სარდაფში ვცხოვრობ

Wednesday, July 15, 2009

სარდაფში ვცხოვრობ. 

არა, კიბის ქვეშ კი არა, სარდაფში... ცნობისთვის, არასდროს დამიხატავს ჩაპუტკუნებული ქალბატონები, ხორაგიანი სუფრები ან დუქნების აბრები. მეტიც, სწორი ხაზის გავლებაც არ შემიძლია, ამიტომ ცნობილ პრიმიტივისტთან შედარებისგან თავი შეიკავეთ (თუმცა, შევუდარებივარ არაერთს - ნებაყოფლობით არჩეული საცხოვრებელი ადგილის გამო, რა თქმა უნდა!) 

მიყვარს ყველაფერი, რაც ამ ოთახში უცხო თვალისთვის ყრია უსწორ-მასწოროდ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს - ჩემთვის. იმიტომ რომ გიტარას (რომელზეც მტვრის გადაწმენდა ხან მეზარება, ხანაც მავიწყდება), ჩილიმს (რომელიც, კონტრაბანდისტივით, დაშლილ მდგომარეობაში ჩამოვიტანე იაფოდან) და დიდი ბებიის საკერავ მანქანას (რომლის კარადაზეც დიდხანს განისვენებდა მისთვის სრულიად შეუფერებელი კომპიუტერი) წარსულის სუნი უდის - საუკუნეების კი არა, საკუთარი წარსულის სუნი! ყველაზე ტკბილი სურნელი სამყაროში! მერე რა, რომ ამ სურნელს ხანდახან მტვრის ან ნიკოტინის მკვეთრი არომატიც გაერევა ხოლმე... ასატანია!

მიყვარს ოთახში ვერშემოღწეული მზე და ჰაერი, კარის გაღებისთანავე რომ შემომეფეთება და თვალს მჭრის... კი, ჰაერმაც შეიძლება, მოგჭრას თვალი! სმენას თუ დავძაბავ, იქნებ ყველა სიტყვაც გავიგონო, რაც ოდესმე თქმულა ამ სივრცეში. აქ ცოცხლდება ყველა, ვინც დიდი ხნის წინ დამიკარგავს და გაცოცხლდება, ვისაც დავკარგავ... 

განზრახ არ ვცვლი ხავერდის ფარდას, რომელიც დიდი ხანია, დაძველდა და იმ ადამიანმა შემიკერა, ვისაც მეგობარს ვეძახდი ერთ დროს, დღეს კი გამარჯობის თქმა ეზარება ან არ უნდა. მისი საქმეა!.. ჩემთან კი მისი გადაკერილი ფარდა კიდია!..

სიბნელეშიც ვხედავ, სად და რამდენი ჭიკარტია ჭერზე - ჩემივე მიმაგრებული და მერე, უძილობისას არაერთხელ გადათვლილი. მახსოვს აცა-ბაცად აკრულ თეთრ ქაღალდს ამოფარებული ყოველი გაზეთი კედლებზე და სია მათი, ვინც ჩემს სამყაროში არ დაიშვებიან. 

არც შუშას ვუცვლი და არც ჩარჩოს უსაყვარლეს ფოტოს, რომელსაც პირი-სახე მაშინ გაებზარა, ცალი ხელით ჩაბღაუჭებული ტელეფონის მოციმციმე ეკრანზე ამოკითხული სიტყვების გამო ყველა კიდურში სისუსტე რომ ვიგრძენი და ადგილის შესაცვლელად მეორე ხელში აღებული სურათი სასწაულად დამძიმდა. ოფიციალური ვერსიით, მორიგი დაუდევრობა გამოვიჩინე, სინამდვილეში კი იმ სისუსტის მიზეზი მარტო ორმა ადამიანმა ვიცით - მე და იმ უცნობმა გოგომ, ზემოხსენებული ფოტოდან გვერდულად რომ მიყურებს ხოლმე!

კიდევ ერთ უცნობს, თეთრწვერას, თვალები მიულულავს გვერდით კედელზე და ისე იღიმება, ხანდახან ჩამესმის კიდეც ღუღუნით ნათქვამი სიტყვები - "გენაცვალეთ, ბალღებოოო". 

მიყვარს გაღვიძებისა და დაძინების წინ დანახული ყოველი დღე და ყოველი ღამე... საერთო ჯამში ოცდაჩვიდმეტიოდე ღამე, თეთრ დღეში ჩახატული. აკრძალულ ხილს მოტკბო გემო დაჰკრავს. კვადრატულ ხარისხში აყვანილს - განსაკუთრებით! 

მიყვარს კედელზე მიყუდებული ბილიარდის მაგიდა, დიდი ხანია, მოთამაშეებს რომ ელოდება ამაოდ; ბებიაჩემის სარდაფიდან ამოთრეული უძველესი, ლამაზფეხებიანი სკამიც, რომელსაც არც საზურგე აქვს მთელი და არც მძიმე წონითი კატეგორიის ადამიანებისთვისაა მიზანშეწონილი მასზე განსვენება... მეღიმება თოჯინების თეატრიდან დარჩენილი, თავდახრილი ტორშერის დანახვაზე - ძმაო დავითის ხანმოკლე სამსახიობო “კარიერა” უნებლიე, თბილ ღიმილს იწვევს და იმიტომ. 

ამ მაკრატელს რა ხანია, ვეძებდი, თურმე ფანქრების ჭიქაში ჩამხტარა, ნეტავ ის ბლოკნოტიც მაპოვნინა, ბოლო ორი კვირაა, რომ გამალებით ვეძებ სრულიად უშედეგოდ. არ უნდა, რომ ვიპოვო ალბათ და იმალება. ხომ ვთქვი, აქ ყველაფერი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს-მეთქი. 

და მე დავდივარ წრეზე... ხანდახან ვტოვებ სამყაროს, რომელიც თავისით სუნთქავს... მივდივარ სადღაც, ხან სამი დღით ყოველ სამ დღეში ერთხელ, ხან ათი დღით სრულიად არაპროგნოზირებადი შუალედებით. და ისევ ვბრუნდები აქ, სარდაფში, სადაც ჩემთან ერთად მხოლოდ მელქიადესი ცხოვრობს! 

10 comments:

DelphiKnight said...

შენ მთელი სარდაფი გქონია, მე კიდევ ასეთად მხოლოდ ბაბუას დროინდელი მაგიდა დამრჩა :(
ბავშვობაში სახლობანას რომ ვთამაშობდი მის ქვეშ.

Grigol said...

ძალიან ლამაზი პოსტია ლიკ :)

და შენ ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ ამ პოსტის წაკითხვის მერე. და კიდევ როგორ გამეხარდა გაბზარული მინა :)

უმაგრესი სარდაფი გაქვს. ან უმაგრეს სარდაფს ყავხარ. ნებისმიერ ვარიანტში, ყველაზე კარგი ადგილია თბილისში :)

Lalena said...

აუუუუ რა ბედნიერი ვარ ყველა სტრიქონი რომ ცოცხლდება :)) და ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარს, რომ ვპასუხობ შენ ”ქე” იცი ვისაც, ლიკასთან ვარ სარდაფშითქო :* მაგ სარდაფში ჩემი ცხოვრების უსაინტერესოსი და უთბილესი დღეები დარბიან :*

Sophie שרה Golden said...

რა ტკბილად წერ, ლიკა. მოდი და ამის შემდეგ კიდევ ნუ ვიმზიანებ. მიხარია, რომ გკითხულობ. :SUNNY:

Joseph said...

მიყვარს სარდაფი.

რუსული რომანსების საღამოები, ცხარე დისკუსიები რელიგიაზე, დათოს გაბრაზება, გრიშას დამაჯერებელი ტონი, სალის მშვიდი ხმა, აუდიო წიგნების სმენა ან რეალური წიგნების ხმამაღლა კითხვა, ჩილიმ ფართი, კინოსეანსები, მეგობრები, სიმყუდროვე...

რატომ?! ამაზე მთელი სიის ჩამოწერა შეიძლება.
ყველა დეტალსა და პატარა ნივთს თავისი დატვირთვა და ისტორია აქვს.

მე მიყვარს სარდაფი!

Asklypiodota said...

ეს ის სარდაფია "სადაც ონკანში ჭის წყალი მოდის"სადაც თავს ყოველთვის ძალიან კარგად ვგრძნობ,რომლის გახსენებაზეც მხოლოდ თბილი და გემრიელი აზრები მომდის

Kate said...

უსაზღვროდ ლამაზი პოსტია.
მიხარია, რომ დამატებული მყავხარ და მუდმივად ვკითხულობ შენს არაჩვეულებრივ ნაწერებს.
თითქოს ემოციები მემატება.
მადლობა.

Unknown said...

ჩემთან სიახლეა ახალი ბლოგი გავაკეთე რომელიც ტიხრულ მინანქრის შესახებაა ვეცდები თავი მოვიუყარო ყველა მეტ ნაკლებად საინტერესო ხელოვანის ნამუშევრებს ასევე ყოველგვარ ინფორმაციას რომელიც ამ ხელობასთანაა დაკავშირებული მოკლედ კარგი იქნება თუ გამოიწერ. ესეც ლინკი
http://cloisonneenamel.blogspot.com/

Lika Kakiashvili said...

მადლობა, ხალხო, მიხარიხართ! :))))

ბატონო პიკასო... ვიცი, რომ თვალების, ცხვირების, ხელების და სხეულის სხვადასხვა ნაწილების სრულიად არაპროგნოზირებად ადგილებზე მიხატვა თქვენი სტილი გახლდათ, მაგრამ ეს სარეკლამო განცხადებაც სხვა ადგილას ხომ არ "მიგეწერინათ"?!. გთხოვთ, მსგავსი აქციებისგან მომავალში თავი შეიკავოთ. დიდი მადლობა წინასწარ! :) თქვენი მხატვრობის თაყვანისმცემელი!

© said...

:) მადლობა ძილის წინ ასეთი დადებითი ემოციებით დატვირთვის საშუალების მოცემისთვის :))))) აუf! :)