Tuesday, January 27, 2009
თუ დაიბადე, ნეტავ.
ოდესღაც, სადმე...
იქნებ დადიხარ სადღაც?
არა, რას ივლი, ღამეა...
ნეტავ რას შვრები ახლა?
გძინავს, თუ იძინებ?
მინდა, მჯეროდეს,
რომ ვერ იძინებ.
ჩემსავით ბორგავ?
მიხარია... ეგოისტურად!
მინდა, გიპოვო...
არა, მიპოვო, უკეთესია.
მინდა, მეძებო,
დიდხანს მეძებო,
მთელი ცხოვრება... სანამ მიპოვი.
მერე მოხვიდე, მითხრა რაიმე...
კარგი იქნება, თუ იუმორით.
მერე გამოგყვე, სადაც დრო ჩერდება,
სადაც ფილტვებში ჰაერს ვერ გრძნობ
და სუნქავ
გაუჩერებლად.
მინდა, თვალებში ჩამხედო,
დიდხანს მიყურო
და მე მინდოდეს, რომ მიყურებდე.
პირველად!..
საზიზღრობამდე ბანალურია?
და მაინც მინდა
საზიზღრობამდე ბანალური,
გაცვეთილი,
გახუნებული,
ბევრჯერ ნათქვამი,
ბევრჯერ ნაწერი
ბედნიერება
ოღონდ ჩემი,
ოღონდ შენთან.
ფიქრობ?
ნეტავი ჩემზე?
რომ დავდივარ?
არა, რას ვივლი, ღამეა...
მძინავს თუ ვიძინებ?
გინდა გჯეროდეს,
რომ ვერ ვიძინებ,
შენსავით ვბორგავ?
მიხარია!
მიხარია, თუ ასე ფიქრობ,
ეგოისტურად!
3 comments:
wooow!! welcome back to Blogosphere :D
magaria!
აუ ლიკა ძალიან საყვარელი ბლოგია, ძალიან საყვარელი პოსტია, ძალიან საყვარელი ატმოსფეროა და საერთოდ ძალიან ძალიან (angel)
გაიხარეთ, ბალღებო! :):):)
Post a Comment