შამათი ბევრ სვლაში

Saturday, January 31, 2009

სვლა პირველი – სტანდარტული, E2 – E4. საპასუხო სვლა შავებისგან. თეთრები აგრძელებენ. სტანდარტულადვე. როქის დროც დადგა. შეტევისგან ორივე მხარე იკავებს თავს.

მძიმე არტილერია სრულ მზადყოფნაშია. ბრძოლის ველზე თეთრების დედოფალი გამოენთო. ცენტრისკენ გაიჭრა. თავდაჯერებულად, როგორც სჩვევია. შავებს შეცდომა არ აპატია და მხედარი ველიდან ხელის ერთი მოსმით გაუსტუმრა.

შავი მეფის რიგებში შავი შიში ჩასახლდა. ქვის მეომრებს ალაგ-ალაგ ბზარებიც გაუჩნდათ. ქაოსის სიღრმიდან შობილი, გაშმაგებული ქალის თვალებში ჩახედვა ხუმრობა ხომ არ არის?!

პანიკა მტრის ბანაკში. რამდენიმე მოუქნელმა სვლამ არ დააყოვნა და თეთრი დედოფლის რისხვა ორივე შავტუხა ოფიცერმა საკუთარ ტყავზე გამოსცადა – თავები წააგდებინეთო, ისე გასცა ბრძანება, თვალი არ დაუხამხამებია. მასთან შეწინააღმდეგებას ვინ გაბედავდა? ცოცხალი არავინ გაუშვათ, მეფე გვყავს დასაცავიო, შეჰკივლებდა პერიოდულად.

მეფე გვყავს დასაცავიო? მეფეს სამი პაიკი და ეტლი იცავდა. ხანდახან ამოჰყოფდა ხოლმე თავს ქონგურებიდან, თვალებს გადაავლებდა ბრძოლის ველს, გახელებულ დედოფალს გადასძახებდა, მსხვერპლი ძალიან დიდია, ხალხი დაზოგეო და ისევ ციხე-კოშკში შეიმალებოდა. მსახურ-პაიკებიც უცებ მოურბენინებდნენ ხილს, ყელი გაიგრილე, მეფევ ბატონოო.

ბოლოს რომ გადახედა ჯარს, გვარიანად შეთხელებული ეჩვენა, მაგრამ მტერი უფრო ცუდ დღეში იყო - დედოფალი დაეკარგათ. სამი პაიკის და ერთი ცხენის ამარა დარჩენილიყვნენ.

მეფე-ბატონმა გამარჯვების სუნი იკრა. გაიბღინძა. გაჩვენებთ სეირს, შავეთის მსახურებოო, შესძახა და სიტყვა შეაშრა ბაგეზე. მაშინღა გაახსენდა, ვინ იყო ამალის მმართველი და ბრძოლის ველზე გასვლა მოიწადინა – აბა, ვინმეს ხომ არ ათქმევინებდა, ცოლის მოგებულ ბრძოლას რატომ იფერებსო?! დედოფალი განზე გადგა.

შეცდომა. მეორე. მესამე. მბრძანებელო, ვიღუპებითო, უნდოდა ეთქვა დედოფალს, მაგრამ ვერ ბედავდა. მორჩილ მეუღლეს არ შეჰფერის ქმართან შეპასუხებაო, ფიქრობდა. საქმე ცუდად იყო. მეფე ჯერ იხტიბარს არ იტეხდა, მერე მიწის ფერი დაედო. ასე ხომ დამარცხებაც შეიძლებოდა?!

გადარჩენის შანსი არსებობდა, მაგრამ მეფე მას ვერ ხედავდა. სამაგიეროდ, იპოვა სხვა, მარტივი გამოსავალი, რომელსაც უცილობლად გამარჯვება უნდა მოეტანა... ჯერ თვალებს არ დაუჯერა, მერე დარწმუნდა, რომ არ ცდებოდა და სახე გაებადრა.

დედოფალი პაიკში გაიცვალოსო, ბრძანა. სიჩუმე ორ წამს გაგრძელდა. მერე ამაყად თავაწეული დედოფალი სიკვდილისკენ დაიძრა, მერე იყო გამარჯვება. მერე ზეიმიც იყო. მეფის ორმაგად დაფასებასაც არ დაუგვიანია. უკვე მერამდენედ აღიარეს უძლეველ მმართველად! ცრემლიც იყო... სიხარულის. გამარჯვების. ბედნიერების. იმ საღამოს თეთრებთან სევდიანი არავინ დარჩენილა.

და მერე რა?! მერე რა, რომ დედოფლებს ხშირად პაიკებში ცვლიან?!.

თუ დაიბადე, ნეტავ?!

Tuesday, January 27, 2009

თუ დაიბადე, ნეტავ.
ოდესღაც, სადმე...
იქნებ დადიხარ სადღაც?
არა, რას ივლი, ღამეა...
ნეტავ რას შვრები ახლა?
გძინავს, თუ იძინებ?
მინდა, მჯეროდეს,
რომ ვერ იძინებ.
ჩემსავით ბორგავ?
მიხარია... ეგოისტურად!

მინდა, გიპოვო...
არა, მიპოვო, უკეთესია.
მინდა, მეძებო,
დიდხანს მეძებო,
მთელი ცხოვრება... სანამ მიპოვი.
მერე მოხვიდე, მითხრა რაიმე...
კარგი იქნება, თუ იუმორით.
მერე გამოგყვე, სადაც დრო ჩერდება,
სადაც ფილტვებში ჰაერს ვერ გრძნობ
და სუნქავ
გაუჩერებლად.
მინდა, თვალებში ჩამხედო,
დიდხანს მიყურო
და მე მინდოდეს, რომ მიყურებდე.
პირველად!..

საზიზღრობამდე ბანალურია?
და მაინც მინდა
საზიზღრობამდე ბანალური,
გაცვეთილი,
გახუნებული,
ბევრჯერ ნათქვამი,
ბევრჯერ ნაწერი
ბედნიერება
ოღონდ ჩემი,
ოღონდ შენთან.

ფიქრობ?
ნეტავი ჩემზე?
რომ დავდივარ?
არა, რას ვივლი, ღამეა...
მძინავს თუ ვიძინებ?
გინდა გჯეროდეს,
რომ ვერ ვიძინებ,
შენსავით ვბორგავ?
მიხარია!
მიხარია, თუ ასე ფიქრობ,
ეგოისტურად!

დიდი გასეირნება, ანუ თანამედროვე იგავოლოგია

თბილისური შემოდგომის ერთ მშვენიერ, ღრუბლიან დღეს ქალაქის ბოტანიკურ ბაღში ფოტოსესიისთვის გასეირნება გადავწყვიტე... გადავწყვიტე და შესასრულებლად მოვემზადე კიდეც... პირველ რიგში, მეგობარს დავურეკე და მოდელად თუ წამომყვები-მეთქი, ვკითხე... სიამოვნებითო, მახარა... ჰოდა, "დიდი გასეირნება" მეორე დღისთვის დავთქვით. მართალია, მას ფრიად მნიშვნელოვანი მეოთხე ლექცია უნდა გაეცდინა, მე კი სამსახურში გვარიანად დავაგვიანებდი, მაგრამ... ჩიტი ბრდღვნად ღირსო, ნათქვამია...

ტრაბახად არ ჩამითვალოთ და (ან რა სატრაბახოა?!), ნებისმიერი თავმოყვარე სოლოლაკელის მსგავსად, ბოტანიკურში გადასასვლელი სამას ორმოცდახუთი (თუ ექვსი) არალეგალური გზა ვიცი, მაგრამ თავს შევუძახე, ბოლოს და ბოლოს, შენს სამშობლოში გაევროპელობის აჩრდილი დაძრწის (კომუნიზმის აწ გაქიაქებული აჩრდილისა არ იყოს!), ემანდ, სადმე ბოტანიკურში არ გადაგეყაროს და არ შერცხვე, უბილეთოდ არ შეხვიდე-მეთქი... დამანამუსა "ალტერ ეგოს" შეძახილმა, კანონმორჩილი მოქალაქის დარად, შესასვლელში ორი ლარი გადავიხადე (ორი ადამიანისთვის, რასაკვირველია) და სპეტაკი სინდისით გავემართე დიადი მიზნის ასრულებისკენ.

ბედნიერები გავუყევით კარგად ნაცნობ ბილიკებს... მართალია, განათება არაფრად ვარგოდა და ფერთა სიუხვემაც ისე ვერ მოგვჭრა თვალი, როგორც ველოდით, მაგრამ... ნუ გეშინია, "ბამბუკებში" კარგი ადგილი ვიცი, სადაც შუქ-ჩრდილების თამაშით ყოველთვის გამოვა ფოტო-თქო, დავაწყნარე ჩემი მოდელი... ჰოდა, იქით გავწიეთ კიდეც...

ვინაც მშობლიურ ბოტანიკურ ბაღს კარგად არ იცნობს, გეტყვით, რომ "ბამბუკებს" ცნობილი ჩანჩერის თავზე ხიდი რომაა, მის მიღმა მდებარე ტერიტორიას ეძახიან... ხიდს მივუახლოვდით... მივდივართ, ვლაპარაკობთ, ფერთა მდიდარ გამას ველით. უცებ ხიდიდან ისე მოულოდნელად გადმოხტა ბაღის საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი და მედგრად შეუძახა, ჰეი, საით გაგიწევიათო, ჩემდაუნებურად წითელქუდას ზღაპარი გამახსენდა. ბამბუკებისკენ-მეთქი, მშვიდად ვუპასუხე... იქით გასვლა არ შეიძლებაო... რატომ-მეთქი, გავიკვირვე და თვალი "ბამბუკებისკენ" მიმართულ ორ ისარს შევავლე, რომლებზეც ორი წარწერა იწონებდა თავს "შუაზღვისპირეთის ფლორა" და "თამარის ხიდი"...

შეპასუხებას არ ელოდა, ოდნავ შეცბა და იგივე ტონალობაში გაიმეორა, იქით გასვლა არ შეიძლებაო... აბა, ეს აბრები აქ გასაშრობად კიდია მეთქი, ლენინის ბებიის დროინდელი ირონია მოვიშველიე. ვერ კი ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია და ახლა კანონდამცავებისთვის დამახასიათებელი მკაცრი ტონით გაიმეორა, არაო...

მოკლედ, დიდხანს ვიკამათეთ... ვთხოვე, ბატონო ჩემო, თქვენმა უფროსობამ ამიხსნას, რატომ იკრძალება იქით გასვლა, ან რაიმე სახის საბუთი მაინც მანახე, დალოცვილო-თქო, მაგრამ... ცერცვის კედელზე შეყრის ამბავი კი გექნებათ გაგონილი... არაფერმა გაჭრა... ისიც ვიკითხე, ჩემს უფლებებს რატომ არღვევთ-მეთქი, მაგრამ ისე მიწყინა, ვიფიქრე, ღმერთი ხომ არ გამიწყრა და შემთხვევით რამე უწმაწური ხომ არ წამომცდა-თქო.

რაღა გავაგრძელო, კუდამოძუებულები გამოვბრუნდით სახლში.ასეა, ბატონებო... ზემოთხსენებული აჩრდილი კი დაქრის ჩვენი "თითქმის გაბრწყინებული იბერიის" თავზე, მაგრამ ჰაერში გამოკიდებული მანამ იქნება, სანამ ადამიანის უფლებათა დაცვაზე საუბარს ძლიერნი ამა ქვეყნისა შეურაცხყოფად მიიღებენ.