Wednesday, May 13, 2009
უცნაური გრძნობა იყო. ფრთებით ლამის ცის კარიბჭეს ვებჯინებოდი და წინ მივიწევდი. ისეთი მშვიდი იყო ფრენა, ხანდახან ფრთის გაშლა მავიწყდებოდა. ქარი მიფანტავდა წელამდე ჩამოზრდილ თმას და ხავერდოვანი ხმით მეჩურჩულებოდა. ვიძირებოდი ამ ხმაში, ასე მეგონა. ვუსმენდი, ვუსმენდი დაუსრულებლად და მისი მონაბერი ჰაერით ვსუნთქავდი.
პერიოდულად ჩემს მხარზე ისვენებდა ქარი... წარმოგიდგენიათ?!. მერე იღვიძებდა, დაიღალეო, მკითხავდა და ფრთებზე ამკრავდა სიოს, ისევ კარიბჭისკენ ამიტაცებდა... არ დაეცეო.
მერე ჭვავის ყანა ამობიბინდა საიდანღაც ისე მოულოდნელად, შევცბი და სამოთხის კარს ავკარი თავი. მეტკინა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ნელა დავეშვი ყანაში და მზისკენ ოქროდ აზიდულ თავთავებს მივეფერე. ქარიც ჩამომყვა ჩურჩულით. მერე წამოწვიმა და ბავშვივით გამიხარდა, რომ ვსველდებოდი. ნუ გეშინია, არ გაგაცივებო, ქარი მიმტკიცებდა და წვეთები მოჰქონდა ჩემსკენ. და მე მივრბოდი ჭვავის ყანაში, სიოდ ქცეული...
მიშველე-მეთქი, ამოვიკვნესე და ცისკენ ავიხედე. ჭაობისფერი დაჰკრავდა ღრუბლებს და მამშვიდებდა თითქოს, სრულიად რატომღაც... ფრთები გაშალეო, - ქარის ხმით მითხრა ჭაობისფერმა ცამ და უფრო ძლიერად ჩამებღაუჭა. უკუნი მიხმობდა თავისკენ და ფეხებთან დასრიალებდა. ხელს თუ გამიშვებ, ფრთები ვეღარ-მიშველის-მეთქი, ამის თქმაღა მოვასწარი და გამეღვიძა.
შიშს აყოლილმა თავის დამშვიდება ვცადე ამაოდ. არ მშველოდა. მერე სამყაროსავით ძველი ლოცვა ვთქვი. ერთადერთი ლოცვა, რომელსაც ოდესღაც თავად მივანიჭე ძალა და არც ერთხელ არ უღალატია. მე რომ არ მიღალატია მისთვის, ალბათ იმიტომ...
მერე გათენებამდე მხოლოდ ის მახსოვს, რომ ცას ჭაობისფერი დაჰკრავდა.
11 comments:
ძალიან ლამაზია! მომეწონა, ნეტავ მეც მეხერხებოდეს ესე წერა.
DelphiKnight მეც მშურს!
სიურეალიზმის შედევრია, წარმოიდგინე რენე მაგრიტის, სალვადორ დალის და ლუი ბუნუელს ერთად რომ შეექმნათ რამე, ეს გამოვიდოდა.
ანდრე მასონის ავტომატიკას გავს, ისეთივე გაოტური და ბუნდოვანია და თან კონტურები აბსოლუტურად აღქმადი.
რატო ვიფილოსოფოსე ამდენი არ ვიცი. უფრო მარტივადაც შემეძლო თქმა მაგრამ, შენ თვითონ ხარ რთული და მრავალმხრივი და მაგიტომაც ალბათ.
P.S. რო მეამაყები ეგ უკვე ვთქვით, ტაკ შტო ნი ნადა შჩას
გაოტურში რეალურად ქაოტური იგულისხმება.
P.S. პოსტ ფაქტუმ კორექციას და პოსტ სქრიფტუმებს ძაან დავეჩვიე ამ ბოლო დროს
'ფრენა' ჭვავის ყანაში... ლამაზი იყო
დიმ, მითქვამს ოდესმე, რომ ყოველთვის მიხარია შენი კომენტები? არა? ჰოდა, გეუბნები :))))
სოს, მინდა, მჯეროდეს!
ელი, თენქიუები :)
სპეციალურად ბატონი ჯოსთვის: P.S. მეორე კომენტში აღნიშნული იმ ჩვევის ამბავში ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს ეჩვენე, არ გაგიმიზეზდეს, შენი ჭირიმე! :)))))))))))
კარგია:)
ალბათ ამ ბოლო დროს სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" წაიკითხე :)
ჭაობისფერი ცა ლამაზია საცქერად,მაგრამ საშიში; იზიდავს, ძირავს და ახრჩობს..თანაც თავად მსხვერპლი ამას ყველაზე გვიან ხვდება.
სიზმარი,რეალობა,იმედი და იმედგაცრუების შიში,სურვილი,ოცნება და ფანტაზია ერთმანეთში არეული...
ძალიან ლამაზია...საოცრად სასიამოვნოდ იკითხები...ვმეორდები,მაგრამ ემოცია ყოველთვის ასეთია შენი ნაწერის კითხვისას..
როდერიგო სანტორო, ეს იყო მრავალი წლის წინ. :))) თუმცა, დღემდე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია! :)
ბეტი, ისე ზუსტად გესმის, რასაც ვწერ, ხანდახან მაშინებ კიდეც! :)))) უღრმესი მადლობა! :)
იყო კი სიზმარი?..
იყო! სალ, მჯერა, რომ სიზმარი რეალური ცხოვრების აჩრდილია. ამიტომ ვერ გაიგებ, სად მთავრდება რეალობა და სად დაკრავს ცას ჭაობისფერი!
ჭაობისფერი ცა,როგორი მძიმე და როგორი მსუბუქია ამავდროულად...ჩაძირვა მო
გინდა ჯენი?:)
ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს რა ჰქვიათქო რა გითხარით-ოტო-რინო-ლარინგოლოგი:)
არ შემიძლია არ გითხრათ,ჰარდპედონაფტები ვინ არიან იცით?:)ვინც მშენებლობის ნახაზებისთვის სამგანზომილებიან სივრცეში სტერეომეტრიულ ფიგურებს აკეტებს:)
და ნუ გაქვს ეგეთი სახე:)
Post a Comment