ჩარეცხეთ ადმინისტრაცია

Sunday, March 1, 2009

ანუ გვაქვს სხვა მისამართებიც

უაღრესად უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. იმდენად უცნაურში, რომ აქ თუ არ დაიბადე, გაიზარდე და ერთი-ორი ისარი (ან სულ მცირე, "დიმავუშკა" მაინც) არ გაისროლე, მის მშვენებას ბოლომდე ვერ აღიქვამ. ვერც ისეთ რაღაცეებს გაიგებ, რაზეც ჯერ ისტერიულად გაგეცინება და მერე ისტერიულადვე აგეტირება. 

სიცილი სჯობს არსიცილსა, ზოგჯერ მითაც დაშავდებისო, ჩვენს წინაპრებს უთქვამთ. მერე ეს ფრაზა შურიანმა ადამიანებმა გადააკეთეს და ისეთი ფორმით შემოგვინახეს, როგორითაც დღეს ვიცნობთ. ვითომ თვითონ მოიგონეს?!. თუმცა, ახლა ქართულ ფრაზეოლოგიაზე არ გვინდა საუბარი. იქნებ მოგვიანებით?!.

იმას გეუბნებოდით, ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც, მაგალითად, საკმაოდ პრესტიჟულ ორგანიზაციაში, მაპატიეთ და, უნიტაზის საფარზე (შიგნიდან!!) შეგიძლიათ, ნახოთ სკოჩით მიმაგრებული ქაღალდი, სადაც გაკრული ხელით წერია: "ჩარეცხეთ ადმინისტრაცია". ცოტა ხანს თუ არ დაფიქრდი, გეგონება, რომ ეს წერილი ვინმე ანარქისტმა ან მეამბოხე სულის პატრონმა დაწერა და ეგრეთ წოდებულ ჩეჩმაში მხოლოდ პროტესტის ნიშნად მიამაგრა. ნურას უკაცრავად - ქართული გონება გაავარჯიშეთ, რეალობის აღქმა დაიბრუნეთ და მიხვდებით, რომ: 

1. წარწერა თავად ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომელმაც ეკონომიური განათლება გამოიყენა და გამოთვალა, რომ კარტრიჯი მელანზე ძვირია, ამიტომ კალამი ან ბატის ფრთა მოიმარჯვა ხელში; 2. უსტარი შესრულებულია სიჩქარეში ან ავტორს სუფთა წერის გაკვეთილები არ უტარდებოდა; 3. მერე რა, რომ წერტილ-მძიმე ცალკე ფურცელზეა დაწერილი. ნურავის განვსჯით, ბოლოს და ბოლოს, ჰანს ქრისტიან ანდერსენმა სასვენი ნიშნების არსებობის შესახებ საერთოდაც არაფერი იცოდა. 

ჰოდა, დალოცვილო, სანამ ბუნებისთვის თავნის ჩაბარებას შეუდგები, გაიხსენე, რომ ჰომოსmაპიენსი ხარ, ერთი-ორი ხვეული გაანძრიე და ამოიცან დაშიფრული კოდი. მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ კი უნიტაზი ჩარეცხე, რამეთუ სწორედ ამას გთხოვს ჭმუნვითა დაღდასმული ადმინისტრაცია. 

რა თქმა უნდა, არც ის უნდა გახდეს განხილვის საგანი, რომ იგივე ფურცლის მიწებება ტუალეტის რომელიმე კედელზე შეიძლებოდა და არა იქ, სადაც ჯერ არს!.. მაგრამ!!! ამგვარი საქციელი ხომ სიტუაციის დრამატულობას და კატეგორიულობას მიწასთან გაასწორებდა. მე ვამაყობ, ჩვენი ადმინებით.

ჩემი მეზობელი, ვალოდა, მაგალითად, იმავე შინაარსის წერილებს სრულიად გასაგებად, თუმცა ფრიად უხეში სტილით წერდა და იტალიური ეზოს საზოგადოებრივი მოხმარების ოთახში აკრავდა. ერთ-ერთი მათგანი ცალსახად შედევრი იყო, ამიტომ არ შემიძლია, არ ვახსენო. გთხოვთ, მოაცილოთ მონიტორებს 16 წლამდე ასაკის ბავშვები და ნურც სუსტი გულის მქონენი მიეტანებით ქვემოთ აღნიშნულს. მოკლედ, ანონიმური წერილების აღზევების პერიოდში ვალოდა წერდა ხოლმე: "მეზობელო, მოჯვის მერე გადაასხი ცხალი". პოეზიაა! 

დაბოლოს, ყოფილი გაგარინის მოედნიდან "ვისი-ვისაშია" შენობისკენ რომ ჩადიხარ, დამკრძალავი ბიუროს დიდი აბრა შეგეჩეხება, რომელსაც თავმომწონედ აწერია იმავე ბიუროს სახელი – "ჰადესი". 

გამოუსწორებელი ოპტიმისტი გახლავართ, მჯერა, რომ ამ დაწესებულების ზე-კრეატიული მომუშავენი კარგად იყვნენ ჩახედულნი მითოლოგიაში და შესაშური სიზუსტით იცოდნენ, ვინ იყო ჰადესი. ამას გარდა, დარწმუნებული ვარ, ბიუროს უაღრესად შთამბეჭდავი სლოგანიც აქვს, რომელიც ეკონომიური მიზეზებით ან ქალაქის მერიის წარმომადგენელთა ბალანთ-პუტვის შედეგად აბრაზე არ გამოუტანიათ. მაგალიათად: "გაგიშვებთ ჰადესთან სწრაფად, იაფად და ხარისხიანად. გვაქვს სხვა მისამართებიც!"

თუ რომელიმე თქვენგანს ეჭვი შეეპარა, რომ ზემოთ აღნიშნული ჩემი არაჯანსაღი გონების ვაი-ნაჯაფია, შემიძლია, ნაფიც მსაჯულთა წინაშე განვაცხადო, რომ სიმართლეს, სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს ვღაღადებ, თუ საჭირო გახდა, დედასაც დავიფიცავ. 

განსაკუთრებით კრიტიკულად განწყობილთ კი გირჩევთ, გაგარინზე ჩაიაროთ და თავად დარწმუნდეთ "ჰადესის" არსებობაში. ამასთანავე, უმორჩილესად გთხოვთ, არანაირ კავშირს არ ეძიოთ დამკრძალავი ბიუროს დასახელებასა და ამ მოედნის ახალ სახელს შორის. 

10 comments:

Joseph said...

ჰადესის ამბავს არასდროს დავიჯერებდი მანდ რომ არ მიწევდე ყოველდღე ავლა-ჩავლა. ბოროტი გოგო ხარ, აი ასე! აბა, ეგეთ განცხადებებზე ქილიკი შეიძლება?!
უი, რუსთავი 2-ის ქალების ტუალეტის კარზე ეწერა მამაკაცების შესვლა აკრძალულიაო. შიგნით გაბრაზებული ტონით ეწერა: "მაინც შემოხვედი?!" კაბინაში კიდევ ერთი წარწერა იყო: "თუ დამიზნება არ შეგიძლია დაჯექი და ისე ქენი!"
ასე იყო გეფიცები. ჰადესის ამბავივითაა, თუ თვითონ არ ნახე, ვერ დაიჯერებ!

Lika Kakiashvili said...

რას ამბობთ, ბატონო ჯო... ვინ ქილიკობს? ფაქტები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები. თანაც, ვამაყობ ჩვენი ზე-კრეატიულობით-მეთქი, ხომ აღვნიშნე? რა მეხუმრება?

Lika Kakiashvili said...

P.S. ქალების ტუალეტის ამბავი ცხადია, გლეჯს, მაგრამ რა გინდოდა მაგ "დაწესებულებაში"? კარები შეგეშალა თუ განცხადებამ მიგიზიდა? :D :D :D :D

Joseph said...

ამ განცხადებაზე ხმები დადიოდა და მეც ცნობისმოყვარეობის გამო შევედი

Lalena said...

მე ჩემი თვალით ვნახე:

ADE-001

:)))))))))))))

Sophie שרה Golden said...

არ დაიფიცო რა, please, please, ისედაც მჯერა შენი :)

Lika Kakiashvili said...

სოფი, :):):):):):)

Anonymous said...

ჰადესს რას ერჩი, ეპატიება :)
ალბათ უნდოდა ”ზევსი” დაერმია და დაკავებული რომ აღმოჩნდა, გაბრაზდა :D
ვინც კატაფალკაზე ADE 001-ს მიარტყავს იმასაც ეპატიება, იქნებ მართლა ადგეს :)))))))))))))))
Grigolly

Anonymous said...

:დ:დ

მე სადღაც ვნახე კიდევ ერთი ბიურო – "სამოთხე", ოღონდ ვერ ვიხსენებ – სად:)

და ადმინისტრაცია კი მგონი ყველა დაწესებულებაში ერთნაირად მსჯელობს :)))

ოღონდ, ჩვენთან წითელი კარტრიჯით ამობეჭდეს, იწყებოდა ასე – "ქალბატონებო" და ძახილის ნიშნებიც არ დაუშურებიათ. ჰო, კარზე იყო, შიგნითა მხრიდან :)

თუმცა ხელნაწერი უსტარებიც არის ხოლმე, ყველა ტუალეტში კი არ ხდება განცხადების ცივილურად გაკვრა :დ

Lika Kakiashvili said...

ზეციურ რაღაცეებს წააწყდები ადამიანი. გუშინ ჩემმა ძმამ დამირეკა და კიდევ ერთი მარგალიტი გაისროლა: პეკინზეო, მგონი, გახუნებული აბრაა გამოკრული და ზედ აწერია: ”ქართული სამზარეულო ”მერკური””...
უბედური ბერძნები, ღმერთი ეგონათ, ჩვენთან კიდე დუქნებს არქმევდნენ ამ სახელს (ვინ იცის, ადგილობრივი მზარეულის პატივსაცემად). საით მიექანები ძველო საბერძნეთო??? ოქროს საწმისი ხო აგვწაპნეს? მედეა ხო გეიტაცეს? არ იკმარეს და სასადილოების სახელები ღმერთებს დაარქვეს. ფუიიიი!