Wednesday, March 25, 2009
მრუდე შუშებით კედელს ვაგებ და ვიმალები, რათა არავინ ნახოს აქეთ რა სამყაროა. ეულად მყოფი ჩემს ნაშენებს შუბლით ვაწყდები, განგრევას ვცდილობ, თუმც ამაოდ!.. ცრემლი მასველებს, მერე ზანტად ზღვად აზვირთდება. მის გადაცურვას ვცდილობ, რომ ისევე კედელი ვაგო მრუდე შუშებით, რომლის დაშლასაც შევეცდები, ყველასაგან მივიწყებული.
როცა თეთრ ნისლში თეთრ ძილიდან უცებ ვფხიზლდები, რად მახსენდება ნეტავ, რომ გვერდით მსურს ვინმე ვიგულო, ვინაც ნისლიდან ჩემს დახსნას თუ ვერ მოახერხებს, მკლავებზე მაინც მიმასვენებს და მეტყვის სიტყვებს, ჩემს სიახლოვეს რომლის თქმასაც ერიდებიან - ნუ გეშინია! ერიდებიან, რადგან მრუდე შუშების მიღმა ისე ჩანს, თითქოს წყენად ვიღებ ნათქვამს და მერე თავგამოდებით ვამტკიცებ, რომ შემშინებელი არ გაჩენილა ჩემი და არც ქმნილა ჯერ არაფერი... სიმრუდის ბრალი თუ იქნება ალბათ, აბა, რა ვიცი?!
მე მახსოვს თოვლი, გაუვალი, სიზმარივითღა მაგონდება. სულს კვლავ მიკაწრავს თოვლში მყარად ჩაპრესილი ბორბლების ღრენა, ალაგ - წკავწკავი. დედის კალთაზე ლამის შეზრდილს მამის სიტყვები მეიმედება - ნუ გეშინია, მაინც გავალთ, აბა, სად წავალთ?! და საკუთარი უსასობით გულამოსკვნილი მოგონებაში ვტირი ისე, როგორც მხოლოდ ბავშვებს ეყოფათ ძალა, აქვითინდნენ - უსირცხვილოდ, მხოლოდ იმიტომ რომ ვინმემ თავზე დაუსვას ხელი, გულში ჩაიკრას და ასმინოს ორი სიტყვა გაუთავებლად - ნუ გეშინია!
8 comments:
რა მაგარია პირვველი კომენტი ჩემი იქნება :)
მაგრამ ახლა საშინლად დაგრუზული ვარ და არც კი ვიცი რა ვთქვა...
ხანდახან არც არაფრის მეშინია, მაგრამ ეგ სიტყვები ისე სასიამოვნოა, ზოგადად ყურადღებაა საშინლად სასიამოვნო, ესოდენ მცირე თუ ასეთი უზარმაზარი... აუ ძააან ვბოდიალობ ხო? :ს
რას ბოდიალობ, სალი, რო იცოდე, როგორ გამიხარდა შენი კომენტარი... აი, ძმაო დავითი კი ბოდიალობს აშკარად... ეხლა მელაპარაკება ზუსტად ამ პოსტზე და მიწასთან გამასწორა. სულ ფატალისტი მეძახა! :D :D :D :D
ფატალისტი არ მიკადრებია დაო ჩემო ელპიტე! სულ სხვა რამეში შემეპარა ეჭვი... მაგრამ ვეცდები გახმაურებას მოვერიდო, უკუეთუ ზღვაი ხალხისა იხილავს ამ ცჰემს უსტარსა :D :D :D
ups! ცჰემს კი არა ჩემს :D
არც ლექსია და არც პოემა,მაგრამ პოემასავით იკითხება.შეიძლება განვმეორდე,მაგრამ შენს ნაწერს რატომღაც რითმულად ვკითხულობ.რითმს თავიდანვე ვიჭერ,ჩემდაუნებურად და ვერაფრით ვცვლი კითხვის დასრულებამდე.ასე მარტივად ,მოკლედ და თანაც ლამაზად ახერხებ ბევრის,არა ძალიან ბევრის თქმას..
ძალიან მომწონს და გაქებ გულწრფელად.
ერთ დღეს აღმოჩნდება რომ შუშის მრუდე კედელი თვალუწვდენელი და იმდენად მყარია, მუჭისხელა ქვაც ვერ ჩაამსხვრევს.
მაგრამ, საჭიროა კი ჩამსხვრევა, გინდა კი?! ვფიქრობ არა! თუ ვინმეში რამის შეცვლას გადაწყვეტ, იქვე უნდა მოამთავრო ურთიერთობა, სანამ შენებური არ გამხდარა. შენთან მეგობრობა იმითია მნიშვნელოვანი რომ შენს შეცვლას არ ვცდილობ, ამიტომაც ერთი დიდი სიურპრიზი ხარ. გარდა იმისა რომ მომხიბვლელი, განუმეორებელი, ინტელექტუალური, საინტერესო ხარ. აბა.
P.S. ამხელა ქალი მკვდარმა ძარლამა როგორ შეგაშინა?!
პოეტური პროზა.
კარგი წასაკითხი იყო :)
ხო, betty-ს და Keti-ს დავეთანხმები - მეც თავიდანვე რითმი დავიჭირე და ბოლომდე ასე ჩავედი.
კარგი წასაკითხია ნამდვილად
შინაარსის მხრივ დაკომენტებას თავს ავარიდებ ამჯერად :)
Post a Comment