Sunday, March 21, 2010
მინდა ღიმილი პირველ რიგში... მინდა და მორჩა.
მინდა ფული, მერე რა, რომ ჭუჭყიაო, გამიგონია.
მინდა საბუთი, რომლის უქონლობის გამოც მეგობრები მანქანაში არ მისხდებიან.
მინდა სითბო. კარიდან ცხვირის გაყოფას მიშლის უმისობა და იმიტომ.
მინდა, ეს მაიმუნი პასტა არ მაწვალებდეს და ნორმალურად წერდეს.
მინდა სახლი, რომელშიც კარადა დგას... მის უკან სინათლის ჩამრთველი... ხელს ბრმად შეაცურებ, წკაპ... და გაანათებ ოთახს.
მინდა სარკმლიდან შემოსული მზე მაღვიძებდეს.
მინდა უდარდელი 24 საათი.
მინდა ეგვიპტეში წასვლა სამოგზაუროდ.
მინდა სიმართლე, წამხდარი კი არა... ისეთი, როგორიც არის.
მინდა ჯანმრთელი ბებია.. ახალი - არა... როგორიც მყავს, ოღონდ ჯანმრთელი.
მინდა 6 თვით წარსულში დაბრუნება... ალბათ შევცვლიდი რაღაცეებს, ოღონდ ალბათ.
მინდა, მიხაროდეს სამსახურში წასვლა.
მინდა, წაიშალოს სიტყვები "ვითომ", "რატომ" და "მერამდენედ".
მინდა, ხანდახან მაინც მჩუქნიდნენ ყვავილებს. ვაღიარებ, ჩემი ბრალია, ასე რომ არ ხდება, მაგრამ მაინც...
მინდა საათი, რომელიც არ მუშაობს.
მინდა, მზის ჩასვლა არ იყოს ბანალური.
მინდა, არ მავიწყდებოდეს ტერისთვის საჭმლის ყიდვა.
მინდა ცოტათი მეტი ბედნიერება.
მინდა ხუთით ნაკლები კილოგრამი.
მინდა ფილმი, რომელიც მომეწონება.
მინდა ქართულად ნათქვამი გაცრეცილი სიტყვები. თურქულ-ინგლისურ-შვედურ-არამეულად არ მინდა, გმადლობთ, მეყოფა. ქართულად ნათქვამი ბანალურობა მინდა, ჩემი პასუხით - "მეც".
მინდა ვან გოგის მდელოზე ასვლა.
მინდა კარტახენაში გაბოსთან ერთად ყავის დალევა.
მინდა, ფერები არ ხუნდებოდეს.
მინდა, ტალახიან ორღობეში ფეხშიშველმა ვირბინო ერთხელ მაინც და არ მომერიდოს.
მინდა, ქარგვა დეპრესიაში არ მაგდებდეს.
მინდა თუშეთში.
მინდა, ცოცხალი იყოს ერთადერთი, ვინაც მიყვარდა და კვლავ ალბათ...
მინდა დამავიწყდეს, რასაც ვერ...
მინდა, თმაზე მეფერებოდნენ.
მინდა, სიბნელის არ მეშინოდეს.
მინდა, არ მინდოდეს, რაც არ მაქვს!