მე მოვედი შორიდან

Wednesday, May 12, 2010

მე მოვედი შორიდან. დიდხანს მიწია სიარულმა და მოვედი... ქვიან-ღორღიან, ყვავილებიან, ხანაც თოვლიან ბილიკებზე მივლია თურმე რამდენიმე წელიწადს და მოვედი.

მრავალფერად აფეთქებული დამხვდა ტყემალი... ტყემალს რომ თეთრი  ყვავილი აქვსო?! – შემისწორებს მცოდნე და არ გაემტყუნება. ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის იღვრებოდა მრავალ ფერად. ხომ ხდება ასე? ჰოდა, ჩემთვისაც მოხდა ერთხელ... მხოლოდ ერთხელ, მერე დამემალა, გაცივდა, გაშრა და აორთქლდა, ვიდრე თვალიდან გადმოღვენთილი სიცხე ლავიწის ძვლამდე მიაღწევდა.

მანამდე კი... მანამდე იყო გზა.

ჯერ არამეულს დავეუფლე გზის გასაკვლევად, მერე მაკედონიურს, ჰინდუს, ტიბეტურს, მერე აღარ მახსოვს... და მოვედი მთვარიან ღამით... და წმინდა არაბულად ვთქვი, რომ გეძებდი... და აუღელვებლად, ქართულად მიპასუხე, რომ ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე...

მერე ათას ერთხელ მეგონა, რომ გავიგე ნათქვამი ჩემად, ჩემთვის, ჩემო. ათას ერთხელ ვისუნთქე უკვე ნასუნთქი ჰაერი ტკბილად. ათას ერთხელ გამაოგნა დღის დაბადებამ და კვდომამ კვლავ სიცოცხლისთვის. და ღიმილმა გამაოცა, მანამდე არნახულმა, არგანცდილმა, ხშირმა ღიმილმა დილაობით.

და იყო... იყო მიწა უსიერი ტყით დაფარული. ალაგ დამსკდარი მიწაც იყო, გახურებულ უდაბნოში ჰორიზონტად დამთავრებული. იყო მზე ვარსკვლავებით გარშემორტყმული და მთვარეც იყო, არა ერთი – რამოდენიმე...

და იყო ჩრდილი... ორი... აქედან და დარუბანდამდის.

იყო მანამდის, სანამ ცრემლი თვალებიდან მიაღწევდა ლავიწის ძვლამდე და წახვიდოდი ინგლისურად – უხმაუროდ და სიტყვების დაუფანტავად.

4 comments:

Joseph said...

"და იყო ჩრდილი... ორი... აქედან და..."

ხო გქონია განცდა, წაიკითხავ და გგონია სათქმელი დაგასწრეს, ძალიან შენეული ტქვეს, ნაცნობი და ახლობელი. ახლა ასე ვარ.

სასწაულად წერ, რამდენჯერ მითქვამს, ვმეორდები უსასრულოდ, დარუბანდამდე :)

რა ბედნიერი ვარ, რომ ჩემიანი ხარ. გულწრფელად და მარადის, ჯოქეი :))))

ეს ხელმოწერა მიწირავს (შეწირვა პირველ პირში, მხოლობით რიცხვში ასე ითქმის?!) :))))

DelphiKnight said...

ძალიან ლამაზია, დილიდან ჩამაფიქრა და მასიამოვნა!

მადლობა ლიკა ამ ყველაფრისათვის!

Lalena said...

მჯერა,რომ მრავალფერად აფეთქებულ ტყემალთან ჩვენც დაგხვდით :*

Anonymous said...

tavidan, kitxva rom davicke tu mogvianebit, melqisedeki gamaxsenda, ratomxac.. magram mere da mere, ucbad gaqrnen iluziebi :))

axla raxa damzinebs! :)) am dasaqcev venashi (ratom dasaqcev ar vici, magram mainc) isedac sami daicko, magram zili ara da ar ineba mobrdzaneba. sheni insomnia tu gadmomedo:))

survili gamichnda davxato is rac dacere. oxond meshinia, imdenad kargad giceria.

amascinat mesizmre:) rac arc tu ise xshirad xdeba xolme. imis tkma mindoda rom momentre!!!

eh, chemo ambako, kidev bevrjer cavikitxav me shens striqonebs!!