გოგიი, რაო ზარატუსტრამა?

Thursday, May 7, 2009

მორიგი ზემეცნიერული ნაშრომი

"მატლიდან ადამიანობამდე დიდი გზა გაიარეთ და ბევრი რამ მაინც მატლისა დაგრჩათ. ოდესღაც მაიმუნები იყავით და ახლაც, ნებისმიერ პრიმატზე დიდი მაიმუნი ადამიანია". ეს მე არ მითქვამს. ასე იტყოდა ზარატუსტრა.

ნიცშესთან გაცნობის სურვილით გულანთებულმა და სასწაულად დაინტერესებულმა იმით, თუ რას ამბობდა ასეთს ღირსი ზარატუსტრა, რამდენიმე წლის წინ შესაბამისი წიგნი ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე. მაშინვე ვიცოდი, რომ რთული დღეები მელოდა. მარტო ის რად ღირს, რომ ზემოხსენებულ წიგში დედამიწაზე ცნობილი ყველა სახეობის სოკო ხარობდა. მართალი გითხრათ, ფრიად მიკვირს, როგორ გადავურჩი მუტაციას, რამეთუ ჩემს ხელთ არსებული საგანძურის ფლორა ყველა მხრიდან იზიდავდა რადიაციას.

მოკლედ, ორი კვირის განმავლობაში ცხარედ ვაგინებდი ყველა ქართველ ბიბლიოთეკარს, ნიცშეს, ზარატუსტრას, რადიკალურ ათეიზმს და ჩემს მეზობელ ცირას, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეუღლე ნოდარასთან ჩხუბის გამო მშვიდად კითხვის საშუალებას არ მაძლევდა.

რაღა გავაგრძელო, დავიტანჯე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა ძალისხმევამ უაზროდ ჩაიარა. მაგალითისთვის პოსტის დასაწყისში აღნიშნული ფრაზაც საკმარისია. უდავოდ გენიალური სიტყვებია, რადგან გაძლევს საშუალებას, დაფიქრდე ყოველივე მიწიერზე, ადამიანთა რაობაზე და თუნდაც იმაზე, რომ... ზეგანვითერებულო ადამიანო, თუ ქმარს ორი კვირა გამუდმებით ეწიოკები, სჯობს, გაეყარო, დაისვენო და დაასვენო სულ მცირე, სამი პერსონა შენს გარდა - ნოდარა, მე და ტრიფონია! ვახ!

ჰოდა, პრიმატებზე მოგახსენებდით: გულზე ხელის დადებით (თუგინდ, მჯიღის დაკვრით) ვაცხადებ, რომ ერთი ჩემი ნაცნობი ნამდვილი აღმოჩენაა და იგი აუცილებლად შესწავლილ უნდა იქნეს, როგორც უდავო დადასტურება პატივცემული დარვინის თეორიისა. და განა მხოლოდ იგია ასეთი?! დიახ, ბატონებო, ადამიანთა ნაწილი ნამდვილად წარმოიშვა მაიმუნისგან და მათმა უმრავლესობამ ჯერჯერობით განვითარების ნახევარი გზა გაიარა.

რელიგიურნი ამა ქვეყნისა ნუ გამიწყრებით - ჯერ ჩემი თეორია ბოლომდე ჩაიკითხეთ და მერე გინდ ქვა მესროლეთ, გინდ ტიტები და თუგინდ, ა-კა-ემის 5.62 კალიბრიანი ტყვიები. ამასთანავე, ნურც მეექვსე მცნება დაგავიწყდებათ!..

როგორც უკვე აღვიშნე, მაიმუნთა შთამომავლობას კაცობრიობის ნაწილი თუ დაიკვეხნის, დანარჩენები კი წარმოქმნილ არიან ადამისგან, ევასგან და ცხადია, ლილითისგან (რასაც ზარატუსტრა არასდროს აღიარებდა). ადამისა და ევას ტანდემის, აკრძალული ხილისა და ედემში უფასო ბინის დაკარგვის ისტორია ყველასათვის კარგად არის ცნობილი. აი, ლილითი სხვა საქმეა - ლილითი პირველი ცოლების კლუბის ასევე პირველი წარმომადგენელი გახლდათ.

ებრაულ მითოლოგიაში წერია, ადამს რომ არ მოეწყინა, ღმერთმა ქალი შექმნა და ლილითი უწოდაო. თავიდან კარგად იყვნენ ადამი და ლილითი, რა უშავდათ, კარგს ჭამდნენ და კარგს სვამდნენ... მერე ადამს უთქვამს, ქალო, ნასკები გამირეცხეო, ლილითს დედიშობილა ქმრისთვის შეუხედავს და გაჰკვირვებია, რა გაგირეცხო, რაც არ გაქვსო. რას მიბედავო, გაბრაზებულა ადამი და ვაშლის ხის ქერქზე მიურტყამს ხელი (შარზე იყო, რა!). ქალთა დისკრიმინაციას აქვს ადგილიო, თმა გაუშლია ლილითს... მერე სიტყვას სიტყვა მოჰყოლია, ლილითს აუღია თავი, რითაც მოვედი, იმით მივდივარ, შენი არაფერი მინდაო, მიუხლია და გაყრია ადამს (ორი კვირა კი არ უწიკვინია, ზოგიერთებისგან განსხვავებით!). ადამს მოუწყენია ისევ. ღმერთსაც ევა შეუქმნია, თანაც მისივე ნეკნიდან - შენი სხეულის ნაწილი წინააღმდეგობას როგორ გაგიწევს, ადამ-იანოო! აბა, წინააღმდეგობის რა გითხრათ, ვაშლი კი შეუპარებია... დანარჩენი იცით!..

თქვენი ნებაა, ამ ლეგენდას ირწმუნებთ თუ არა, მაგრამ ხანდახან ჯაგარაშლილ ფემინისტებს რომ ვუყურებ, ძალაუნებურად მჯერა ლილითის არამითიურობა და მომკალით, თუ გინდათ!

მატლიდან ადამიანობამდე დიდი გზა გაიარეთ, და ბევრი რამ მაინც მატლისა დაგრჩათო, ასე იტყოდა ზარატუსტრა. მის მიერ ნათქვამი ბევრი რამ შეიძლება, არ ირწმუნოს ადამიანმა, მაგრამ აი, ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა. გინახავთ ოდესმე ალკოჰოლისგან გამოჩერჩეტებული (სხვანაირადაც შეიძლება მოხსენიება, მაგრამ სამეცნიერო ნაშრომს არ მოუხდებოდა!) ჰომო საპიენსი? ის ბობღავს, ვერ მეტყველებს, ვერ აზროვნებს და მისი სხეულის ყველა შესაძლო ადგილიდან ლორწოვანი სითხე ჟონავს. რითი განსხვავდება ზემოხსენებული არსებისგან? არც არაფრით. ანუ, Долой пивной алкоголизм!

დაბოლოს, სულ ახლახან შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას სრულიად შოკისმომგვრელ დიალოგს მოვკარი ყური (ცხადია, აქცენტი თავის სიმაღლეზე იყო!) - ერთი გლეხი ეუბნებოდა მეორეს: გოგიი, რაო ზარატუსტრამა, რა თქვა, გვეშველება რამეო? მეორემაც უპასუხა, რავი, ბუჯო, მინდორშია გასული და რო მოვა, შენთითონა კითხეო.

ძალიან გვეჩქარებოდა და ვერ გავჩერდი, რომ გამომეკითხა, იმ გლეხს, რომელსაც ივერიის გაბრწყინება-არ გაბრწყინების პროგნოზს ეკითხებოდნენ, მართლა ზარატუსტრა ერქვა, თუ მეტსახელად ეძახდნენ. ვერც ის გავიგე, საიდან ჰქონდა მას ასეთი კომპეტენტური ინფორმაცია და ამას გარდა... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვისგან ან რისგანაც უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა წარმოშობილი, ფაქტი ფაქტად რჩება - ჩვენი ქვეყანა ერთადერთია დედამიწის ზურგზე, სადაც მიყრუებულ სოფელში შეხვდებით ზარატუსტრას, რომელიც ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს!

8 comments:

Joseph said...

ისე მინდა სიდჰართჰა ბიძიას გაცნობა მეტი არ შეიძლება.
ისე, ამ პოსტს მახმუდ ახმადინეჯადი ან საშვალო სტატისტიკური ირანელი რომ კითხულობდეს ვიცი ატეხდა ერთ ამბავს. მადლობა ღმერთს ქართული არ ესმით და იმედია საშვალო სტატისტიკური ქართველი ორიენტალისტიც არ მოუთარგმნის გულის გასახეთქად.

მითქვამს და კიდევ გავიმეორეფ, მეამაყები. ასეა და მომკალი თუ გინდა.

რაღაცნაირად წერ. გეტყვი როგორც. თვითონვე ხალისობ, თან სერიოზულია და თან იუმორით სავსე.
მე ა მა ყე ბი!

P.S. სათქმელად არ გეუბნები, ტოესწ, პირი ქვისკენ მიქნია და "მეამაყები" სასაცილ'ო სიტყვაა. ჰა?

Joseph said...

უფ, შენი ხერმან ხესეს და დეპრესიის გადამკიდე რაღას არ ვწერ.

ისე სიდხართხა ბიძიაც არ ჟღერს ცუდად!

Asklypiodota said...

ეხლა უცებ გავიფიქრე ეს პოსტი ჩემს გარშემომყოფთ რომ წაეკითხათ რაოდენ განსხვავებულად აღიქვამდნენ:)საოცარი უნარი გაქვს (აი არ ვიცი სხვაგვარად როგორ ვთქვა ჩემმა ცინამორბედმა პლაგიატობა რომ არ დამწამოს:))იუმორით თქვა ის რაც...არ გინდა ვახტანგზეც დაწერო რამე?:)მისმა შემოქმედებამ ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა დათოს რომ ვეძახი მას მერე ათი დათო მოდის:):)

Anonymous said...

აუ რამხელა კომენტარი დავწერე და წაიშალა

მოკლედ, მაიმუნებისგან ნაწილი კი არ წარმოიშვა, სულ ყველა წარმოიშვა, უბრალოდ ზოგიერთი ისევ მაიმუნის დონეზე დარჩა და ზედმეტი თმა გასცვივდა )))

და იმ გლეხების ამბავი მომეწონა )))

პ.ს. ბლოგროლში ჩამამატე თუ არ შეწუხდები, ჩემთან ხარ უკვე, რამდენი ხარნია )))

Lalena said...

რაო და ისაო, ლიკას წაკითხულს არაფერი სჯობსოოო :*

tiko said...

ასე არც ერთ წინგნს არ დავუტანჯივარ. კიდევ კარგი უკან განმარტებებიც მოყვებოდა. ბოლოს როგორც იქნა დავასრულე კითხვა და მაინც იგივე აზრზე დავრჩი. ყველა ფილოსოფოსი თავისებურად უბერავდა.

Anonymous said...

რას იტანჯებოდი სამი ლარი ღირს :))

Anonymous said...

yvela ertad gagijdit xo :D:d chemi dac zaratustratia gatacebuli uf