შიშებიო, ბლინ!

Saturday, October 17, 2009

ბოლო დროს იმდენი ადამიანი მელაპარაკა შიშებზე და იმდენჯერ, რომ ძალაუნებურად, სარდაფში განმარტოებულს ყოველი მათგანი მესტუმრა. შობის ღამის აჩრდილებივით ჩამწკრივდნენ ერთ რიგად და შემომყურებდნენ. მოთმენით ელოდნენ, როდის გავიხსენებდი თითოეულს, დაძლეულს. 

ერთს ყველაზე დიდი თვალები ჰქონდა. სიზმარში მეწვეოდა ხოლმე, რა დამავიწყებს?! თან ხშირად... გარბიხარ, გარბიხარ, გარბიხარ... როგორც იქნება, სახლში შეასწრებ რაღაცას თუ ვიღაცას, კარს გადარაზავ ათასი საკეტით და შვებით ამოსუნთქვას რომ დააპირებ, მაშინღა გახსენდება - კარს მიღმა დარჩა ვიღაც შენიანი... მე დედა მრჩებოდა გარეთ და ტირილით ვიღვიძებდი. მერე დაძინების მეშინოდა. 

მეორე ობობას ჩამოჰგავდა. ისიც ბავშვობას მაგონებდა... მხოლოდ სიზმარში და მხოლოდ მაშინ ცოცხლდებოდა, როცა ვინმე ტყუილს იტყოდა. რაღაც საოცრებით ვახერხებდით მის მოკვლას თუ ჩაკვლას, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით... და დიდხანს მივჩერებოდი არაქნიდის უსიცოცხლო სხეულს... მერე დედა მეტყოდა, შემპირდი, რომ არასდროს მომატყუებო და მეც ვპირდებოდი უსირცხვილოდ. ჰოდა, თავზარი მეცემოდა, როცა აშკარა სიცრუეზე საცეცები ისევ მოძრაობას იწყებდა... გაოფლილს რომ მეღვიძებოდა, რა გასაკვირია?! 

მესამე სტუმარი ბნელი იყო უმთვარო ღამესავით. შავ მოსასხამში ჩაემალა თავი და ცივი ხელები ჰქონდა. რამდენ ხანს მიყვარდი და როგორ გამექეციო, - სინანულით მითხრა მიტოვებული საყვარელივით. მხრები ავიჩეჩე და გამეღიმა. ბევრი სახე ჰქონდა. ხან ვერზევულს ჰგავდა, წაწვეტებული რქებით, ხან კვამლის უზარმაზარ ღრუბელს... ხან მოულოდნელად გაჩნდებოდა ზურგს უკან და ქირქილებდა გამყინავად, ხანაც შემომეწებებოდა ტანზე და ხედვას მიჩრდილავდა. სიბნელე ერქვა და არ მეშინოდა მისი. არა, ალბათ ცოტათი მეშინოდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, ბნელეთის კოშკში მასთან გატარებული ექვსიოდე საათის შემდეგ დაპატარავებულიყო რაღაცნაირად... 

მერე რიგში ჩადგა სიმაღლე, მოჰყვა სიბერე... სიკვდილი გამომეცხადა ცელით და ურიცხვი თაგვიც დამესია... მმართავდნენ ოდნავ, მაგრამ წასვლამ მოუწია ყველას. ერთი დარჩა მხოლოდ. კუთხეში მიყუჟული. 

სხვების სიმრავლის გამო ვერ შევამჩნიე თავიდან. ვერც ეხლა ვცნობდი. დავაკვირდი. თვალები საერთოდ არ ჰქონდა. ორი ბნელი სიცარიელე მომჩერებოდა უძირო ხვრელებად. შემაჟრჟოლა. უსასრულობად ქცეული ორიოდ გაელვების მერეღა ვიგრძენი, რომ შუბლი დამცვარვოდა. 

ათრთოლებული ხელები ზურგს უკან დავმალე და ძლივსღა ვიპოვე გაბზარული ბგერები - ვინ ხარ?! ჩუმად იჯდა კუთხეში, ხმას არ იღებდა. სიჩუმე მკლავდა. მერე სიცივე მოვიდა. მოჰყვა სიცარიელე... სინანულის და ინდიფერენტულობის დროც დადგა. და სიცარიელე გაფართოვდა. გაფართოვდა. გაფართოვდა. და მე ვიდექი სრულიად მარტო ცარიელ ოთახში. 

მერე კედლები დავიწროვდა და დარჩა ერთადერთი კუთხე, საიდანაც მარტოობა მიყურებდა ცარიელი თვალებით. 

5 comments:

Sophie Golden said...

არ ვიცი, რატომ, მაგრამ უცებ მეგონა გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას" ვკითხულობდი; მომკალი და არ ვიცი რატომ :|

Lalena said...

:((( ყველა ჩემ შიშზე გიწერია...

ისე დანარჩენი რისაც მეშინია იხილეთ სოსოს ბლოგზე კომენტარებად... 2 თუ 3 წყებად :))))))

Asklypiodota said...

არ ვიცი რატომ,უსაშველო დაღლა ვიგრძენი და გული შემეკუმშა:(და ზურგს უკან მიხედვის შემეშინდა

ally said...

ბოლო შიში გამოვიცანი, პირველივე სიტყვებიდან...

მომწონს შენი წერის მანერა ძალიან

xissunianisaxli said...

რა კარგად წერს : S