მინდა...

Sunday, March 21, 2010

მინდა ღიმილი პირველ რიგში... მინდა და მორჩა.

მინდა ფული, მერე რა, რომ ჭუჭყიაო, გამიგონია.

მინდა საბუთი, რომლის უქონლობის გამოც მეგობრები მანქანაში არ მისხდებიან.

მინდა სითბო. კარიდან ცხვირის გაყოფას მიშლის უმისობა და იმიტომ.

მინდა, ეს მაიმუნი პასტა არ მაწვალებდეს და ნორმალურად წერდეს.

მინდა სახლი, რომელშიც კარადა დგას... მის უკან სინათლის ჩამრთველი... ხელს ბრმად შეაცურებ, წკაპ... და გაანათებ ოთახს.

მინდა სარკმლიდან შემოსული მზე მაღვიძებდეს.

მინდა უდარდელი 24 საათი.

მინდა ეგვიპტეში წასვლა სამოგზაუროდ.

მინდა სიმართლე, წამხდარი კი არა... ისეთი, როგორიც არის.

მინდა ჯანმრთელი ბებია.. ახალი - არა... როგორიც მყავს, ოღონდ ჯანმრთელი.

მინდა 6 თვით წარსულში დაბრუნება... ალბათ შევცვლიდი რაღაცეებს, ოღონდ ალბათ.

მინდა, მიხაროდეს სამსახურში წასვლა.

მინდა, წაიშალოს სიტყვები "ვითომ", "რატომ" და "მერამდენედ".

მინდა, ხანდახან მაინც მჩუქნიდნენ ყვავილებს. ვაღიარებ, ჩემი ბრალია, ასე რომ არ ხდება, მაგრამ მაინც...

მინდა საათი, რომელიც არ მუშაობს.

მინდა, მზის ჩასვლა არ იყოს ბანალური.

მინდა, არ მავიწყდებოდეს ტერისთვის საჭმლის ყიდვა.

მინდა ცოტათი მეტი ბედნიერება.

მინდა ხუთით ნაკლები კილოგრამი.

მინდა ფილმი, რომელიც მომეწონება.

მინდა ქართულად ნათქვამი გაცრეცილი სიტყვები. თურქულ-ინგლისურ-შვედურ-არამეულად არ მინდა, გმადლობთ, მეყოფა. ქართულად ნათქვამი ბანალურობა მინდა, ჩემი პასუხით - "მეც".

მინდა ვან გოგის მდელოზე ასვლა.

მინდა კარტახენაში გაბოსთან ერთად ყავის დალევა.

მინდა, ფერები არ ხუნდებოდეს.

მინდა, ტალახიან ორღობეში ფეხშიშველმა ვირბინო ერთხელ მაინც და არ მომერიდოს.

მინდა, ქარგვა დეპრესიაში არ მაგდებდეს.

მინდა თუშეთში.

მინდა, ცოცხალი იყოს ერთადერთი, ვინაც მიყვარდა და კვლავ ალბათ...

მინდა დამავიწყდეს, რასაც ვერ...

მინდა, თმაზე მეფერებოდნენ.

მინდა, სიბნელის არ მეშინოდეს.


დაბოლოს, 
მინდა, არ მინდოდეს, რაც არ მაქვს!

9 comments:

Asklypiodota said...

მინდა ყოველთვის მყავდე:)

Unknown said...

შენი ყველა მინდა
მაგრამ აბა ეს როგორ ვთქვა :)

Joseph said...

ხუთით ნაკლები კილოგრამი :)))
დაე იყოს ისე, როგორც შენ გინდა!

რა კარგი რამე დაგიწერია. ვან გოგის მდელო გამახსენდა და მეც მინდა :(

Keti said...

ისე იმოქმედა ამის წაკითხვამ
რამდენიმე საერთო მინდა გვაქვს :)

იყოს ისე, როგორც გინდა...

Sophie Golden said...

მეც მინდა თმაზე მოფერება.

ლიკა, მადლობა, რომ ბლოგზე დაბრუნდი :)

nastasia said...

ისეთი მინდებია, გოგოები რო წერენ ხოლმე...

მეც მინდა თმაში მეფერებოდნენ, თუშეთში და საათები თავისით გაჩერდებოდნენ...
5 კილოთი ნაკლები თუ გინდა, ჩემსავით, ფიტნესზე ან აუზზე და ეგ არი...

და კიდევ , მინდები სულ არ არსებობენ აზრი აქვს გაქვს თუ არა, გექნება თუ არა...

Anonymous said...

:)))

Lalena said...

მე შენი თბილი ღიმილი მინდა, შენ მოყოლილ თბილ ამბებზე, შენი თბილი ნაქარგების და შენი თბილი სარდაფის ნახვა მინდა, მე შენი თბილი სამყარო მინდა... რატომ? შემიყვარდა და ვერ დაგავიყვარებ...

babisa said...

momewona :) mec ramdeni ram minda am mindebidan..