Tuesday, February 17, 2009
ჩემს პლანეტაზე, რომლის სახელსაც ვერ გამოთქვამთ, ამიტომ დაწერას აზრი არა აქვს, ზოგი დიდხანს და ტკივილით იბადება, ზოგი – სწრაფად და ნაჭუჭით.
ერთხელ, პატარაობისას დედას ვკითხე, რამდენი ხანი დასჭირდა ამქვეყნად ჩემს მოვლინებას-მეთქი და სამი საათი, დაახლოებითო, მიპასუხა. მეცოტავა და მივიხედ-მოვიხედე, ნეტა ნაჭუჭი ხომ არ მაქვს, რომელიც რაღაც საოცრებით აქამდე არ შემიმჩნევია-მეთქი. საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინე, თან დედის სიტყვებიც, ბედზე, მალევე წამომეწია – ცოტა ხანს მაწვალე, მაგრამ საკმაო დრო იყო იმისთვის, რომ თმის ღერები და ფრჩხილები ამტკიებოდაო. ალბათ არც მე ვიყავი კარგ დღეში მაშინ, თუმცა არ მახსოვს...
ისე, ძალიან საინტერესოდ იბადებიან – არავინ იცის, საიდან ჩნდებიან... ჰაერიდან ალბათ, თან უეცრად, ყოვლად მოულოდნელად – ცხრა თვე სძინავთ სპეციალურ გარსში, მერე იღვიძებენ. გარეთ გამოსვლა იმდენად ეზარებათ, რომ თვალებთან ნაჭუჭს შიგნიდან გაწმენდენ და ცხოვრობენ ასე... იზრდებიან დაცულები, ყოველგვარი საზრუნავის გარეშე. მათი შემხედვარე ხანდახან შურის მოზღვავებას ვგრძნობ ხოლმე.
დასხდებიან სადმე, მიირთმევენ კალციუმის მსუბუქ ხსნარს და უაღრესად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ – გარსის შიგნით არსებულ ტემპერატურას; ბზარს, რომელიც, მაგალითად, ორიოდ დღის წინ მარჯვენა კედლის მიდამოში შეამჩნიეს; მეზობელს, რომელმაც რატომღაც მოინდომა, ნაჭუჭი ღია მწვანედ შეეღება და ზედ ლურჯი ზოლები დაეტანა – საიდან მოაქვს ამ კაცს ასეთი იდეები? ხომ მიღებულია ერთხელ და სამუდამოდ, რომ ნაჭუჭი! უნდა! იყოს! მოთეთრო-გამჭვირვალე! რა საჭიროა ფერის შეცვლა? იმდენს იხტუნავებს, იტკენს რამეს! რა სირცხვილია?! არადა, რა ოჯახის შვილია?!
ძალიან ბედნიერები, უაღრესად კმაყოფილები არიან ყველაფრით და ისევე ასრულებენ ცხოვრებას, როგორც იბადებიან - უმტკივნეულოდ. დრო რომ მოვა, ქალაქის ან სოფლის გარეთ გადიან, სხდებიან სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე და წყვეტენ არსებობას. აი, ასე, მარტივად!
ნაჭუჭიანები უჩვეულო სევდით ამოგვხედავენ ხოლმე და მხოლოდ მაშინ თუ გაუელვებთ ერთადერთი უსიამოვნო აზრი – მაინც რა მძიმეა ეს ოხერი ნაჭუჭი!
7 comments:
მე იმდენი ხანი ვაწვალე დედიკო თქმაც კი მცხვენია, თურმე სინდისი არსებობს და არა სადღაც, ხოოოდა იმის თქმა მინდოდა, მე მგონი ნაჭუჭიანი ვარ :( არადა არც ტკივილია უცხო :( ან იქნებ მე თვითონაც არ ვიცი რა ვარ...
თუ აწვალე დიდხანს, ესე იგი არ ხარ... :):):):)
სინდისი არ აწუხებთ ნაჭუჭიანებს, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ მოსაგვარებელი და იმიტომ. :):):):)
ნუთუ დედამიწაზეც არიან ნაჭუჭიანები?! მეგონა, მარტო ჩვენთან იყვნენ - პლანეტაზე, რომლის სახელსაც ვერავინ გამოთქვამს და ამიტომ მის დაწერას აზრი არა აქვს. :):)
რა საყვარელი პოსტია.
წარმომიდგენია თქვენი პლანეტა ;)
კი, არა უშავს. :) იქნებ მომავალში კიდევ მოგიყვეთ რაიმე მის შესახებ, რა ვიცი... ხშირად მეფიქრება ხოლმე მასზე, რომ შემთხვევით არ დამავიწყდეს! :)
მადლობა, სოფი! :)
ჩვენს პლანეტაზე კი იცი რა ხდება ლიკ? უმრავლესობა უნაჭუჭოდ იბადება და მერე ცდილობს ნაჭუჭში მოქცევას. მთელი ცხოვრება იმის მცდელობაა, რომ სიცოცხლის “ხორკლებმა” არ შეაწუხონ. მაგრამ სრულ კმაყოფილებას მაინც მაშინ გრძნობენ სიცოცხლის ბოლოს სამუდამო ნაჭუჭში რომ ათავსებენ. ის ნაჭუჭი გაინაღდეს, მთელი ცხოვრება რომ ეძებდნენ, ეხუმრები?!..
ხოოოო.... ნათ, ეტ ტოჟე ვერნო, ვერაფერს იტყვი! ა ჟალ!
ლიკ, ტკივილი ის გზაა, მიმალული ფენიქსის პოვნაში რომ გვეხმარება და სიცოცხლის აზრსა და სილამაზეს გვაგრძნობინებს. თანაც შენ კარგად გაქვს ნათქვამი - ნაჭუჭი მძიმე ხდება ბოლოს, მძიმე იმისთვის, რომ გაიგო რისთვის გიცხოვრია! ამიტომ ღირს, იყო უნაჭუჭო. უფრო მიმზიდველია, ალაბათ ამიტომ ხარ ასეთი საინტერესო და ღრმა. შენს პლანეტაზე დიდი ხიბლია :)
Post a Comment