ძახველის ფოთლები მიქრიან ძროხებივით

Friday, March 13, 2009

დღევანდელი დღე კლასიკაა. ჩუმი ფსიქოდელიის კლასიკა. დილით ძმაო დავითმა გამაღვიძა, ადე, კარი დაკეტეო. ნახევრად მძინარემ ძლივს წამოვწიე თავი (და სხეულის სხვა ნაწილებიც!), კარი ჩავკეტე, დავწექი და გამოვფხიზლდი. აი ასე, ერთბაშად. 

ძალიან დიდხანს ვიწექი თვალღია, ყოველგვარი აზრის გარეშე. ტელეფონის პირველ ზარამდე. მერე ვუპასუხე. ავტოპილოტით. ვენდობი ავტოპილოტს და ვიცი, რომ სისულელე არ მითქვამს, თორემ რომ მკითხოთ, ვის ელაპარაკე ან რა უთხარიო, ვერ გეტყვით. 

მერე საქარგს მივუჯექი. ვქარგავ რას? ფსიქოდელიას მრავალ ფერში, ყოველგვარი სქემის გარეშე, რამეთუ ამ ჟანრს, მოგეხსენებათ, სქემა არ გააჩნია. ჩემი ტილო (მატერია იგულისხმეთ!) აჭრელებული კი არა, უბრალოდ, ფერადია, მაგრამ ჩახვეულ-ჩაკვარახჭინებული. 

ნებისმიერი საშუალო დონის ფსიქოლოგიც კი ადვილად გამოიტანს დასკვნას. ჰოდა, თუ ეხლა ნაწერს სწორედ ამ პროფესიის წარმომადგენელი კითხულობს... ჰმ, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს აბურდულ სამყაროში, ბატონო ჩემო (იქნებ ქალბატონო? სექსიზმის მცირე გამოვლინება მე მაპატიეთ!), ოღონდ ფრთხილად იარეთ, რომ ზემოხსენებული, კეთილმოპატიჟებული კიდური რომელიმე ხვეულს არ წამოსდოთ! 

ფილმს, რომელიც ახლაც ჩართული მაქვს, მეოთხედ ვუყურებ (ვუსმენ?) დღეს. მიყვარს მეთიუ პერის გმირები. ასეთები რეალში არ არსებობენ – იუმორით, მიამიტობით, მომხიბლავად ნერვების მომშლელი ღიმილით. რეალური მამაკაცები საინტერესო ხუთ კატეგორიად იყოფიან: 1. ძია კაცები (ასაკისდა მიუხედავად); 2. ძველი ბიჭები (იხ. პირველი შენიშვნა); 3. ვისდაკარგვია ტიპები; 4. იდიოტები; და ნომერი 5 - ერთი, რომელსაც ვერ პოულობ! თუ ვერ გპოულობს? ა კაკაია ფიალეტოვაია რაზნიცა?

ცხადია, მეგობრებიც არ უნდა დავივიწყოთ, თუმცა ბოლო ხანია, ვფიქრობ, რომ მეგობარი მამაკაცები საერთოდაც არ არსებობენ – არიან უბრალოდ მეგობრები უსქესოდ და ამიტომ ცალკე კატეგორიას ვერ მივანიჭებთ! 

თუ არ გჯერათ ან სკეპტიკურად აზიდეთ წარბები, მოგახსენებთ, რომ ჩემს უხვმამრმეგობართა შორის წლეულს იდეალურად ნულმა ადამიანმა მომილოცა რვა მარტი. დასკვნა: ისინი მის უდიდებულესობა “მე”-ს, ანუ იგივე თქვენს მონა-მორჩილს ქალად არ აღიქვამენ, ესე იგი არ აღიქვამენ თავს მამაკაცად ჩემს გვერდით. ხოლო როგორ შეიძლება ვინმეს უწოდო რამე, როდესაც ზემოხსენებული ვინმე საკუთარ თავსაც კი არ აღიქვამს ასევე ზემოხსენებულ რამედ. 

პირადად მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. საწინააღმდეგო რომ მქონოდა, ბავშვობას ბურთის ან ომობანას თამაშში არ გავატარებდი, არ მოვუგებდი კაცებს პრეფერანსში (სულ მცირე, მიზერს მაინც არ გავუხუნებდი!), ლექსიკონიდან ამოვშლიდი პერიოდულად გამოყენებულ სიტყვებს, რომლებიც თვით გინების უხუცესებს, ”საპოჟნიკებსაც” შეშურდებოდათ და წელიწადში ორჯერ მაინც ჩავიცვამდი კაბას ან ქვედაბოლოს, ვიკითხავდი ბევრს, ოღონდ მხოლოდ ”ვოგს” და ”კოსმოპოლიტენს”... მაგრამ ამის გაკეთების სურვილი არც არასდროს მქონია და არც უახლოეს მომავალში შეიცვლება რაიმე...

უფ... ძალიან დამღალა დღევანდელმა დღემ მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში 5 სიტყვა ვთქვი. ნეტავ, მალე დაღამდეს, დამეძინოს და ხვალინდელი დღეც მალე გათენდეს. არაფერს არ ველოდები!.. უბრალოდ, ჩემი იდეალი სკარლეტ ო’ჰარა იმედით ამბობდა ხოლმე, ხვალ ახალი დღე გათენდებაო. მეც ეგრე ვარ... ოღონდ სკარლეტისგან განსხვავებით ვამბობ, რომ ძახველის ფოთლები მიქრიან ძროხებივით! Ах, какая досада!

14 comments:

Joseph said...

სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და, გილოცავ 8 მარტს. ქალურ ბედნიერებას გისურვებ (სადღეგრძელოებში ხშირად რომ ამბობენ და ჩემი ჩათვლით კაცმა რომ არ იცის კონკრეტულად რას ნიშნავს). წარმატებებსაც გისურვებ და ბედნიერი დღეების სიმრავლესაც. ესეც შენ.
შენი გადმოცემის მანერაზე, სიტყვების წყობაზე ვგიჟდები. იშვიათადკარგად წერ (იშვიათადკარგად ერთად იმიტომ დავწერე რომ. იშვიათად, კარგად კი არ წერ; იშვიათადკარგად წერ!)
დაძინებამდე წუთებიღა დარჩა, მაპატიე სიტყვების უაზრო რახარუხი.

P.S. ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს სათაური რაღა ბედენაა. რას არ მოიფიქრებ ხოლმე

Lika Kakiashvili said...

რეაბილიტაციის მცდელობა მომწონს... ეტო რაზ, სათაურზე - ჰა-ჰა (ვინ მოიფიქრა ეგ სათაური მეც ვიცი, შენც და ტრიფონიამაც), ეტო დვა...
და უკვე მძინავს, ეტო ტრი.

სადღაც იქვე მეოთხეც უნდა იყოს, ახლოს - რვა მარტის დედაც, მიყვარხართ, აუტანლებო!..

Anonymous said...

ისევ ვიხალისე და ისევ დამასწრო JoKey მ. ამ საღამოს ღიმილის მიზეზები ნამდვილად მქონდა,ჰოდა ესეც დაემატა..
ჰოდა ხვალინდელი დღის გათენების იმედით ძილინებისა.

Sophie שרה Golden said...

ზუსტად 6 წუთი მაქვს დასაკომენტებლად :)
ჩემი თავი გამახსენდა... კაბის არჩაცმაზე და ბიჭებთან უსქესო მეგობრობაზე... უხ, რამდენს მოგწერდი ახლა მე... მოგწერ სხვაგან და სხვა დროს :) იცი, რა კარგი გოგო ხარ? იცი, მაგრამ მაიმუნობ ცოტას :)
Shabbat Shalom!!!

Lika Kakiashvili said...

ბეტი, უსაყვარლესი კომენტია! თენქიუები! :)
სოოოოოოფ, ვიმაიმუნებ და გამივლის :D :D

Lalena said...

როგორც ყოველთვის ორიგინალური პოსტია...
და ისა მომენატრე :)
და კიდევ ისა, ნაქარგს ხომ მანახებ (wasntme)?

Lika Kakiashvili said...

მეც მომენატრე და ერთ ჩვენს ნაცნობს გადაეცი, 8 მარტი ერთია და მეგობრის არმონახულება მეორეო! :D
ნაქარგს გაჩვენებ, ოღონდ უნდა მოასწრო, თორემ ჯოქეი მახევს! თავზე არა, უბრალოდ მახევს! :D

© said...

JoKey, ე.წ. "ქალური ბედნიერება" მინდა გითხრა რომ კაცმა კი არა, არც ერთმა ქალმა არ იცის, რას ნიშნავს. ნუ, ვინ იგონებს ასეთ მარაზმატულ სიტყვათშეთანხმებებს?! :D

Anonymous said...

5 პუნქტი მომეწონა! :))

nastasia said...

ნამდვილი მეგობრები გყოლია,რ გინდა,8 მარტს ხო კეთილი ადამიანები არ ულოცავენ ერთმანეთს :D

matilda said...

ჩემი ქმარი,რომელსაც ვერც კარტში და ვერც ფეხბურთში ვერაფრით ვუგებ, არასდროს მილოცავს ამ მარაზმ დღეს, მაგრამ ეს დღე კომენტებში სულ ტყუილად არის თითზე დახვეული
p.s. მე რომ ქალად აღგიქვამ და კაბა რატომ არ გაცვია- მეთქი ეგ დაამატე, მერე რა რომ გოგო ვარ :) :)

Anonymous said...

კაბა ჩემი გარდერობის ძირითადი ნაწილია, ისევე როგორც მაღალი ქუსლები და კარგი სუნამო. ”ვოგ”-საც ვკითხულობ, ”კოსმოპოლიტან”-საც, ისევე როგორც უილიამ ფოლკნერს (შესაძლოა აღარ არის მოდური)და სხვა მრავალს :)
რატომ ითვლება, რომ ინტელექტუალური და მოაზროვნე ქალი ფეღბურთს უნდა თამაშობდეს ან ლესბოსელივით გამოიყურებოდეს? (მე მაპატიეთ არანიარი დისკრიმინაცია და ცუდი ზრახვები). საკუთარ სქესს მშვენივრად აღვიქვავ, ისევე როგორც სხვებისას, თუმცა ეს ხელს მეგობრობაში (მგონი არც ისე ცუდ მეგობრად ვითვლები) სრულიად არ მიშლის :)ფსიქოლოგისათვის (თუნდაც დამწყებისთვის) ეს პოსტი დიდად საანალიზო ალბათ ვერ არის, ყველაფერი გაცილებით სტერეოტიპულია.

საუკეთესო სურვილებით, უბრალოდ სტერეოტიპებს ვანგრევ ;)

P.S.
Gender:female
age:29
Profession: Psychologist
:)

Lika Kakiashvili said...

ძვირფასო 29 წლის ანონიმურო ფსიქოლოგო ქალბატონო... არააა, არ მჩვევია ადამიანთათვის ასე მიმართვა და, თქვენის ნებართვით, გიწოდებთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახელს, მაგალითად, ჰმმ.... მაგალითად, თამარს. რატომაც არა, შესანიშნავი სახელია!

ჰოდა, ქალბატონო თამარ!.. პირველ რიგში, უღრმესი მადლობა უზარმაზარი კომენტარისთვის, თუმცა არ შემიძლია, არ გითხრათ, რომ მისი კითხვისას ძალიან ბევრი ვიცინე. ჯერ ერთი, თავად ფორმაზე, რომელიც სასწაულად ჰგავს ჟურნალ-გაზეთებში აწ უკვე მოხშირებულ "საპაემანო" გზავნილებს და აგიხსნით, რატომ:

მოგახსენებთ შინაარსს იმისა, რაც თქვენ დაწერეთ: ვარ 29 წლის ფსიქოლოგი ქალბატონი, მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კაბები. ვკითხულობ "ვოგს" და "კოსმოპოლიტენს" ("კოსმოპოლიტანი" შეცდომაა, სხვათა შორის!), თუმცა ვიცნობ კლასიკოსებსაც. მიმიჩნევენ კარგ მეგობრად. არ მიყვარს სტერეოტიპები. ტელეფონის ნომერი იკითხეთ რედაქციაში, ლესბოსელები ნუ შემეხმიანებით. ანონიმი.

ახლა რაც შეეხება ინტელექტს, აზროვნებას, ფეხბურთს და ყბადაღებულ ლესბოსელებს:

1. ფრიად საინტერესო სიტყვათშეთანხმებაა "მოაზროვნე ქალი". გულზე ხელი დაიდეთ და გთხოვთ, მითხრათ, სად გინახავთ "არამოაზროვნე ქალი" ან თუნდაც კაცი? თუ საღად მოაზროვნეს გულისხმობდით, რა ვიცი... ფსიქოლოგიაში ისწავლება ეგ, მგონი, თუმცა ლინგვისტიკასთანაც აქვს შეხება...

2. ოდეს ადამიანი აღნიშნავს, რომ ბავშვობა ფეხბურთის თამაშში აქვს გატარებული, სულაც არ აცხადებს პრეტენზიას ზეინტელექტუალობაზე! მგონი! ნუ დამადანაშაულებთ ამაში! პოსტში მსგავსი არაფერი იყო ნახსენები!

3. ფეღბურთი - შეცდომაა... სწორია - ფეხბურთი! აღვიქვავ - შეცდომაა... სწორია - აღვიქვამ! რატომ ითვლება - ბარბარიზმია, სწორია - რატომ მიიჩნევა!

4. ჰოდა, მიჩნევა იმისა, რომ ლესბოსელები გემოვნებით არ იცვამენ და კაბებისადმი ალერგიული დამოკიდებულება აქვთ, უკვე სტერეოტიპი გახლავთ და ნგრევაში მოვიკოჭლებთ, როგორც ჩანს.

5. კონკრეტულად სად წააწყდით პოსტში მუხლმოდრეკით ვედრებას ფსიქოანალიზისა, არ ვიცი, თუმცა გმადლობთ გულწრფელი სიტყვებისთვის.

დაბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ, რაც უნდა მოხდეს, ძახველის ფოთლები მაინც იფრენენ ქარდაქარ! არისტაფანს ისევ არ ეხუმრება, ნეტავ?!

Anonymous said...

სახელით მომართვისათვის გმადლობთ :) ასევე ვიღებ თქვენს მადლობასაც გულწრფელობასთან დაკავშჳრებით :) ქართულს რომ გამიკრიტიკებდით მაგაში ეჭვიც არ შემპარვია :) :) :)
რაც შეეხება შენიშვნას თუ სად რა დავინახე ტექსტის მიღმა ეს ხანგრძლივი თემაა, როგორც ცნება ”აზროვნებაც” ძალიან პირობითია და ყველა ადამიანიც ვერ არის ”მოაზროვნე” . ცხადია არსებობს ბევრი სტერეოტიპი და შაბლონი ნებისმიერ საზოგადოებაში, ამას ვერ ავუვლით გვერდს, ყველა სტერეოტიპის ნგრევა არ მიგულისხმია ერთისას შევეცადე და თუ ეს პირად კრიტიკად მიიღეთ მე ბოდიში :) ჟურნალების საპაემნო გზავნილებიარ წამიკითხავს ასე რომ მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ :)
P.S ლესბოსელები არც ისე ყბადაღებული თემაა, ჰომოსექსუალი მამაკაცები მეტად ;)
მიხარია, რომ ნაწერმა გაგახალისათ, გულწრფელად :) მთავარი მიზანი ეს იყო, რადგან ბლოგის კითხვისას თავად შემეპარა ცოტაოდენი სევდა და ეტყობა ვიფიქრე დამწერიც ცოტათი სევდიანია თქო :) (ეს უკვე არა როგორც ფსიქოლოგმა :) )