Tuesday, April 28, 2009
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე... არა, ასეთი დაწყება არ მინდა, თან ჩემამდე ეს სიტყვები უთქვამთ უკვე, მგონი, და გამეორება რა საკადრისია (კაკოი უდარ ოტ კლასსიკა!). ჰოდა, სხვანაირად დავიწყოთ!
(მელოდრამატული მუსიკა წარმოიდგინეთ და ისე განაგრძეთ კითხვა) თეატრის კართან ატუზულს თუ ჭიანჭველამ არ დაგირბინა ზურგზე, რაა თეატრი... რამდენჯერ მქონია ეს შეგრძნება? თავს არ შეგაწყენთ რიცხვებითა და გამოთვლებით, თავმდაბლად გეტყვით, რომ ბევრჯერ. და რა გასაკვირია, რომ მსგავსი რამ განვიცადე, ოდეს ორიოდ დღის წინ მარჯანიშვილის თეატრის პარტერში განვისვენებდი ფარდის ახდამდე...
მოიცა, მოიცა!.. (ჩათვალეთ, რომ აქ მუსიკა ფრიად უხეშად შეწყდა!) ყველაფერი თავიდან დავიწყოთ... (მელოდია აღსდგა ფენიქსისებრ) კაფეში შეკრებილმა, დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა საღამოს გაგრძელება-არდასრულების მიზნით სპექტაკლზე წასვლა გადავწყვიტეთ. 8 საათის შესრულებას ოცდაათიოდე წუთიღა აკლდა, ამიტომ შესაშური ერთსულოვნებითა და სისწრაფით მივიღეთ გადაწყვეტილება - წავიდეთ მარჯანიშვილში! და წავედით.
(მელოდრამატულ მუსიკას ექშენ საუნდტრეკი ცვლის) ზუსტად არ მახსოვს, რა სასწაულით მოვახერხეთ უბადრუკ მდგომარეობაში მყოფი ტაქსის 100 კმ/სთ სიჩქარით ამოძრავება (ტაქსისტის შეფუცხუნების ხარჯზე, ცხადია), როგორ შევცვივდით ხელოვნებას მოწყურებული ჰუნებივით სალაროს განყოფილებაში და რა სახე ჰქონდა ყოველივე ამის მხილველ მოლარეს... უბრალოდ გეტყვით, რომ სპექტაკლი, რომელზე დასწრებასაც ვგეგმავდით, უკვე ანშლაგურ მდგომარეობაში დაგვხვდა, სამაგიეროდ, დიდ დარბაზში "ბოშები" გადიოდა. ბავშვობაში წაკითხულ-გადაკითხულ-დაზეპირებული დუმბაძე გამახსენდა (როგორც ჩანს, სხვებსაც) და გადაწყდა - შევიდეთ!
დრო აშკარად შურს იძიებდა რაღაც დანაშაულისთვის, რომელიც არ ვიცი, როდის ჩავიდინეთ და გაორმაგებული სისწრაფით მირბოდა. მივრბოდით ჩვენც - აღთქმული კარებისკენ. ჩემმა ზურგის ჭიანჭველამ ერთი კი დააპირა მუხლის გაშლა, მაგრამ ვინ აცადა? ჯერ დავსხდეთ და მერე ირბინე, შენი ჭირიმე-მეთქი. ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია.
(მუსიკალურ გაფორმებას უკვე თვითონ მიხვდით!) ლოდინი, სანამ ფარდა აიზიდება... ნუთუ ამ გრძნობას რამე შეცვლის? არა მგონია! და მიდის ფარდა დაუსრულებლად ზევით... პირველი მიზანსცენა, პირველი მოხიბვლა არცთუ ცუდი დეკორაციისთვის და პირველი ფალში, პირველი გაოგნება (მუსიკა დაივიწყეთ საერთოდ! მორჩა!!!)...
სათითაოდ განვიხილავ ყველაფერს:
პიესის ავტორს ყველაზე მეტი უნდა მოხვდეს წესით, ჰოდა, სპექტაკლის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ მივხვდი, რატომ ვეძებდი უშედეგოდ მის ვინაობას პროგრამაში - კაცი მალვაშია ალბათ ამ უბადრუკობის დაწერისთვის და დავანებოთ თავი! Иди с миром, сын мой!
რეჟისორი - კობა სხილაძისთვის “ბოშები” პირველი სპექტაკლი ყოფილა. ეს ინფორმაცია ინტერნეტში აღმოვაჩინე, რათა გამერკვია, საერთოდ ვინ არის ზემოხსენებული ადამიანი და რას გვერჩოდა საათნახევრის განმავლობაში. დიად სტანისლავსკის მისთვის ორიოდ სიტყვა ექნებოდა შემონახული - Не верю! და ამით ყველაფერია ნათქვამი. არ მჯერა, ბატონებო! არ მჯერა, რომ ეს ადამიანი რეჟისორია, ან იქნება ოდესმე.
შესრულება - აი, აქ მოიცააა! მთელი სპექტაკლის განმავლბაში მსახიობები გაურკვეველი მიმართულებით და სრულიად რატომღაც დარბიან სცენაზე. ან გახევებულები დგანან, მცირე გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა. გურანდა გაბუნია მაქსიმალურად ცდილობს სიტუაციის გაუმჯობესებას, მაგრამ ვერ გათეთრდების ყორანიო, გსმენიათ ალბათ!
ბოშები - თბილისის ძველ უბანში გაზრდილს ოხრად ბოშები მინახავს, მაგრამ მზად ვარ, ძველ აღთქმაზე, სახარებაზე, ყურანზე და ლენინის ნაშრომთა სრულ კრებულზე დავიფიცო, რომ არ მინახავს არც ერთი მათგანი, ვინაც რუსულად ქართული აქცენტით ლაპარაკობდეს, ქართულად უაქცენტოდ და ბოშურადაც ქართული აქცენტით. ისევ სტანისლავსკის დავესესხები - Не верю!
ცეკვა - ბოშური. ეს უნდა ნახოთ! სიკვდილამდე ყველამ უნდა ნახოს სულ მცირე, სამი რამ - ჯულიეტა მაზინას ცრემლი "კაბირიას ღამეებში", სესილიას უცრემლო ტირილი "ნატვრის ხეში", და ოთხი მსახიობი, რომლებიც ამ სპექტაკლში ბოშურ ცეკვას ჯახირობენ. მესამე შემთხვევის ხილვის შემდეგ საკუთარ თავზე გამოცდით, რატომ ტირიან პირველ და მეორე რიგში ნახსენები დიადი ქალბატონები! მე ავტირდი!
აღარ გავაგრძელებ! რაღა ვთქვა? ჩემი დარდი მაქვს... პატარა ჭიანჭველა დავკარგე! თუ ნახოთ სადმე, გადაეცით, რომ უკვე მენატრება!