Thursday, March 19, 2009
პატარაობაშივე კოჭებში მეტყობოდა, რომ მაწანწალა ვიქნებოდი, რამეთუ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ოჯახის წევრებიდან ვინ, სად და რამდენი ხნით მიდიოდა სადმე, მანქანაში საპატიო ადგილი ყოველთვის იყო გამოყოფილი ჩემთვის. სიტუაცია არც მოგვიანებით შეცვლილა დიდად!
"გარედბრიჯებულ" "კრასნი მოსტზე" ქართველმა მებაჟეებმა მანქანა საკმაოდ დიდხანს შეაჩერეს (მაშინ გვეჩვენა, რომ დიდხანს იყო, თორემ აზერბაიჯანში მივხვდით, რომ დრო ფრიად ფარდობითი ცნებაა!). მე და ძმაო დავითმა საპასპორტო კონტროლი გავიარეთ და ბატონი გალაქტიონის მოლოდინში ნეიტრალურ ტერიტორიაზე გავჩერდით, სადაც ერთოთახიანი შენობა იდგა თავმომწონე, წითლად მოელვარე წარწერით “Duty Free”.
როგორც იქნა, დავიძარით. ჰოდა, აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოგზაურობის მოყვარულთათვის (გაიდბუქებში რო წერენ ხოლმე, ისეთი):
2. ეცადეთ, არც გაიხედოთ საზღვარზე არსებული ტუალეტისკენ (რომლის გამოყენებასაც თქვენი მონა-მორჩილი შეეცადა და კომას როგორ გადაურჩა, თავადაც არ იცის!). საერთოდაც, ვფიქრობ, ზემოხსენებული ოთახი სამეცნიერო მუზეუმში უნდა იყოს გამოფენილი, როგორც ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც ამავე პლანეტაზე ცნობილი ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი (მიკროორგანიზმების ჩათვლით!) ვერ ხარობს.
4. თუ გგონიათ, რომ საბჭოური, ანუ "ტო იამა, ტო კანავა" გზები მითია, იმედგაცრუება გელით. აზერბაიჯანის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ამ ისტორიულ ძეგლს ისევე უფრთხილდებიან, როგორც ბერძნები ტაძრების ნანგრევებს, ანუ შეკეთებას არ უბედავენ. ცხადია, ზოგგან გათანამედროვების სამარცხვინო ნიშნები შეიმჩნევა, მაგალითად, საგზაო-სამშენებლო სამუშაოები და ინგლისურენოვანი ნიშნულები - ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით დამამახსოვრდა - “Road olice”.
5. დიახ, მეხუთე პუნქტი სწორედ "ოლისია"! ორგანო, რომელიც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. მიზეზი მარტივია - ადამიანის ძალებს აღემატება იმ სიამოვნების დავიწყება, რომელსაც აზერბაიჯანელი გაიშნიკები მოგანიჭებენ. მოგეხსენებათ, ზემოთ აღნიშნული გზების პირველყოფილი სახის შესანარჩუნებლად არცთუ მცირე თანხაა საჭირო. როგორც ჩანს, მავანთ გზებზე ოფიციალური ყადაღის დაწესება უმსგავსობად მიაჩნიათ, სამაგიეროდ სახელმწიფო სტრუქტურის უმდაბლეს საფეხურზე მყოფ მილიციელებს (პოლიციელებს, გაიშნიკებს, თუ როგორც-გინდათ-ისე-მოიხსენიეთ-მთავარია-გადაიხადეთ ტიპებს) სახელმწიფო ფეხზე არ ჰკიდიათ და არც თქვენი უსაფრთხო მგზავრობის მიმართ არიან გულგრილნი - სწორედ ამიტომ, სულ მცირე, ყოველ 50 კილომეტრში გაჩერებენ, გელაპარაკებიან დიდხანს (რაც მთავარია, აზერბაიჯანულად), გარწმუნებენ, რომ დაუდევრად მოიქეცით, შელახეთ წმინდათა-წმინდა საგზაო წესები და ქვეყნის სიკეთისთვის ბრძოლაში გულანთებულნი გთანხმდებიან, ჩეკის არგამოწერის სანაცვლოდ, მცირედი თანხით შეუვსოთ ბიუჯეტი. ცხადია, სახელმწიფო ბიუჯეტზეა საუბარი...
ა) სიჩქარის გადამეტება: 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა ტრასაზე... სად გაგონილა? თუ 90 კმ/სთ შეზღუდვის ნიშნული არ გინახავთ, ვისი რა ბრალია? თვალი უნდა გაგეხილათ კარგად, ის ხომ ბუჩქებში იყო მიმალული! ბ) საავარიო მდგომარეობის შექმნა ანუ მანქანის გადასწრება, მითუმეტეს, თუ ამ სახიფათო მანევრის შესრულების დროს გზაზე მხოლოდ ორი მანქანა იყო - თქვენი საკუთარი და პოლიციის (გზის განაპირა მხარეს, გაჩერებული)... რას მიშტერებიხართ ამ ადამიანს, თვითნაც უკვირს, როგორ მოახერხეთ არარსებული მანქანის გადასწრება ასევე არარსებული შემხვედრი მანქანისთვის სახიფათოდ! გ) უსაფრთხოების ზონრების უგულვებელყოფა... ამ ზონრების შეუკვრელად მანქანის დაქოქვაც კი უაღრესად დაუშვებელია (ჩვენ დამსახურებულად დაგვაჯარიმეს)! დ) ეთიკის ნორმების დარღვევა: თუ მანქანაში არ გაქვთ ქართული შალახოს ან აზერბაიჯანული ბაიათების კომპაქტ დისკი, ამქვეყნად ჯარიმის გადახდა მოგიწევთ, იმქვეყნად - ჯოჯოხეთის მეშვიდე შრეში დაბრაწვა, რამეთუ ამ შემთხვევაში კანონდამცავები ვერ გიცეკვებენ და, შესაბამისად, შაბაშის მოთხოვნის უფლებაც არ ექნებათ.
დაბოლოს, თუ აზერბაიჯანში მანქანით გამგზავრება გადაწყვიტეთ და საინტერესო მოგზაურობის იმედით წითელ ხიდთან დგახართ, ისმინეთ რჩევაი მეგობრული: Yankee… you'd better go home!
8 comments:
ერთხელ ვარ ბაქოში ნამყოფი 123673485 წლის წინ, თვითმფრინავით. საჰაერო გზაც ისეთივეა, როგორიც საავტომობილო.
ა) თბილისი-ბაქო ერთი დიდი ტურბულენტობაა.
ბ) თვითმფრინავი იყო იმდენად ძველი რომ მხოლოდ ჯაყჯაყით შეეძლო ფრენა.
გ) დიდი ხნის წინ იყო და ვაზვიადებ.
ვარიანტ გ-ს აპრიორი გამოვრიცხავ!
ვწუხვარ რომ ასეთი საშინელი გამოდგა შენი ვოიაჟი...
მარა გვარიანად კი ვიცინე.
ჰეი, რას ამბობ, ფანტასტიკური გასეირნება გამოდგა. მართალია, საშინლად დავიღალეთ და ორი ღამის უძილოს პატრულშიც მომიწია წასვლამ, მაგრამ მაინც კარგი იყო (ღმერთო, მგონი, მაზოხისტი ვარ!)
ნუ, იმას არ ვახსენებ, რომ ერთ-ერთი მორიგი ყავაპიტიეს დროს ნახევარი თერმოსი ყავა გადავივლე მანქანაში, საშინელ დღეში ჩავაგდე სავარძელი და საზღვრის გადმოკვეთისას სახეზე მჭახე წითელი ფერი დამკრავდა შარვლის ფრიად უხერხული ლაქების გამო. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ პასპორტის შემოწმებაზე დედოფალი ელისაბედისთვის დამახასიათებელი გრაციით გავნარნარდი, თითქოს ჩემს უკან შეკრებილი ოციოდე წყვილი თვალის მწველი მზერა არად მიღირდა. არადა... ეჰ, რაც იყო, იყო, კარგი კი იყო!
მაგარი ვოიაჟი გქონიათ შენ და "ძმაო დავით"-ს :))))
სწორედ მან მომასწავლა ეს ადგილი და მინდა გითხრა,ფრიად კმაყოფილი დავრჩი კიდევ ერთი კარგი ბლოგის აღმოჩენით. ძალიან კარგად წერ და თან პირველი რაც წავიკითხე - მგზავრობის ისტორია იყო - ეს თემა კი ჩემი სუსტი წერტილია ;)
იცი, ისე აღწერ, რომ ... მე მომინდა ამ გზის გავლა. არ ვიცი, რატომ.
:მაზოხისტ: :დ
პ.ს. აბა, ჩვენ ძალიან წინ წავსულვართ და ეგ არის: ბუჩქებში არავინ დგას, გზებსაც სამუზეუმო ექსპონანტებივით აღარვინ უფრთხილდება...
სამაგიეროდ, ისე ჩახვალ B პუნქტში, რომ მოსაგონებელი არაფერი დაგრჩება :)
ქეთ, კ ნაშემუ პოლკუ პრიბილო! :D :D შემოგვიერთდი მაზოხისტებს, ველკომეო, ინგლისურენოვანნი იტყვიან ხოლმე.
ხოდა, რაც შეეხება ჩვენ პოლიციას - დიდხანს ვფიქრობდი, ამ პოსტისთვის იანკი გოუ ჰოუმ დამერქმია თუ ქებათა-ქება პატრულს. :D :D :D
Thanks! :)
უი, ally, შენთვისაც ველკომე მითქვამს. მიხარია, თუ მოგეწონა პოსტი! :):):)
ძმაო დავითი რულზ ხანდახან! :D :D :D
:)
კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა შენს ბლოგზედ :D
ესე იგი აზერბაიჯანში მოგზაურობა იმიტოა კარგი და სასიამოვნო,რო უცბად ხვდები,სადღაც ვიღაცა,შენზე უბედურია,უფრო სასტიკი გზები და კიდე უფრო სასტიკი საგზაო წესები აქვს და რაც მთავარია,მამა-შვილი ალიევების ნათელი ღიმილი მუდამ შენთანაა...
ამიტომ,მერე რა თუ ყავა გადაივლე, მთავარია აზერბაიჯნში იყავი და კიდე კარგად წერ :)
გამეხარდა შენი ბლოგის აღმოჩენა...
Post a Comment