პატარა ხეზე იჯდა ბეღურა...

Friday, February 13, 2009

ანუ როგორც გინდათ, ისე გაიგეთ

სად შემიძლია ამდენი?! ერთი პატარა გოგო ვარ, პატარა სამყაროში ვცხოვრობ და პატარა ფრთებზე მეოცნებება...

კარგად კი დავიწყე თითქოს, მაგრამ პატარა პლანეტაზე, პატარა ქვეყანაში, პატარა ქალაქში მცხოვრები ხმაურიანი ბეღურას ანეკდოტი გამახსენდა, თანაც საკუთარი პერსონის მიმართ ზედსართავი “პატარა”-ს ხსენება ვერ შევიფერე (რომ მიცნობდეთ, მიხვდებოდით, რატომ) და უნებლიედ ხმამაღლა გამეცინა.

ეხლა ერთ-ერთი სოფლის გზებზე მივბრახუნობთ. მანქანაში ჩემს გარდა ორი წარმოსადეგი ადამიანი სხედს. სტილისტიკის ჩემი ყოფილი ლექტორი ბოლო სიტყვას რომ ისმენდეს, აუცილებლად ჩახრიდა თავს, სათვალის ზემოდან გადმომხედავდა და რატომღაც რუსულად მკითხავდა – ლიკაჩკა, ნე სტიდნო? ასე აკეთებდა ყოველთვის, როცა მორიგ გამოგონილ სიტყვას დავახრიგინებდი ხოლმე. მე ვხალისობდი, იმას სწყინდა, თანაც რუსულად! თითქოს ქართულად დატუქსვას ვერ შევისმენდი...

ლიკაჩკე ნე სტიდნო, ვოტ! დიახაც, სხედს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ვიტყვი, რამეთუ არ მსურს ჩემი თანამგზავრების წარმოსადგენობის დაკნინება, იქნება ეს უნებლიედ, თუგინდ, ნებსით (ეს “ს” რა შუაშია ამ სიტყვაში, კაცმა არ იცის! სხვათა შორის, არც ქალმა...).

ჰოდა, სხედს ეს ორი ადამიანი წინა სავარძლებზე და ჩემი მოულოდნელი გაცინების მიზეზზე ფიქრობს. ერთმა მათგანმა უკვე მეოთხედ შემავლო თვალი უკანა ხედვის სარკეში – აინტერესებს ალბათ, შეურაცხადობის შეტევა და რაიმე სახის მძიმე საგანი ხომ არ მაქვს... პრინციპში, ვერ გაამტყუნებ...

წვიმს, უაზროდ! ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის და უბადლო მომღერლის სიტყვებს თუ მოვიშველიებ, სულელი წვიმაა. მაგას დაეჯერება, წვიმის და სისულელის დიადი მცოდნეაო, გამიგონია! სისულელის - განსაკუთრებით. ზუსტად ეგრე წვიმს, რა! ჟინჟლავს მაშინ, როცა სინდისი რომ ჰქონდეს, ცა ფეხად უნდა ჩამოვიდეს დედამიწაზე და ბერძნებს თუ დავუჯერებთ, დიდი ხნის წინ მიტოვებულ ცოლს მიეფეროს. ბაბუა ურანუსს ბებია გეას მეტი დარდი არა ჰქონია, თურმე!!! მოგცლია?!

სოფლის შარებს უპატრონობისგან ალაგ-ალაგ პირი დაუფჩენია, მაგრამ ჩივილი ვერ გაუბედავს და ნაჟინჟლი წყალი ჩაუგუბებია. საცოდავი სანახაობაა, მაგრამ მგონი, არც მე ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ ავ თვალს არ ვენახვებოდე. ოთხი საათის განმავლობაში ამ გზაზე ლაყლაყმა, რაღა დაგიმალოთ და... აშკარად გამომალაყლაყა!

და ყოველი დღე ასეთია – ერთნაირი! დუმბაძეს აქვს მგონი, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” – დღეები ბებიაჩემის გამომცხვარი მჭადებივით ჰგვანდნენ ერთმანეთსო. ხოროშო სკაზალ! მაგრამ ჩემი დღეები სიამის ტყუპებს უფრო მაგონებს – ვერ გაიგებ, სად და როდის მთავრდება ერთი და იწყება მეორე. ბებიაჩემი შეიცხადებდა ეხლა, ღმერთს სცოდავო და მართალიც იქნებოდა! ნუ, რას ვიზამ?! რას ვიზამ და შენდობას ვითხოვ, ოღონდ სახლში რომ მივალ, მაშინ. აბა, ესე გამოლაყლაყებული ხო არ ვეჩვენები უფალს, უხერხულია!

მოკლედ, სად შემიძლია ამდენი? ერთი პატარა გოგო ვარ, პატარა სამყაროში ვცხოვრობ და...

არა, უნდა გავჩერდე, თორემ კიდევ ერთხელ რომ გამეცინოს, მანქანიდან ჩამოდგმას არ მაკმარებენ, ვინ იცის, ყოველი შემთხვევისთვის, კუდქვეშ წიხლიც არ დაიშურონ. მომიწევს მერე ფეხით სიარული! ისე, არცთუ ცუდი აზრია... ბავშვობაში მიყვარდა წვიმაში ტყაპუნი, ალბათ არც ახლა ვიტყოდი უარს. თანაც, სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია წარმატებით დასრულდეს იქნებ...

ჰოოოოდა, ერთ პააატარა პლანეტაზე იყო პაააატარა ქვეყანა...

8 comments:

Joseph said...

არ ვიცი რატომ და პატარა უფლისწული გამახსენდა, ერთი ხანობა ზღაპრად რომ ვკითხულობდი. "სხედზე" სტილისტიკის ლექტორივით შევცბი და მერეღა ამოვისუნთქე. მიყვარს შენი ნაწერის კითხვა, თანმიმდევრული, აზრიანი და ქვეტექსტებით სავსე როა. პატარა ქვეყანაზე... პატარა ქალაქზე... კარტახენაც გამახსენდა. რატო კაცმა არ იცის, არც ქალმა სხვათაშორის.. :)

მართლა მიყვარს შენი ნაწერების კითხვა.

Lika Kakiashvili said...

ჯოქეი, არასდროს აღარ თქვა, რომ არ იცი, რატომ იზიდავს მაგნიტი რკინას! :) იცი! ოღონდ ჯერ არი იცი, რომ იცი! :) პატარა ბიჭი ხარ , ფრთებზე გეოცნებება და იმიტომ. :)

კარტახენაში აუცილებლად ჩავფრინდებით, ოღონდ მერე, როცა პატარა ოცნებაზე პატარა ბეღურა არ გაგვახსენდება.

მადლობას არ გეუბნები კომენტისთვის, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, მეგობრები ერთმანეთს მადლობას არ ეუბნებიანო.

მეორემ კი დაამატა: Why to thank, when money has been invented-ო :D :D ეგაა, რა :)

Betty said...

გავა წლები და მიხვდებით,რომ ფრთები ყველა ასაკში სწირდება ადამიანს.ვინ და როდის შეგასხამს,არ იცი და ნურც ეცდები წინასწარ გამოცნობას. ხშირად ოცნება საუკეთესო თავშესაფრად იქცევა ცუდჟამობისას.ზღაპრები კი საოცარი სიბრძნეების მატარებელია ყველა დროს და ყველა ასაკში.
რა კარგია იუმორის გრძნობა რომ არ გტოვებს ნებისმიერ სიტუაციაში.:)
დაუპატიჯებელი სტუმრობისთვის ბოდიში.
მიიღე ჩემი კომპლიმენტი სასიამოვნო ფონზე საინტერესო,ცოტა უცნაური,იგავური ნაწერებისთვის :)

Lika Kakiashvili said...

Betty, ნებისმიერ დროს კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მე მხოლოდ გამიხარდება...
ჯონ ლენონი ამბობდა, ”“Life is what happens to you while you're busy making other plans”-ო. მაპატიეთ, ვერაფრით გადმოვთარგმნე ქართულად. გენიოსი იყო ლენონი... ჰოდა, წინასწარ რამის დაგეგმვა ან გამოცნობა მართლაც უაზრობაა. :)

Sophie שרה Golden said...

სიტყვების მოგონება მომეწონა, ერთი საყვარელი მეგობარი მყავს და იმან იცის სიტყვების მოგონება, ისე თავისებურად, განთიადისფრად, ჰოდა, მასაც შენნაირი ლამაზად ჟღერადი გვარი აქვს, you know what I mean :)
მიხარია, რომ გიპოვე :)

Lika Kakiashvili said...

Sure, I do! ;) მეც! :)

Anonymous said...

likush, raga dagimalo da patara kvekanasa da patara kalakze tavidan mec is begura gamaxsenda :)) tanac sheni mokolili ambebi banakebsa da shens liderobazec zed mihkva :))

ise bavshvobashi meubnebodnen cvima tmebs scrafad zrdiso da mec davrbodi da davrbodi. netav axlac rom gavagrdzelo frtebs ar gazrdis?..

Lika Kakiashvili said...

არა მგონია, ქეთ... მარა სცადე, რა იცი, რა ხდება. კსტატი, ველქომ! :):)