შამათი ბევრ სვლაში

Saturday, January 31, 2009

სვლა პირველი – სტანდარტული, E2 – E4. საპასუხო სვლა შავებისგან. თეთრები აგრძელებენ. სტანდარტულადვე. როქის დროც დადგა. შეტევისგან ორივე მხარე იკავებს თავს.

მძიმე არტილერია სრულ მზადყოფნაშია. ბრძოლის ველზე თეთრების დედოფალი გამოენთო. ცენტრისკენ გაიჭრა. თავდაჯერებულად, როგორც სჩვევია. შავებს შეცდომა არ აპატია და მხედარი ველიდან ხელის ერთი მოსმით გაუსტუმრა.

შავი მეფის რიგებში შავი შიში ჩასახლდა. ქვის მეომრებს ალაგ-ალაგ ბზარებიც გაუჩნდათ. ქაოსის სიღრმიდან შობილი, გაშმაგებული ქალის თვალებში ჩახედვა ხუმრობა ხომ არ არის?!

პანიკა მტრის ბანაკში. რამდენიმე მოუქნელმა სვლამ არ დააყოვნა და თეთრი დედოფლის რისხვა ორივე შავტუხა ოფიცერმა საკუთარ ტყავზე გამოსცადა – თავები წააგდებინეთო, ისე გასცა ბრძანება, თვალი არ დაუხამხამებია. მასთან შეწინააღმდეგებას ვინ გაბედავდა? ცოცხალი არავინ გაუშვათ, მეფე გვყავს დასაცავიო, შეჰკივლებდა პერიოდულად.

მეფე გვყავს დასაცავიო? მეფეს სამი პაიკი და ეტლი იცავდა. ხანდახან ამოჰყოფდა ხოლმე თავს ქონგურებიდან, თვალებს გადაავლებდა ბრძოლის ველს, გახელებულ დედოფალს გადასძახებდა, მსხვერპლი ძალიან დიდია, ხალხი დაზოგეო და ისევ ციხე-კოშკში შეიმალებოდა. მსახურ-პაიკებიც უცებ მოურბენინებდნენ ხილს, ყელი გაიგრილე, მეფევ ბატონოო.

ბოლოს რომ გადახედა ჯარს, გვარიანად შეთხელებული ეჩვენა, მაგრამ მტერი უფრო ცუდ დღეში იყო - დედოფალი დაეკარგათ. სამი პაიკის და ერთი ცხენის ამარა დარჩენილიყვნენ.

მეფე-ბატონმა გამარჯვების სუნი იკრა. გაიბღინძა. გაჩვენებთ სეირს, შავეთის მსახურებოო, შესძახა და სიტყვა შეაშრა ბაგეზე. მაშინღა გაახსენდა, ვინ იყო ამალის მმართველი და ბრძოლის ველზე გასვლა მოიწადინა – აბა, ვინმეს ხომ არ ათქმევინებდა, ცოლის მოგებულ ბრძოლას რატომ იფერებსო?! დედოფალი განზე გადგა.

შეცდომა. მეორე. მესამე. მბრძანებელო, ვიღუპებითო, უნდოდა ეთქვა დედოფალს, მაგრამ ვერ ბედავდა. მორჩილ მეუღლეს არ შეჰფერის ქმართან შეპასუხებაო, ფიქრობდა. საქმე ცუდად იყო. მეფე ჯერ იხტიბარს არ იტეხდა, მერე მიწის ფერი დაედო. ასე ხომ დამარცხებაც შეიძლებოდა?!

გადარჩენის შანსი არსებობდა, მაგრამ მეფე მას ვერ ხედავდა. სამაგიეროდ, იპოვა სხვა, მარტივი გამოსავალი, რომელსაც უცილობლად გამარჯვება უნდა მოეტანა... ჯერ თვალებს არ დაუჯერა, მერე დარწმუნდა, რომ არ ცდებოდა და სახე გაებადრა.

დედოფალი პაიკში გაიცვალოსო, ბრძანა. სიჩუმე ორ წამს გაგრძელდა. მერე ამაყად თავაწეული დედოფალი სიკვდილისკენ დაიძრა, მერე იყო გამარჯვება. მერე ზეიმიც იყო. მეფის ორმაგად დაფასებასაც არ დაუგვიანია. უკვე მერამდენედ აღიარეს უძლეველ მმართველად! ცრემლიც იყო... სიხარულის. გამარჯვების. ბედნიერების. იმ საღამოს თეთრებთან სევდიანი არავინ დარჩენილა.

და მერე რა?! მერე რა, რომ დედოფლებს ხშირად პაიკებში ცვლიან?!.

3 comments:

Anonymous said...

ლიკუნა,მართლა შთამბეჭდავია,შთამბეჭდავი მწარე რეალობა :). ძალინ მომინდა ამ შენს ჩანაწერზე თუ ჩანახატზე მიმეწერა შემდეგი სიტყვები:
”ჩვენ ვიძინებდით და მშვენიერ სიზმრებს ვხედავდით და გვიან მივხვდით, რომ გვატყუებდნენ...ტრიალ მინდორზე კი გაუხედნავ კვიცებს დაღავდნენ კაცნი...რატომ გვატყუებთ?! თავიდანვე გვითხარით გველის რამდენი ჭირი, რამდენი ბოღმა, რამდენი შხამი და გვეცოდინება, როგორ მოვიქვეთ! შევიძენთ აბჯარს ხორკლიანს და ტკივილგაუმტარს, თავებს დავიცავთ სიყვარულის ავი სენისგან, გავხდებით ოდნავ დამცინავი, სქელი კაცები... მინდორზე გავალთ, როცა ჩვენი ჯერიც დადგება... და ჩვენც დავდაღავთ ჯერ უხედნვ, მხიარულ კვიცებს...
მაგრამ არა!!! ჩვენ ხომ გასკონელი გვარდელები ვართ, კაზბორ, კასტელ, ჟალუსი!!! ჩვენი სიმდიდრე ბასრი დაშნაა და შეურყვენლი სინდის-ნამუსი!!!ჩვენი სიმდიდრე ბასრი დაშნაა და შეურყვენლი სინდის-ნამუსი!!!”

Joseph said...

კარგია რომ მეგობრები არ ან იშვიათად თამაშობენ ასე.
საშინლად არ მიყვარს ჭადრაკი. ალბათ იმიტომ რომ თამაში არ ვიცი.

ჰოდა, როგორც წამხედური მეც მივაწერ შემდეგ სიტყვებს:

"მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით.
ჩემი ჩრდილის ოთხივე მხარეს იგულისხმება
შენი წყალი.მთა და უდაბნო.
მერამდენედ დამასწრო დილამ ასეთი მოკლე განთიადი.
და ბავშვობაში
კარადიდან გადმოვარდნილი გლობუსივით
დამემსხვრა ფერხთით
დედამიწის მყიფე სიმრგვალე.
ღმერთმა ვერაფრით გადაგვაჩვია ამნაირ ლოცვებს:
ყველაზე უფრო საიმედოდ თავჩახურულნიც
ღამღამობით იმდენს ვტირით,რომ
როცა იქნება
ჭაღს მოწყვეტილ მინის ბურთულას დაემსგავსება
დედამიწა.
აი,მაშინ კი
წამებისას ფრჩხილებიც რომ დაგვაცალონ,
მაინც არ გავთქვამთ,
რა ვთხოვეთ უფალს
ამ გამჭვირვალე
და უნაყოფო მინად ქცეული მიწის სანაცვლოდ.
მაინც არ გავთქვამ,
რა გადავმალე
იმ უარყოფით სიჩუმეში,
საითაც შენ ხარ.
მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით."

Anonymous said...

Lik, magaria! ise, me bolo daskvnit frazas sataurshi ufro vxedav. dzlier!!!