ერთი, ორი, სამი...

Thursday, February 26, 2009

ერთი, ორი, სამი...

სამი დღე სახლიდან შორს, ყოველ სამ დღეში ერთხელ. აბისი, კოდა, აბანო - სამი სოფელი შემოსავლელი დღეს. მეძინება. გუშინ გვიან დავიძინე, ისევე, როგორც ხშირად. სამ საათზე გამოვრთე კომპიუტერი და სამამდე დათვლაც ვერ მოვასწარი, ისე ჩამეძინა. დღეს მაღვიძარამ სამჯერ დარეკა, სანამ თავის წამოწევას მოვახერხებდი. 

ერთი, ორი, სამი...

სამი კაპი-ტანი... ჩემთან ერთად ეხლა მანქანაში მართლა სამი ოფიცერი ზის, ოღონდ მაიორები. ისინი აკვირდებიან, მე - ვწერ. ნეტა, არ ეძინებათ? ალბათ ეძინებათ, მაგრამ არ იმჩნევენ. 

ერთი, ორი, სამი...

სამ სოფლელს ვესაუბრეთ - სამი თვეა, დახმარება არ მიგვიღიაო. სამჯერ შეგვპირდნენ და სამჯერვე მოგვატყუესო... სამი შვილი მყავს და სამივე სიცივით მეხოცებაო, ერთმა თქვა. საზღვრის იქითა მხრიდან ვარ და სახლი სამჯერ დამიწვეს ბოლო სამი წლის განმავლობაშიო, მეორემ დაამატა. მესამე ჩუმად იყო. ნიკაპი ლამის გულ-მკერდზე მიებჯინა, მიწას მისჩერებოდა და ხმას არ იღებდა. სამჯერ ამომხედა სიბრძნით დაღარული თვალებით და სამჯერვე შემრცხვა – არ ვიცი, რატომ. 

ერთი, ორი, სამი...

სამი წვეთი დაეცა საქარე მინას. დილიდან მოჟამული ამინდი იყო და რა გასაკვირია, რომ გაწვიმდა. ქარიც ქრის. არ მიყვარს თებერვალი. გიჟი თვეა. მესამე თვეზე გიჟი! 

ერთი, ორი, სამი...

მალე მივიდეთ ნეტა სახლში. ნამდვილ სახლს დღეს ვერ, ხვალ დავუბრუნდები, მაგრამ სადაც ყოველი სამი დღის მერე სამ დღეს ვატარებ, სახლად მეგულება უკვე. სადაც დაგიღამდეს, შენი სახლიც იქ იყოსო. ასეა! ყველას თავის გზა აქვს გასავლელი! ჩემი ცხოვრება თავად გზაა. არის ალბათ ჩემში ბოშური სისხლი. სადღაც... ღრმად!

ერთი, ორი, სამი...

Три сестрички под окном, пряли поздно вечерком. ერთმა დამ ძაფი დაართო და თქვა, იცოცხლოსო, მეორემ – რამდენ ხანსო? მესამემ – მაგას მე გადავწყვეტო და მაკრატელი მოიმარჯვა. `ფსიქო~ სამჯერ მაქვს ნანახი და სამჯერ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ზემოთ დაწერილი ამ ფილმთან არანაირ კავშირში არაა. 

ერთი, ორი, სამი...

ნეტავ, სამი სურვილი ამასრულებინა, სანამ მოირა დაითვლის: სამი, ორი, ერთი და მაკრატელს ჩააჩხაკუნებს. 

4 comments:

Sophie שרה Golden said...

ოხ, ეს მოირა.
მაგრამ მაგის გაცურებაც შეიძლება, მჯერა ;)

Lika Kakiashvili said...

სოფი, იცი, დღეს მერამდენედ მითხრა ჩემმა ძმამ, ფატალიტი ხარო? არც მე ვიცი. თავიდან ვითვლიდი, მერე გადავიფიქრე... ან უბრალოდ, ავირიე..

ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ მოირას გაცურება არ არის საჭირო, ის მაინც ჩააჩხაკუნებს - ბრმაა და იმიტომ. გასაკვირი არაფერია. არც ფატალური, უბრალოდ,რეალობაა. მთავარია, ეს რეალობა მას შემდეგ დადგეს, რაც სამ სურვილს შეასრულებ. :):):)

მჯერა, რომ ეს მოხდება.

ქალბატონებო და ბატონებო, მიცნობდეთ, თქვენს წინაშეა ოპტიმისტი და არა ფატალისტი. :):):)

Sophie שרה Golden said...

მე, უბრალოდ, არ მჯერა მოირასი :)

ამ პოსტზე კიდევ გამახსენდა ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მოთხრობა. გეცოდინება, ასტრიდ ლინდგრენის "ბიულერბიუელი ბავშვები" და იქ არის ასეთი ლექსი:
"ერთი, ორი, სამი,
არ დაკარგო წამი,
აბა, ჩახმახს, მიდი
გამოჰკარი თითი." :)
რა ვქნა, თუ შენი ბლოგი ბავშვობის მოგონებებს მიღვიძებს და ისე "მთბილა" ხოლმე...

nastasia said...

სამი სურვილიც შეიზლება ბედი იყოს და საერთოდ,რაც ძალიან გინდა,ის ყოველთვის ხდება ხოლმე,მთავარია,ძალიან გინდოდეს :)