ეშმას აღსარება

Thursday, March 5, 2009

დღეს პატარა ეშმაკუნა მესტუმრა. ციცქნა რქებით, ისრისპირიანი კუდით. რა გინდა-მეთქი, გაბრაზებულმა ვკითხე. თავი დახარა, საწოლის კიდეზე ჩამოკუსდა და კარგა ხანს ხმას არ იღებდა. კითხვა გავუმეორე, ოღონდ უფრო რბილად. უცნაურად იქცეოდა და მომერიდა უხეშობა ალბათ. 

არაფერი, სალაპარაკოდ შემოგიარეო, ძლივს გასაგონად მიპასუხა. ხმამაღლა გამეცინა. თუ გინდა, ნუ გაგეცინება, როცა ოთახში ეშმაკი გიზის და გულახდილ საუბარს გთხოვს. თავი უფრო ჩახარა, შეტყუპულ მუხლებს ლამის ცხვირით შეეხო. 

ჩვენს ბოლო შეხვედრას რა დამავიწყებს, ჯოჯოხეთის მოციქულო-მეთქი, ვერ მოვითმინე და პირდაპირ მივახალე. კარგად მახსოვს, მაშინ წელში გამართულმა გადმოალაჯა ზღურბლს გრძელი ფეხებით, იმსიმაღლე ჩანდა, ერთი პირობა ვიფიქრე, ჭერს გამიხვრეტს-მეთქი რქებით, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მაშინაც საწოლზე ჩამომიჯდა, უფრო სწორად, მთელი საწოლი დაიკავა, გადაწვა, გაფაშფაშდა, გაიბღინძა. 

კარადაში პატარა კოცონი რომ გაქვს შენახული და ცივ ნიავს არ აკარებ, გაგიქრება მალეო, მითხრა. მაშინაც გამეცინა – ვიფიქრე, მართალია, ეშმაკია, ეს სულწარწყმედილი, მაგრამ იმ ალს როგორ მიწვდება, როცა სამი კლიტე მიდევს კარადის კარებზე-მეთქი. 

კლიტეების იმედი თუ გაქვს, ძალიან ცდებიო, გადაიხარხარა და გაქრა. ასეთი ჩვევა აქვთ ეშმაკებს, გეტყვიან სათქმელს და ფუჰ... გაქრებიან. 

ამ სტუმრობისთვის ყურადღება არ მიმიქცევია – დიდი ამბავი, თუ ერთხელ საწოლზე ეშმაკი გადაგიწვება, მთავარია, მისი წასვლის მერე კარგად გადაფერთხო საბან-ბალიში და ისე დაიძინო, თორემ მთელი ღამე კოშმარები არ მოგასვენებს. 

ნაპერწკალს კი, რომელის კოცონად გაღვივებასაც ვცდილობდი, ვინ შეეხებოდა? დაიწვებოდა, აბა, რა მოუვიდოდა იმ საცოდავს?! მერე რა, რომ პატარა ალი მქონდა ჯერ, ერთიციცქნა, ძლივს დასანახი, სამაგიეროდ, ისეთ ნეტარებაში ვზრდიდი, მის გადაბირებას ვინ მოახერხებდა?! 

თუ არ იცით, გეტყვით, რომ თუ წმინდა ცეცხლი შენ გეკუთვნის, არასდროს გწვავს, გათბობს. თან ზედაპირულად კი არა, შენში შემოდის, გულის არეში იბუდებს და მანამ რჩება იქ, სანამ ბოლომდე არ გათბები. ვერა, ის დრუნჩიანი მის მოხიბვლას კი არა, მასთან მიახლოვებასაც ვერ გაბედავს-მეთქი, ვფიქრობდი ბალიშის ფერთხვისას. მერე საწოლში შევწექი და იმწამსვე ჩამეძინა. ფერადად მეძინა, დიდხანს. 

მეორე დილასღა მივხვდი, რას გულისხმობდა, კლიტეები ვერ დაგიცავსო, რომ მითხრა იმ სულძაღლიანმა. თვალი გავახილე თუ არა, კარადის შემტვრეული კარი დავინახე. გვერდით შუაზე გადამსხვრეული სამივე ბოქლომი ეყარა – საერთო ჯამში, ექვსი ნატეხი... 

-------------
რატომ მოხვედი-მეთქი, ერთხელაც გავუმეორე. თანდათან პატარავდებოდა ეს დაწყევლილი, ილეოდა. მუჭი გაშალა და ჩემი ცეცხლი მანახა. ჯერ ლამის თვალთ დამიბნელდა. მერე ალმა ჩემსკენ გამოიწია, მაგრამ ბეწვიან ხელში მოციმციმეს კარგად რომ დავაკვირდი, გამაჟრიალა. ვერა, ვეღარ იყო ჩემი... ჯოჯოხეთგამოვლილი არად მინდოდა. 

აღსარების სათქმლად ხომ არ მოსულხარ, უჯიშოვ-მეთქი? დიდხანს არაფერს ამბობდა, მერე, როგორც იქნა, ხმა ამოიდგა - ყოველ შეხებაზე მწვავს, ეხლაც ნელ-ცეცხლზე ვიხრუკები, შენ რატომ არაფერს გიშავებდაო, მკითხა. 

დამიბრუნე და დაისვენებ-მეთქი, გამოვცადე, თორემ ფეხები რომ დაეკოცნა და ჯოჯოხეთის კარის ჩარაზვას დამპირებოდა, იმ ალის დამბრუნებელი არ ვიყავი. ჩვენ, ეშმაკებს წესი გვაქვს, თუ რამეს მოვიპარავთ, სულ თან უნდა დაგვქონდესო, არც დაფიქრებულა, ისე მითხრა. შემომხედა და მივხვდი, რომ შველას მთხოვდა.

გასასვლელისკენ ვანიშნე წყნარად. ყურებჩამოყრილი წამოდგა, კარი გააღო, ბოლოჯერ შემომხედა და გავიდა. ასეთი ჩვევა აქვთ ეშმაკებს, თავისი თუ არ გაიტანეს, გაქრობას ვერ ახერხებენ და იმ კარიდან უნდა გავიდნენ, სადაც ვერასდროს დაბრუნდებიან.  

8 comments:

Joseph said...

შემეცოდა საწოლზე ჩამოკუსკუსებული ეშმაკუნა, პატრა და უმწეო. ცუდი გოგო ხარ შენ ასე რომ გააბუნძულე. გამოგერთმია ის ცეცხლი და შენი მადლიერი იქნებოდა ეშმაც.

მაგრამ, ცეცხლი რომ მოიპარა კარგი იყო?!

მაინც მეცოდება. რა ქნას, იქნებ კლეპტომანი ეშმაკი იყო. შენ კიდევ ბოროტი გოგო. შეგეძლო დახმარება და არ დაეხმარე.

არა, როგორ გაბედა ქურდობა, როგორ გაკადრა?!

უნდა დახმარებოდი!

ქურდი ეშმაკი, მაგის პატიება არ შეიძლება.


მარჯვენა მხარზე ჩამომიკუსკუსდა. მუჭს მახარბებს.

Lika Kakiashvili said...

ხო გამოვცადე, არაო, მითხრა. ესეთი წესი გვაქვსო, ეშმაკებს, რამეს თუ მოვიპარავთო... მასწავლე, როგორ არ დამწვასო, მთხოვდა. მხარზე რომ გიზის, მაგას კითხე, იცის მაგან! ჰოდა, რო გაქრება, მხარი კარგად გადაიბერტყე, თორე კოშმარები იცის!

P.S. არ გეცნობა ეს ისტორია? სხვანაირად ხო მოგიყევი უკვე? :):)

Joseph said...

ნეუჟელი ის არის რასაც ვფიქრობ?!
P.S. საღამოს სკაიპიში ვიკრიბებით! :)))

Lika Kakiashvili said...

ვგონებ, არ უნდა ცდებოდეთ, სერ! :D :D :D
სკაიპთან დაკავშირებით მასლაათიც არაა. (ანუ, ბაზარა ნეტ!):D :D :D

Anonymous said...

ფეთხუმ, რა არს ეს?
ეშმა გააბუნძულე, აი ისტორია მენამ არ იცის, თან სკუპეშიც რამოდენიმეჯერ ვერ გნახე. ხოდა ჩამობუნზურდები თუ არა მოვალ და დაგტუქსავ. ვოტ :ჵ
Grigolly

Lika Kakiashvili said...

გრიგოლ, სუ!

Sophie שרה Golden said...

ტფუ! ტფუ! რა ეშმაკები, რას ანბობ? :P ;)

Lalena said...

(wasntme) მგონი შეეფერება ასეთი რექაცია, თუ არადა მე ბოდიში (wasntme)