხოლმე. აი ეხლაც, ღამის პირველ საათზე თავ-ფეხიანად მუშაობაში ჩარგულს, შენი პოსტი შემომეფეთა. წავიკითხე და... მოდი დღეს მეტს აღარ ვიმუშავებ...
სოფ, სიცოცხლის სუნი როგორ აგიხსნა, აბა?! ”The words are no good for secret meaning, everything becomes a bit different, as soon as it is put into words, gets distorted a bit, a bit silly" (ჰერმან ჰესე; ”სითხართხა”).
ასკლიპიოდოტა, ვერ გწერ საპასუხო კომენტარს, უბრალოდ გეტყვი, რომ მზე დღესაც ანათებდა! :)
დელფინაით, ხვალ, ხვალ იმუშავებ... ბევრს :)
Thanks, people! :)
ერთი ისტორია გამახსენდა: მე7 კლასში ვიყავი სკოლიდან სახლში მომავალმა არ ვიცი რატომ, მაგრამ, გავიფიქრე. ეს ხომ სპექტაკლი არაა, რომლის დამთავრებას მსხაბიებეი ერთი სურვილით ელიან... მქუხარე ტაში... ცხოვრებაც დამთავრდება, მხოლოდ მაშინ როცა არ ელი და არ ტაშის ხმა იქნება... მაშინ საშინლად მეტიკნა გული...
Post a Comment