კითხვები უსაქმურობისას

Tuesday, April 7, 2009

ნუთუ დავკარგეთ სილამაზე ედემიდან განდევნილებმა?..

ასფალტის ღრიჭოდან ამოხეთქილ თოთო ბალახს გვერდს რომ ჩავუვლი, აღარ მიკვირს ეს საოცრება ისე, როგორც ადრე, წარსულში მიტოვებულ დროსა და სივრცეში - იქ, სადაც ყველაფერი ბურუსშია გადადღვებილი და მგონია, სხვას გადახდენია ჩემს ნაცვლად თავს, რაც იქ ხდება... მოხდა... მომხდარა?

როგორ დავკარგეთ ნეტარება ედემიდან განდევნილებმა?..

მიხაკ-დარიჩინის სუნი რომ მეცემა საფუნთუშესთან ჩავლილს, საქმეზე მიმავალი ერთი წამითაც ვერ ვჩერდები, რომ გავიხსენო გრძნობა, წაღვერის პარკის გასასვლელთან მტვერში ამოგანგლულს და თამაშისგან მოშიებულს რომ დამივლიდა თმის ღერებიდან ფეხის წვერამდე. მერე ქაღალდის პაკეტში ჩაწყობილ დარიჩინიან ფუნთუშებს, რომლის დაგემოვნების უფლებას ჭუჭყიანი ხელების გამო დედა არ გვაძლევდა, მეც და ჩემი ძმაც სუნზე მივყვებოდით და ისე გვაჟრიალებდა ნეტარების წინათგრძნობისგან, გვეჩვენებოდა, სახლი შორს გადაეტანა უხილავ ძალას. 

რატომ დავკარგეთ ღიმილი ედემიდან განდევნილებმა?

გაცვეთილად ძველი მუსიკა რომ შემომესმება ღია ფანჯრიდან, ცხვირს ავიბზუებ ხოლმე და აჩქარებით ჩავივლი. რატომ არ მყოფნის ძალა, გავიხსენო, რა სიხარულით ვმღეროდით იმავე სიმღერას იმ ბურუსში, ბებიის სახლის დალაგებისას? შვილო, იმ სკამის ქვეშ გამოგვა რო დაგვიწყებიაააა? ბოლო ბგერას აუცილებლად წელავდა ხოლმე ბებია და ისე, ისე, ისე იღიმებოდა... რას ვეტყოდი, რომ ზუსტად ამ ღიმილის სანახავად ვტოვებდი ნამცეცებს სადმე, მერე გავრბოდი იქით და ლამის მთელი ხმით გავკიოდი: “მილიონ, მილიონ, მილიონ ააალიხ როოოოზ”... ასე ხდებოდა ყოველდღე და არ მბეზრდებოდა. სანამ გავიზრდებოდი.

რისთვის დავკარგეთ ცრემლი ედემიდან განდევნილებმა? 

ათასი სისულელისგან გულდამძიმებულს მთელი ღამე რომ არ მეძინება ხანდახან, რატომ არ ვაღიარებ, რომ ტირილისგან გათავისუფლებულს ადვილად ჩამეძინებოდა, ისევე როგორც ადრე, იმ სამყაროში, რომელიც იმდენადაა ბურუსით მოცული, არც იცი, არსებობდა კი? არსებობს? უარსებია?. წელამდე ჩამოზრდილი თმა პირველად რომ დამიმოკლეს და სარკეში ჩავიხედე, ცრემლები წამსკდა, საყვარელი ფეხსაცმელი რომ ამიწყდა - მაშინაც, გერმანულ თოჯინას რომ ვერ ვპოულობდი დიდხანს, არც მაშინ დამიკლია ცრემლთა ღვარღვარი? ცუდად ხარ - ტირი, კარგად ხარ - იცინი... რატომ ვკარგავ მარტივს, საჭიროს და ვეძებ რთულს, უმნიშვნელოს?

ვისთვის დავკარგეთ სიყვარული ედემიდან განდევნილებმა? 

მახსოვს გუდაუთას სანაპიროსკენ წამოსული უსაშველოდ დიდი ტალღა (მაშინ მეჩვენა იქნებ დიდი?!) და წამის მეასედი წყლის ქვეშ, საუკუნედ ქცეული; და მერე ვიღაცის ძლიერი ხელი და ჩასუნთქვა სიცოცხლის - ფილტვებს რომ გტკენს ისეთი; და ტირილი, იმიტომ რომ ცოცხალი ხარ, რომ მამის ხელი წყალქვეშ გაპარვის უფლებას არ მოგცემდა, რომ მილიონ ვარდზე მომღერალი, მაშინდელი პრიმადონას ხმით გაჯერებულ სანაპიროზე კიდევ ერთი წყვილი ხელი გელის... და დარიჩინიანი ფუნთუშებიც გელოდება იქ, სანაპიროზე, რომელიც არცთუ შორია; და გული... ისე ფართხალებს, გეშინია, უცებ არ გაჩერდეს... და არ ჩერდება.

რატომ დავკარგე ეს ყველაფერი სამოთხიდან გაძევებულმა?..

6 comments:

Joseph said...

დედას გეფიცები გამაჟრიალა და ხმას ვერ ვიღებ

Lalena said...

;( ხშირად ვამბობ ხოლმე: რა კარგი იყო ბავშვობა... მაშინ ერთმანეთს წრფელ გრძნობებს უანგაროდ ვჩუქნიდით, და თანაც გაუაზრებლად, უენბურად... მაშინ ყველაფერი კარგად იყო, სიცილის ზღვაც იყო და თითზე ჩამოსათვლელი ცრემლებიც, ახლა უბრალოდ აღარ გვცალია :|

Sophie שרה Golden said...

ბავშვობაში მეც რომ მიყვარდა "მილიონ მილიონ ალიხ როზ", უფრო ისტორია მიყვარდა და წარმოვიდგენდი საწყალ ნიკალას, ფუშფუშა მარგარიტას... ლიკააააა, გამოგვა რამ დაგავიწყაააა??? :)))) ტკბილი, ტკბილი და თბილი იყო, მადლობა, რომ დაწერე, მჭირდებოდა ეს დღეს ძალიან!!!

Anonymous said...

ყველაფერი თბილი ერთბაშად გამახსენდა და თავს ვარწმუნებ, რომ არც ისე სენტიმენტალური ვარ, ვიტირო :) :*:*:*:*:*

© said...

:(

თუ ამ суета-ში ცოტა ხნით მაინც მოვახერხე ხოლმე გაჩერება, წამით მაინც, ვგრძნობ, რომ მენატრება ასეთი დეტალები, ხანდახან ტკივილამდე მენატრება.
და კიდევ იმას ვგრძნობ, რომ ემოციური გასადავება დამეწყო...

რას გვიშვება ეს.... ცხოვრება :)

გაპიარება არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მეც მაგრა შემომიტია ამ თემამ და მსგავსი პოსტი მაქვს. ამას რომ ვკითხულობდი, გამახსენდა და გაზიარება მომინდა... აი http://n-irgendwann.blogspot.com/2008/10/youtube.html

Asklypiodota said...

შენ არც კი იცი რა კარგი საქმე გააკეტე ამ პოსტით ჩემიანო:)რადგან უემოციოდ ვერ წავიკითხე,ესე იგი ყველაფერი არ დამიკარგავს,ბაღში რომ ფუნთუშებს გვაჭმევდნენ იმის გემო გამახსენდა ისე ცხადად მომშივდა:)მე მომშივდა,გესმის ეს რას ნიშნავს?:)